რა სიახლეები იგეგმება საპენსიო სააგენტოში? - ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს დირექტორთან

რა სიახლეები იგეგმება საპენსიო სააგენტოში? - ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს დირექტორთან

დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, დაჯარიმდებიან. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დააინიცირა. კიდევ რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი, რა სიახლეები აქვს საპენსიო სააგენტოს და რა ცვლილებები იგეგმება მომავალში, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საპენსიო სააგენტოს დირექტორს გიორგი დანელიას ესაუბრა.

- ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებლებს, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, დაჯარიმდებიან. კონკრეტულად, რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები და რა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული?

- როგორც მოგეხსენებათ, კანონის არსებული რედაქციაც ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაჯარიმებას, თუმცა განვლილმა წლებმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული მექანიზმი საჭიროებს დახვეწას. მთავარი მიზანი კი არის ინტერესების დაცვა სქემის მონაწილეების ან იმ პირების, ვინც უნდა იყვნენ სქემაში, მაგრამ ჯერ არ არიან. აქვე შევახსენებ სქემის მონაწილეებს, რომ მათაც შეუძლიათ გადაამოწმონ მათ მიერ დაგროვილი დანაზოგის ოდენობა საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მათ პირად გვერდზე. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობებს, ის საბოლოოდ ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში გაივლის განხილვის ეტაპს. ჯარიმის მიზანი უნდა იყოს სამომავლო დარღვევების პრევენცია.

- კიდევ რა ცვლილებებია დაგეგმილი აღნიშნული კანონპროექტით?

- ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ცვლილებების პაკეტშია მოაზრებული, არის საინვესტიციო მანდატის გაფართოება. როგორც მოგეხსენებათ, კანონში არის გაწერილი ის ჩარჩო და რეგულაციები, თუ სად და როგორ შეგვიძლია და სად არ შეგვიძლია ინვესტირება. შესაბამისად, იმისთვის, რომ უფრო სრულყოფილად მოხდეს მონაწილეების ინტერესების გათვალისწინება და ამასთანავე, ეფექტიანად ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ რისკებს, საჭიროა პორტფელის დივერსიფიცირების უფრო მეტი საშუალება გვქონდეს. კერძოდ, მანდატის გაფართოებაში ვგულისხმობთ სხვადასხვა საინვესტიციო ლიმიტის ცვლილებას, მაგალითად დღეს არსებული რედაქციით თუ შეგვიძლია ერთი კომპანიის ემისიის მხოლოდ 10%-ის შესყიდვა, ახალი რედაქციით ეს ლიმიტი 25%-მდეა გაზრდილი. ასევე დაზუსტებულია ე.წ. „სხვა აქტივების“ შემადგენლობა და მათი წილი სხვადასხვა რისკიანობის პორტფელში და ა.შ.

- თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები, რამდენია ისეთი დამსაქმებელი, ვინც არასრულად უხდის დასაქმებულს საპენსიო შენატანს და რამდენია ისეთი დამსაქმებელი, ვინც უქვითავს დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავს?

- აღნიშნული რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფორმაციის წყარო არის შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო სააგენტოს ბაზების შედარებითი ანალიზი. ბუნებრივია, მონაცემები პერიოდულად ახლდება და შესაბამისად დარღვევების რაოდენაც ცვალებადია.

- რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, რამდენია მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, რამდენია წმინდა ამონაგები. ასევე, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?

- 2022 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.67 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 375 მილიონ ლარს შეადგენს. დანაზოგით სარგებლობა მომხმარებლებმა განსაკუთრებით აქტიურად გასული წლიდან დაიწყეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სქემის მონაწილეების ნაწილს საპენსიო ასაკი უკვე უწევდა. ამ დრომდე დაგროვებითი პენსიით უკვე 2,576-მა ადამიანმა ისარგებლა. ჯამურად კი 6,247,895 ლარია გაცემული პენსიის სახით.

- ხშირად გამოითქმის კრიტიკა დაგროვებითი პენსიის თაობაზე. საზოგადოების ნაწილში არსებობს შიში, რომ მათი საპენსიო დანაზოგი დაცული არაა ან საპენსიო სააგენტო საერთოდ დაიხურება. რა შეგიძლიათ უთხრათ ასეთ ადამიანებს? - რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მათი საპენსიო აქტივები დაცულია?

- საპენსიო დანაზოგი არის ყველაზე უფრო მეტად დაცული ქონება. ვგულისხმობთ იმას, რომ ის წარმადგენს სქემის მონაწილის პირად საკუთრებას და მასზე არ ვრცელდება არანაირი შეზღუდვა, მათ შორის არც ყადაღა, გირავნობა და ა.შ. რაც შეეხება საინვესტიციო მიმართულებით დაცულობას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მინიმუმ, ინფლაციას ვაჯობოთ და რეალური ამონაგები დავაგენერიროთ. ბუნებრივია, ინფლაციაზე კონტროლი ვერ გვექნება და ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა, რომ ინფლაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ჩვენი საინვესტიციო მანდატი ისეა მოწყობილი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ინფლაციური რისკები გარკვეულწილად დავაზღვიოთ. ამას ვაკეთებთ პორტფელის დივერსიფიცირებით. ჩვენ ინვესტიცია მხოლოდ ერთ აქტივში არ გვაქვს განხორციელებული, აქტივების რამდენიმე სხვადასხვა ტიპი გვაქვს, სადაც შეიძლება დანაზოგები განვათავსოთ და რის ხარჯზეც შესაძლებელია ინფლაციური რისკების შემცირება. კანონის მიხედვით, ჩვენ პირველი ხუთი წლის განმავლობაში უნდა ვიყოთ ნაკლებადრისკიან პორტფელში. ამ მხრივ, ქართულ რეალობაში, კანონით დაშვებული რისკისა და სარგებლის ყველაზე კარგ კომბინაციას გვაძლევს საბანკო პროდუქტები, დეპოზიტები. შესაბამისად, რაღაც პერიოდი ჩვენი მთლიანი დანაზოგები დეპოზიტებში იყო განთავსებული. ხოლო მას შემდეგ, რაც სპეცდეპოზიტარი ავიყვანეთ, მოგვეცა საშუალება, რომ თანხა სხვადასხვა ინსტრუმენტში გადაგვენაწილებინა. ეს ინსტრუმენტებია: უცხოური ვალუტა, ჩვენს შემთხვევაში – დოლარი, გლობალური ფასიანი ქაღალდები, სახაზინო ობლიგაციები და კორპორაციული ობლიგაციები. აქტივების თითოეულ ამ კლასს კანონის მიხედვით, განსაზღვრული აქვს ლიმიტი, რის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მათში ინვესტირება. მაგალითად, პორტფელის მხოლოდ 20% შეიძლება იყოს დოლარში დენომინირებული. შედეგად ვიღებთ იმას, რომ საინვესტიციო პერიოდის დასაწყისიდან დღემდე ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი ამონაგები მივიღეთ ინვესტიციაზე, ვიდრე ამ პერიოდის ინფლაციაა.

- და ბოლოს, რა სიახლეები აქვს საპენსიო სააგენტოს - როგორც ვიცი, მოხდა ვებ-გვერდის მოდიფიცირება და შშმ პირებზე ადაპტირება... ასევე, მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.

- მიმდინარე წელს საკმაოდ ბევრი სიახლე გვქონდა, მათ შორის, საოპერაციო და სერვისების მიმართულებითაც. მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ პროაქტიულები და სქემის მონაწილეებთან გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სერვისების სრული დიჯიტალიზაცია და დღეის მდგომარეობის სერვისების ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია დისტანციურად, ხოლო წლის ბოლომდე სრულად ყველა მომსახურების გაწევა შესაძლებელი იქნება ოფისში მოსვლის გარეშე. ასევე, მოხდა ჩვენი ვებგვერდის ადაპტირება შშმ პირებისთვის და ის უკვე სრულად ხელმისაწვდომია. ამის გარდა, წლის განმავლობაში გვქონდა მთელი რიგი ტექნიკური განახლებებისა, რომლებიც უმარტივებს სააგენტოსთან ურთიერთობას, როგორც სქემის მონაწილეებს ასევე დამსაქმებლებს და მათ ბუღალტრებს. დამატებით, რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წლის ბოლომდე ვგეგმავთ საქართველოს იუსტიციის სახლებთან თანამშრომლობის დაწყებასაც. მომავალი წლიდან კი სააგენტო სქემის მონაწილეებს კანონის მოთხოვნის შესაბამისად შესთავაზებს სამ სხვადასხვა რისკიანობის პორტფელს: ნაკლებადრისკიანს, საშუალოდრისკიანს, და მაღალრისკიანს. მონაწილეს თვითონ შეეძლება აირჩიოს თუ რომელი პორტფელი შეესაბამება მის მოთხოვნებს და იქ გადაიტანოს საკუთარი დანაზოგი.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“