გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყარო - ბოლნისის 5-კილომეტრიანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყარო - ბოლნისის 5-კილომეტრიანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო,- ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტების საგზაო ინფრასტრუქტურას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობა; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ტოფანი-დაღეთის გზის ტერიტორიაზე და გაივლის დისველის, დაღეთისა და სამშვილდის სოფლებს. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია 5 კილომეტრიან გზას ჩაუტარდა. პროექტის საერთო ღირებულება 4 092 366,71 ლარია.
ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის, რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, პარლამენტის წევრთან, გოგი მეშველიანთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძესთან ერთად ინფრასტრუქტურის პროექტს ადგილზე გაეცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
























