შშმ პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე - თემატური მოკვლევის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

შეხვედრაზე, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, აჭარის მუნიციპალიტეტების, დასაქმების სააგენტოს, კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა, არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„თემატური მოკვლევის მთავარი მიზანია, გავარკვიოთ, რამდენად ადაპტირებულია საჯარო დაწესებულებები, არის თუ არა მუნიციპალიტეტებში შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, ითვალისწინებენ თუ არა დამსაქმებლები შშმ პირთა ინტერესებს ვაკანსიის გამოცხადებისას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და ნებართვის გაცემის პროცესში, ხდება თუ არა შშმ პირთა საჭიროებების მოკვლევა“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ.

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის თქმით,საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ, შშმ პირების ჩართულობისა და გარემოზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები, საჭიროების შემთხვევაში მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, სამუშაო შეხვედრაზე, „მედცენტრში“ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციაზე - „TAVI- აორტის სარქვლის შეცვლა გულმკერდის გახსნის გარეშე“, ამავე დაწესებულების გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა იოსებ სიხარულიძემ ისაუბრა.