საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტი 16-17 ოქტომბერს მსოფლიო სურსათის დღეს და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს ერთობლივად აღნიშნავენ.
ღონისძიება სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების, ასევე, სურსათის უვნებლობის შესახებ დისკუსიითა და სემინარით გაგრძელდება.
ორდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
ფერმერების მონაწილეობით, მესტიაში, აგრარული ბაზარი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და ნიშური პროდუქტი, მათ შორის, რძის ნაწარმი, თაფლი, ღვინო, ადგილობრივი კერძები. ღონისძიებაზე, ასევე მოეწყობა ხორბლისა და პურის, მათ შორის, ძველი ქართული ხორბლის ჯიშების გამოფენა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.