ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

“დიდება უკრაინას”- ამ ლოზუნგით, ბათუმში, ცენტრალურ პარკში, უკრაინის მოქალაქეებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი უკრაინაში მყოფ თანამემამულეებს მხარდაჭერას უცხადებენ.
მათი თქმით, მსგავსი აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უკრაინაში მიმდინარე ომში დამარცხებულია.
"გუშინ სოლიდარობის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა, რა თქმა უნდა, ბათუმიც მათ გვერდით დგას, ჩვენ ეს აქცია გადმოვიტანეთ დღეისთვის იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თბილისში დატრიალდა და გარდაიცვალა 13 წლის მოზარდი. სამძიმარს ვუცხადებთ მთელ საქართველოს.
დღეს კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს და ჩვენ ამ აქციებს გავაგრძელებთ პერიოდულად. შევაგროვეთ 5000 დოლარი და ტანსაცმელი ჩვენი ჯარისკაცებისთვის”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლენურა მელგაზიევმა.
























