ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2022

ვახტანგ ძაბირაძე - “ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”

ევროპა გაფართოების თემას ააქტიურებს - რა პერსპექტივა უჩნდება საქართველოს

ლაშა ბერიძე - “მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია”

თავდასხმა რუსულ სამხედრო ნაწილზე და ნავთობის საცავზე - ვინ ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ბელგოროდში

თორნიკე გოგუაძე - „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რუსიფიკაციასთან ბრძოლას“

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”

“ნება მომეცით უპირველესად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. საშინელება მოხდა, შეძრული ვარ... უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ ახლა აშკარად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს არც ერთი ოჯახის უბედურება და არც ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი ერთი შემთხვევაა. სამწუხაროდ, დღევანდელმა მართვის სისტემამ თავისი თავი ამოწურა. დღეს “ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს მთელ სახელისუფლებო სტრუქტურას, შესაბამისად, კორუფციის მასშტაბიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოში “ნაციონალური მოძრაობიდან” მოყოლებული, ტენდერები იქცა კორუფციის ერთ-ერთ წყაროდ, სადაც ხდებოდა და ხდება საბიუჯეტო სახსრების მითვისება. პრობლემა კომპლექსურია. ორ თემას გამოვყოფ: პირველი - სამართლებრივად ვინ არის პასუხისმგებელი ამ უბედურებაზე, ანუ ვინ შეასრულა ტექნიკური სამუშაოები და მეორე - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სანამ „ქართულ-ჯიგრული პონტი“ კანონზე მაღლა იდგება, მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით... / “ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”.

“მე ტექნიკურ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სათანადო ექსპერტიზა და გამოძიება სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კისერზეა. ტენდერი, მასში გამარჯვებული საეჭვო წარსულის კომპანია, ასევე საექსპერტოდ შერჩეული ბიურო, ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს. როცა ვამბობ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა-მეთქი, გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს - ხელისუფლებაში მოსული ძალა ჯერ კოალიციურად მართავს ქვეყანას, რა დროსაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გარემო იქმნება, მერე მთავარი პოლიტიკური პარტია დანარჩენ კოალიციურ ძალებს იშორებს და იწყებს ერთპარტიულ მართვას. “ქართულმა ოცნებამ” 2016 წელს დაიწყო ამგვარ მონოლითად ჩამოყალიბება და 2020 წელს, ფაქტობრივად, ყველა დონეზე ხელისუფლება დააკომპლექტა არა მარტო თავისი ხალხით, არამედ მისი მონა-მორჩილი ადამიანებით, იმ პირებით, რომელთაც ძირითადად ფინანსური ინტერესები აქვთ. მესამე ვადით არჩეულ “ქართულ ოცნებას” უკვე აღარ ჰყავს მაკონტროლებელი და შესაბამისად, არც აღარაფერს დაგიდევთ. საბოლოოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ტენდერებში უკანონოდ ფულის მოჭრას უპრეცედენტო მასშტაბი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ატკატები” სად როგორ ხდება, ამის მტკიცებულება მე ვერ მექნება, მაგრამ არაოფიციალურად ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც “ატკატები” მიაქვთ, ანუ ფულს ვისაც უხდიან, და მერე რას როგორ გააკეთებენ, სულ ფეხზე ჰკიდიათ. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს არ იქნება უკანასკნელი ტრაგედია, რადგან ბევრი მიმართულებით იგივე კეთდება - სამუშაოს შემსრულებელი პასუხისმგებლობისგან თავისუფლად გრძნობს თავს მაშინ, როცა მისატანი მიაქვს იქ, სადაც “საჭიროა”. ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერს ნახავენ, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ის მასალები და ელემენტები, რითაც ეს შადრევანი მუშაობს, არ შეესაბამება სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, გამოყენებულია იაფფასიანი მასალა, თუმცა ქაღალდზე სხვა ექნებათ გაფორმებული. ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ურთულესი ვითარებაა ქვეყანაში. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ამბავში მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის, ეს ასეც იქნება, რადგან კალაძეს ან რომელიმე საქალაქო სამსახურის უფროსს პირადად არ ჩაუტარებია სარეაბილიტაციო სამუშაო, მაგრამ სწორედ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია ის, თუ ვინ და როგორ მოიგო ტენდერი სარეაბილიტაციოდ თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად. აგერ, ავლაბრის მეტროსთან შენდება უზარმაზარი კორპუსი ყოველგვარი გენგეგმის გარეშე. ვინმე დაიჯერებს, რომ ვინც იმ კორპუსს აშენებს, შემთხვევითი მშენებელია, რომელმაც განცხადება შეიტანა და ასე მოიპოვა მშენებლობის უფლება? ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობაც. სანამ ჩვენში მიღებული დამოკიდებულება, რომ ქართულ, “ჯიგრულ პონტში” ახლობელს უნდა დაეხმარო და ასეთ შემთხვევაში კანონის დარღვევა პრობლემა არ არის, მანამ ამ დღეში ვიქნებით”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ოპოზიცია ითხოვს, რომ კალაძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს...” - პასუხობს:

“ამ ქვეყნისთვის ცალკე პრობლემად იქცა ოპოზიცია. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კალაძე როგორმე გადადგეს, მაგრამ ეს რას შეცვლის? გადადგება ის და მოვა სხვა. ეს სისტემურად რას გამოასწორებს, ან ამით თვითონ ოპოზიციისთვის რა შეიცვლება? კი ბატონო, გადადგეს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. მით უფრო, როდესაც ამაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლაპარაკობენ, ეს საზოგადოების ნაწილს ძალიან აღიზიანებს. საკუთარი მმართველობა და იმ დროს ჩატარებული ტენდერები გაიხსენონ... ჯერ არ დაგვვიწყებია, რომ იმჟამინდელ პროექტებსაც არ ჩაუვლია უმსხვერპლოდ. თუმცა, როგორც წესი, ჩვენთან ხომ საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავენ. შენიანი თუ არღვევს კანონს, არა უშავს, მაგრამ ეს მიუღებელია, სხვა თუ დაარღვევს. აი, ასეთი მრუდე დამოკიდებულება აქვთ. ამგვარი მიდგომა ჩვენს საზოგადოებაში არა და არ მოისპო, რაც ქვეყნის განვითარებას ძალიან აფერხებს”.

“რაც შეეხება გიორგი ვაშაძის გეგმას დასავლური ორიენტაციის, ფართო ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ, თეორიულად ამგვარი რესურსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ამის რეალობად ქცევა, რთული სათქმელია. ბატონი ვაშაძე ძალიან აქტიური ადამიანია, მუდმივად ეკრანზეა, რაღაც იდეებს ისვრის, მაგრამ პოლიტიკოსი მარტო კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ რასაც ამბობს, იმის ნაწილის შესრულება მაინც უნდა შეეძლოს. სიმართლე გითხრათ, ვაშაძე რატომ უნდა ლაპარაკობდეს დიდ გაერთიანებაზე, არ ვიცი, იქნებ ჯობს ჩაიხედოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში და ნახოს, რა მხარდაჭერა მიიღო. პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივით გამოდიხარ, სულ ცოტა, საკუთარი შესაძლებლობები ხომ უნდა გქონდეს გაანალიზებული. იმისა არ იყოს, მრავალათასიან აქციებს რომ აანონსებენ ხოლმე, არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსთაველზე 20 კაცს ძლივს შეკრებენ. ვაშაძე ექსპერტი ხომ არ არის, იდეები რომ შესთავაზოს ვინმეს, პოლიტიკოსია, რომელმაც საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ჯერ უნდა მოსინჯოს ესა თუ ის ინიციატივა. ამგვარად წამოსროლილი განცხადებები ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩემი აზრით, გაერთიანებები აუცილებელია, მაგრამ მანამდე ელექტორატი უნდა გაანალიზდეს კარგად. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამომრჩეველი დაყოფილია სამ ნაწილად: 1. “ქართული ოცნების” მომხრეები; 2. “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები; 3. ელექტორატის ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლის 2/3 ოპოზიციურია, მაგრამ ეს ხალხი საარჩევნოდ საით წავა, ესაა საკითხავი. დღემდე მნიშვნელოვანი ნაწილი “ქართული ოცნებისკენ” მიდიოდა, ნაწილი სულ არ მიდიოდა არჩევნებზე. მთავარია, მოხერხდეს ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც ამ ამომრჩეველს, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა და აღარც “ქართული ოცნება”, თავისკენ გადაიბირებს. გარდა ამისა, ოპოზიციას აქვს სხვა პრობლემებიც, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების. ოპოზიციაში არიან პირები, გვარებს არ დავასახელებ, რომელთა შესახებ ელექტორატის აზრი ჩამოყალიბებულია და მათ აქტიურობას უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს, ვიდრე პოზიტივი. თუ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და გადაწყვეტილებებიც შემდგომ მიიღონ. ბევრი რამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პატარა პარტიებს შეექმნათ გაერთიანება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“აშკარად ჩანს, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება 2 მიმართულებით იბრძოლებს: იქნება “ქართული ოცნება” და იქნება ეს ე.წ. “ხალხის ძალა”, რომელსაც პარტიად ჩამოაყალიბებენ და შეეცდებიან პრორუსული ელექტორატი, რომელიც აქამდე “პატრიოტთა ალიანსის” თუ “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი იყო, საკუთარ ყულაბაში მიითვალონ, რადგან პროპორციულ არჩევნებში აღარ აქვთ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შანსი. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. იქ როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები და რაღაც გადაწყდება, ეს სარკისებურად აირეკლება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რუსეთს ისე უჭირს, რომ გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს, მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ რუსეთის უპირატესობას, ჩათვალეთ, რომ საქართველო რჩება რუსულ ორბიტაზე. მეტიც, შეიძლება ეს მთელ სამხრეთ კავკასიაზეც გავრცელდეს. თუ პირიქით მოხდა, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” ახლავე უნდა ეძებოს თავშესაფარი”, - ამბობს ექსპერტი.

“რაც უფრო ცუდად მიდის საქმე ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ, მით უფრო კატეგორიული ხდება დასავლეთი. შესაბამისად, მეტად ანტიდასავლური ხდება “ოცნების” რიტორიკაც. ევროსაბჭოს რეზოლუციაზე “შეაპარესო” მაგარი ნათქვამია. გამოდის, ევროპარლამენტში ხალხს სძინავს. თუ ასე მარტივია თვითონაც “შეაპარონ” მაგათი მხარდამჭერი ჩანაწერები ევროპარლამენტს. თავის გასამართლებლად “ქართული ოცნების” ლიდერები უკვე ყველაფერს კადრულობენ... მათ ხელისუფლებას დღეს არაფერი ემუქრება, დასავლეთი იძულებულია გაუწიოს ანგარიში და ჩვენი ხელისუფლება მიიწვიოს ყველა მნიშვნელოვან ფორუმზე, თუმცა დასავლელი პარტნიორების კილო სულ უფრო მკაცრი ხდება. დღეს საქართველოს, და არა მარტო ჩვენი, ბედი წყდება კიევში. ეს მშვენივრად იციან “ქართულ ოცნებაშიც” და ცდილობენ გაჰყვნენ დინებას, იმედი აქვთ, რომ სიტუაციურად იმოქმედებენ და თავს ასე გადაირჩენენ. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიმაჩნია, რომ სულ ცოტა 2024 წლამდე სააკაშვილი სჭირდებათ საქართველოში. თუ მის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა, ვფიქრობ, მას ქვეყნიდან არ გაუშვებენ. პირადად მე არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის ისე წარმოჩენას, თითქოს დამნაშავე არ არის და ტყუილად ზის ციხეში, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ მის გათავისუფლებას არ ვეწინააღმდეგები”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

ევროპა გაფართოების თემას ააქტიურებს - რა პერსპექტივა უჩნდება საქართველოს

“კიდევ ერთი დამაიმედებელი განცხადება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირისგან - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე უნდა გაფართოვდეს. უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანების აღმოსავლეთით გაფართოების მხარდაჭერი გზავნილები ევროპის გავლენიანი ლიდერებისგან მანამდეც გაჟღერდა, მათ შორის თავად შოლცისა და ეროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისგან. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ შოლცის განცხადება ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ქვეყნისთვის პერსპექტიულია, როგორც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან. ამასთან, ნაწილი ანალიტიკოსებისა ამბობს, რომ ევროპა ძალიან მკაფიოდ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპების ერთგულია, ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ ეს განცხადებები არის ნიშანი იმისა, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა, რომ ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდანდარტებთან მიახლოვებისთვის რეფორმები გატარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა გაფართოების თემას ააქტიურებს - რა პერსპექტივა უჩნდება საქართველოს.

“ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძნობს - გამარჯვებაა ყოველი ჩვენგანისთვის”, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, კანდიდატმა სახელმწიფოებმა - უკრაინამ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და მომავალში, საქართველომ გაწევრიანების კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. კანცლერის თქმით, შედარებით პატარა წევრი სახელმწიფოების წუხილი უგულვებელყოფილი არ უნდა იყოს. “ევროკავშირი, რომლის შემადგენლობაშიც 27,30, 36 სახელმწიფო შედის, შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი გავლენა მსოფლიოში. მომავალშიც ყოველი ქვეყნის წუხილები უნდა მოვისმინოთ, ყველაფერი დანარჩენი ევროპული იდეის ღალატი იქნება”, - აღნიშნა შოლცმა. კანცლერის აზრით, საგარეო და საფინანსო საკითხებში ბლოკირებების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი კონსენსუსის პრინციპიდან ხმათა უმრავლესობის პრინციპზე უნდა გადავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის განცხადება, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება და ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო. ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აგვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, ოლაფ შოლცის ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიმ მიღების შესაძლებლობა არაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, თუმცა, ამ კარებში დგას “ქართული ოცნება” და ჩვენი ამოცანაა, რომ “„ოცნება” გავწიოთ კარებიდან იმისათვის, რომ ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში. ახალი, მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის პირობებში საქართველო 3 თვეში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. “სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება პრაქტიკულად ნიშნავს “ქართული ოცნების” მმართველობის შეცვლას, რისთვისაც მმართველი გუნდი მზად არ არის, ამიტომ სანამ არ იქნება მრავალპარტიული მმართველობა, ვერ შევძლებთ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი. ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ განცხადებები თავისთავად მისასალმებელია, თუმცა, ახლა დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით ჯერი საქართველოზეა”, - დასძენს გამოცემა.

“ეს განცხადება მისასალმებელია, მითუმეტეს გერმანიის კანცლერის მხრიდან, ის ე.წ. ბებერი ევროპის წარმომადგენელია. ბებერი ევროპა კი რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ და საქართველოს, უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდნენ. შოლცმა თბილისი ახსენა და ეს ძალიან კარგია, რადგან გერმანია საქართველოს ევროპის ნაწილად თვლის. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმაც იგივე განცხადება გააკეთა, ახლა ჯერი საქართველოზეა. როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ტერიტორიული წარმონაქმნი არაა, ეს პირველ რიგში დემოკრატიული სივრცეა. ამიტომაც ჩვენ რომ ევროპულ სტრუქტურებში გავერთიანდეთ, აუცილებელია, რომ ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ - ეს იქნება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის თუ სხვა მიმართულებებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ჩემი აზრით, ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა სოციალური კვლევების მოიუხედავად, სადაც დაახლოებით 80% საქართველოს ევროპინტეგრაციას მხარს უჭერს, ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არაა და მენტალური თვალსაზრისით ევროპისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ხელისუფლებაში, რომ “ქართული ოცნებაა”, ესაა თვითონ ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება ევროინტეგრაციისთვის მზად არაა. ევროპამ შანსი მოგვცა, როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობისას ევროპერსპექტივა მოგვანიჭა, მაგრამ, რამდენიმე დღით ადრე მთავარი კრიტიკული არხის დირექტორი დააპატიმრეს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეურაცხოფას აყენებენ. თან ამას თავისი მიმდევრები ჰყავს, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს ომს თავი აარიდა და კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთო. სანამ ასეთი სიტუაცია იქნება, სტანდარტებს ვერ დავაკმაყოფილებთ, ევროკავშირი კი ჩვენგან სტანდარტებს ითხოვს. ევროპის ნაწილად კი მოვიხსენიებს, მაგრამ ჯერი ჩვენზეა”, - დაასკვნის ჩიტაძე.

“განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გავლენიანი ლიდერებისგან უკვე რამდენიმე მსგავსი შინაარსის განცხადება გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა მკაფიოდ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპების ერთგულია. “შოლცის ეს განცხადება სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი იყო. თუნდაც, მანამდე ბერლინში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის ხელმძღვანელობა ძალიან მაღალ დონეზე დახვდნენ და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები იქაც გაკეთდა. ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან კიდევ რამდენი განცხადი გაკეთდა”, - ამბობს აბაშიძე, რომლის განმარტებით, “ეს კი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა ძალიან მკაფიოდ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპების ერთგულია და ამას ბოლომდე მიჰყვება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ერთია ევროპის ავტორიტეტული ლიდერები რას ამბობენ და მეორეა რას ამბობენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული არაავტორიტეტული ცალკეული უცხოელი ლობისტები. რომლებიც ომის პარტიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებენ და თვალთმაქცობით ცდილობენ, რომ მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმათა მინიმალიური რაოდენობით ის რეზოლუცია გაიტანეს, რომ თურმე სააკაშვილი პუტინის ე.წ. პოლიტიკური პატიმარია. ამითი მათ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის თემა დააკნინეს - სად კრიმინალი სააკაშვილის “საქმენი საგმირონი” და სად სისხლიანი ომი უკრაინაში. საზოგადოება პროცესებს ჯანსაღად ხედავს, საქართველო ორი ჰიბრიდული ომის წინაშეა, ერთი რუსეთის და მეორე დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ გადაუხვევს, ქართველი ერი უძლებს და შესამჩნევი შედეგებიც გვაქვს ეკონომიკაში, პოლიტიკურ წინსვლაში და ა.შ. გუშინ პორტუგალიის პრემიერმაც მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას დაუჭირა, ესაა განწყობები იმ მთავარი ლიდერების, რომლებიც გადაწყვეტილებების მიმღები არიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ლაშა ბერიძე - “მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია”

“სარაკეტო დაბომბვა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზეა გათვლილი, ომში გარდატეხას ვერ შეიტანს. რასაც რუსეთის ე.წ. მეორე ფაზას უწოდებენ, სინამდვილეში, სადამსჯელო ოპერაციაა და რუსეთის მოსახლეობისთვის არის გათვლილი, ჩვენს წინააღმდეგ მთელი დასავლეთი გაერთიანდა, მაგრამ არ ვმარცხდებითო. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკუშედეგს - უკრაინა უფრო მეტად შეიკვრება მტრის წინააღმდეგ. რაც უფრო აგრესიული იქნება რუსეთი, მით მეტ დახმარებას მიიღებს უკრაინა. მსოფლიო ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ მანამდე დაეხმარებიან უკრაინას, სანამ არ გაიმარჯვებს”, - აცხადებს პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია”.

“დაჩქარებული წესით გადაცემული სამხედრო დახმარება ორი სახის შეიარაღებას მოიცავს: სახმელეთო შეიარაღებას, არტილერიას, სხვადასხვა სახის საარტილერიო დანადგარებსა და საბრძოლო მასალას. მნიშვნელოვანია, უკრაინამ სწრაფად შექმნას რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რათა რუსული სარაკეტო დარტყმებისგან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიცვას. დახურონ უკრაინის ცა, რაზეც ამდენი ხანია ლაპარაკი. უკრაინას როგორც ტერიტორიულად, ასევე რესურსებით, შეუძლია მეორე ისრაელი გახდეს და მეტად წარმატებულიც. მისი მთავარი პრობლემა ოლიგარქიული რეჟიმი იყო, რაც ასუსტებდა. თუ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ის ერი დაუმარცხებელია. ვფიქრობ, ოლიგარქებთან ბრძოლა გახდა რუსეთის თავდასხმის მიზეზი, რადგან ქვეყანა რუსული ორბიტისგან გათავისუფლებას ცდილობდა და მისი წარმატება ვერ აიტანა. რუსეთისთვის მეზობელი ქვეყნების განვითარება ტრაგედიაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“რუსეთი დიპლომატიურად იზოლირებულია. გაეროს ასამბლეაზეც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში ჩატარებულ რუსულ რეფერენდუმს და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას გმობს. ირანისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ რუსეთის დახმარება ცუდად მიუბრუნდება. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია და არც შეწყდება. ირანი ამ ომში რუსეთის მხარეს დგომით უფრო მკაცრ იზოლაციაში მოექცევა. არადა, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაბალანსებას ირანის რესურსებით აპირებდნენ - ენერგორესურსების შესავსებად მისთვის სანქციების შემსუბუქებაზე ლაპარაკობდნენ. ირანისთვის ეს შანსი იყო. ალი ხამენეის რეჟიმმა უარყო, რუსეთისთვის დრონები არ გადაგვიციაო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. მსოფლიო პოლიტიკა მისთვისაც მოიცლის და დაუსჯელი არ დარჩება. რაც შეეხება ბელარუსს, თუ ლუკაშენკო გაბედავს და უკრაინაზე სამხედრო იერიშს მიიტანს, მისი რეჟიმი ამას გადაჰყვება, უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან მარტივად შეძლებენ მათ განეიტრალებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამხედრო მობილიზაცია ეფექტური რომ იყოს, ქვეყანას მომზადებული სარეზერვო ქვედანაყოფები სჭირდება. რუსეთს კი ყველაზე მეტი პრობლემა ქვეითთა საბრძოლო დანაყოფებში აქვს. რეზერვი ქაღალდზე არაფერს ნიშნავს. ის ისეთივე მომზადებული უნდა იყოს, როგორც ძირითადი ჯარი. ამ ომში რუსეთს 200 ათასამდე სამხედრო სჭირდება, მოუყარა კიდეც თავი, ადამიანი ომისთვის მზად არ არის, ვერ იომებს. წლების განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ვიყავი და დიდი გამოცდილება მაქვს. სულ ცოტა, 100 ათასამდე კაცის მომზადებას, ექვსი თვე მაინც სჭირდება. როდესაც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში პროფესიონალურად გაწვრთნილ ბატალიონებს ვგზავნიდით, ნახევარი წლის განმავლობაში ვამზადებდით და დრო მაინც არ გვყოფნიდა. რუსეთის დაბალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ექვსი თვის განმავლობაში­ 200 კი არა, 100 ათასი კაცი პროფესიონალურ დონეზეც რომ მოამზადონ, 20 ათასი ინსტრუქტორი მაინც სჭირდებათ, რომლებიც არ ჰყავთ. არც თანამედროვე ქვეითი ტაქტიკის მიხედვით მოქმედება იციან - კოლონაში შემავალი ჯავშანმანქანებიდან ჩამოსვლისთანავე იკარგებიან, რადგან შემდგომი მოქმედებები არ იციან”, - განმარტავს პოლკოვნიკი.

“იმ 200 000 კაცს ომიდან გაქცეული დეზერტირები ვერ მოამზადებენ. ამიტომაც აქვს რუსეთს ამხელა დანაკარგი. რუსეთი შეცდომებზე არასდროს სწავლობს, ჩეჩნეთის ომში მიღებული გამოცდილებაც არ გაუანალიზებიათ. რეგიონში კონტროლი კი აქვთ, მაგრამ უდიდესი დანაკარგისა და კადიროვის ხარჯზე. ტაქტიკურად და ოპერატიულად საბჭოთა კავშირის ჯარისგან არ განსხვავდებიან. მათი უპირატესობა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებია. რაც შეეხება მობილიზაციას აფხაზეთში, თუ აფხაზებს რუსეთის მხარეს სურთ ბრძოლა და სიკვდილი, ეს ბრიყვული არჩევანი იქნება, მაგრამ მგონია, რომ ოსებისგან განსხვავებით, მათ სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ და დაიწყო კიდეც ლაპარაკი პროქართულ განწყობებზე. საინტერესოა, რას სთავაზობს ქართული მხარე, რადგან ახლა შექმნილი რეალობა უნიკალური შანსია მათ შემოსარიგებლად, ისე, რომ მათი კულტურა, იდენტობა, ღირსება გადარჩეს. აფხაზეთშიც დაიწყეს გააზრება, რომ მხოლოდ ქართულ მხარესთან ერთად გადარჩებიან, რუსეთთან პერსპექტივა არა აქვთ”, - თვლის ანალიტიკოსი.

“ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, მაგრამ საქართველოსთვის ის ყოველთვის შემოინახავს რესურსს, რომ უკვე მის კონტროლირებად ტერიტორიებზე გავლენა კი არ დაკარგოს, გააძლიეროს. დასუსტებული რუსეთი არ ნიშნავს, რომ მისგან საფრთხეებს არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ქართული მხარე მეტი ძალისხმევით უნდა მუშაობდეს აფხაზებთან და ოსებთან, უხსნიდეს ევროპის სიკეთეებს, საითაც ვისწრაფვით. აფხაზებისგან არის ამის ინტერესი, რადგან რუსეთის ზრახვებს უკვე ჩასწვდნენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზეთის დასახმარებლად, ოღონდ მათი ინტერესების გათვალისწინებით და კიდევ, ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ვიყოთ. იმედია, საქართველოს ხელისუფლებაში მსჯელობენ, აფხაზეთში ანტისამობილიზაციო აქციების დაწყების შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

“რუსეთის ნებისმიერი განცხადება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. როდესაც კრემლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, სინამდვილეში ეს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის დაწყებაზეა გათვლილი. ყველაფერში მოსინჯავს ნიადაგს, ყველა პროვოკაციულ გზას გამოიყენებს. ძალზე მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია. მას ყოველთვის სცალია ჩვენთვის, სულ მზად არის, რომ საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, რადგან ძალიან ვჭირდებით გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურადაც. ამიტომ, თუ შესაძლებლობა მიეცა და ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა, შეიძლება უკრაინისკენ მიმართული ძალისხმევა ნაწილობრივ ჩვენკენ გადმოიტანოს. აგერ უკრაინა ქალაქ ბელგოროდს უბომბავს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამო რუსეთში პროტესტია, ხალხი ქვეყნიდან გარბის, არმიაში დეზერტირობაა, მოწინააღმდეგეს ტყვედ ბარდებიან - მოკლედ, რუსეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ახალგორის მხარეს მავთულხლართების გავლება, მიწის მიტაცება არ ავიწყდება. ამ ყველაფერმა უნდა გვიკარნახოს, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. კიდევაც რომ დამარცხდეს რუსეთი, ეს საქართველოსთვის, თუ მას დასავლელი პარტნიორების დახმარების მტკიცე ფარი არ ექნება აღმართული, ყოველთვის საფრთხე იქნება”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

თავდასხმა რუსულ სამხედრო ნაწილზე და ნავთობის საცავზე - ვინ ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ბელგოროდში

“ბელგოროდი რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი ხდება - რუსული მხარის ცნობით, ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს ტერორისტები დაესხნენ თავს, შედეგად არიან დაღუპულები. ამასთან, სოფელ რაზუმნოესთან ნავთობის საცავს ჭურვი მოხვდა და დაიწვა, რაშიც მოსკოვი ტრადიციულად კიევს ადანაშაულებს, უკრაინა კი საპასუხოდ ამბობს, რომ “ბელგოროდში რუსეთის ის ბომბები ფეთქდება, რომლებიც უკრაინამდე ვერ აღწევენ”. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, არაა გამორიცხული, რომ სიღრმისეული დაზვერვის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს საცავები გაუნადგუროს, რომ შემდგომ რუსეთმა ეს რესურსი კვლავ უკრაინაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენოს, რაც ომის დროს ნორმალურია. თუმცა, დასძენენ, რომ უკრაინა ისეთ ტერორისტულ აქტს არ ჩაიდენდა, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ეს სავარაუდოდ იმ დაჯგუფებებმა მოაწყვეს, რომლებიც პუტინის წინააღმდეგია, თავად რუსეთის შიგნით. ამასთან არ გამორიცხავენ, რომ რუსებმა ბელგოროდის საკითხი კვლავ სათავისოდ გამოიყენონ და იგივე გაიმეორონ მასირებული სარაკეტო შეტევების სახით, რაც ყირიმის აფეთქების შემდეგ გააკეთეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თავდასხმა რუსულ სამხედრო ნაწილზე და ნავთობის საცავზე - ვინ ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ბელგოროდში.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სროლა იყო, არიან დაღუპულები. “15 ოქტომბერს, დასავლეთის სამხედრო ოლქში, ბელგოროდის ოლქში დსთ-ის ერთ-ერთი ქვეყნის ორი მოქალაქის მიერ ჩადენილია ტერორისტული აქტი. სროლის შედეგად 11-მა ადამიანმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო. კიდევ 15 სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ საჭირო დახმარებას უწევენ. ტერორისტებმა ცეცხლი გაუხნეს სპეცოპერაციაში მონაწილეობის მსურველ პირებს პოლიგონზე საცეცხლე მომზადების დროს”, - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მათივე ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად “ორივე ტერორისტი განადგურებულია” და ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. ბელგოროდის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის სოფელ რაზუმნოესთან ნავთობის საცავს ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად გაუჩნდა. სოფელი რაზუნმოე ბელგოროდიდან 11 კმ-ში მდებარეობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გახშირებული თავდასხმების გამო რუსეთში სამხედრო კომისარიატების დაცვას გააძლიერებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “სამხედრო კომისარიატებზე გახშირებული თავდასხმების გამო, “როსგვარდიის” მიერ მათი დაცვისთვის ზომებია მიღებული. რიგ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სამხედრო კომისარიატებთან დისლოცირებულია “როსგვარდიის” არასაუწყებო დაცვის ჯგუფები. გარდა ამისა, მთელ ქვეყანაში - კომისარიატები შეყვანილია არასაუწყებო დაცვის ეკიპაჟების პატრულირების მარშრუტებში”, - წერს ხინშტეინი. მისი თქმით, დანაშაულის ადგილებზე პირველი დაკავება უკვე განხორციელდა, კერძოდ, ცეცხლგამჩენი ნარევით ბოთლის სროლის მცდელობისას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში რუსეთის ის ბომბები ფეთქდება, რომლებიც უკრაინამდე ვერ აღწევენ. არესტოვიჩმა უარყო ბრალდებები უკრაინის მხრიდან რუსეთის ბელგოროდის რეგიონის თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ ეს არა უკრაინის, არამედ თავად რუსეთის ბომბებია, რომელსაც შორი მანძილიდან, სავარაუდოდ უკრაინის მიმართულებით ისვრიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრეზიდენტის მრჩეველმა უკრაინის საზღვრის მიმდებარედ მცხოვრებ რუსეთის მოსახლეობას ურჩია, რომ გაერიდონ რუსეთის სამხედრო ლოკაციებს, რადგან ამგვარი აფეთქებების შემთხვევაში რუსეთი მოუწესრიგებლად იქცევა. “მკაფიოა, რომ ეს ჩვენ არ ვართ. იქ ყოველთვის რაღაც ფეთქდება. ისინი გაურკვეველ სამიზნეებს ესვრიან, ალბათ ჩვენი მიმართულებით - ის ბომბი ვერ აღწევს უკრაინამდე, ეცემა და ესაა შედეგი... მათ უკეთ იციან რა ხდება მათსავე ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვართ ამაზე პასუხისმგებლები, მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა. ჩემი აზრით, თუ სამხედროებს გაიყვანენ და ოკუპაცია დასრულდება, შესაძლოა, აღარც იყოს მეტი ცეცხლი და აფეთქებები”... - განაცხადა არესტოვიჩმა. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, რომ სიღრმისეული დაზვერვის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს საცავები გაუნადგუროს, რომ შემდგომ რუსეთმა ეს რესურსი კვლავ უკრაინაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენოს, რაც ომის დროს ნორმალურია. თუმცა, დასძენს რომ უკრაინა ტერორისტულ აქტს არ ჩაიდენდა და ეს სავარაუდოდ იმ დაჯგუფებებმა გააკეთეს, რომლებიც პუტინის წინააღმდეგია, თავად რუსეთის შიგნით”, - დასძენს გამოცემა.

“საუბარი იყო, რომ სამხედრო ნაწილს დსთ-ს ორი მოქალაქე დაესხაო. შესაძლოა ეს ჯიჰადისტური დაჯგუფებების ტერორისტული თავდასხმაა. უკრაინელებმა კი შესაძლოა სიღრმისეული დაზვერვის ოპერაციის ფარგლებში საცავზე თავდასხმა განახორციელეს, რომ შემდეგ ეს საცავი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენოს, ეს კი ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად არ ითვლება. სამხედრო დივერსიაზე კი პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, უცნობია. თუ იძახიან, რომ დსთ-ს ორი მოქალაქეაო, სავარაუდოდ ესენი ჯიჰადისტები იყვნენ. არაა გამორიცხული, რომ რუსებმა უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულონ. ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახალიფოს დაახლოებით ხუთი წევრი გაანეიტრალეს, ისინი ჩრდილო კავკასიასა და რუსეთის ტერიტორიაზე უკვე გააქტიურდნენ. ის, რომ პუტინს ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან გაექცა, ესეც საკმაოდ სერიოზული ნიშანია იმისა, რომ თავად ქვეყნის შინითაც საქმე კარგად არ აქვს. ისლამური სახალიფოს დაჯგუფებები მაგალითად სარატოვში გააუვნებელჰყვეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და შეკითხვაზე - “შეიძლება, რომ რუსეთმა ეს ფაქტი ყირიმის ხიდის აფეთქების მსგავსად გამოიყენოს და უპასუხოს მასირებული სარაკეტო დარტყმებით?” - პასუხობს:

“ყირიმის ხიდის აფეთქება სავარაუდოდ შიდა რუსული დაპირისპირების გამო მოხდა და სავარაუდოდ ფსბ-მ მოაწყო, თუმცა, ომია და ამ დროს ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მათ შორის დარტყმა ყირიმის ხიდზე. თუმცა, რუსეთი ბელგოროდის საკითხსაც უკრაინის მორიგი მასირებული თავდასხმებისთვის გამოიყენებს”.

“როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “ფეისბუქზე” წერს, ახლა უკრაინელთა ერთ-ერთი ფუნდამენტური ამოცანა ლოჯისტიკური ხაზების გადაჭრაა, რადგან ზამთარი მოდის, საწვავის მოხმარება გაიზრდება, მოწოდების შეფერხების პირობებში კი რუსული სამხედრო მანქანა დიდი პრობლემების წინაშე დადგება. “უკრაინელებმა ბელგოროდის რაიონში ნავთობტერმინალი დაბომბეს. არის ხანძარი და დაკვამლიანება. ლოჯისტიკური ხაზების გადაჭრა უკრაინელთა ერთ-ერთი ფუნდამენტური ამოცანაა. ზამთარი რომ მოდის საწვავის მოხმარება გაიზრდება, მოწოდების შეფერხების პირობებში კი რუსული სამხედრო მანქანა დიდი პრობლემების წინაშე დადგება”, - თვლის ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე 15 ოქტომბრის შეჯამებისას”, - წერს სტატიის ავტორი.

თორნიკე გოგუაძე - „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რუსიფიკაციასთან ბრძოლას“

“უკრაინაში 6 მარტიდან ვიბრძვი. 27 თებერვალს ჩავეწერე მოხალისედ კიევის საელჩოში, მაგრამ არავინ დამიკავშირდა და გადავწყვიტე, უკრაინაში “ქართულ ლეგიონს” დავკავშირებოდი. ჩავედი თუ არა, მაშინვე მათ შევუერთდი. რუსეთი ჩემთვის და ყველა­ ქართველისთვის მტერია და ვფიქრობ, რომ ეს იყო იდეალური შანსი, მებრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ახლა დონეცკის ოლქში ვარ და ამაყად ვატარებ ქართულ დროშას... ომში წასვლამდე საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკის მეცნიერებებს ვსწავლობდი ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლას და მუშაობას ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი, ამიტომ უნივერსიტეტი მივატოვე და გურიაში, ჩემს სოფელში დავბრუნდი, შერეული ტიპის მეურნეობა გავაკეთე. რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, მოსვენება დავკარგე. არც ჯარი მაქვს გავლილი, მაგრამ საკუთარი თავის მჯეროდა და გადავწყვიტე წასვლა. ეს ოჯახს ძალიან გვიან გავაგებინე. იცოდნენ, აზრს ვეღარ შემაცვლევინებდნენ, არც უცდიათ, - მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია”, - აცხადებს რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი თორნიკე გოგუაძე (რომელსაც 27 წელი ფრონტის ხაზზე შეუსრულდა) გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ომში ერთად წამოვიდოდით“.

“დედამ და დამ ბევრი ტირილის შემდეგ გზა დამილოცეს. მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ომში ერთად წამოვიდოდით. როგორც კი ჩამოვედი, ინტენსიური წვრთნა გავიარე. ბევრ გამოუცდელ მოხალისეს არ მისცეს ფრონტზე წასვლის უფლება, თუმცა მე დავამტკიცე, რომ ბრძოლისუნარიანი ვიყავი. უკრაინაში კრიტიკული მდგომარეობა იყო... როცა ლვოვში ჩავედი, ქალაქი გამუდმებით იბომბებოდა. საფრთხე იყო, რომ რუსები დესანტსაც გადმოსხამდნენ. ამიტომ ქალაქის დაცვაზე დაგვაყენეს. პირველი 20 დღე მეც იქ ვიყავი. ყოველ 4-6 საათში ერთხელ 4 საათით გავდიოდით პატრულში, ან საბრძოლო პოზიციებზე. ბევრი დივერსანტი იყო და საფრთხეს ყველა მხრიდან ვგრძნობდით. არავის ვენდობოდით. ყოფილა შემთხვევები, როცა ღიმილით მოსული ადამიანი რუსების ან ბელორუსების აგენტი აღმოჩენილა. ლვოვიდან მალევე გადავედი კიევის დაცვაზე. თუმცა კიევში შემოჭრა და პოზიციების დაკავება რუსებმა ვერ შეძლეს. დაბომბვა ხშირი იყო, არტილერიით თუ ავიაციით... ლისიჩანსკის დაცვისას ქართველები ძალიან რთულ პოზიციებს ვიცავდით. რამდენიმე დღე ცენტრთან კავშირიც კი გაწყდა. რუსულმა მედიამ მიცვალებულებად გამოგვაცხადა. ყველასთვის გასაკვირად იმ სასაკლაოდან უდანაკარგოდ გამოვაღწიეთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე გოგუაძე.

“არ დავჭრილვარ, არც კონტუზია მიმიღია. აშკარად იღბლიანი ვარ, ჩემი კეთილისმსურველების ლოცვა მშველის.... ომი ყველა ადამიანს ცვლის, ზოგს კარგისკენ, ზოგს ცუდისკენ, ზოგს სულს უსახიჩრებს, ფსიქიკას ურყევს, სულიერად ღლის. პირადად მე გამაძლიერა, უფრო მიზანდასახული გამხადა. დავრწმუნდი, რომ რაც შეგიძლია დღეს, აქ და ახლა უნდა გააკეთო. არავინ იცის, გექნება თუ არა იმ საქმისთვის დრო და მომენტი. ომმა უფრო შემაყვარა სამშობლო, ჩემი ხალხი და უახლოესი წრე. როცა სიკვდილს გადაურჩები, ყველა და ყველაფერი გეძვირფასება, თითოეულ მათგანში მხოლოდ სიკეთეს ხედავ. რაც მთავარია, ომი სამყაროს ერთი კანონზომიერების გააზრებაში დამეხმარა: ,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და ეს მოცემულობა უკრაინულ ჯარს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. ახლა თითოეული უკრაინელი მებრძოლი მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე იძიონ შური და ბოლო მოუღონ ბოროტების იმპერიას. ჩვენ დღითი დღე წინ მივიწევთ, ვიბრუნებთ დაკარგულ და ოკუპირებულ ტერიტორიებს. როცა უკრაინაში ჩამოვედი, ვაპირებდი ბოლომდე დარჩენას. რამდენიმე დღეა, რაც გადაწყვეტილება შევიცვალე. მე ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს - ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით უნდა დავეხმარო საქართველოს, რომელიც ახლა უმძიმეს დღეშია”, - დასძენს თორნიკე გოგუაძე და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“ჩვენი მამებისა და უფროსი ძმების სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსულ ჭაობში იძირება. ეს ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ მოსწონს... აქტიურად ჩავერთვები ჩემს მიერ დაფუძნებული მოძრაობის - “სამოქალაქო წინააღმდეგობის” საქმიანობაში. ჩვენ უკვე გვქონდა პირველი კარგი აქტივობა: პარლამენტის წინ ჩავატარეთ აქცია “ჩაკეტე საზღვარი”. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რუსიფიკაციასთან ბრძოლას და დავუპირისპირდებით ყველა იმ მანკიერებას, რაც ქვეყანაშია”.