გერმანიის ახალი ელჩი - გზა ევროპისკენ ნათელია, არაფერია მასში იდუმალი ან უცნობი - ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ჩვენ დავეხმარებით, რომ წარმატებით ითამაშოს

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი, პეტერ ფიშერი ქართული მედიისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ შეცვალა საქართველოს მიმართ, როგორც სტრატეგიული ხედვა, ისე მისი სტრატეგიული მდგომარეობა. გერმანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ხელშეწყობა. ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს გახშირებულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ფიშერი დასძენს, რომ ის დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს და მისთვის დასავლეთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ენერგოკრიზისი ევროპაში, საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი - ამ და სხვა თემებზე, საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი, პეტერ ფიშერი, დიპლომატიური მისიის დაწყების შემდეგ მის პირველ ინტერვიუში, ექსკლუზიურად „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.

- ბატონო პეტერ, ეს არის ქართული მედიისთვის თქვენი პირველი ინტერვიუ და ვაფასებთ, რომ დაგვთანხმდით, პირველად საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხოთ.

- დიდი მადლობა თქვენ. ძალიან მოხარული ვარ.

- დავიწყოთ ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხით. თქვენი შეფასებით, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს? პირადად თქვენ რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, რომ საქართველო უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, უახლოეს მომავალში, კანდიდატის სტატუსს მიიღებს?

- მე, პრინციპში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მინდა ვთქვა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი, ისტორიული და სასიხარულო გადაწყვეტილება იყო. გზა ევროპისკენ ნათელია. არაფერია მასში იდუმალი ან უცნობი. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, თუმცა სპორტისგან განსხვავებით, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ მან ამ „ბურთით“ წარმატებით ითამაშოს. დავეხმარებით ყველა ჩვენი პროგრამით, რომელიც გერმანიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას გააჩნია. ასევე ევროკომისია და სხვა წევრი ქვეყნებიც ეხმარებიან საქართველოს ამ გზაზე.

რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორ განხორციელდება ის. საქართველოს პარლამენტს ძალიან ამბიციური საკანონმდებლო პროგრამა აქვს, რომლის მიხედვითაც ახალ წლამდე თორმეტივე რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტმა შესაბამისი კანონები უნდა მიიღოს. ეს მისასალმებელია და უნდა დაველოდოთ, საბოლოოდ რა კანონებს მივიღებთ. შემდეგ შეგვეძლება შევაფასოთ, თუ როგორ შეესაბამება ისინი ევროპულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორი პრინციპი არსებობს: პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და დემოკრატიული და შედეგი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.

- გერმანია ერთ-ერთია ნატო-ს იმ წევრ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს მხარი არ დაუჭირა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის“ ანუ „წევრობის სამოქმედო გეგმის“ მინიჭებას. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ გერმანია, სამომავლოდ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში წევრობას მტკიცედ დაუჭერს მხარს და არ იქნება სკეპტიკურად განწყობილი თუ იქნება აღნიშნულზე ოფიციალური ბერლინი კვლავაც სკეპტიკურად განწყობილი?

- 2008 წლის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და დღეს სრულიად ახალი რეალობა გვაქვს, ვიდრე ეს იყო მაშინ. ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა. 2008 წლიდან ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა არსებობს ნატოსა და საქართველოს შორის. ნატო ეხმარება საქართველოს სამხედრო სფეროს მრავალი მიმართულებით: სტრატეგიის, ტაქტიკის, ოპერატიულ დარგებში. საქართველო კი ეხმარებოდა ნატოს მის მნიშვნელოვან სამშვიდობო მისიებში. ნატოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველო გახდება მისი წევრი, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სტრატეგიული მდგომარეობა და ვფიქრობ, ნატოსა და საქართველოს შორის კარგი თანამშრომლობის საფუძველზე ეს პროცესი ორგანულ განვითარებას პოვებს. დღეს ვერ ვიტყვი, გერმანია მომხრეა თუ წინააღმდეგი, ჩვენ პრინციპში ამის მომხრეები ვართ, ეს ნატოს გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, დანარჩენი კი თავისთავად გამოიღებს შედეგს მომდევნო წლებში.

- ბოლო პერიოდში, ქართულ პოლიტიკაში თვალნათლივ შეინიშნება ისეთი რიტორიკის ზრდა, რომელიც ანტიდასავლურად ფასდება. გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ისმის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა და ე.წ მეორე ფრონტის გახსნა სურს, ამასთან, სიტყვიერად თავს ესხმიან საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა დიპლომატს, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს. თქვენი აზრით, რამდენად საფრთხის შემცველია აღნიშნული სახის განცხადებები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და რა მიზანი უნდა ამოძრავებდეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილ დეპუტატებს მსგავსი რიტორიკით?

- როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი ისტორიული და სასიხარულო მომენტია, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს ეუბნება, რომ ჩვენ გვსურს თქვენი ჩვენთან ყოფნა. ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა შემდეგი: „ჩვენ საქართველო გვინდა ვიხილოთ ჩვენს კავშირში და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არ არის სრულყოფილი“. მინდა გერმანიის მაგალითი ვახსენო: მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის საშინელი პერიოდის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო ის, რომ კვლავ დასავლეთის ნაწილი გავხდით და მოგვეცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობა დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით. ჩვენ გვჭირდებოდა მათი დახმარება დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. პლურალისტური საზოგადოება თავისუფლებათა უფლებებით - ეს იყო ევროკავშირის კეთილდღეობის მთავარი საფუძველი და ასე ვფიქრობთ ჩვენ დასავლეთის შესახებ. მისი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება, დემოკრატია, პლურალიზმი და მოქალაქეთა უფლებები. ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს, რა თქმა უნდა ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს, ეს დემოკრატიისა და პლურალიზმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მე მყარად მჯერა დასავლეთის და ბედნიერი ვარ, რომ დასავლეთის მოქალაქე ვარ. როდესაც ვინმე ამბობს, დასავლეთი ასეთია - ისეთია, პირველ რიგში ეს არ არის კონკრეტული ბრალდება და მეორე ის, რომ მე დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ. ჩემთვის დასავლეთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანა საკუთარ გზას პოულობს, საკუთარ მიმართულებას, თუმცა დასავლეთის ასეთი კრიტიკა, ვფიქრობ, არ არის კარგი არგუმენტი.

- რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის - „ეფ-ეს-ბეს“- განცხადებით, მათ ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორების ვინაობა დაადგინეს. მათი მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა დაგეგმა, ხოლო პროცესებში მონაწილეობდა საქართველოს 2 მოქალაქეც. მანამდე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა ტერიტორიაზე ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით მოხვდა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სახის პროვოკაციები დაგეგმოს და განახორციელოს?

- ბუნებრივია, არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს ან რას არ აპირებს რუსეთი. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ რუსეთმა რიგი აგრესია განახორციელა მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს მიმართ. ვიცით, რომ რუსეთმა სასტიკი, უკანონო თავდასხმითი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ვიცით, რომ საქართველო, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, რისკის ქვეშ არის, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას შეიძლება გეგმავდეს რუსეთი, მე არ მაქვს. ჩვენ ამჟამად ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას და ამით მკაფიოდ ვუთხრათ რუსეთს, რომ ჩვენ გვინდა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, ე.ი. კანონის უზენაესობა და არა ძალაუფლების უზენაესობა და რომ საზღვრების ძალით შეცვლა ჩვენთვის მიუღებელია და ამას ვერ შევეგუებით.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გასულ თვეს, რუსეთში, პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც საქართველო საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ვინაიდან ათი ათასობით რუსმა მამაკაცმა ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მიაშურა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აშკარად იგრძნობა კიდეც რუსების სიმრავლე. თქვენი აზრით, რამდენად საფრთხის შემცველია ეს ყოველივე საქართველოს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისთვის, იმ ფონზე, როდესაც კრემლი სხვა ქვეყნებში შეჭრის საბაბად, საკუთარი მოქალაქეების დაცვას იშველიებს ხოლმე?

- ეს შეკითხვაც რუსეთის განზრახვებს ეხება, რომელსაც ვერ გავცემ პასუხს, რადგან არ ვიცი, მას რა აქვს განზრახული, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთმა უკრაინაში ორი ფუნდამენტური რამ ვერ გათვალა: პირველი ეს არის უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის ნება და მეორე - იმ ქვეყნების მხრიდან დახმარების გაწევის ნება, რომლებიც უკრაინას მხარში უდგანან და ეს რუსეთისთვის და პუტინისთვის უნდა იყოს დამაფრთხობელი სიგნალი, რომ არ განახორციელოს სხვა აგრესია. თქვენც ხედავთ, რომ სამხედრო პროცესი რუსეთისთვის ხელსაყრელად არ მიმდინარეობს. ასე რომ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რუსეთი უკრაინაში მიხვდება, რომ მიუღებელია სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა და რომ ის ამას ვერ შეძლებს.

- აკეთებს გერმანია საკმარისს იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე შეჭრა ოფიციალური კიევის გამარჯვებით და რუსეთის მარცხით დასრულდეს? დროდადრო, ოფიციალური ბერლინი კიევისთვის სხვადასხვა სახის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ყოყმანით გამოირჩევა. გასულ თვეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საჯაროდ გისაყვედურათ კიდეც იმის გამო, თუ რატომ არ ასრულებს გერმანული მხარე საკუთარ დაპირებას, თუმცა, მას შემდეგ რაც გასული კვირის დასაწყისში რუსულმა ძალებმა კიევი და სხვადასხვა უკრაინული ქალაქები მასშტაბურად დაბომბეს, კანცლერმა შოლცმა უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მაინტერესებს, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების კუთხით, რა არის გერმანიის მიერ დროდადრო გამოვლენილი ყოყმანის მიზეზი?

- ადრე ამბობდნენ, რომ გერმანიას აღარასდროს უნდა ჰქონოდა ჯარი და შეიარაღება. ახლა კი ზოგჯერ გვაკრიტიკებენ, რომ სამხედრო თვალსაზრისით საკმარისად არ ვმოქმედებთ. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ჩვენი ამოცანა ომის შეჩერება და არა მისი გაფართოებაა. მეორე პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ის ბრალდება, რომ ძალიან ცოტას ვაკეთებთ, არ არის გამართლებული და უბრალოდ ტყუილია. ჩვენ ძალიან ბევრ იარაღს ვაწვდით უკრაინას, მათ შორის ლეტალურ იარაღსაც. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ იარაღის მიწოდება მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ვაწოდებთ ასევე ძალიან ეფექტიან და ტექნოლოგიურად მაღალი დონის სისტემებს. ბოლოს საჰაერო თავდაცვის გერმანული სარაკეტო სისტემა IRIS-T მივაწოდეთ, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა უკრაინას საჰაერო თავდაცვისათვის, თუმცა თავშეკავება სამხედრო საკითხებში, ვფიქრობ, ბრძნული პოზიციაა. ომი საშინელებაა და მისი წარმოება თავშეკავებითა და სიფრთხილით არის საჭირო, მაგრამ როდესაც საქმე უკანონო თავდასხმით ომს ეხება იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იცავს, გერმანია ამ ქვეყნის, ე.ი. უკრაინის გვერდზე იდგება, ასევე იარაღითაც, ძალიან სერიოზული და ეფექტიანი იარაღით.

- უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის პარალელურად, ევროპაში ენერგოკრიზისია. რამდენად არის მზად გერმანია აღნიშნულის გასამკლავებლად? გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში. მისი თქმით, ამის გაკეთება შესაძლებელია ჩრდილოეთ ნაკადის გადარჩენილი ხაზით. კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ ბურთი, ევროკავშირის მხარესაა...

- დიახ, მართალია, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს. რუსეთი ნავთობისა და გაზის დიდი მომპოვებელი და ექსპორტიორია და თავდასხმითი ომის დაწყების გამო ჩვენ სანქციის სახით გადავწყვიტეთ, ძლიერ შევამციროთ და პერსპექტივაში ნულამდე დავიყვანოთ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მიღება. ეს წიაღისეული ენერგომატარებლების კრიზისია და ჩვენ ევროპასა და გერმანიაში ისედაც მიზნად გვაქვს დასახული, გავთავისუფლდეთ წიაღისეული ენერგომატარებლებისგან და განახლებად ენერგიაზე გადავიდეთ. ახლა შოკი გვაქვს, მომწოდებელთა შოკი, რადგან რუსეთი, როგორც მომწოდებელი გამოირიცხება. ეს ძალიან რთულია გერმანიისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან ჩვენ ზედმეტად ვენდობოდით რუსეთს, როგორც სანდო პარტნიორს ნავთობისა და გაზის მოწოდების საკითხში. ომის წარმოების გამო ჩვენ ვთქვით, რომ ვეღარ განვიხილავდით რუსეთს სანდო პარტნიორად. ენერგიის ფასები ჩვენთან ახლა ძალიან გაძვირდა. გერმანიაში გვაქვს ე.წ. განტვირთვის პაკეტი, რომლის თანხამ წელს 200 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს უნდა მოხმარდეს მოსახლეობას, რომელსაც დახმარება სჭირდება ბინების, სკოლების, საჯარო შენობების და ა. შ. გასათბობად, რათა ეს ზამთარი გადავიტანოთ და ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ამ ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ. ამ შედეგებს რუსეთი მძიმედ შეიგრძნობს და სანამ იგი ამ ომს აწარმოებს, ჩვენ აღარ ვაპირებთ მისგან მეტი ნავთობისა და მეტი გაზის ყიდვას. რუსეთი თავის წიაღისეულ ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება.

- ადრე თუ გვიან, ალბათ, დამთავრდება ეს ომი უკრაინაში და აი, ამის შემდგომ როგორი იქნება გერმანიის ენერგეტიკული ურთიერთობა რუსეთთან? უნდა ველოდოთ, რომ გერმანია კვლავაც დაიწყებს რუსეთთან ამ მხრივ თანამშრომლობას? ომის შემდგომ კვლავინდებურად იქნება რუსეთი გერმანიის ენერგორესურსებით მომმარაგებელი?

- იმედი მაქვს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დამთავრება, თუმცა ამ მომენტისთვის რთული სათქმელია, როგორ უნდა დასრულდეს იგი. გრძელვადიან პერსპექტივაში გერმანია გათავისუფლდება წიაღისეული ენერგომატარებლებისგან და ჩვენ ასი პროცენტით განახლებად ენერგიაზე გადავალთ. ასე რომ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ გვექნება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის საჭიროება. რა თქმა უნდა, ისევე როგორც საქართველო, ჩვენც რუსეთის უშუალო მეზობლები ვართ და ჩვენი ინტერესი ყოველთვის იყო რუსეთთან კოოპერაციული და პროდუქტიული ურთიერთობა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსხვავებებისა. მოწინააღმდეგესთანაც კი საჭიროა იმ სფეროების ძიება, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა, მცირე ნაბიჯებით ნდობის მოპოვება და ისეთი მიმართულებით სიარული, რომელიც გონივრულ და მშვიდობიან ურთიერთობამდე მიგვიყვანს. ამას ვცდილობდით რუსეთთან მიმართებაში, 80-იან, 90-იან წლებში. ჩვენ ყველაფერი შევთავაზეთ რუსეთს: თანამშრომლობა პოლიტიკის, ადმინისტრაციის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში. ჩვენ დიდი დახმარება გავუწიეთ რუსეთს და ჩვენდა გასაკვირად - და ასევე ეს იყო ჩვენთვის იმედგაცრუება - პუტინმა ეს ყველაფერი წყალში გადაყარა, ყველაფერი, რაც მას გერმანიამ და დასავლეთმა შესთავაზა. წყალში გადაყარა ეროვნული სიდიადის ოცნების გამო, რაც ჩვენთვის ამ ფორმით სრულიად გაუგებარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნული სიდიადე მოდის მაშინ, როდესაც ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ, როდესაც მათ საკმარისი კეთილდღეობა გააჩნიათ, როდესაც ისინი თავისუფლები არიან. ეს არის ეროვნული სიდიადე და არა ის, თუ რა ტერიტორიას ფლობ და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ როდესაც ომი დასრულება, როდესმე რუსეთთან კვლავ შესაძლებელი გახდება მშვიდობიანი და პროდუქტიული ურთიერთობა.

- ისევ საქართველოში მიმდინარე პროცესებს მინდა დავუბრუნდეთ... პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები აქტიურად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანა. გაჟღერდა რამდენიმე მიმართულება, სადაც სააკაშვილის გადაყვანა შესაძლოა მოხდეს, მათ შორის გაიჟღერა გერმანიაში, კერძოდ შარიტეს მულტიპროფილურ კლინიკაში მისი მკურნალობის სურვილმა. ხომ არ მოუმართავთ ამ საკითხზე საელჩოსთვის და ზოგადად, არის თუ არა გერმანული მხარე მზად მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მისაღებად?

- არა, ყოფილი პრეზიდენტის გერმანიაში გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულად არავის მოუმართავს და არც გვქონია საუბარი. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გერმანია მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰუმანურობას. ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა, პატიმრებსაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება და ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლისთვისაც ადამიანების მიმართ ჰუმანურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- საქართველო და გერმანია წელს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. როგორ შეაფასებდით, ქვეყნებს შორის სამი ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებულ კავშირებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კულტურული და აკადემიური თვალსაზრისით?

- ეს ჩემი მუშაობის მეექვსე კვირაა საქართველოში და გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში ყოველ დღე რაღაც ახალს და თვალსაჩინოს ვხედავ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობები ასეთი ღრმა და მჭიდროა. ამას ისტორიული საფუძვლებიც აქვს. ჩვენ 1992 წელს პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც თბილისში ელჩი გამოგზავნა. ასევე 1918 წელს მგონი გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს მაშინდელი დამოუკიდებლობა აღიარა. ასე რომ, ჩვენ ისტორიულად ძალიან ღრმა და კარგი ურთიერთობები გვაკავშირებს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს აქ გერმანულად, ჩვენი საელჩოს ყველა ქართველი თანამშრომლის ჩათვლით. ამ ბოლო 30 წელში ყველა იმ სფეროში, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ - პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სამხედრო, აკადემიურ სფეროებში - ძალიან პროდუქტიული პროექტები გვაქვს, რომელთა ფარგლებშიც პარტნიორულად ვთანამშრომლობთ და ერთად ძალიან ბევრი რამ შევქმენით. ეს არს ჩვენი შემდგომი კიდევ მრავალი 30 წლის ურთიერთობის საფუძველი. ჩვენს შორის ბრწყინვალე ურთიერთობა არსებობს და ამ ურთიერთობის მომავალიც ნათელია.

- დაბოლოს, როგორ აპირებთ თქვენი დიპლომატიური ვადის პერიოდში, საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაუმჯობესებას? რა ხედვითა და გეგმებით ჩამოხვედით თბილისში? რა იქნება თქვენი პრიორიტეტული მიმართულებები?

- როგორც იქნა იოლი შეკითხვა დამისვით. ჩემთვის პრიორიტეტულია საქართველოს ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება არის საქართველოს ევროპული გზა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ამისათვის მან შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს, რაშიც ჩვენ მას დავეხმარებით. როგორც აღვნიშნე, დახმარება სხვადასხვა სფეროებში პრაქტიკული პროექტებით განხორციელდება და არა თეორიული დისკუსიებით.

მე უფრო ეკონომიკურ პროექტებზე ვიქნები კონცენტრირებული. ეკონომიკური წინსვლა ყველა დანარჩენი შედეგის საფუძველია. ვფიქრობ, ეკონომიკის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია. ამ დარგში ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, თუმცა მეტის გაკეთება შეიძლება. ვფიქრობ, ეს ორივე მხარის ინტერესებშია.

ეკონომიკის სფეროს განეკუთვნება ასევე გარემო. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიების კუთხით, რაც შეიძლება ერთობლივად კიდევ უფრო განვავითაროთ. ვფიქრობ, გერმანიასა და ევროპასაც შეუძლიათ ამისგან კონკრეტული სარგებელი მიიღონ.

საქართველოს უმშვენიერესი ბუნება აქვს. ამ სფეროშიც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, რომ დავიცვათ იგი.

მინდა ასევე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს საქართველოს ახალგაზრდობასთან. როდესაც ევროპული გზისა და საერთო მომავლის შესახებ ვსაუბრობთ, პირველ რიგში ეს ახალგაზრდებს ეხება და მე სიამოვნებით ვისაუბრებდი მათთან მათი მოლოდინების, მათი ამბიციების შესახებ და ავუხსნიდი მათ, თუ რა არის გერმანია, რა არის ევროპა, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი.

ეს არის რამდენიმე პუნქტი ჩემი გეგმებისა. ბუნებრივია, ელჩი ყველა სფეროში უნდა იყოს ჩართული. როდესაც ეკონომიკის, განათლების, გარემოსა და ახალგაზრდობის შესახებ ვისაუბრე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო, სამართლებრივ ან პოლიტიკურ სფეროებს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევ, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოში ჯერ ექვსი კვირაა რაც ვიმყოფები და უკვე ვხედავ და ვგრძნობ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობას და ასევე მეგობრობას, ადამიანურ სითბოს და ეს არის საფუძველი, რომელსაც ყველგან ვერ ნახავთ და როგორც ვთქვი, ჩემი მთავარი ამოცანაა საქართველოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

თორნიკე კაკალაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო