წლების განმავლობაში საქართველომ დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გვსურს, ამ მხრივ პროცესის გაგრძელება ვიხილოთ და ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვადასტურებ ნორვეგიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
შეხვედრის დროს საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები, ტურიზმი, ვაჭრობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ შესაბამისი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტი. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას და ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ვაფასებთ საქართველოს მიერ წლების განმავლობაში საერთო უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენს მიერ გასული წლის შემოდგომაზე ქაბულიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ოკუპაციის გაგრძელება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. რუსეთის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა, გატაცებები და დაკავებები სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას - ეს არის სავალალო და სრულიად მიუღებელი. მივესალმებით საქართველოს დიალოგის პოლიტიკას, რომლის მიზანი, რუსეთის აგრესიის ფონზე, სიტუაციის განმუხტვაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება.
წლების განმავლობაში საქართველომ დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გვსურს, ამ მხრივ პროცესის გაგრძელება ვიხილოთ და ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ნორვეგია ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ერთიან ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება", - განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.