მარნეულში ლიეტუვის დელეგაციას უმასპინძლეს

მარნეულში ლიეტუვის დელეგაციას უმასპინძლეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულში ლიეტუვის დელეგაციას უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მეგობარ რეგიონებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, განიხილეს მარნეულის და ვილკავიშკის მუნიციპალიტეტების დამეგობრების პერსპექტივა.

სტუმრებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, ამერიკული კუთხე და ხალიჩების სახელოსნო დაათვალიერეს; გაეცნენ ადგილობრივი მცირე მეწარმეების საქმიანობას, დაათვალიერეს სოფელ კასუმლოს ახლად აშენებული საჯარო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სპეციალურად სტუმრებისთვის, მოეწყო საგამოფენო სივრცე - ,,ღვინის გზა“, მეთოჯინე არმენ ოვანესიანის მიერ გაიმართა თოჯინური პერფორმანსი. დღის აქტივობები დასრულდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით.

„ვუმასპინძლეთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მერს ალგირდას ნეიბერკას და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილეს საულიუს ვალაინისს; ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეცნო ჩვენი მუნიციპალიტეტი სტუმრებისთვის. ვისაუბრეთ ვილკავიშკის და მარნეულის მუნიციპალიტეტების საერთო ინტერესებზე და დამეგობრების საკითხებზე. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვიმ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.