სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მალხაზ თავდგირიძის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება მალხაზ თავდგირიძის განცხადებას, რომელშიც ის ახლა უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ელგუჯა ბაგრატიონსა და მამუკა ჯევაიშის შანტაჟში ადანაშაულებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ბაგრატიონისა და ჯევაიშის მობილური ტელეფონები ამოიღო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 17 ოქტომბერს, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მ.თ-ს განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ. თ-მ განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2022 წლის 29 აგვისტოს, ე.ბ.-მ კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასსა და მის თანაფრაქციელ თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. მოწმის განმარტებით, ე.ბ.-მ უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მ.ჯ.-მ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ე.ბ-ს და მ.ჯ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში მობილურ ტელეფონებში მ.თ.-ს პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ, პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება.
ცნობისთვის, აღნიშნულის გამო, ბათუმის პოლიციის განყოფილებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი და პარტიის წევრი მამუკა ჯევაიში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
























