ლევან შენგელია - ხალხში დიდია ომის შიში, წესით, ხალხში უნდა იყოს არა ომის, არამედ დამარცხების შიში

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, პოლიტიკის ანალიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოში იმდენი საინტერესო რამ ხდება და ისეთი პროცესებია, ნამდვილად ღირს ბევრ მათგანზე მსჯელობა და ყურადღების გამახვილება.

მაგრამ, სწორედ იმის გამო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია და საფრთხეები მნიშვნელოვნად გაზრდილია, ჩვენთვის ყველაზე აქტუალური თემაა საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარება და ის, თუ როგორ შეუძლია საქართველოს საფრთხეებსა და ტურბულენციას გაართვას თავი.

სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესების დინამიკა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური და ინტელექტუალური წრეები ცდილობენ შექმნილ მოცემულობაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას.

თუ კარგად დავაკვირდებით, იმის თქმაც კი ჭირს, რა ტიპის პოლიტიკურ პროცესს ვადევნებთ თვალს. რაც ხდება, ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის მხრიდან უფრო ხელისუფლების და ოპოზიციის თავის თავთან მონოლოგის რეჟიმში ყოფნას ჰგავს, ვიდრე ურთულეს საკითხებზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების გზების ძიებას.

როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება?

- დიახ, საქართველოში პოლიტიკური პროცესი სტაგნაციაშია. იმ ვითარებაში, რაც დღეს მსოფლიოშია და რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ, ეს პოლიტიკური სტაგნაცია საბედისწერო მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნისთვის. მოდით, ვნახოთ რა არის იმის მიზეზი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება და ოპოზიცია, სწორედაც მონოლოგის რეჟიმში არიან და ერთმანეთის არაფერი ესმით.

საქართველოში პოლიტიკური პროცესი სტაგნაციაშია. იმ ვითარებაში, რაც დღეს მსოფლიოშია და რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ, ეს პოლიტიკური სტაგნაცია საბედისწერო მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნისთვის

პოლარიზაცია ტოტალურია და ადამიანთაშორის ურთიერთობებშიც კი ძლიერად არის ფეხგადგმული, არათუ პოლიტიკურ ძალებს შორის. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს მკაფიოდ არტიკულირებული ეროვნული, სახელმწიფოებრივი მასშტაბის და მნიშვნელობის გენერალური იდეა. არადა, სწორედ ასეთ იდეას აქვს საზოგადოების, პოლიტიკურ ძალთა, ადამიანების მაკონსოლიდირებელი ეფექტი.

მაგალითებისთვის შორს არ წავალ - დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, 9 აპრილი და ა.შ.

და პირიქით - დიდი იდეის არარსებობა იწვევს გათიშულობას, კინკლაობას, შურსა და ბოღმას, შინა მტრობას, რადგან არაფერი გვაქვს ისეთი, რამაც უნდა აგვანთოს, გაგვაერთიანოს, ერთი მიმართულებით წარმართოს ჩვენი ენერგია და ნებისყოფა.

დიდი იდეის არარსებობა იწვევს გათიშულობას, კინკლაობას, შურსა და ბოღმას, შინა მტრობას, რადგან არაფერი გვაქვს ისეთი, რამაც უნდა აგვანთოს, გაგვაერთიანოს, ერთი მიმართულებით წარმართოს ჩვენი ენერგია და ნებისყოფა

ქართული ანდაზაა „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო“. ცუდად შრომაც კი სანატრელია დღეს. არაფრის კეთება არ და ვერ იქნება სიმშვიდის და მით უფრო საზოგადოებრივი თანხმობის საფუძველი. უფრო პირიქით.

ასეთი დიდი იდეის გენერირება და არტიკულაცია უნდა ხდებოდეს ხელისუფლებისგან, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტებისგან. ამის მაგივრად, დღეს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულია „გადარჩენის იდეა“, რომლის ძირითადი შემადგენელია რუსეთის მიმართ „არგაღიზიანების“ პოლიტიკა.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, გადარჩენა თავისთავად ვერ იქნება და არ არის უზენაესი მიზანი. „გადარჩენა“ საბოლოო ჯამში არის საშუალება, რათა განახორციელო ჭეშმარიტად დიდი სახელმწიფოებრივი და პიროვნული მიზნები.

გასაგებია, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი ხიფათი არ უნდა დაიტეხო. სიფრთხილე ყოველთვის კარგია, ოღონდ ეს სიფრთხილე სიმფრთხალეში თუ გადავიდა, მაშინ ხიფათი პირიქით იზრდება. უხერხულიც კია გავიმეორო მარტივი ჭეშმარიტება „თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის“.

დიახ, შეიძლება იყო ფრთხილად, მაგრამ ამავდროულად უნდა იყო ფხიზლად და აქტიურად. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების არსებული პოლიტიკა და პროპაგანდა ერთგვარ სტუპორში აგდებს საზოგადოებას, ეს ერთგვარი გაშეშებულობა თუ თავის მომკვდარუნება ვერ არის კარგი თავდაცვის სტრატეგია, ეს მტერს მადას კიდევ უფრო უღვიძებს.

შეიძლება იყო ფრთხილად, მაგრამ ამავდროულად უნდა იყო ფხიზლად და აქტიურად. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების არსებული პოლიტიკა და პროპაგანდა ერთგვარ სტუპორში აგდებს საზოგადოებას, ეს ერთგვარი გაშეშებულობა თუ თავის მომკვდარუნება ვერ არის კარგი თავდაცვის სტრატეგია, ეს მტერს მადას კიდევ უფრო უღვიძებს

იმიტომ, რომ მუშაობს ასეთი ლოგიკა - ადვილად გასალახი აუცილებლად გაილახება. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადვილად გასალახი ვიყოთ, ფორმალურად, "დიდი იდეა" დეკლარირებულია, ესაა საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

ამის მნიშვნელობაზე აღარაფერს ვიტყვი, ისედაც ყველამ ვიცით. პრობლემა ისაა, რომ რეალურად ეს პროცესი შენელებულია, თუ არ ვიტყვით, რომ გაჩერებულია. სწორედ ამიტომ, კიდევაც რომ არსებობდეს დიდი მიზანი, თუ მისკენ არ მიდიხარ, მაშინ ის ვერ იქნება საზოგადოების მაკონსოლიდირებელი, დეპოლარიზაციული ეფექტის.

კიდევაც რომ არსებობდეს დიდი მიზანი, თუ მისკენ არ მიდიხარ, მაშინ ის ვერ იქნება საზოგადოების მაკონსოლიდირებელი, დეპოლარიზაციული ეფექტის

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ ახერხებს საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები დღის წესრიგის შეთავაზებას.

ზოგჯერ მკაფიოდ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესების მართვის თვალსაზრისით ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე გარკვეული გამოცდილება შეიძინა და გარკვეული პროცესების მართვაც ისწავლა.

მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით,კარგადაც ჩანს, რომ „ქართულმა ოცნების“ მართვის სტილი ბევრად არ განსხვავდება „ნაციონალების“ მართვის სტილისაგან. დღევანდელი ხელისუფლება გარეგნულად არაა ისეთი სასტიკი და დაუნდობელი, როგორც წინა ხელისუფლება, მაგრამ, უმნიშვნელოვანეს თემებში, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში ისევე იქცევა, როგორც მისი წინამორბედი. ასეთი მაგალითების მოხმობა და გახსენება შორს წაგვიყვანდა.

რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამდი - რაში ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან დღევანდელი და წინა ხელისუფლებები?

- იდეა სხვაა და გეგმა კიდევ სხვა. იდეა აღტაცებას იწვევს, ერთიანობის სურვილს, იდეა პათეტიკური ბუნებისაა. გეგმა შრომას მოითხოვს, ყოველდღიური საქმის კეთებას ითხოვს, ხშირად მოსაწყენიც ხდება... პროზაულია.

ჩვენ ხასიათით დღესასწაულის, ზეიმის, ჰეროიკის ხალხი ვართ, ამიტომ გეგმა არ გვხიბლავს, სიბეჯითე და რუტინა გვღლის.... წინა ხელისუფლებას ჰქონდა დიდი მასშტაბის მიზნები, რომელთაგან ზოგი ჩავარდა, ზოგი გამოვიდა, ზოგიც სანახევროდ... წინა ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, პრინციპული შეცდომა დაუშვა, როცა წარმოიდგინა, რომ ხალხი არის „სიკეთის“ მიმღები და არა შემქმნელი, არა თანამონაწილე საქმის კეთებაში. ამიტომ ის თანდათან გაუცხოვდა ხალხისგან.

აი, წარმოვიდგინოთ, ადამიანი რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდა სახლში და ხედავს - მის ბინაში რემონტი ჩატარებულა, ავეჯიც უკეთესი დგას. ჯერ გაოცდება, მერე გაუხარდება მაგრამ ბოლოს გაბრაზდება ჩემს უკითხავად რატომ გააკეთესო მგონი გასაგებია, რასაც ვამბობ.

ეს სახუმარო თემა არ გახლავთ. თუ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ თავად ჭედავს თავის მომავალს, თუ დაინახავს, რომ მის მაგივრად სხვა „უფრო ჭკვიანი“ ადამიანები აკეთებენ საქმეს, ის საბოლოო ჯამში შეგიძულებს, დაგიპირისპირდება. წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზები სხვაც იყო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ.

თუ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ თავად ჭედავს თავის მომავალს, თუ დაინახავს, რომ მის მაგივრად სხვა „უფრო ჭკვიანი“ ადამიანები აკეთებენ საქმეს, ის საბოლოო ჯამში შეგიძულებს, დაგიპირისპირდება

დღევანდელი ხელისუფლება სხვა სტრატეგიას დაადგა - „ჩვენ პატარა ერი და ქვეყანა ვართ“, ჩვენი ერის მეორეხარისხოვნების განცდის კულტივირება იძლევა ცრუ კომფორტის შეგრძნებას, რადგან თურმე ბევრი არაფერი მოგეთხოვება, თავსატეხი არაფერი გაქვს. ინფანტილური შეხედულება რომ თუ ცუდს თვალს აარიდებ, ის ცუდი აღარ მოხდება და ა.შ. ეს თავიდან სასიამოვნოა, ქმნის „თავისუფლად სუნთქვის“ ილუზიას, მიშვებულობის, მოსვენებულების ეფექტს. მაგრამ მთელი ამბავი ისაა, რომ ეს ეფექტები ტყუილზეა დამყარებული და ადრე თუ გვიან ფრუსტრაციით და მერე დამანგრეველი აგრესიით მთავრდება.

დღევანდელი ხელისუფლება ხალხს არათუ „დიდ საქმეებში“ თანამონაწილეობას არ სთავაზობს, არამედ დიდი იდეა-გეგმები თვითონაც არ აქვს, ანუ მისი დიდი იდეა-გეგმა არის არაფრის კეთება, თავის მომკვდარუნება, ტოტალური უმოქმედობა...

დღევანდელი ხელისუფლება ხალხს არათუ „დიდ საქმეებში“ თანამონაწილეობას არ სთავაზობს, არამედ დიდი იდეა-გეგმები თვითონაც არ აქვს, ანუ მისი დიდი იდეა-გეგმა არის არაფრის კეთება, თავის მომკვდარუნება, ტოტალური უმოქმედობა...

პროპაგანდით დანერგილი ცხოველური შიში ნებისმიერი მოქმედებისადმი, რაც ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს და პოლიტიკური მანიპულაციები - ესაა ის ძირითადი იარაღი, რითაც ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი მიზანი ევროპული ინტეგრაციაა, მაგრამ, ვხედავთ, რომ 12 ევროპული რეკომენდაციის შესასრულებლად ბევრი არც არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლება ხელს ოპოზიციისკენ იშვერს, არადა ყველა საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათ შესასრულებლად პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს, ხელისუფლებას ოპოზიციის გარეშეც შეუძლია წლის ბოლომდე რეკომენდაციების შესრულება.

მმართველი გუნდი ოპოზიციურ ძალებს - „ნაციონალებს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, ხოშტარიას „დროა"-ს“ ჯაფარიძეს ანტიდასავლურ ძალად მოიხსენიებენ.

ცალკე საუბრის თემაა, რომ ქართული ოცნებიდანგასული დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნეს, კარგა ხანია ამტკიცებენ, რომ ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცების, არამედ მისი შერყევისკენ არის მიმართული.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხელისუფლებას სდებს ბრალს პრორუსულობაში და ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის წევრები და „ხალხის ძალის“ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ ევროპულ რეკომენდაციებთან და ასევე ბევრ სხვა საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციები და ქმედებები ბევრ კითხვებს აჩენს. ამას ემატება ოპოზიციის წიაღში სხვადასხვა ტიპის დუღილი და „ქართული ოცნების“ დამმარცხებელი „გოლიათის“ ძებნასთან დაკავშირებული თემები.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს შიდა პოლიტიკაში არსებული ასეთი სურათი?

- თუ სწორია ის, რაზეც უკვე ვისაუბრე, მაშინ სრულიად გასაგებია, რომ ხელისუფლება სულ უფრო დემონსტრაციულად შორდება დასავლურ კურსს. 12 პუნქტის შესრულება და სხვა ამგვარი უბრალოდ ბლეფია. არ ვიცი, დღეს ვის სჯერა ამ დაპირებების. არადა, ხელისუფლების მომხრეთა უმრავლესობას ხელისუფლება პროდასავლურ ძალად მიაჩნია. უცნაურია, არა?

ხელისუფლება სულ უფრო დემონსტრაციულად შორდება დასავლურ კურსს. 12 პუნქტის შესრულება და სხვა ამგვარი უბრალოდ ბლეფია. არ ვიცი, დღეს ვის სჯერა ამ დაპირებების. არადა, ხელისუფლების მომხრეთა უმრავლესობას ხელისუფლება პროდასავლურ ძალად მიაჩნია. უცნაურია, არა?

საქმე ისაა, რომ თავისთავად რუსული ორიენტაცია არ არსებობს. რუსული ორიენტაცია იქნებოდა რუსული ფაშიზიმის ანუ რაშიზმის, ტერორის, სამხედრო დანაშაულის ღია მხარდაჭერა რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. პრორუსობა ვლინდება ანტიდასავლურობაში. პროპაგანდა და აგიტაცია დღესაც ეფექტიანად მუშაობს, რაც მოსახლეობას ხელს უშლის გამორკვევაში.

საქმე ისაა, რომ თავისთავად რუსული ორიენტაცია არ არსებობს. რუსული ორიენტაცია იქნებოდა რუსული ფაშიზმის ანუ რაშიზმის, ტერორის, სამხედრო დანაშაულის ღია მხარდაჭერა რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. პრორუსობა ვლინდება ანტიდასავლურობაში

ოპოზიციას რაც შეეხება მისი ძირითადი ნაწილი ვერ პოულობს ისეთ თემებს, და ასევე ხალხთან ურთიერთობის ისეთ ფორმებს, რაც ეფექტურს გახდიდა ოპოზიციის მოქმედებებს. ასევე, აქა-იქ შეიმჩნევა ხელისუფლების არაფორმალური ზეგავლენა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელზე.

- იმის გათვალისწინებით, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველომ კრემლის მიერ ბევრი ინსპირირებული ომი გადაიტანა, რომელთა შედეგად ქვეყანამ ქვეყნის 20% დაკარგა და ეს 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სულაც არაა გასაკვირი, რომ ჩვენს საზოგადოებაში ომის შიში დიდია.

მაგრამ, გაუგებარი სხვა რამაა - როცა რუსეთი უკრაინელებს იმის გამო ანადგურებს, რომ უკრაინელებმა არ ისურვეს რუსული იმპერიის ნაწილად ყოფნა და კრემლზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული, რატომაა ჩვენში „მოდაში“ პრეზიდენტ ზელენსკის ლანძღვა-გინება მაშინ, როცა კოლექტიური დასავლეთი და აშშ რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს და უკრაინას ეხმარება.

მხოლოდ აქა-იქ თუ გაიგონებთ გულის წყვეტას იმის გამო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომების დროს დასავლეთმა ჩვენთვის ვერ მოიცალა.

რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში არსებული აზრთა სხვადასხვაობა?

- დიახ, სწორად ბრძანებთ - ხალხში დიდია ომის შიში, მაგრამ ეს ხელისუფლების პოლიტტექნოლოგიების შედეგია. წესით, ხალხში უნდა იყოს არა ომის, არამედ დამარცხების შიში. ეს ორი რამ პრინციპულად განსხვავდება, რადგან თუ პირველი უმოქმედობისკენ, კაპიტულაციისკენ გიბიძგებს, მეორე პირიქით - წარმართავს მუდმივი მიზანდასახული შრომისკენ, მზადებისკენ, განვითარებისკენ.

ზელენსკის ლანძღვა სიმპტომატურია - როგორ შეიძლება აქო ადამიანი, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად ქვეყანას იცავს, თუ შენც იმავეს არ აპირებ?! მაშინ ხომ გამოდის, რომ ის კაცია და შენ არა?!

მშიშარებს არ უყვართ მამაცები, უჭკუოებს - ჭკვიანები, ასეთია ადამიანის ბუნება.

- ცალკე საუბრის თემაა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში რუსი მოქალაქეების სიმრავლე, მათთვის ბინადრობის ვადის ერთი წლით გაგრძელება. ვნახეთ თუ როგორ გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.

ფაქტია, რომ ჩვენ ახლა რუსი „ტურისტების“ გარდა რუსი დეზერტირებიც გვყავს, რომლებიც როგორც სტატისტიკა ამბობს, იძენენ ბინებს, იწყებენ ეკონომიკურ საქმიანობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულმა ბიზნესმა რუსულენოვანი მიგრანტების დასაქმება დაიწყო.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო რომ ხელისუფლება რუს მიგრანტთა სიმრავლეზე პრაქტიკულად არც რეაგირებს.

არადა, რუსი მოქალაქეების სიმრავლე იმითაცაა სახიფათო, რომ რუსეთში გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს ომს უკრაინაში. ეს კი შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ ჩვენთან ჩამოსულ დეზერტირებსაც ამგვარი განწყობები ჰქონდეთ.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე ქვეყანაში საფრთხე არ აღმოჩნდეს?

- ხელისუფლებიდან ყველაზე გაბედული და სწორი შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. მან განაცხადა, რომ ამხელა უკონტროლო ნაკადი რუსეთიდან არის გამოწვევა საქართველოსთვის და გამოთქვა აზრი სავიზო რეჟიმის გამკაცრების საჭიროების შესახებ.

ეს სრულიად არასაკმარისია, მაგრამ არის საუკეთესო, რაც მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ამ საკითხზე უთქვამთ. ცხადია, პრეზიდენტმა იცის, რომ გამოწვევა, თუ მასზე სწორ რეაგირებას არ ახდენ, საფრთხედ გადაიქცევა ხოლმე.

რეალურად, ჩვენ დიდი კატასტროფის წინაშე ვართ. თქვენ მეკითხებით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე ქვეყანაში საფრთხე არ აღმოჩნდეს. ეს საფრთხე უკვე რეალიზებულია. ჩვენ უკვე ვართ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული საფრთხის პირობებში. ამ საფრთხის შედეგების პროგნოზირება ძნელი არ არის, მაგრამ სანამ უბედურება არ მოხდება, დანახვა მაინც გვიჭირს ხოლმე.

თქვენ მეკითხებით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე ქვეყანაში საფრთხე არ აღმოჩნდეს. ეს საფრთხე უკვე რეალიზებულია. ჩვენ უკვე ვართ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული საფრთხის პირობებში. ამ საფრთხის შედეგების პროგნოზირება ძნელი არ არის, მაგრამ სანამ უბედურება არ მოხდება, დანახვა მაინც გვიჭირს ხოლმე

უცნაურია, რომ საზოგადოების ნაწილი გულუბრყვილოდ ცდილობს აუხსნას ხელისუფლებას, თუ რა შეიძლება მოსწიოს ჩვენს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას რუსეთიდან ასეთმა მიგრაციამ. არადა, ასახსნელი არაფერია - ხელისუფლებამ მშვენივრად, შეიძლება ჩვენზე უკეთ იცის ეს ყველაფერი. უბრალოდ, მას თავისი შეხედულებები აქვს.

ცალკე საკითხია ჩვენი ხალხის ინდიფერენტული დამოკიდებულება ამ საბედისწერო პროცესისადმი. არ ვფიქრობ, რომ ის, ვინც ჩემგან განსხვავებულად უყურებს საქართველოს მომავალს, მაინცდამაინც მოღალატეა. საერთოდ, სამშობლოს შეგნებული ღალატი ამორალურობასთან ერთად იმდენად ღრმა ფსიქიკურ დარღვევად მიმაჩნია, რომ შეუძლებელია ასეთი ადამიანი ბევრი იყოს.

არ ვიცი რა და როგორ იქნება მომავალში, ერთი რამ კი ცხადია ჩემთვის - ჩვენი პოლიტიკურ განვითარების გზაზე გასავლელი გვაქვს სიმწიფის ერთი ეტაპი, რაც აქამდეც უნდა გაგვევლო და რის გარეშეც ჩვენ დამოუკიდებლობას მყარი ფუნდამენტი ვერ ექნება.

გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სსრკ-ის დროს ბალტიისპირელებს რუსებისადმი? ზოგი თვითონ შევსწრებივართ, დანარჩენმა გადმოცემით იცის. რუსულად არ გპასუხობდნენ, ან პასუხობდნენ ცივად, მოკლედ. არავითარ შემთხვევაში უზრდელურად და აგრესიულად, მაგრამ რუსი იქ ვერასდროს გრძნობდა თავს კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში.

გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სსრკ-ის დროს ბალტიისპირელებს რუსებისადმი? ზოგი თვითონ შევსწრებივართ, დანარჩენმა გადმოცემით იცის. რუსულად არ გპასუხობდნენ, ან პასუხობდნენ ცივად, მოკლედ. არავითარ შემთხვევაში უზრდელურად და აგრესიულად, მაგრამ რუსი იქ ვერასდროს გრძნობდა თავს კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში

ამ ესტონელებს, ლიტველებს და ლატვიელებს - როგორც მაშინაც იგრძნობოდა და მერე ყველასთვის აშკარა გახდა - ცნობიერებაში ჰქონდათ ნაციონალური იმუნიტეტის თუ სახელმწიფოებრივი აზროვნების რაღაცნაირი კოდი, ჩანასახი, რამაც, როგორც კი სასიკეთო დრო დადგა, ამოიყარა, იბარტყა და დღეს ისინი გარანტირებულად თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.

ჩემი აზრით, სწორედ ამგვარი იმუნიტეტის დეფიციტი გვჭირს ჩვენ. ამას ხელოვნურად და ვიღაცის ხათრით ვერ ისწავლი, ნაციონალური ცნობიერების განვითარების რაღაც ეტაპზე თავისით აღმოცენდება, მაგრამ ამის გარეშე საქმე არ გამოვა.

რაც შეეხება გამოსავლის კონკრეტულ გზებს, როცა გამოჩნდება რომ ვიღაცას მართლა აინტერესებს ეს და მხოლოდ მწვავე განცხადებებით არ ცდილობს ფონს გასვლას, მაშინ იმ კონკრეტულ გზების შესახებ კონკრეტული მოსაზრებებიც გამოჩნდება. დღეს ამაზე ლაპარაკი სრულიად უნაყოფოა.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი