გაიცანით სტუდენტები, რომლებიც წელს „ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ

კვების ტექნოლოგიები ერთ-ერთია მომავლის პროფესიებს შორის. ამ მიმართულების მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. პირიქით, სასურსათო ბაზრის განვითარებასა და დახვეწასთან ერთად უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ პროფესიას, ახალგაზრდებიც უფრო მეტად ინტერესდებიან. კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წახალისებაზე კი უკვე მე-4 წელია, საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი კომპანია „ნიკორა“ ზრუნავს. კომპანია ცდილობს, მაღალკვალიფიციური კვების ტექნოლოგების გაზრდას შეუწყოს ხელი, რა მიზნითაც აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების კურსის 4 წარჩინებულ სტუდენტს კვლავ გადასცემს სემესტრულ სტიპენდიას.

გაგაცნობთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე სემესტრში გახდნენ „ნიკორას“ სტიპენდიატები.

სანდრო ამირანაშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„კვების ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი ვარ, თუმცა თავდაპირველად ბიოლოგიაზე ჩავაბარე. პირველი კურსის შემდეგ მივხვდი, რომ სამეცნიერო საქმიანობისთვის არ ვიყავი მზად. ბევრი ფიქრის შემდეგ, სურსათის ტექნოლოგიებზე გადასვლა გადავწყვიტე. მიზეზი ის იყო, რომ სურსათის ტექნოლოგიები ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან და ამავდროულად, ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. ჩემი ცხოვრებისეული რწმენაა, რომ საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებ და მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა. საკმარისია მცირე ფუნდამენტი და სურვილი გქონდეს, მასზე დააშენებ დიდ ცოდნასა და წარმატებას. დღეს კომპეტენცია და ცოდნა ყველა სფეროში ფასდება. სწორედ ამიტომ მგონია, რომ კვების ტექნოლოგიებში შევძლებ წარმატებულ საქმიანობას. ამ ეტაპზე რძის პროდუქტების წარმოება მაინტერესებს განსაკუთრებულად. მაინტერესებს ბიოლოგია და თან ძალიან მიყვარს რძის პროდუქტები. ზოგადად, რძის ტექნოლოგიების მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს და თან მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტიცაა.

სწავლის პარალელურად და სფეროში უფრო ღრმად ჩახედვასთან ერთად მოდის მეტი ინტერესიც. შეუძლებელია პირველ კურსზე ზუსტად იცოდე, რა მიმართულებით მოგინდება საქმიანობა. ამ ეტაპზეც არ ვიცი, ზუსტად რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე. დაახლოებითი გეგმა მაქვს, საიდანაც ნაწილს ჩემი სურვილების მიხედვით გავაკეთებ, ნაწილს კი - ცხოვრება მოიტანს. კარგი იქნებოდა ყველაფრის დაგეგმვა შეგვეძლოს, მაგრამ ასე არ ხდება.

სწავლის პროცესში მიღებული სტიპენდია ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივატორი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ჩემი სწავლა ფასდება და უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებ მიზნისკენ მიმავალ გზას. სტიპენდია დამეხმარება სწავლის პროცესით უფრო მეტი სიამოვნება მივიღო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც აკეთებ, ის სიამოვნებას განიჭებდეს. სიძნელეები ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს და ყველაფერი შეიძლება ისე არ იყოს, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა მჯერა, რომ ცუდი გამოცდილება არ არსებობს. თითოეული ჩვენი ნაბიჯიდან რაღაცას ვსწავლობთ. სასწავლო პროგრამის შეცვლა და კვების ტექნოლოგიებზე გადასვლაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამან უფრო რეალისტი და, ვფიქრობ, უკეთესი გამხადა.“

მარიამ ზეინკლიშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„უკვე მე-4 კურსის სტუდენტი ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მე-3 კურსზე სულ სხვა კუთხით დავინახე ეს პროფესია. პროფესიის არჩევის და სწავლის დაწყების მომენტში არც ვიცოდი, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლებოდა ეს პროცესი ყოფილიყო. მაინტერესებს როგორც კვების ტექნოლოგიები, ისე სურსათის უვნებლობა. კვალიფიკაციის ამაღლებას და მაგისტრატურაზე სწავლას საზღვარგარეთ ვფიქრობ, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. მინდა საქართველოში კვების ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში დავეხმარო და ჩემი სიტყვა ვთქვა. ამის შესაძლებლობას ის ცოდნაც მაძლევს, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ. კერძო ბიზნესის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უკვე მეორედ გავხდი „ნიკორას“ სტიპენდიატი და ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. სტუდენტები, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი შრომა ფასდება, უფრო მეტად ვცდილობთ, უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.“

სალომე ჩერქეზიშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„ბავშვობიდან კულინარიით ვიყავი დაინტერესებული. ძალიან მიყვარდა და მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. როდესაც პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, კვების ტექნოლოგიებმა ძალიან მომხიბლა, რადგან ის ახლოს იყოს ჩემს ინტერესებთან და ამავდროულად მაინტერესებდა საგნები, რომლებიც ამ ფაკულტეტზე ისწავლებოდა. ეს იყო: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა... ამჟამად მე-3 კურსზე ვარ და პროფესიული საგნების შესწავლას ახლა ვიწყებთ. ახლა ვეცნობი უფრო დეტალურად სხვადასხვა მიმართულებას და ამიტომ ჯერ არ ვიცი, რა მიმართულებით მინდა წავიდე სამომავლოდ. თუმცა ზოგადად კვების ტექნოლოგიებში კადრების დეფიციტია და ვფიქრობ, ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სფეროს მხარდაჭერა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება კი სტიპენდიაა, რომელსაც ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო სტუდენტებს აძლევს. ეს ნიშანია ჩვენთვის, რომ სფეროს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ კი მინდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს საქართველოში ვხედავ. ვფიქრობ, შევძლებ ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სფეროში.“

მერი ქირია, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„კვების ტექნოლოგიები განვითარების უდიდეს შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს. მხოლოდ წარმოება არ არის ეს სფერო. შეგიძლია, სურსათის უვნებლობის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით წახვიდე, სამეცნიერო საქმიანობა აირჩიო ან ნუტრიციოლოგი გახდე. მეტად ფართოა არეალი, რომელსაც ეს ფაკულტეტი სთავაზობს ახალგაზრდებს. რაც შემეხება მე, მინდა ნუტრიციოლოგიის მიმართულებით წავიდე. საქართველოში ძალიან ცოტა ნუტრიციოლოგია, რაც დიდი პრობლემაა. ნუტრიციოლოგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში საკვების მიმართ ძალიან არასწორი დამოკიდებულება აქვთ. სწორი კვების მნიშვნელობას ფართო საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი აცნობიერებს. დოზირებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მიღება კი ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ნუტრიციოლოგია მართო დიეტასთან არ უნდა ასოცირდებოდეს და ეს პროფესია უფრო სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს. შევეცდები, მაქსიმალური პროპაგანდა გავუწიო ამ მიმართულებას და საზოგადოებაში სწორი აზრის დამკვიდრებას შევუწყო ხელი. მე თავად ყოველთვის ჯანსაღად ვიკვებები და გარშემომყოფებსაც ამას ვურჩევ.

ჩვენი პროფესიის პრომოციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სტიპენდია, რომელსაც „ნიკორა“ სტუდენტებს აძლევს. ამით საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია მხარდაჭერას უცხადებს სტუდენტებს და ეუბნება, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან.“

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე