ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2022

ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს - რას ამზადებს ალიანსი

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - “უკრაინის წარმატება ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, არამედ დემოკრატიული სივრცის გაფართოებას, რაშიც ჩვენც მოვყვებით”

“მოსახლეობის ომით გადაღლის რუსული ტაქტიკა - “ქალაქების დაბომბვით ცდილობს უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან მოლაპარაკებას დათანხმდეს”

* * *

ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს - რას ამზადებს ალიანსი

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აპირებს, რომ პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან გააძლიეროს, რომლებიც რუსეთის შეჭრის საფრთხის წინაშე არიან, მათ შორის საქართველოსთან. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ეტაპზე “მაპ”-ზე საუბარი არ იქნება, მჭიდრო თანამშრომლობაში უფრო სამხედრო წვრთნების გაძლიერება მოიაზრება, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ისე გადაამზადონ, რომ აგრესიის მოგერიებისთვის მზად იყვნენ. ამასთან. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თავდაცითი შეიარაღების გადმოცემაზეც იყოს საუბარი. ასევე შესაძლოა კიბერ თავდაცვით სფეროში გააძლიერონ თანამშრომლობა. მიიჩნევენ, რომ განცხადება საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე ყველაფერთან ერთად პოლიტიკურია და რუსეთ-უკრაინის ომს პირდაპირ უკავშირდება. “ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველები არიან, საქართველო ერთ-ერთი მათგანია - რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს”, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა”, - “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს - რას ამზადებს ალიანსი.

“ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიერ რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა. “ნატოს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას უწევენ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყნებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა... ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი შეშფოთების მოგვარებას, რომელიც გამოვხატეთ, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანასთან” აცხადებს, საქართველო მაპისთვის ჯერჯერობით მზად არაა და შესაძლოა ამ ეტაპზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებაში ის იგულისხმებოდეს, რომ ფინანსური დახმარება უფრო მეტად აღმოგვიჩინონ, შეიარაღებული ძალების პერსონალი ისე გადაამზადონ, რომ აგრესიის მოგერიებისთვის მზად იყვნენ. მისივე თქმით, ასევე არაა გამორიცხული, რომ თავდაცვითი შეიარაღებაც გადმოგვცენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, “მაპი” გამორიცხულია, ასე იოლად არ მოგვცემენ. ჩვენ პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტანდარტებით ჯერ კიდევ შორს ვართ, შეიარაღებითაც მაინცდამაინც თავს ვერ დავიკვეხნით. ჩვენი თავდაცვითი ძალები კი მიახლოებულები არიან, მაგრამ შეიარაღებული სტანდარტებით და თავდაცვითი შეიარაღების კუთხით მაინცდამაინც წახალისებულები არ ვართ და ასევე უსაფრთხოების სპეცსამსახურების კუთხითაც ძალიან ჩამოვრჩებით. ამიტომაც “მაპის” მოცემა ამ ეტაპზე ძალიან რთულია. თუნდაც უკრაინის მაგალითზე, რომ ვიმსჯელოთ შესაძლოა თავდაცვითი შეიარაღება გადმოგვცენ, ეს იქნება რაკეტსაწინააღმდეგო თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, დრონები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომლებიც მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკასთან მიმართებაში საკმაოდ ეფექტური იქნება. ამასთანავე შესაძლოა ფინანსური დახმარება აღმოგვიჩინონ, საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალი ისე გადაამზადონ, რომ აგრესიის მოგერიებისთვის მზად იყვნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ასევე შესაძლოა კიბერ თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ, მეტი წვრთნები ჩატარდეს. “მაპი” თითქმის უკვე წევრობაა, უკრაინას არ აძლევენ და ახლა ჩვენ როგორ მოგვცემენ?! ეს განცხადება ყველაფერთან ერთად პოლიტიკურია და რუსეთ-უკრაინის ომს პირდაპირ უკავშირდება. რუსეთი შეიძლება ამან გააღიზიანოს, მაგრამ იმდენად გაღიზიანებულია, რომ უკვე აზრი აღარ აქვს”, - დაასკვნის მაისაია. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ გარდა სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა, შესაძლოა ნატოსგან ბევრად უფრო მრავალფეროვანი წინადადებებიც იყოს”, - დასძენს გამოცემა.

“თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების ფორმა მრავალგვარი შეიძლება იყოს. უპირველესად ეს მაინც იქნება თანამშრომლობა ერთობლივი წვრთნების, ჩვენი კადრების მომზადების და ა.შ. მე ასე ვფიქრობ, თუმცა შეიძლება ბევრად უფრო მრავალფეროვანი წინადადებები იყოს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს თანამედროვე შეიარაღების საშუალებების დაუფლების კურსები, რამაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობა უფრო მაღალ დონემდე უნდა მიიყვანოს. რა თქმა უნდა, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, ეს მის მიზნებში არ შედის, თუმცა ამ შემთხვევაში ნატოსთვის მთავარი ამოცანა ქვეყნების დაცვა და იმ დახმარების აღმოჩენაა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ამიტომაც გასაგებია, რომ რუსეთის რეაქცია და სურვილები მხედველობაში არანაირად არ მიიღება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - “უკრაინის წარმატება ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, არამედ დემოკრატიული სივრცის გაფართოებას, რაშიც ჩვენც მოვყვებით”

“ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღრმავდება; “ოცნებაში” აცხადებენ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ევროკავშირის მხრიდან იყო მოწოდებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევრორეკომენდაცია, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად სჭირდება, შესრულდეს თანმიმდევრულად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. მმართველი გუნდი, ოპონენტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ რეკომენდაციების შესრულება არა პარტიული, არამედ საერთო ვალდებულებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - “უკრაინის წარმატება ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, არამედ დემოკრატიული სივრცის გაფართოებას, რაშიც ჩვენც მოვყვებით”.

“პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის ყველა ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თქმით, თუ პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტებში ცვლილებებს, რომელიც 12 პუნქტით არის გათვლისწინებული, ოპოზიციის მხრიდან ვერ მიიღებს მხარდაჭერას, აშკარა იქნება, რომ ისინი კანდიდატის სტატუსიის მიღების წინააღმდეგ მიდიან. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 12 პუნქტის შესრულების პროცესი ყველამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროპაში ინტეგრაციისთვის. “თავის დროზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა სამართლიანი გადაწვეტილება არ იყო და იმ მოცემულობაში სტატუსი საქართველოსაც ეკუთვნოდა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მაგრამ, ბევრია, ვინც ამას ნანობს. დღევანდელ ეპოქაში, ევროკავშირი არის ყველაზე პროგრესული, ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე ეკონომიკურად წარმატებული პროექტი და სწორედ ამ პროექტის და სივრცის ნაწილი გვინდა ვიყოთ”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. საპირისპირო მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ევროპა საქართველოსგან სამაგალითო ნაბიჯებს ელოდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არ ნიშნავს 12 “გალოჩკის” დასმას, რომ მოვნიშნოთ “შევასრულე”, “შევასრულე”. ეს ნიშნავს მისი სულისკვეთების გაზიარებას. ევროპა ჩვენგან ელოდება ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად გადადგმულ სამაგალითო ნაბიჯებს” - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსაფაშვილი; “სტრატეგია აღმაშენელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ბრიუსელში, უმაღლესი რანგის პირებთან, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ, შეხვედრებს მართავს. “ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავიტანოთ სიმართლე, პირველი სიმართლე არის, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. მეორე, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვაიძულოთ “ქართული ოცნება” არ გადაუხვიოს იმ ევროპული ინგერაციის გზას...” - თქვა ვაშაძემ. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროპულ გზაზე? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის კანიდიდატის სტატუსის მინიჭება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ პროცესებზე, რომელიც დღეს საერთაშორისო სიბრტყეში ხდება. “უკრაინის წარმატება ნიშნავს, არა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, არამედ დემოკრტიული სივრცის გაფართოებას, რაშიც ჩვენც მოვყვებით”, - დასძენს გამოცემა.

“პოლიტოლოგი რამაზ საყვარალიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი იქნება საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატი და დიდი მოთამაშეების მიზნები. “გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოიაზრება ევროპულ ოჯახში და არის ერთ-ერთი ძლიერი აგური ევროპული სახლის ასაშენებელად. კარგია, თუ ეს სულისკვეთება გაგრძელდება. რაც შეეხება ოპოზიციის როლს ამ პროცესში, ის თავის თავს არ ღალატობს. ვეღარ ხვდება რომ აჭარბებს, ზომიერებას კარგავს და იბრძვის იქ, სადაც ბრძოლა წამგებიანია. მათი ასეთი ავტომატური უარი, სიჯიუტე, მოსახლოებაში კარგად არ აისახება. მე მაინც მიმაჩნია, რომ შიდა ძიძგილაობა არ არის გადამწყვეტი ევროპის კართან მისასვლელად. აქ მთავარი არის საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატი და დიდი მოთამაშეების მიზნები, რომლებიც ახალი ინციატივების ფონზე, კიდევ უფრო რთული ხდება”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით, “ამიტომ, პროგნოზი თუ როგორი მიმართულებით წავა პროცესები, ძნელია”, - წერს სტატიის ავტორი.

“მოსახლეობის ომით გადაღლის რუსული ტაქტიკა - “ქალაქების დაბომბვით ცდილობს უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან მოლაპარაკებას დათანხმდეს”

“უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ჯარი ინტენსიურად უტევს სუმის ოლქს. ავიაიერიშებია დნეპროპეტროვსკის დასახლებებზეც. რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივოი როგში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. მოსახლეობა დენის გარეშეა დარჩენილი. ასევე კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. პირველად ინფორმაცია “ტვიტერზე” სწორედ მან გაავრცელა. უკრაინული მედია კიევის თავზე საჰაერო ობიექტის განადგურების შესახებ ავრცელებს ცნობებს. განგაშია უკრაინის დასავლეთ ნაწილშიც. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ივანო-ფრანკოვსკსა და ლვოვში იმუშავა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, ვინიცაში განადგურებულია ერთ-ერთი თბოსადგური. ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის, ვლადიმერ როგოვის განცხადებით, უკრაინის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის დაბრუნების მცდელობა მოიგერიეს. რუსული სააგენტო “რია”-ს ცნობით, ელექტროსადგურის მახლობლად “რამდენიმესაათიანი ბრძოლა” გაიმართა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მოსახლეობის ომით გადაღლის რუსული ტაქტიკა - “ქალაქების დაბომბვით ცდილობს უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან მოლაპარაკებას დათანხმდეს”.

“რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური უკაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმ რეგიონში მდებარეობს, რომლის ანექსიაც რუსეთმა მოახდინა. ირანული |”მოპედი” დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. “უკრაინა მალე მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ”, - თქვა მან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ირანისადმი მიმართვა სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ათწლეულები ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, შედეგად დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისადმი ირანის დახმარება სტრატეგიულად არაფერში დაეხმარება და მხოლოდ დამატებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ რუსეთი საკუთარი მარცხის ტრაექტორიაზე და საკუთარ ტერორში კიდევ ვინმეს ჩათრევას ცდილობს. “აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამაზე შესაბამის საერთაშორისო რეაქციას. თუმცა ახლა ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების წყალობით, ტერორისტებს კიდევ შეიძლება უჩნდებოდეთ გარკვეული იმედები, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები. ყველაფერი ეს დაიმსხვრევა, ისევე როგორც მათი წინასწარი გათვლები”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი დონეცკის, ლუჰანკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე მოქმედებდა საომარი მდგომარეობა. ახლაც ჩვენთვის აუცილებელია ამ რეჟიმის დაწესება, უკვე რუსული კანონმდებლობის ჩარჩოში. ამიტომ, მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ რუსეთის ფედერაციის ამ 4 სუბიექტში”, - განაცხადა პუტინმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინი კიევის და სხვა ქალაქების დამბობვით ცდილობს მოსახლეობა ომით გადაღალოს. ამ ზეწოლით უნდა, რომ უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. პუტინს გათვლა ზამთარზეც აქვს და იმედს იტოვებს, რომ ევროპას გატეხს”, - დასძენს გამოცემა.

“ველოდი, რომ მსგავსი სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იქნებოდა, თუმცა, ამას უფრო ზამთრისთვის ველოდი. თუმცა, რუსების გააქტიურება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ერთი ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ შურისძიება განახორციელა და მეორე გენერალი სუროვიკინი თავის გამოჩენას ცდილობს. ვიცით ეს ადამიანი ახალი დანიშნულია და რასაც წარმოადგენს სირიის ომის დროს ვნახეთ. ასევე, მარიუპოლის სპეცოპერაციის შემოქმედი ის იყო. მისი სტილი ქალაქების მიწასთან გასწორებაა. ასევე, ძირითად დარტყმებს ენერგოსისტემებზე ახორციელებენ, რათა მოსახლეობის ცხოვრება ზამთრის პირობებში გაართულონ. ცუდი წინათგრძნობა მაქვს, რომ ის ქალაქებს ზამთარში კიდევ უფრო მასიურად დაარტყამს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“რაც შეეხება რუსეთის მუქარებს ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, თუ რუსეთმა გამოიყენა ბირთვული იარაღი, ეს იქნება შოკური ეფექტის იარაღი. რუსეთს სჭირდება შოკური ეფექტი მთელი ქვეყნისთვის და ამიტომ ის არ გააკეთებს მცირე ზომის ტაქტიკურ დარტყმას. ჯერჯერობით ტაქტიკური იარაღის გამოყენება ხდება ვაჭრობის სფეროში”, - ამტკიცებს კაპანაძე და შეკითხვაზე - “საქართველომ რა უნდა გააკეთოს ბირთვული საფრთხის დროს?” - პასუხობს:

“სასურველია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მეტი სიცხადე. მოსახლეობა უნდა ხედავდეს, რომ კეთდება ისეთი რამ, რაც მას დაიცავს. 5%-იც რომ იყოს საფრთხე, მსოფლიოც და ქვეყანაც უნდა ემზადებოდეს. არ უნდა გამოვრიცხოთ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება მოხდეს. არის გამოწვევა, არის რისკი, არის მუქარა. უნდა ვეცადოთ, რომ გამოწვევა არ გადაიქცეს რისკად და რისკი არ გადაიქცეს მუქარად. მოსახლეობამ უნდა მიიღოს ინფორმაცია”.