გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

ეს არის მოგონილი ჭორი და ყურადღების გადატანის მცდელობა - ომბუდსმენს ჰყავს შესანიშნავი პირველი მოადგილე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნინო ლომჯარია მას პირველ მოადგილედ ნიშნავს.

"ეს არის ჭორი, აბსურდული განცხადება, ვინც ეს განცხადება გაავრცელა, ალბათ, სჯობს მან წარმოადგინოს რაიმე დასაბუთება. მე ვიღაცის ჭორზე და ვიღაცის თავში ნააზრევ იდეებზე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. სახალხო დამცველს ჰყავს შესანიშნავი პირველი მოადგილე, ვისთანაც ერთადაც უკვე ხუთი წელია ვსაქმიანობ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ვმუშაობთ ერთად,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, თუკი იქნება მსგავსი შეთავაზება დათანხმდება თუ არა ის, ბურჯანაძე ასე პასუხობს: "ეს არც განიხილება და არც დღის წესრიგში დგას, მოგონილი ჭორია, აბსურდია".

რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობას, ბურჯანაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ მისი საქმიანობა ობიექტურად იქნება შეფასებული და ამის საფუძველს ის აძლევს, რომ მის საქმიანობას ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლები დადებითად აფასებენ.

"პოლიტიკოსებს შეიძლება რაღაც მოსწონდეთ, რაღაც - არა, მაგრამ ბუნებრივია, დღის წესრიგის ამაზე აგება შეუძლებელი იქნება. ასე რომ, სწორედ ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი, ნებისმიერი საქმიანობის დროს, პოლიტიკოსს შეიძლება მოსწონდე-არმოსწონდე, მაგრამ ერთი ამოსავალი წერტილი მქონდა - პროფესიული შეფასება და პროფესიული საქმიანობა,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისათვის, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ბურჯანაძე შესაძლოა ნინო ლომჯარიას პირველ მოადგილედ დაინიშნოს, გუშინ გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ "თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო სახალხო დამცველად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება". მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ლომჯარიამ "საკუთარი პირველი მოადგილე ჩაანაცვლოს, იმისათვის რომ მოვალეობის შემსრულებლად კიდევ ერთი პოლიტიკოსი - გიორგი ბურჯანაძე დატოვოს".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო