ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე - ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს გამორიცხულია - ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს

ისინი ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

კობახიძის განცხადებით, ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა.

"უკრაინის უშიშროების საბჭო, კონკრეტულად მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტის გახსნისკენ. გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და იგივე უწყება ქვეყანას აშანტაჟებს სანქციებით. სანქციებში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ იცით ამას რა რიტორიკაც უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი, რომ ქვეყანა შანტაჟით ჩაითრიონ ომში და აქ გახსნან მეორე ფრონტი. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ისინი ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს.

უშიშროების საბჭოს ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს და რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანება. ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი. მათ სჭირდებათ ბერკეტი, იმისათვის, რომ საქართველო ჩართონ მეორე ფრონტში, ამისათვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სწორედ, ამ ლოგიკით მოხვდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა, ასეთ საკითხებზე იმსჯელოს, ხოლო პირადად კობახიძის პოზიციაა, რომ დარჩეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან.

„ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება მე არ ვიცი. აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. მე არ ვიჩქარებდი. მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, მეორეს, მხრივ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი, აქედან გამომდინარე მე ემოციებს არ ავყვებოდი და შევინარჩუნებდი ცალმხრივ მეგობრობას, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა, დიპლომატიური რეაგირება როგორი იქნება, ეს არის სწორედ, დიპლომატიური უწყების, მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო