ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან

ძალიან რთულია იყო ისეთი სახელმწიფოს დიპლომატი, როგორიც საქართველოა. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, სულ ახლახან აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გეგმები, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მინისტრმა პარლამენტს გააცნო ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რა მიღწევები აქვს საქართველოს, თუმცა ამ ინფორმაციის მიღმა, კიდევ უფრო დიდი სამუშაოა გაწეული.

„ეს არის დიპლომატიური საქმე, მათი კომუნიკაციები, მათი საუბრები, მათი ყოველდღიური ურთიერთობა პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, იმ მხარდაჭერის გენერირება, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სისტემის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ სისტემაში ინსტიტუციური მდგრადობა ყოფილიყო.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს აქვს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების დოკუმენტი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობდა პარლამენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა, სრულად გავიზიარო მინისტრის ხედვა სისტემის ინსტიტუციურ მდგრადობასთან დაკავშირებით, სამინისტრომ შემოიტანა ცვლილებები დიპლომატიურ სამსახურში, რაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. არ მეგულება დიპლომატიურ სამსახურში არცერთი ელჩი და ატაშე, რომელიც ბოლომდე არ იხარჯება საკუთარ სამსახურში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დეპუტატის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ბელარუსის პრეზიდენტის ბოლო სტუმრობა ოკუპირებულ აფხაზეთში.

„მე მგონია, რომ ყველამ უნდა გავიზიაროთ და შევისმინოთ პოზიცია, რომელიც მინისტრმა გააჟღერა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც წითელ ხაზებამდე მიიყვანა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამის მიღმა ის არ წავა და არაღიარების პოლიტიკაში ჩვენ კვლავაც წარმატებულები ვიქნებით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო