ლევან ალაფიშვილი - შესაძლოა, მმართველმა გუნდმა გაზაფხულზე აპრობირებული „ძველი თამაში“, გაიხსენოს და საკონსტიტუციო ცვლილების არშესრულებისთვის „საპარლამენტო ბუნტი“ გაათამაშოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კი აცხადებენ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხებია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე მუშაობა აშკარად არ ტოვებს განცდას, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად რეალური ნაბიჯები იდგმება.

საქმეში ჩახედული ადამიანების მტკიცებით, 12 -დან არც ერთ რეკომენდაციაზე მუშაობა არ დასრულებულა, სამ რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ არც დაწყებულა. არადა, ფაქტია, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე პროცესს?

- თორმეტივე ევროპული რეკომენდაცია თავისი შინაარსით საკმაოდ მასშტაბური ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. ფუჭია მოლოდინი იმისა, იმ პოლიტიკური კულტურის პირობებში, რაც ჩვენთანაა, დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების გამოცდილების, ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებით მოკლე პერიოდში შეიძლება გვქონდეს ევროპული რეკომენდაციების შესრულების იმედი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ჩვენი ევროპელი მეგობრების რეკომენდაციები წლის ბოლომდე ვერ შესრულდება. თუ ამ თემაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ ამის მოლოდინი არც ჩვენ ევროპელ პარტნიორებს არ აქვთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ევროპელი მეგობრების რეკომენდაციები წლის ბოლომდე ვერ შესრულდება... ამის მოლოდინი არც ჩვენ ევროპელ პარტნიორებს არ აქვთ

მაგრამ, ამის პარალელურად მათ გამოთქვეს იმედი, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალები დიალოგს გააღრმავებენ და ამ პროცესს შეუქცევადს გახდიან და სახელმწიფოებრივ საკითხებზე კონსენსუს მიაღწევენ. მათივე თქმით, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ესეც საკმარისი იქნება.

- შესაძლოა, ეს განცხადებები იმასაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ისინი ახლა ამას ვერ ხედავენ?

- სავარაუდოა, რომ ამას ვერ ხედავენ, რადგან, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსები არ აკეთებენ ხოლმე. ფაქტია, რომ ევროპელებმა გასაგები სიგნალი მოგვაწვდინეს. შესაძლოა, 12-ვე რეკომენდაცია ვერ შევასრულოთ იმ დონეზე და იმ ხარისხით, როგორც ისინი ითხოვენ და მათ ამის ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იციან.

მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა პროცესი არ დაიწყონ ერთობლივად და მათ შორის დიალოგი არ იყოს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენი პოლიტიკოსებისგან დიალოგის დაწყებას ითხოვენ არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენი პოლიტიკოსებისგან დიალოგის დაწყებას ითხოვენ არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე

ისინი ითხოვენ რომ ჩვენი სასამართლო დამოუკიდებელი იყოს სახელისუფლებო შტოებისა და პოლიტიკური ჯგუფების გავლენებისგან. სასამართლოს დამოუკიდებლობა ხომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია და არა პარტიული.

ასეთივე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს 12-ვე ევროპული რეკომენდაციის შესრულებას. უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და სცილდება ვიწრო პარტიულ მიდგომებსა და ინტერესებს.

სამწუხაროა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების საკითხებს განიხილავენ პარტიული ინტერესების ჭრილში. ვთქვათ, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხომ არ შეუშლის ხელს რომელიმე პარტიას, მათ შორის მმართველ პარტიას 2030 წლამდე დარჩეს პოლიტიკურ ასპარეზზე.

უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და სცილდება ვიწრო პარტიულ მიდგომებსა და ინტერესებს

პოლიტიკური ძალები პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა სახელმწიფო ინტერესებით. ამის კარგი მაგალითი იყო პარლამენტში მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა.

- ახლა ყველაზე აქტიურად განიხილება გენ.პროკურორის ახალი წესით დანიშვნის საკითხი, ასევე სახალხო დამცველის შერჩევისა და საარჩევნო კანონისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხები.

მოდით დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ჯერ სახალხო დამცველის არჩევის წესში შეიტანა ცვლილებები, შემდეგ ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 19 კანდიდატიდან სამ კანდიდატს გაუწიეს რეკომენდაცია.

არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათი შერჩევა სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანს სხვაზე მეტი არჩევის შანსები აქვს.

მმართველ გუნდს არასოდეს დაუმალავს არასამთავრობო სექტორის მიმართ თავისი, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ, რადგან ასე იყო, გაუგებარი დარჩა რას ემსახურებოდა არასამთავრობოების მიერ სახალხო დამცველის მიერ კონკურსის ჩატარება.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდმა პროცედურულ ეშმაკობებს მიმართა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ხდება?

- „ქართულმა ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით შექმნა პროცესი პროცესისთვის და არა იმისთვის, რომ თუნდაც ამ საკითხში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის გზით აირჩიონ სახალხო დამცველი.

ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ეს პროცესი ინკლუზიური ყოფილიყო, მხარეებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ, დამდგარიყვნენ პარტიული და ჯგუფური ინტერესებზე მაღლა და კონსენსუსის გზით აერჩიათ ომბუდსმენი.

ის, რაც ახლა სახალხო დამცველის შერჩევასთან ხდება, ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პრაქტიკულად ემსახურება ევროპელი პარტნიორების მოტყუებას და თავის მხოლოდ იმით მართლებას, რომ შერჩევის პროცესი მათი სცენარით შექმნილი. ვიმეორებ, ომბუდსმენის შერჩევის „ქართული ოცნების“ სცენარი არანაირად არა თუნდაც ერთი ევროპული რეკომენდაციის შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„ქართულმა ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით შექმნა პროცესი პროცესისთვის და არა იმისთვის, რომ თუნდაც ამ საკითხში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის გზით აირჩიონ სახალხო დამცველი

დარწმუნებული ვარ, ევროპელი პოლიტიკოსები სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს მათი მოტყუების მცდელობად შეაფასებენ. ასე ჩანს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შექმნა ომბუდსმენის შერჩევის კომისია, მანამდე პარლამენტმა შეფასების კრიტერიუმები შეიმუშავა.

შემდეგ მმართველმა გუნდმა თქვა, - არასამთავრობოების მიერ შერჩევაში არ ჩავერევით, მაგრამ, როგორც კი დასრულდა კანდიდატების შერჩევა, უმრავლესობის წევრმა განაცხადა - ყველა კანდიდატს, მათ შორის კონკურსში გამარჯვებულებსაც და იმათაც ვინ სახალხო დამცველის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა, ყველას თანაბარი შანსები აქვთო.

- რა გამოვიდა - როცა ომბუდსმენის შერჩევის წესში შეიტანა ცვლილებები მმართველმა გუნდმა, ეს ცვლილება ემსახურებოდა იმას, რომ არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატების გარდა კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა სხვა კანდიდატებსაც ექნებოდათ...

- ჯერ არ ჩანს, რადგან მმართველი პარტია ამ საკითხში რჩება თავის პირველ პოზიციაზე, რომ ისინი სახალხო დამცველის კანდიდატს არ დაასახელებდნენ. მაგრამ, ახლა აქტუალური კითხვაა სახალხო დამცველის 19 კანდიდატიდან რომელი შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების“ ფავორიტი.

ახლა მმართველი გუნდი პრაქტიკულად ამბობს, არ აინტერესებს მის მიერ შექმნილმა კომისიამ რომელ კანდიდატს რამდენი ქულა დაუწერა. ყველას თანაბარი შანსები აქვსო.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან თანამშრომლობის პროცესის ილუზიის შექმნისთვის შექმნა კომისია, ახლა კი ამბობს, რომ კომისიის არჩევანს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან თანამშრომლობის პროცესის ილუზიის შექმნისთვის შექმნა კომისია, ახლა კი ამბობს, რომ კომისიის არჩევანს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს... ახლა აქტუალური კითხვაა სახალხო დამცველის 19 კანდიდატიდან რომელი შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების“ ფავორიტი

ამას მოჰყვა ერთი საპარლამენტო პარტიის მიერ სახალხო დამცველის 19-ვე კანდიდატის დასახელება. პრაქტიკულად ამ პარტიამ ხელისუფლების თამაში ითამაშა. საბოლოო ჯამში მივიღეთ „თამაში“, რომელსაც არც სახელმწიფო ინტერესებთან, არც ევროპულ დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

თუ ასე გაგრძელდა, ცხადი გახდება, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველის შერჩევისას არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესებით იხელმძღვანელებენ. ამგვარი მოქმედება კი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოტყუება.

ახლა იოლად ამოცნობადია მმართველი ძალისა და მასთან შეხმატკბილებული ოპოზიციური ჯგუფების კულუარებში შეთანხმებული მოქმედებების შედეგად როგორ განვითარდება პროცესები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით და როგორ გაფორმდება ამ პროცესში სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტები.

თუ ასე გაგრძელდა, ცხადი გახდება, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველის შერჩევისას არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესებით იხელმძღვანელებენ. ამგვარი მოქმედება კი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოტყუება

ჩემთვის ახლა ძნელია იმაზე საუბარი ამგვარი ქმედებით რას მიიღებს პარლამენტში მოქმედი ოპოზიციური სპექტრი. ამ მსჯელობაში არც შევდივარ, მაგრამ, თავად ის, რომ სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე პარტიული ინტერესები დაკმაყოფილდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივისთვის საკმაოდ სახიფათო რამ იქნება.

- დაახლოებით იგივე ხდება გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა იცოდა, რომ გენ.პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდოდა, ამგვარი ცვლილების პროექტი თავად შემოიტანა.

როგორც სამართლებრივ საკითხებში ჩახედული ხალხი ამბობს, მმართველი გუნდი ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას ოპოზიციას დააბრალებს, შემდეგ კი ისევ იქნება შესაძლებელი ძველი წესით გენ.პროკურორის ერთი წლით ისევ შოთაძის არჩევა.

ცხადია, რომ საქმე ისევ პროცედურულ ეშმაკობებთან გვაქვს, მაგრამ ეს რომ სულაც არ ჰგავს ჩვენს ევროპულ არჩევანს, ცხადია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მმართველ გუნდში ეს არ ესმოდეთ...

- კონსტიტუციური მოთხოვნაა, გენ.პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი ახალ წლამდე ვერ დასრულდება. ორი მოსმენა უნდა შედგეს და შემდეგ სესიაზე უნდა დასრულდეს საკონსტიტუციო ცვლილების მიღება.

ორჯერ კენჭისყრისთვის ჯერ კიდევ არის დრო, თუმცა, სახალხო დამცველია არჩევა იქნება, თუ გენპროკურორის არჩევა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველ ძალას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები არ ჰყოფნის, მეტიც, კონსოლიდირებული 90 ხმა უკვე აღარ აქვს, განდგომილები მყავს მხედველობაში და ის, რომ რომ ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს, მაგრამ, შესაძლოა, მმართველმა გუნდა გაზაფხულზე თავისი, ერთხელ აპრობირებული „ძველი თამაში“, გაიხსენოს და საკონსტიტუციო ცვლილების არშესრულებისთვის „საპარლამენტო ბუნტი“ გაათამაშოს.

შესაძლოა, ახალ წლამდე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ორი კენჭისყრა მოესწროს, მაგრამ გაზაფხულზე გააგრძელოს უმრავლესობის ხელოვნურად რღვევის პროცესი. არ გამოვრიცხავ, გაზაფხულზე საკონსტიტუციო ცვლილებების წინ მმართველმა გუნდა „ქართულ ოცნებაში“ მორიგი „ამბოხება“ გაათამაშოს. დაახლოებით ისეთი რამ მოხდეს, რაც დეპუტატმა ხუნდაძემ გააკეთა.

არ გამოვრიცხავ, გაზაფხულზე საკონსტიტუციო ცვლილებების წინ მმართველმა გუნდა „ქართულ ოცნებაში“ მორიგი „ამბოხება“ გაათამაშოს. დაახლოებით ისეთი რამ მოხდეს, რაც დეპუტატმა ხუნდაძემ გააკეთა

ეს მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს უთხრას, ახალ წლამდე ჩვენ ოპოზიციასთან ერთად დავიწყეთ პროცესი, მაგრამ გაზაფხულზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ შევძელით.

ყველას ურჩევ, საზოგადოებას და განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციას, გაითვალისწინონ „ქართული ოცნების“ წარსული ქმედებები და არ აღმოჩნდნენ ამ სახიფათო თამაშის მონაწილეები.

შესაძლოა ამის მონაწილე ვინმე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ისინი ხელისუფლებას ამ თამაშში აჰყვებიან, მაშინ თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ.

- გასაგები მიზეზების გამო ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბევრი მსჯელობა მოვისმინეთ ქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომა-არგადადგომასთან დაკავშირებით.

ვაკის პარკის ტრაგედიამ სამშენებლო სფეროში, ტენდერების ჩატარებაში, დასრულებული სამშენებლო ობიექტების ჩაბარებაში უამრავი პრობლემა ცხადად დაგვანახა.

ასეთ ფონზე აქტუალური გახდა კითხვა - თუ ასე იბარებს სახელმწიფო ახლადააშენებულ კორპუსებს, სკოლებს და სხვა ობიექტებს, აშკარაა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საფრთხეშია.

რა გაკვეთილებია გამოსატანი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან სამშენებლო სფეროში?

რა კანონებშია ცვლილებები შესატანი, რომ ამ სფეროში არსებული სისტემური პრობლემები ამოიფხვრას?

- ჩემი შეფასებით, ვაკის პარკში მომხდარ მძიმე ფაქტზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი არის დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდი, როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე. რატომ? სახელმწიფო თავის თავად არის სისტემა, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაა ქვეყნის მოსახლეობას შეუქმნას ცხოვრების უსაფრთხო გარემო.

ვაკის პარკში მომხდარ მძიმე ფაქტზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი არის დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდი, როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე. რატომ? სახელმწიფო თავის თავად არის სისტემა, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაა ქვეყნის მოსახლეობას შეუქმნას ცხოვრების უსაფრთხო გარემო

ეს ვალდებულება ხელისუფლებამ, ანუ მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა უზრუნველყოს ერთი მხრივ საკანონმდებლო და რეგულაციების გარემოს შექმნით, ხოლო მეორე მხრივ ამ კანონმდებლობისა და რეგულაციების ფარგლებში მოქმედებით. სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის მოსახლეობას.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ერთ მხარეს გვაქვს ლამაზად დაწერილი კანონმდებლობა და რეგულაციები, ვიწონებთ თავს ევროპელების წინაშე, ვამბობთ, რომ ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული წრეები, მაგრამ, მეორე მხარეს გვაქვს, საკანონმდებლო რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების სტილი. ანუ, გვაქვს პარალელური სამყარო, რომელიც არა კანონებით, არამედ სუბიექტურად იმართება. იგი არ იმართება იმ კანონებითა და რეგულაციებით რომელიც გვაქვს.

გვაქვს საკანონმდებლო რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების სტილი. ანუ, გვაქვს პარალელური სამყარო, რომელიც არა კანონებით, არამედ სუბიექტურად იმართება. იგი არ იმართება იმ კანონებითა და რეგულაციებით რომელიც გვაქვს

ასეთ ერთ მაგალითზე ვისაუბრეთ. ვგულისხმობ პარლამენტის სპიკერის პაპუაშვილის ქმედებებს. შექმნა კომისია, რომელსაც დაავალეს სახალხო დამცველის შერჩევა, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ კომისიის არჩევანს არ დავემორჩილებითო.

თუ ისევ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას დავუბრუნდებით, სისტემამ დაუშვა გაყალბებული დოკუმენტის შედგენა, ის, რომ რაღაც არასპეციალისტმა გააკეთა, რაც მთავარია, ტენდერი დაგეგმილი იყო ისე, მასში არ იყო გათვალისწინებული რისკები და საფრთხეები.

ახლა ბევრი საუბრობს, რომ შესყიდვების კანონმდებლობა არის ცუდი, მაგრამ შესყიდვების კანონმდებლობა არსად ამბობს და ვერც იტყვის რომ ადგილობრივ დონეზე, ან ცენტრალურ დონეზე უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ მისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემო და აქედან გამომდინარე დაგეგმოს თავისი შესყიდვები.

შესყიდვებს, ჩემი აზრით, აქვს ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, სანამ პროცედურები დაიწყება, უნდა ჩატარდეს კვლევა. იკვლევ არა მარტო იმას რა და რამდენად უნდა იყიდო, არამედ როგორი და რამდენად უსაფრთხოა ის, რაც უნდა იყიდო.

პროექტი იქნა შესყიდულიო, კი ბატონო, ამ პროექტის საფუძველზე შემდეგ ჩატარდა სამუშაოები „გრინსერვისის“ მიერო, მაგრამ, რომელიმე ეტაპზე ხომ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის ექსპერტიზა, რომელიც შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოებას შეამოწმებდა და დაადასტურებდა?

როგორც გამოძიებიდან ირკვევა, სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების ექსპერტიზა არც ერთ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. ის ექსპერტები, რომლებიც რაღაცებს აფასებდნენ, აფასებდნენ ე.წ. ბუღალტერიას, რა თანხად, მაგალითად, რამდენი ფილა იქნა ნაყიდი და ადგილზე დაიგო.

ის, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ვინც დაუშვა ამგვარი სისტემის არსებობა და პრევენციული ზომები არ გაატარა საფრთხის აღმოსაფხვრელად ამ სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ასე დაიგეგმა მერიაში ეს შესყიდვა. ამ დროს კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველაფერი ისე უნდა დაგეგმო, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება იყოს პრიორიტეტული.

როგორც გაირკვა, ეს არ გაკეთებულა. ამიტომ ვიმეორებ, თუკი ვერის პარკში ამდენი შეცდომა იქნა დაშვებული გაყალბებისა და თუ მანიპულირების გზით, ეს ნიშნავს რომ პრობლემა სისტემურია. სისტემურ შეცდომებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა.

ის, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ვინც დაუშვა ამგვარი სისტემის არსებობა და პრევენციული ზომები არ გაატარა საფრთხის აღმოსაფხვრელად ამ სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

- ბრძანეთ, რომ გამოვლინდა სისტემური პრობლემები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სისტემური პრობლემები არ ყოფილა.

არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ვაკის პარკის ტრაგედიიდან ხელისუფლება შესაბამისი დასკვნების გამოტანას აპირებს?

- ჩვენს დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდს ასეთ კრიზისულ სიტუაციებში სჩვევიან პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან განრიდება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის გზით.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს 2015 წელს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით აღძრული ორი საქმე. ერთი გახლდათ ლაგუნა ვერესთან, ლომს შეწირული ადამიანის საქმე, და მეორე - „სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და უსაფრთხოების დარღვევის“ 240 მუხლით“ აღძრული საქმე. ახლაც ვაკის პარკის საქმე თავიდან 240-ე მუხლით აღიძრა, მაგრამ შემდეგ გადააკვალიფიცირეს და ახლა საქმე აღძრულია 240-ე პრიმა მუხლით.

„ვაკის პარკის“ საქმე იმავე გზას გადის. სისხლის სამართლებრივ დონეზე გაჩერდება, ასე იქნება იმის გამო, რომ სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავინ აგოს

გახსოვთ რამე, 2015 წელს ის საქმე რით დასრულდა? რატომ? იმიტომ რომ ის საქმე ხელისუფლებამ გადააგორა. როცა თემა აქტუალური იყო საქმე აღიძრა, დაიწყო გამოძიება. მაგრამ, შემდეგ საქმეების შემოდო თაროზე.

ახლაც იგივე ხდება. თაროზე ვერ შემოდებდა, მაგრამ პროცესულად ე.წ. „ვაკის პარკის“ საქმე იმავე გზას გადის. სისხლის სამართლებრივ დონეზე გაჩერდება, ასე იქნება იმის გამო, რომ სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავინ აგოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა