გიგა ბოკერია არესტოვიჩის განცხადებაზე - უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა, რადგან იყენებენ უკრაინის ხელისუფლების დემონიზებისთვის

უკრაინის მდგომარეობაში მყოფი ერთი-ერთი ფიგურის უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა , - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი საქართველოს "შველაზე" უნდა გადაერთონ.

როგორც, ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საუბარი იმაზე, რა თქვა ოლექსი არესტოვიჩმა, იმ პრობლემების ფონზე, რაც საქართველოს აქვს, უადგილოა.

„ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც ქვეყნის მოქალაქის, ჩემი ქვეყანა იდგეს სწორ გზაზე - გადაურჩეს ბოროტების იმპერიის გავლენას, რასაც სისხლის ღვრა, მონობა და უბედურება მოაქვს.

ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. უკრაინის მდგომარეობაში მყოფი ერთი-ერთი ფიგურის უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა, რადგან ამას იყენებენ უკრაინის ხელისუფლების დემონიზებისთვის და არა ცალკეული გამონათქვამის საწინააღმდეგოდ. საუბრები იმაზე, რა თქვა ოლექსი არესტოვიჩმა იმ პრობლემების ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს, არის სრულიად უადგილო“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, დღეს საქართველო უკრაინასა და თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგო ბანაკშია, იმიტომ რომ „პრორუსული ხელისუფლება გვყავს“. მისივე თქმით, ეს არის სირცხვილი.

„პრორუსი ხელისუფლება რომ გვყავს, ეს რეალობაა. არესტოვიჩი გავაკრიტიკე, იმისთვის, რომ ამბიცია გამოთქვა, რომ უკრაინა მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს, მით უმეტეს, შეიარაღებული ხალხის ხელით.

არესტოვიჩის განცხადება, რომელიც არ არის გავლენიანი ფიგურა უკრაინაში, იმაზე თუ რას გააკეთებს უკრაინა მომავალში, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. სერიოზული პრობლემაა, როდესაც საზოგადოების გარჩევის დღის წესრიგი ხდება და ამას ივანიშვილის პროპაგანდა იყენებს.

არალეგიტიმური რეჟიმი გვყავს, რომელიც სხვა ბანაკშია და საერთაშორისო ასპარეზზე საზოგადოებას წარმოადგენს ის მთავრობა, რომელიც ჰყავს, ეს არის ჩვენი სირცხვილი. ჩვენ ან ვმოქმედებთ, იმისთვის რომ ჩვენი თავისუფლება დავიცვათ ან ვმოქმედებთ ჩვენი მტრის სასარგებლოდ. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ჩვენი მტრის სასარგებლოდ მოქმედებს საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე და აღნიშნა, რომ ეს ვერ მოახდენს გავლენას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი ზიანი არის კარგი.

„ეს პროცესი ვერ გადაწყვეტს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესის ბედს. ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი ხანია დასანქცირებულია, ძალაუფლება დღემდე აქვს , ფორმალურად , რეალურად რუსეთისთვის აქვს ჩაბარებული. საერთაშორისო ასპარეზზე ამ მოღალატე პუტინისტური რეჟიმის ნებისმიერი ზიანი არის კარგი. მიღწევა ხდება ქვეყნის შიგნით გარდატეხით, იმ დიდი უმრავლესობის მოპოვებით, რომელიც ამ რეჟიმს დაამარცხებს“,- აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ „იუთუბ” არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიციაა, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო