ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “ციხეში ისინი უნდა ჩავსვათ, ვინც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო...”

სადამდე შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას - რა აძლიერებს სკეპტიკურ განწყობებს და როგორ იყენებს ამას რუსეთი

ვახტანგ კაპანაძე - “რუსეთი წამსვლელია ბირთვულ საფრთხეზე, ნატოში კი პასუხისთვის უნდა ემზადონ”

“მეორე მარიუპოლი” - რუსებმა ხერსონი სიმაგრედ აქციეს და ქუჩის ბრძოლებისათვის ემზადებიან

პაატა ზაქარეიშვილი - “გაგზავნის თუ არა რუსეთი ომში ოსებსა და აფხაზებს”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ციხეში ისინი უნდა ჩავსვათ, ვინც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო...”

“ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. როდესაც პოლიტიკური ინტერესები დგება დღის წესრიგში, ხშირად ავიწყდებათ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ... ეს ხშირად იწვევს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასაც. ამჯერადაც მგონია, რომ სწორედ პოლიტიკური ინტერესი უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. ახლა უკრაინა ომშია და არა მგონია, ამაზე ყურადღების გამახვილება ღირდეს, მაგრამ მშვიდობიანობის დროს, ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას იწვევს. ზოგჯერ საქმე დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდეც მიდის ხოლმე. არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ცამდე მართალია, არა, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ ბავშვური იწილო-ბიწილოთი, გაუგებარი განცხადებებით, მაგრამ არც უკრაინის ხელისუფლება იქცევა სწორად”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ციხეში ისინი უნდა ჩავსვათ, ვინც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო...”

“მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ზურაბ ადეიშვილის შემთხვევა - კაცი, რომელთანაც საქართველოში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, დღეს უკრაინის ხელისუფლებაში კონსულტანტად ჰყავთ და აგერ ახლახან ევროსაბჭოში ამ ქვეყნის დელეგაციაში შედიოდა. ბუნებრივია, ეს აღიზიანებს საქართველოს ხელისუფლებას. ერთმანეთის ჯიბრი ისევ ჩვენ გვაზარალებს, ქართველებსა და უკრაინელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგობრობა გვაკავშირებდა და გვაკავშირებს დღესაც. ავხსნი, თუ რატომ მგონია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქმე ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუ როგორ უკავშირდება ეს ხალხი რუსულ ოლიგარქიულ წრეებს და ეს როგორ აზარალებს უკრაინას. ვიმეორებ, არც ჩვენი ხელისუფლებაა უკრაინასთან ასპროცენტიანად მართალი, მაგრამ ეს არ შეიძლება დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზეზი გახდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ამ რამდენიმე დღის წინანდელი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაც გავიხსენოთ - ჩვენ მოვალთ და გავათავისუფლებთ საქართველოსო. რას ჰგავს ეს, რატომ უნდა აძლევდნენ ამდენის უფლებას თავს?! ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირია. ამგვარი რიტორიკით რის მიღწევას ცდილობენ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის თაობაზე განცხადებებს, ეს ჯერ ზოგადი ლაპარაკია, დაახლოებით იმ დონის, რომ ვამტკიცოთ ივანიშვილი პუტინის ძმაკაციაო. ამ ყველაფერს დასაბუთება სჭირდება. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილს ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესი არ გააჩნია. მას სულ სხვა ინტერესები აქვს მსოფლიო ბაზრებზე და სამრეწველო საქმიანობას არ ეწევა. ვფიქრობ, მას მაინც მოერიდნენ მისი გავლენისა და მსოფლიოში არსებული კავშირების გამო. სიმართლე უნდა ვთქვათ ამ სიაში შესაყვანად ნამდვილად ოდიოზური ფიგურები აირჩიეს. უჩა მამაცაშვილი და მისთანები ნამდვილად არ არიან წმინდა წყლის ხალხი, მაგრამ სამართლიანები უნდა ვიყოთ. თუ კაცი საკუთარი ჯიბისთვის იპარავს რამეს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მე თუ მკითხავთ, ეს ბიზნესმენები სუფთად მუშაობენ თუ არაო, გიპასუხებთ - ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ, იმავდროულად, არა მგონია, რუსულ ინტერესებს ატარებდნენ”.

“ქართველი კაცი ათასწლეულების განმავლობაში პრაგმატიკოსი იყო, იცოდა თანაცხოვრება სპარსელებთან, ოსმალებთან, მონღოლებთან... აქ თვითგადარჩენის ინსტინქტი თამაშობდა მთავარ როლს და არა რომელიღაც პოლიტიკური თუ ეროვნული ზრახვების ხელშეწყობა. ახლაც ასეა, სურს თვითონ გადარჩეს და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, ზოგს მორალურს და ზოგსაც ამორალურს. ამიტომაც მგონია, რომ რუსეთის ინტერესების ლობირება არაფერ შუაშია, ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება გადარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. მიიჩნევენ, რომ ამისთვის ყველა მეთოდი დასაშვებია. თუ იკითხავთ ეს სწორია თუ არაო, მე ამის სისწორეში ეჭვი მეპარება. თქვენ რა გგონიათ, ამჟამინდელი ოპოზიციური ძალები ხელისუფლებაში რომ იყვნენ, იმავენაირად არ მოიქცეოდნენ? დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამ ტიპის პოლიტიკოსებში ძალაუფლებისკენ ლტოლვა დაუოკებელია. იკითხავთ, ალბათ, რატომო, იმიტომ, რომ სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.ჩვენი ხელისუფლება შედგება არა პიროვნებებისგან, არამედ ლიდერისა და მის გარშემო გაერთიანებული აბსოლუტურად ტლუ და დამჯერი მასისგან, რომელსაც ევალება მხოლოდ ხელის აწევა თუ ღილაკზე თითის დაჭერა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა”, - დაასკვნის ექსპერტი.

“სამთავრობო დონეზე თუ სურთ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მოთოკვა, ამას სხვისი ხელით ისე გააკეთებენ, რომ თვითონ ხელს არ გაისვრიან. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. სავსებით სამართლიანად მიმაჩნია შეფასება, რომ ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ სამჯერ არჩევნების მოგება სავსებით საკმარისია. ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას ძალიან უჭირს. ვფიქრობ, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მიეხმარა დასავლეთი სააკაშვილის მთავრობის შესაცვლელად, ასევე უნდა გამოიძებნოს ძალა, რომელსაც მიეხმარებიან “ქართული ოცნების” დამარცხებაში. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკური პარტიისთვის ხელისუფლებაში 2 მანდატით ყოფნა საკმარისია. მერე იწყება შეუქცევადი ცვლილებები ადამიანების ფსიქიკაში, რაც თავის დროზე პუტინს დაემართა, და რაც “ქართული ოცნების” ზოგიერთ ლიდერშიც აშკარად ჩანს. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი პირების ფსიქიკურ-ეთიკური გამოფიტვის პროცესი. ეს ჩანს თვალსაჩინოდ. გვარებს არ დავასახელებ, გამგები ისედაც გაიგებს. ეს ხალხია პარლამენტშიც, მთავრობაშიც... ვხედავთ, მათი დემოკრატიული სულისკვეთება ნელ-ნელა ავტოკრატიულით როგორ იცვლება”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“ვაკის პარკის ტრაგედია, ჩემი აზრით, არამც და არამც არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი შემთხვევა. ამას სისტემური ხასიათი აქვს რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარია კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას არის მიღებული და აბსოლუტურად გაუმართავია. ტენდერს იგებს ის კომპანია, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე დაბალ თანხას. შენ არა გაქვს შესაძლებლობა აირჩიო კომპანია, რომელიც უფრო ხარისხიანად და პროფესიონალურად შეასრულებს სამუშაოს, რადგან ასეთ კომპანიას ჰყავს კონკურენტი, რომელიც უფრო დაბალ თანხას იხდის და შენც იძულებული ხარ ის აირჩიო. ასევე გაჩნდა დილეტანტების დიდი რიგი, რომელიც თავს ბიზნესმენს უწოდებს. ხშირად სწორედ ისინი იგებენ ტენდერებს და აზრზე არ არიან, რა უნდა გააკეთონ. მერე ქირაობენ ქვეკონტრაქტორებს. ისინი კიდევ ვიღაცას დაიქირავებენ, შეიძენენ რაც შეიძლება იაფფასიან მასალას თუ დანადგარებს და შედეგად ვიღებთ ასეთ ტრაგედიას”, - ამბობს რესპონდენტი.

“ნახავდით იმ ფირს, რომელშიც შადრევნის კაბელები, ძრავები და სხვა ტექნიკური დეტალები იყო აღბეჭდილი. მე დავაკვირდი და ყველაფერს ჩინური წარწერები ჰქონდა და დიდი ალბათობით, დაბალი ხარისხისაა. დააკავეს 9 კაცი, მაგრამ ეს სისტემურ პრობლემას ვერაფერს უშველის. ისინი უნდა ჩავსვათ ციხეში, ვინც ეს კანონი მიიღეს, და ისინიც, ვინც ახლა ამის გადასახედად არაფერს აკეთებენ. სამწუხაროდ, მაქვს მძიმე მოლოდინი, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ტრაგედია. გავიხსენოთ, ვინ აშენებს გვირაბებს ჩვენს ცენტრალურ მაგისტრალზე? - ჩინური კომპანიები. ჩვენ უარი ვუთხარით იტალიურ და ჩეხურ კომპანიებს, რადგან ისინი უფრო მაღალ ფასად აშენებდნენ. ახლა გული მისკდება, ეს ჩინელების აშენებული გვირაბები როდის დაგვემხობა თავზე. შეიძლება ბევრად საშინელი პროცესები დაგვატყდეს თავს, თუ ამ კანონს არ შეცვლიან. ჩემთვის აუხსნელი იყო ისიც, რომ კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის მთავარი კონტრაქტორი იყო, თურმე იმ პირის დაფუძნებულია, რომელიც დაკავებული იყო სწორედ ტენდერებში არაკეთილსინდისიერად მონაწილეობის ბრალდებით. რატომ უნდა უშვებდეს კანონი მსგავს შემთხვევას? ანუ კომპანიას სახელი გადაერქვა და ამ წლების განმავლობაში იგებდა სახელმწიფო ტენდერებს”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ეს არ გიჩენთ ეჭვს, რომ ამის უკან შესაძლოა კორუფციული გარიგება იყოს და შავი ფულიც ტრიალებდეს?” - პასუხობს:

“ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არა მაქვს, შესაბამისად, გამიჭირდება თქმა. ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა მე ისევ კანონთან მაქვს საქმე. მაინტერესებს, რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება პირს, რომელიც თავის დროზე არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო შესყიდვების გამო დაკავებული იყო? ვეჭვობ, ე.წ. ატკატების სისტემა ტენდერებში კარგად არის გამჯდარი. იმედია, ხელისუფლება დაფიქრდება ამაზე და მიიღებს ზომებს”.

სადამდე შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას - რა აძლიერებს სკეპტიკურ განწყობებს და როგორ იყენებს ამას რუსეთი

“ზამთრის მოახლოვებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა ძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, აშშ-მა შესაძლოა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს. ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი უკრაინისათვის გარკვეული ლიმიტის შემოღების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს საკითხი უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და დაკავშირებულია როგორც კონკრეტული ქვეყნების შიდა პოლიტიკასა და შიდა რესურსებთან, ასევე იმასთან, ამ ქვეყნებში მოქმედ პარტიებსა თუ პოლიტიკურ აქტორებს უკრაინასთან და რუსეთთან რა ურთიერთობები აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადამდე შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას - რა აძლიერებს სკეპტიკურ განწყობებს და როგორ იყენებს ამას რუსეთი.

“თუმცა, როგორც ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები მაინც იმ მოცემულობიდან გამომდინარე მოქმედებენ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ცივილიზებული სამყარო საფრთხის წინაშე დადგება. აქედან გამომდინარე, აუცილებლად იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას ამ ომში ბოლომდე გაჰყვებიან. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო. რამდენიმე დღის წინ კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალ წელს უკრაინის დახმარება შემცირდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც. “დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს რესპუბლიკელთა ლიდერის განცხადების კომენტირებისას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა უნდა განსაზღვროს უკრაინაში კონფლიქტის დაფინანსების ლიმიტები, რათა თავიდან აიცილოს ნატოს ღია დაპირისპირება რუსეთთან. “ჩვენ უკრაინას გულწრფელად უნდა ვუთხრათ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა - არა. შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და სხვებმა ლიმიტი დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ იმ გათვლებით, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის შეიძლება გადაიზარდოს რუსეთს, აშშ-სა და ნატოს შორის ესკალაციაში”, - განაცხადა ობამამ. თუმცა ნაწილი დასავლელი პოლიტიკოსებისა დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს - რომ დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად ფული ეყოფა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროპული სახსრების გადაცემის პროცესში პოლონეთის მნიშვნელოვან როლს ხედავს, ვინაიდან, ევროკომისია ცდილობს უკრაინას სახსრები გადასცეს, მაგრამ ამ გადასახადების განხორციელების მექანიზმის მხრივ საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა”, - განაგრძობს გამოცემა.

მორავეცკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის საფინანსო დახმარებასთან დაკავშირებით პოლონეთის არგუმენტები მოისმინა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიერ საფინანსო დახმარების გამოყოფის მხრივ პრობლემები არ უნდა შეიქმნას. “კრემლმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი მრავალმილიარდიანი საფინანსო დახმარება დაადეკლარირა შემდეგი წლისთვის, ევროკავშირიც ასევე დაეხმარება, და ეს ფული საკმარისი იქნება უკრაინული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის”, - აღნიშნა მორავეცკიმ. როგორც კორნელი კაკაჩია აცხადებს, უკრაინის დახმარების საკითხი დასავლელი ქვეყნების ღის წესრიგში დგას და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად ძალიან ბევრიც წუწუნებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი დილემის წინაშე დგებიან, რადგან უკრაინის დამარცხებისთანავე ცივილიზებული მსოფლიო საფრთხის წინაშე დადგება”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ის სერიოზული საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორენის დღის წესრიგში კარგა ხანია დგას. ეს კი დაკავშირებულია როგორც შიდა პოლიტიკასა და შიდა რესურსებთან, ასევე იმასთან, თუ შიდა პოლიტიკის სხვადასხვა აქტორებს და პარტიებს უკრაინასთან და რუსეთთან რა ურთიერთობები აქვთ. აშშ-ის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან, როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში რესპუბლიკელებში იზოლაციონისტური ფრთა გაძლიერდა, რომელიც აშშ-ის მიერ ზოგადად ყველა ქვეყნის დახმარებას აშკარად ალმაცერად უყურებს. მათ შორის უკრაინისკენ უზარმაზარი თანხები მიდის და ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან, რომ ეს პროცესი ყველანაირად დააბრკოლონ. თუ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ხომ საერთოდ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, ევროპაშიც ძალიან ბევრი წუწუნებს იმის თაობაზე, რომ ნავთობის და გაზის ფასები გაიზარდა, რაც გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. დასავლელი ამომრჩეველი უკრაინის სამართლიან ბრძოლას ჯერჯერობით მხარს უჭერს, მაგრამ შესაძლოა ეს მხარდაჭერა მუდმივი არ იყოს და თუ ამ ზამთრის შემდეგ მომატებულმა ფასებმა და სიცივემ გადაწონა, შესაძლოა ამომრჩეველმაც საკუთარი აზრი შეიცვალოს. რუსეთი კი ზუსტად ამას ელოდება, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა, მაშინ პოლიტიოკოსებიც იძულებული იქნებიან უკრაინის დახმარება რაღაცნაირად შეზღუდონ. მაგრამ არის ერთი დილემა, რომელიც ყველა დასავლური ქვეყნის წინაშე დგას, ხელისუფლებაში ვინც არუნდა მოვიდეს - რომ ეს მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი კი არაა, არამედ რეალურად რუსეთი წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემას უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა თუ ქვეყნის ხელისუფლებაში ვინ მოვა, თუნდაც უკრაინის დახმარების არმოსურნე, ის რეალობას ვერ შეცვლის და უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა რთული იქნება”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“უკრაინა თუ დაეცემა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მომავალი მსხვერპლი შეიძლება საერთოდაც ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. მაინც მგონია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დამოკიდებულებას შეცვლიან და უკრაინისადმი მხარდაჭერა ორპარტიული იქნება. ამის კარგი მაგალითი იტალიაა. ხელისუფლებაში მემარჯვენეები მოვიდნენ, რომლებიც ზოგადად პრორუსულებად ითვლებოდნენ და ყველას ეშინოდა, თუმცა სინამდვილეში როგორც ჩანს ასე არაა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, უკრაინის მხარდაჭერა არ შეუწყვეტიათ. მთლიანობაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას მიჰყვებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილების დროს გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები იქნება. მაგალითად, ტრამპი ისეთ საგარეო პოლიტიკას არ გაატარებს უკრაინასთან მიმართებაში, როგორც ბაიდენს აქვს. წესით, უკრაინას დახმარების კუთხით ანგლოსაქსური ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბოლომდე უნდა გაჰყვნენ, მაგრამ ესეც შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. დემოკრატიულ ქვეყნებში სულ ერთი ხელისუფლება არაა და ესაა მათი „სისუსტე", თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. მაგრამ, სამაგიეროდ, მათი მიღებული გადაწყვეტილებები ავტოკრატიებისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო მოზომილი და რაციონალურია”, - თვლის კაკაჩია.

ვახტანგ კაპანაძე - “რუსეთი წამსვლელია ბირთვულ საფრთხეზე, ნატოში კი პასუხისთვის უნდა ემზადონ”

“ირანული დრონების უკრაინაში გამოყენებას რუსეთის ახალ სტრატეგიას ვერ ვუწოდებ. ომში ყველა მხარე ცდილობს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. ომის დასაწყისში, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები არ ჰქონდა და დაზვერვით სამხედრო უპილოტოს, “ორლანს” იყენებდა. შემდეგ გადაკეთება სცადეს, “ლანცეტი” დაარქვეს და დამრტყმელ უპილოტოდ იყენებდნენ, მაგრამ უშედეგოდ, უკრაინას აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ამიტომაც შეუთანხმდნენ ირანს თვითფეთქებად “შაჰიდებზე”, უკრაინა კი მზად არ აღმოჩნდა დამრტყმელი დრონების მოსაგერიებლად, მით უფრო, რომ დრონები, ძირითადად, უკრაინის ზურგში მუშაობს, მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები, ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსებია. თავდაპირველად, საცდელად 60 ერთეული შეიძინეს, შემდეგ 2400-დან 2500-ზე ავიდნენ, რასაც უკვე ირანიც აღარ უარყოფს. ყოველ შემთხვევაში, თავისი მოქმედებით. პირველ ეტაპზე რუსეთი მათ ფრონტის წინა ხაზზე იყენებდა, რაც უკრაინელებმა მოიგერიეს, რადგან ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო საშუალებები. თუმცა როდესაც დრონები რუსეთმა ქალაქების სიღრმეში ინფრასტრუქტურას დაუშინა, ჰაერსაწინააღმდეგო მძიმე ტექნიკისგან განსხვავებით, უკრაინამ მცირე ზომის ტაქტიკური მფრინავი ობიექტების ნაწილი ვერ მოიგერია”, - აცხადებს გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი წამსვლელია ბირთვულ საფრთხეზე, ნატოში კი პასუხისთვის უნდა ემზადონ”.

“ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუნდაც ის, რომ ყოველ ჯერზე რამდენიმე ათასიანი დრონის წინააღმდეგ მილიონიანი რაკეტის გაშვება არც ეფექტურია და ფინანსურადაც წამგებიანი. კიდევაც რომ გაესროლათ, შედეგი მაინც საეჭვო იქნებოდა, რადგან ის დანადგარები სამხედრო ავიამოიერიშეებისა და რაკეტების მოსაგერიებლად არის განკუთვნილი. უკრაინელების ცდა ფუჭი ნამდვილად არ ყოფილა, 70%-ზე მეტი ჩამოყარეს, მაგრამ ყველას განეიტრალება რთულია, მით უფრო, თუ დარტყმები ქვეყნის ზურგშია. სწორედ ეს გათვალა რუსეთმა. ფრონტის ხაზზე არაერთი მიმართულებით სრული გარღვევა ჰქონდა და გამოსავალი იპოვა - ქვეყნის სიღრმეში დაარტყა უკრაინას, იქ მიყენებული დარტყმა კი ბევრად მტკივნეულია, რადგან მოსახლეობა ზარალდება. საცხოვრებელი კორპუსების ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ელექტროსისტემების უდიდესი ნაწილი, ჩაბნელდა ქალაქები და დასახლებები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“რუსეთის პროგრამა-მინიმუმია, შეინარჩუნოს ის რეგიონები, რომლებიც ახლა აქვს დაკავებული და აიძულოს უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ამასობაში კი სამხედრო ძალების გადაჯგუფებისთვის, თავმოყრისა და მომზადებისთვის დრო მოიგოს და როგორღაც მოემზადოს. პროგრამა-მაქსიმუმი შეიძლება იყოს სოლედარ-ბახმუტის რაიონის აღება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონის მიმართულებიდან უკუგდება და ევროპის იძულება, რომ ზელენსკიმ როგორმე დაიწყოს რუსებთან მოლაპარაკება. რუსეთში მალე საშემოდგომო გაწვევა იწყება, არმიას 120 ათასი კაცი შეემატება. მომავალ წელს კიდევ შეუძლია ნახევარი მილიონის მობილიზაცია. უკვე მცირეა იმის იმედი, რომ ომი მალე დასრულდება. ახალწვეულების ომში ჩართვა შეტევითი ბრძოლებისთვის ნაკლებეფექტიანია, მაგრამ თავდაცვით პოზიციებში დაცვის სიმჭიდროვის შენარჩუნება შეუძლიათ. რაც უნდა ლოთი ან ბომჟი იყოს, ავტომატსა და მიმართულებას თუ მისცემენ, გახსნის ცეცხლს. გარდა ამისა, ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებისას თუნდაც მოუმზადებელი კადრი, რომელიც პირველი დღეების წნეხს გადაურჩება, ბრძოლის ველზევე იღებს გამოცდილებას და მისი კვალიფიკაცია იზრდება, ომს ეჩვევა და ბრძოლასაც სწავლობს”, - განმარტავს გენერალი.

“თავდაცვაში მასასა და რაოდენობას ყოველთვის აქვს ეფექტი, უპირატესობის მოპოვებისთვის კი მასის კარგად მომზადებაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება. დრონებით იერიშის კიდევ ერთი მიზანია უკრაინის მოსახლეობა ომით გადაიღალოს და ხელისუფლებას მოლაპარაკებაზე დათანხმება მოსთხოვოს. ამას გარდა, ევროპაც გადაიღლება უკრაინის დახმარებით და იმ ენერგეტიკული კრიზისით, რაც უკვე ისადგურებს ევროპაში. უკვე არავინ ფიქრობს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. არც უკრაინელებს ჰგონიათ, რომ რუსეთი ირანულ დრონებზე შეჩერდება და ახალ საშუალებას არ გამონახავს ახალი შეტევისთვის. ამის არ სჯერათ ნატოშიც. აგრესორის შემხვედრ ნაბიჯებზე იქაც მუშაობენ. ირანული “შაჰიდები” განსაკუთრებული საბრძოლო საშუალება არ არის, თუმცა უპირატესობა აქვს - მათი დანახვა უჭირს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების დიდ რადარებს, თანაც რუსები მათ ჯგუფურად, უმეტესად სამ-სამად ან ოთხ-ოთხად უშვებენ და რელიეფს აყოლებენ. მაგალითად, დნეპრის კალაპოტს მიჰყვება და შემდეგ ადის სიმაღლეზე. დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ხმაც დაბალი აქვს. ვიზუალურად მხოლოდ ახლო არეალში ჩანს, ამიტომაც უკრაინელები ზოგჯერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობენ მის ჩამოგდებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“უკრაინელებს აქვთ ცოტა მოძველებული, მაგრამ მაინც საზენიტო დანადგარები ნელა მფრენი ობიექტებისა და დაბალი სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავების გასანადგურებლად და შეუძლიათ მისი გამოყენება. მაგალითად, უკრაინის არსენალშია ZU-23, რუსული კალიბრის ტყვიამფრქვევები, რომლებიც სამფეხებზე მაგრდება და ადვილი გამოსაყენებელია. ამასთან, დასავლეთში უკვე ლაპარაკობენ დაჩქარებულ დახმარებაზე. ნატოც ჰპირდება მხარდაჭერას. სავარაუდოდ, დრონსაწინააღმდეგო იარაღსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს მიაწვდიან, რათა დროულად აღმოაჩინონ, გააფრთხილონ და მიმართულებაც მისცენ. ამის შემდეგ მათი განეიტრალება იმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევითაც შეიძლება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილება. ნებისმიერი იარაღის წინააღმდეგ შეიძლება კონტრზომების მიღება. მთავარია, რამდენად სწრაფად მიიღებენ დახმარებას, რამდენად დროულად მიაწვდის ნატო საჭირო შეიარაღებას, ვინაიდან როგორც სამხედრო ალიანსი, ასევე ევროპის ქვეყნები ოპერატიულობით არ გამოირჩევიან. იქ ბიუროკრატიული ბარიერები ჯერაც ძლიერია. ამასობაში კი ირანული დრონები უკრაინას ბომბავს”, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

“ირანის დახმარებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ირანი დასავლეთისგან მისთვის რაღაც სასარგებლოს ელოდა, მაგრამ შეცდა, ამიტომაც რუსეთისკენ შეტრიალდა. ამერიკის სანქციებისგან თავის დასაღწევად ირანმა განაცხადა, რომ შეუერთდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კომერციული, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. გარდა ამისა, ირანს თავისი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ის ვერტიკალური ღერძი, რომელიც ახლა ამიერკავკასიაში ყალიბდება - რუსეთი, სომხეთი, ირანის სახით - ძალზე საფრთხილოა საქართველოსთვის, რომელიც მურმანის ეკალივით შუაშია მოქცეული. იმედია, ვინმე მსჯელობს ამაზე ხელისუფლებაში. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, რუსეთი სახმელეთო კავშირის დამყარებას შეეცდება. ამის საფრთხე არის. ამ გზას ირანის მონაწილეობის გამო პოლიტიკური დატვირთვა მიეცა”, - მიიჩნევს გენერალი.

“თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ოპერატიულ-ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას გარისკავს და არა ტაქტიკურ-ბირთვულისას. თუმცა ოპერატიულ-ტაქტიკურ ჭურვს იგივე ეფექტი იქნება, რაც მასირებული დაბომბვის შემთხვევაში. ბევრს ვერ გამოიყენებს, რადგან მყისიერი საპასუხო დარტყმა მოჰყვება, მაგრამ ერთი გასროლითაც მიიღებს შოკურ ეფექტს. ამიტომაც არის ნატო გაასკეცებული ყურადღებით. კიდევ ერთი - თუ რუსეთმა ხერსონი დაკარგა, მოსალოდნელია კახოვკის წყალსაცავი გაუშვას და ხერსონიანად 80-ზე მეტი დასახლება წყალში აღმოჩნდება, რასაც დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. ასე რომ, პუტინს რაღაც გზები რჩება, ოღონდ უპირატესობის მოსაპოვებლად კი არა, დროის მოსაგებად და სამხედრო დაპირისპირების გასახანგრძლივებლად. ნატოს ბირთვული ძალების წვრთნა ნიშნავს, რომ რუსული ბირთვული შეტევისთვის სრულ მზადყოფნაშია. თუ ერთ მხარეს აქვს ატომური იარაღის გამოყენების პოტენციალი, მეორე აჩვენებს, რომ პასუხისთვის მზად არის. “ცივი ომის” პერიოდში ატომური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც ერთი მხარე არ ლაპარაკობდა, მაგრამ ომისთვის ორივე ემზადებოდა. უკეთესი უნდა გსურდეს, მაგრამ უარესისთვის ემზადო... რუსეთი წამსვლელია ამ საფრთხეზე, ნატოში კი პასუხისთვის უნდა ემზადონ”, - დასძენს კაპანაძე.

“მეორე მარიუპოლი” - რუსებმა ხერსონი სიმაგრედ აქციეს და ქუჩის ბრძოლებისათვის ემზადებიან

“საკვანძო ქალაქ ხერსონისთვის გადამწყვეტი ბრძოლა შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს. რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული რუსი ჯარისკაცები მიტოვებულ სახლებში გამაგრდნენ და ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან. ბრძოლისთვის მზადაა უკრაინაც და როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში გაწვრთნილი ჯარისკაცებიც აქ გადაისროლონ. მათივე შეფასებით, ბრძოლა ხერსონისთვის არის ფაქტიურად ბრძოლა ყირიმზე შეტევისთვის. ძალთა თანაფარდობა კი დაახლოებით ასეთია: უკრაინელები - 40 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, რუსები - 28 ათასი. ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, შესაძლოა უკრაინელებმა მალე მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო სრულად გაათავისუფლონ. აქცენტი კი უკვე დნეპრის მარცხენა სანაპიროსა და ქალაქ ნოვოკახოვკაზეა (ნოვაია კახოვკა) მიმართული, რადგან ამ ლოკაციის დაკავებით უკრაინელები ყირიმის მიმართულებით შეტევვის განვითარებას უკვე ძალიან ადვილად შეძლებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მეორე მარიუპოლი” - რუსებმა ხერსონი სიმაგრედ აქციეს და ქუჩის ბრძოლებისათვის ემზადებიან.

“ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილი ხრსონზე საუბრისას ქალაქ მარიუპოლისათვის ბრძოლას იხსენებს, ოღონდ, მათი შეფასებით, უკრაინა ამჯერად უკეთაა მომზადებული და გადამწყვეტი ბრძოლის წინ გარკვეული უპირატესობაც აქვს. რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ვრცელდება ცნობები, რომ შაბათს მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის დასრულდა და რუსები ქუჩის ბრძოლებისათვის ემზადებიან. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსებმა ქალაქი პრაქტიკულად ერთიან სიმაგრედ გადააქციეს და მის დაცვას ბოლომდე აპირებენ. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამბობს, მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობამ ქალაქი დატოვა, დარჩენილმა რუსმა ჯარისკაცებმა კი სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვეს, მიტოვებულ სახლებში შედიან და ქალაქისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. უკრაინული მხარისვე განცხადებით, ოკუპანტები კახოვკას საავადმყოფოს შენობას პაციენტებისა და ექიმებისგან ცლიან. ამის პარალელურად აგრძელებენ ქალაქის ძარცვას, იპარავენ ყველაფერს, რისი წაღებაც სახლებიდან და სასტუმროებიდანაა შესაძლებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქალაქის პრორუსული ადმინისტრაციიის განცხადება მშვიდობიანი მცხოვრებლების მიერ ქალაქის დატოვების შესახებ უკვე არა რეკომენდაციის, არამედ კატეგორიული მოთხოვნის სახისაა. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ პანიკის გარეშე სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი. “ფრონტზე დაძაბული სიტუაციის, ქალაქის მასიური დაბომბვის გაზრდილი საფრთხისა და ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ქალაქი და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ! იზრუნეთ თქვენი ოჯახის და მეგობრების უსაფრთხოებაზე! არ დაგავიწყდეთ დოკუმენტები, ფული, ძვირფასი ნივთები და ტანსაცმელი”, - ნათქვამია ხერსონის პრორუსული ადმინისტრაციის განცხადებაში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ხერსონისთვის ბრძოლა ომში გამარჯვებულის ბედს ნამდვილად არ წყვეტს, თუმცა უკრაინელებისთვის ეს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მონაპოვარი იქნება, რათა შემდგომი შეტევა ყირიმზე დაიწყოს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი თვლის, რომ თუ უკრაინელებმა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო და ნოვოკახოვკას კაშხალი დაიკავეს, ფაქტიურად პლაცდარმს შექმნიან და შემდეგ შეტევას ყირიმის მიმართულებით განავითარებენ. ახლა კი რუსები მდინარის მარცხენა სანაპიროს ამაგრებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხერსონი ამ ომში გამარჯვებულის ბედს არ წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მონაპოვარი იქნება, რადგან ეს რეგიონი პირდაპირ ანექსირებულ ყირიმს ემიჯნება და ფაქტიურად ერთგვარი საყრდენი წერტილია. გამოდის, რომ ხერსონის დაკარგვით რუსებს ყირიმის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ. ხერსონი იმიტომაცა მნიშვნელოვანი, რომ ამის შემდეგ მარიუპოლის გათავისუფლებაზე და აზოვის ზღვისკენ გასავალზე უკრაინელებს ხელ-ფეხი ეხსნებათ, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული წარმატებაა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“უკრაინელები ხერსონისა და განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავებით ყირიმის მიმართულებით შეტევვის განვითარებას უკვე ძალიან ადვილად შეძლებენ და ამ ქალაქის დაკარგვა რუსებს ყირიმის დაცვას გაურთულებს. ახლა რუსებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ხერსონში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო დატოვონ, მარცხენა სანაპიროზე გადმოვიდნენ და გამაგრდნენ. დნეპრი ძალიან დიდი ბუნებრივი დაბრკოლებაა, რომლის ფორსირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ. გარდა იმისა, რომ მდინარე განიერია, ძალიან ბევრი მცირე შენაკადი აქვს და ზოგიერთი ადგილი დაჭაობებულია. ახლა საკითხი დგას, რომ ბრძოლა გაიმართება ნოვოკახოვკისთვის. თუკი უკრაინელებმა ეს დაიკავეს, ფაქტიურად პლაცდარმს შექმნიან და შემდეგ ყირიმის მიმართულებას განავითარებენ. ამიტომაა ნოვოკახოვკის კაშხლის აფეთქება ასეთი დიდი საფრთხე, თუმცა ტექნიკურად ეს ძალიან რთული შესასრულებელია”, განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მლაშა ბერიძე.

“მდინარე დნეპრი საკმაოდ განიერია და მისი ფორსირება ფაქტობრივად არსად არაა შესაძლებელი ქალაქ ზაპოროჟიემდე. ანუ, თუ რუსები მოახერხებენ და მარცხენა სანაპიროს გადავლენ, ფრონტის ხაზს ძალიან შეამცირებენ... აქ ხერსონის დათმობაზე არაა საუბარი, აქ საქმე ისაა რუსები მოახერხებენ თუ არა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წარმატებით გადასვლას და გამაგრებას. ეს თუ მოახერხეს, ფაქტობრივად ამ მიმართულებიდან უკრაინელების შეტევას შეაჩერებენ და რაღაც პერიოდი ყირიმს დაიცავენ. სამწუხაროდ, ტაქტიკურად ეს შესაძლებელია და განხორცილებადია, რომ დნეპრის ამ მიმართულებაზე გამაგრდნენ და უკრაინელებს უკვე შეტევა ზაპოროჟიედან სამხრეთით მოუწევთ. გადაჯგუფებასა და ორგანიზებას კი დრო სჭირდება”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

“უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი რომან პონომარენკო “რადიო ნბ”-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხერსონისათვის ბრძოლა “მეორე მერიუპოლი” იქნება, თუმცა ამბობს, რომ უკრაინელები ახლა უფრო მეტად არიან მომზადებული. “როცა საქმე ქუჩის ბრძოლებს ეხება, მაშინვე მარიუპოლის სცენარი მახსენდება, თუ როგორ აიღეს რუსებმა შტურმით აიღეს. მათ ქალაქს, უკრაინელ ჯარისკაცებს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ალყა შემოარტყეს და მეთოდურად, ერთმანეთის მიყოლებით მიწასთან ასწორებდნენ საცხოვრებელ კვარტლებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასეთი სცენარით არ იმოქმედებენ. ჩვენ მოქმედების უფრო თანამედროვე ტაქტიკა გვექნება”, - მიიჩნევს პონომარენკო. მისივე პროგნოზით, ხერსონისთვის ბრძოლაში მთავარი დატვირთვა ბრიტანეთში გადამზადებულ უკრაინელ სამხედროებზე იქნება, რომელთაც სხვა ყველაფერთან ერთად ქუჩის ბრძოლებისთვისაც ამზადებდნენ. ის დარწმუნებულია, რომ დიდ ბრიტანეთში გავლილი სამხედრო წვრთნებში შესწავლილი ახალი ტაქტიკა ხერსონისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინელებს დაეხმარება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვახტანგ მაისაიას აზრით, რადგანაც 2-3 კვირაში ამინდი იცვლება, უკრაინელები, დიდი ალბათობით, ხერსონზე გადამწყვეტ იერიშს უახლოეს დღეებში დაიწყებენ. “უკრაინელები გადამწყვეტ ბრძოლას ალბათ მალე დაიწყებენ, თუმცა, როგორი იქნება ეს ბრძოლა, ამაზე რთულია საუბარი. ორ-სამ კვირაში სხვა კლიმატური პირობები დადგება და უკრაინამ ამ პერიოდში უნდა მოასწროს. ხერსონზე შეტევა მაქსიმუმ ალბათ ამ კვირაში უნდა დაიწყოს. შეიძლება ხერსონი “მეორე მარიუპოლი” აღმოჩნეს, ოღონდ ამ შეთხვევაში უკრაინელების წარმატებით. სავსებით რეალური სცენარია, რომ აქ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ, რადგან მეც ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ სამხედრო წვრთნებში შესწავლილი ახალი ტაქტიკა ხერსონისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინელებს დაეხმარება. ხერსონში ძალების თანაფარდობა დაახლოებით 1/1.5-ზეა უკრაინელების სასარგებლოდ. უკრაინელებს დაახლოებით 10 ათასი კაცი ჩამოუვიდათ, რომლებიც ბრიტანეთში მეორე ეტაპზე გაიწვრთნენ და როგორც ჩანს, ამასაც ხერსონის მიმართულებით გადაისვრიან”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, ხერსონში ძალების გადასროლის საშუალება ასევე რუსებსაც აქვთ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“უკრაინელები ხერსონში ახლა სავარაუდოდ 40 ათასი არიან და რუსები კი - დაახლოებით 28 ათასი. ხერსონთან დაკავშირებით თავად რუსებისგანაც შეიმჩნევა სკეპტიკური განწყობები. არმიის გენერალმა სუროვიკინმა (უკრაინაში მოქმედი რუსული ძალების მთავარსარდალი) რამდენიმე დღის წინ არ გამორიცხა, რომ შეიძლება რუსებმა ხერსონი დატოვონო, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს”, - თქვა მაისაიამ. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი აცხადებს, რომ ქუჩის ბრძოლებს ხერსონში არ ელოდება და ბრძოლა დიდხანს არ გაიწელება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ეს ბრძოლა, ჩემი აზრით, დიდხანს არ გაიწელება. უფრო ვვარაუდობ, რომ რუსები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ. ახლა დროს იგებენ, რომ თავისი ადმინისტრაცია და ვიღაცეები გადმოიყვანონ. რა თქმა უნდა, ქალაქის დაბომბვას დაიწყებენ, რომ იოლად არ დათმონ. ჩემი აზრით, უკრაინელები მდინარე მარჯვენა სანაპიროს მალე გაათავისუფლებენ. თუმცა უკრაინელების ინტერესში შედის, რომ რაიმე სახით ნოვოკახოვკასთან უპირატესობა აიღონ და მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ამ მიმართულებაზე შეტევა გააგრძელონ. თუ ეს ვერ გააკეთეს, ამ მიმართულებაზე შეტევას ვერ გააგრძელებენ. მე ქუჩის ბრძოლებს არ ველოდები. ხერსონის ოლქში ორი ხიდია, ანდრეევსკის ხიდი და ნოვოკახოვკას კაშხალი-ხიდი. რა წამსაც რუსები ხიდის აქეთ მხარეს გადმოვლენ, იქით ვისაც დატოვებენ, ან დანებდება, ან მოკვდება. მძიმე ბრძოლა არ იქნება, ჩვეულებრივი, ტიპიური ქალაქის ბრძოლა იქნება. ვინც პრორუსი კოლაბორანტია ის უკვე გაიქცა. უკრაინელების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ნებისმიერი გზით ნოვოკახოვკას ხიდზე კონტროლი დაამყარონ. ეს ერთადერთი გზაა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ძალები გადაიყვანონ და პლაცდარმი შექმნან”, - მიიჩნევს ლაშა ბერიძე.

პაატა ზაქარეიშვილი - “გაგზავნის თუ არა რუსეთი ომში ოსებსა და აფხაზებს”

“ოსები ომში გაწვევის გამო ისე შეშინდნენ, რომ საკითხი ე.წ. პარლამენტშიც განიხილეს. მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ოსები არ გამოატარეს, სიტუაცია უფრო გამწვავდა. მათ, ვისაც რუსეთში ჩაწერაც აქვს და მოქალაქეობაც, სამხედრო-სავალდებულო გაწვევა ეხება, ამიტომაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამის გარკვევა ე.წ. დეპუტატებმა მოსკოვში სცადეს, რაზეც უპასუხეს, რომ ისინი ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში არიან დარეგისტრირებული და უკანონო არაფერია. დაიწყო პანიკა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ცხინვალს პირადი საქმეების მოსაგვარებლადაც არ ტოვებს, ბევრი მთიან სოფელშია გახიზნული. ჩრდილოეთ ოსეთშიც არ გადადიან, ეშინიათ, იქიდან არ წაიყვანონ. უკვე ძალიან ბევრი მამაკაცი გაიწვიეს ომში. ცხინვალელმა ოსებმა იციან, რომ ჩრდილო ოსეთში, ფაქტობრივად, ოჯახი არ დარჩა, ომში ორი თუ არა, ერთი კაცი მაინც არ ჰყავდეთ დაკარგული. დაღესტნის შემდეგ, მათ ყველაზე დიდი დანაკარგი აქვთ. ცხინვალელი ოსების აზრით, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი მენიაილო არ უფრთხილდება თავის ხალხს და საომრად ერეკება. სტატისტიკურად მობილიზაცია ყველაზე შედეგიანი სწორედ იქ არის”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გაგზავნის თუ არა რუსეთი ომში ოსებსა და აფხაზებს”.

“ცხინვალში მოსახლეობა ორად გაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დამოუკიდებლობას ვერასდროს მიიღებენ და ისევ რუსეთთან შეერთება ჯობია, მეორე ნაწილის, “პატრიოტების” აზრით, ნებისმიერ ფასად ღირს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ასეთები ცოტანი იყვნენ, მაგრამ უკრაინის ომის მერე მათი რაოდენობა იზრდება. ახლა საჯაროდ საუბარსაც ბედავენ -_ ასეთი რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ოსეთი გინდათ, სადაც ადამიანის უფლებები არაფრად მიაჩნიათ, პირველ რიგში ეთნიკურ უმცირესობებს უშვებენ ფრონტის წინა ხაზზეო. იციან, რომ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ახლა დონბასში არიან, საბანკო კრედიტები აქვთ და გადაუხდელობისთვის დააჯარიმეს - რუსულ “სბერბანკს” არ აინტერესებს, მისი კლიენტი “ჰაიმარსის” პირისპირაა თუ ყანაში... არც პრორუსი ოსები არიან ძველებურად ატაცებული დიდ რუსეთში შესვლის იდეით, უაზრო ომში შვილების დაკარგვა არავის სურს. ჩრდილოეთ ოსეთში გახშირდა ლაპარაკი, რომ “სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის მიერთებაზე კი არა “ალანიის ერთობლივი სახელმწიფოს” შექმნაზე უნდა იზრუნონ - გადარჩენის გზას ამაში ხედავენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აფხაზები ჯერჯერობით ცდილობენ პრინციპული პოზიცია ჰქონდეთ. ახრა ავიძბას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოხალისეები ომში მიჰყავს... რუსეთი გრძნობს, რომ რეგიონში ანტირუსული განწყობა კატასტროფულად მწვავდება და კიდევ უფრო დაძაბვა არ უღირს. განა რამდენი აფხაზი უნდა გაიწვიოს, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავებად უღირდეს. ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზების პროტესტმა ისედაც აჩვენა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება. ამიტომ აფხაზების ომში წაყვანის თემა ჯერ კრემლში არ არის აქტუალური. თუმცა აფხაზებმა იციან, რომ ყველაფერი ომის მსვლელობაზეა დამოკიდებული... ევროკავშირის ახალი შეზღუდვა გავრცელდა მათზე, ვინც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდნენ ან მკურნალობდნენ. ზოგს, ალბათ, პატარა ბიზნესიც ჰქონდა - რაღაცები ჩამოჰქონდა გასაყიდად. ახლა გამოსავალი უნდა გამონახონ - აიღონ ქართული პასპორტი. ჩვენი მთავრობა მუდმივად უნდა მოუწოდებდეს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას, რომელსაც შეიძლება რუსეთის სამხედრო მობილიზაცია შეეხოს, რომ საქართველო ვალდებულია თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნოს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსება და ანონიმურობა უზრუნველყოს. რამდენად მიიღებენ ამ წინადადებას, სხვა საკითხია, მაინც უნდა შევთავაზოთ”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

“ყველაზე ბევრი 100-200 კაცი თუ ჩამოვა. კორონავირუსის დროს ათასობით გადმოდიოდა, მაგრამ როგორღაც შევძელით მათი პატრონობა. არა მგონია, ახლა ვერ შევძლოთ. აფხაზებს იმედი აქვთ, რომ ქართული პასპორტით გავლენ ევროპაში სამუშაოდ, თუნდაც სამთვიანი ვადით. ყველგან, სადაც რუსული პოლიტიკა ვრცელდება, ცხოვრება გაძვირდა. რუსეთში ჩასვლისგან უკვე თავს იკავებენ და პუტინის განცხადება, რომ ორ კვირაში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდება, არავის დაუჯერებია. ამიტომ ურჩევნიათ ვითარების გამწვავებამდე ევროპას შეაფარონ თავი, სამუშაო იპოვონ და ოჯახებს დაეხმარონ. ქართულმა მხარემ ახლა ყველა ტრიბუნიდან უნდა ისაუბროს დეოკუპაციაზე, რაც მეორე ფრონტის გახსნის სურვილს არ ნიშნავს, როგორც ქართული მთავრობა წარმოაჩენს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამშვიდობო კონტინგენტი დგას, რომლის ნაწილიც ახლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გადადის. მათი ფუნქციაა არ დაუშვან საომარი მოქმედებები როგორც საქართველოში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ასე რომ, ევროკავშირის მისიის სახით დიდი რესურსი გვაქვს და შეგვიძლია მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზით ვაპირებთ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ვითხოვთ. ადრე თუ გვიან, დამარცხებულ რუსეთს მოუწევს დასავლეთის ყველა პირობის შესრულება, სხვა შემთხვევაში, სანქციები არ მოეხსნება. თუ ამ ვითარებაში საქართველომ ხმა არ ამოიღო, განზე დავრჩებით. აფხაზებს მომავლის ეშინიათ. რამდენიმე ვერსიას განიხილავენ: თუ რუსეთი ჯარებს გაიყვანს, რა იქნება შემდეგ - ეს არის პირველი კითხვა, რომლის პასუხადაც უნდა გვქონდეს: “ევროპულ სამყაროსთან ინტეგრაცია თქვენთან ერთად”. ევროკავშირი აფხაზებისა და ოსებისთვის კეთილდღეობასთან ასოცირდება, ოღონდ ამაზე ლაპარაკი პოსტ ფაქტუმ არ კმარა”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

“რაც შეეხება სომეხი კრიმინალური ავტორიტეტის რუბენ ტატულიანისთვის “აფხაზეთის მოქალაქეობის” მინიჭებას, ტატულიანი აფხაზ კრიმინალებთანაც “კარგად არის” და “ხელმძღვანელობასაც” უმართავს ხელს: ყიდულობს სკოლებისთვის ავტობუსებს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და სასულიერო პირებისთვის ჯიპებს, აფინანსებს სომხურ დიასპორას, რაც ძალიან არ მოსწონთ აფხაზებს, მით უფრო, სომხები ბიზნესს კარგად უძღვებიან. ეს კაცი იმდენად თამამად გრძნობს იქ თავს, რომ წამყვან აფხაზ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ძალზე თავხედურად მიმართა და დასცინა. თავად სომხებმა დაიწყეს მობოდიშება, მას კი საჭიროდაც არ ჩაუთვლია. მისმა საქციელმა კიდევ უფრო გააღრმავა ანტისომხური განწყობა. აფხაზები დაბნეული არიან, ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ, ახლა კი ანტირუსულის პარალელურად, ტატულიანმა ფარული ანტისომხური განწყობა გამოააშკარავა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ეს “კანონიერი ქურდების” წრეში მიღებული ფიგურა აფხაზ პოლიტიკოსსა და მათ შიშს დასცინის. აფხაზებს მომავლის ეშინათ, არ იციან, რა იქნება ომის შემდგომ. ერთი ვერსიით, შესაძლოა რუსეთი უფრო აგრესიული გახდეს, უკრაინა დავკარგეთ და აფხაზეთს მაინც ავითვისებთო; ან პირიქით, ისე დასუსტდეს, რომ ჯარიც გაიყვანოს და საქართველოს პირისპირ დარჩნენ. ერთი სიტყვით, რუსეთისაც ეშინიათ, ქართული მხარისაც და სომხური დიასპორისაც. ამ დროს კი “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კობახიძე დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს. მისმა როყიო განცხადებებმა რეგიონში ვითარება უფრო დაძაბა. აფხაზები გაოცებული არიან, რომ მისი სიტყვები არც პარლამენტმა გააქარწყლა და არც “ოცნების” სხვა ლიდერმა. კობახიძის განმარტება, “მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების შესახებ” მხოლოდ სარკაზმი იყო, არავინ დაიჯერა. ბჟანია ამით ამართლებს სამხედრო მობილიზაციას - ვითომ რუსეთს აჩვენებს, ხალხი თავად გვჭირდება, ქართული მხრიდან საფრთხე გვემუქრებაო, თან აფხაზების თვალში მზრუნველი ლიდერის იმიჯს იქმნის - ასეთი ხრიკებით ვცდილობ უკრაინის ომს აგარიდოთო... რუსეთი ცდილობს ჩიხში მოაქციოს აფხაზები. შესაძლოა, ბიჭვინთის აგარაკისა და სხვა თემების მისაჩქმალავად, ბელორუსის მიერ შესაძლო აღიარება იქცეს­ აქტუალურ თემად. რუსული­ პროპაგანდა წინა პირობებს ქმნის, რომ “აფხაზეთის პარლამენტმა” უმტკივნეულოდ მიიღოს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება”, - თვლის კონფლიქტოლოგი.

“აფხაზეთში პოლიტიკური კლასი დაეცა: ინალ არძინბა, რომელიც ჭკვიანი პოლიტიკოსის სახელის შექმნას ცდილობს, პრორუსებსაც კი არ უყვართ. ავტორიტეტული ალექსანდრე ანქვაბი დაბერდა, ისევე, როგორც საკმაოდ ჭკვიანი სერგეი შამბა. ბჟანიას არა აქვს ის უნარები, რაც მათ ჰქონდათ. მათ ომის შემდეგ ერთი თაობა გამოტოვეს, ახლა ახალგაზრდები უნდა წამოვიდნენ, მაგრამ ახრა ავიძბას გარდა, არავინ არის. დაბალი ინტელექტის გამო არ უყვართ, მაგრამ ის მაინც აქტიურობს. მოსკოვიდან გაჩუმება რომ უბრძანონ, უკან დაიხევს, მაგრამ არ ეუბნებიან. რუსეთს შეკრული და სტაბილური კი არა, დაძაბული აფხაზეთი სჭირდება. ავიძბა კი ცდილობს დრო გამოიყენოს. იცის, ბიჭვინთის აგარაკის საკითხში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ მაინც ლაპარაკობს, რადგან არჩევნებისთვის იმზადებს ნიადაგს, გავაპროტესტეო. თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, წინარევოლუციური ფონი შეიქმნება და ისიც მათთან იქნება. რუსეთი მაინც არაფერს კარგავს, რადგან თამაშის წესებს თავად ადგენს, ჩვენ კი შორიდან ვუყურებთ”, - დასძენს ზაქარეიშვილი.