საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე ძალიან დაბალია, რაც კიდევ უფრო ამდაბლებს და აკნინებს არა მხოლოდ მათ მიმართ დამოკიდებულებას, არამედ სრულიად ქვეყნის რეპუტაციაზეც მოქმედებს ის წერილები, რომლებსაც ისინი საერთაშორისო ინსტიტუტებს უგზავნიან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს მისწერა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის გაგზავნილი წერილები არა მხოლოდ მათ, არამედ სრულიად ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს უარყოფითად.
„ევროპის საბჭომ, მიუხედავად მისი შიდა პრობლემებისა, ცნობიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუტინთან დაკავშირებული პატიმრების სიაში სხვებთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც მოეხსენებინა, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი, რომ მართლა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პატიმარია პუტინისთვის, იმიტომ, რომ ასე ღიად ის ანგარიშსწორებით არავის დამუქრებია.
ამ საკითხთან დაკავშირებით დავა და წარდგენა მთელი ძალიან დიდი არზის, მე ვფიქრობ, საპარლამენტო საერთაშორისო სტანდარტებს აბსოლუტურად ცდება და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გაუგებარ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
ის კი არ არის რაიმე დარღვევა, რომ ევროპის საბჭომ სააკაშვილი მოიხსენია ან სხვა გადაწყვეტილება მიიღო ამ მხრივ და ჩანაწერი გააკეთა, ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და პრინციპებზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, მთავარი დარღვევაა ის, რომ შენ არ გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, გაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გყავს პოლიტიკური პატიმრები, მედია-თავისუფლება არ არის, არჩევნებს წესიერად არ ატარებ და სხვა პრინციპები ევროსაბჭოს არ გააჩნია, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება ამაზე უნდა გაამახვილოს და უნდა იმუშაოს, თუ მას ეს შეუძლია და საერთაშორისო ინსტიტუტებს არ უნდა ედავოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილობით მიმართავს და აცხადებს, რომ რეზოლუციის დამატებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ქვეყნის მცდელობებს, კიდევ უფრო განამტკიცოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.