რა დღის წესრიგით აპირებს ომბუდსმენის აპარატში მუშაობას არჩევის შემთხვევაში სერგო მახარაძე - სახალხო დამცველობის კანდიდატის გეგმები

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დეპუტატები ომბუდსმენობის 19-ვე მსურველს მოუსმენენ. სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე საკუთარ გამოცდილებაზე, ხედვებზე, შანსებზე და ამასთან, ომბუდსმენის აპარატში არსებულ ნაკლოვანებებზე საუბრობს.

- ბატონო სერგო, მოგვიყევით თქვენი ხედვებისა და გეგმების შესახებ. თქვენი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, რას შეცვლით აპარატის საქმიანობაში, რა იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც იმუშავებთ?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სახალხო დამცველის უშუალო ამოცანას ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან სიახლოვე წარმოადგენს და აქედან გამომდინარე უკვე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც სამწუხაროდ, დღეს არ ხდება ისეთი მასშტაბით, როგორც საჭიროა.

ძირითად, აქცენტს უფრო სოციალურ პრობლემებზე, ანუ მოსახლეობის საჭიროებებზე გავაკეთებ. მთელი ყურადღება კონცენტრირებული მექნება იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, რეგიონებში მყოფი მოსახლეობის საჭიროებებს მოვისმენდი და მანდატის ფარგლებში ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დღეს სახალხო დამცველის აპარატში არსებობს რეგიონალური წარმომადგენლობები, რომლებიც ფაქტობრივად უფუნქციოდ არიან და შესაბამისად, არ მუშაობენ. ამ მხრივ, გავაკეთებდი მნიშვნელოვან აქცენტს. ასევე ყურადღებას მივაქცევდი სახალხო დამცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების აღსრულებას, იმიტომ რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები, რაც გამოტანილია, არ სრულდება. სახალხო დამცველის ბაზაზე ჩამოვაყალიბებდი ადამიანის უფლებათა სწავლების/უფლებადამცველთა სკოლას. მოვახდენდი მოქალაქეთა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ საქართველოს მოქალაქეთა და ომის ვეტერანთა, ასევე ბავშვთა პანსიონატებში, მოხუცთა თავშესაფრებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებათა დაცვის სისტემატურ მონიტორინგს.

ჩემი აზრით, სოციალურ საკითხებზე მუშაობა მოქალაქეთა მდგომარეობას გააუმჯობესებს, ყურადღებას გავამახვილებდი ქართული ენის სწავლებაზე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც დასახლებულია ეთნიკური უმცირესობებით. რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად ჩავატარებდი არაერთ სემინარს/ტრენინგს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის: საკუთრების, აზრის გამოხატვის, სოფლის მეურნეობის, შრომის, სამეწარმეო სამართლის და გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას. აქტუალურს გავხდიდი ისეთ საკითხებს, რომლებიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, განათლების სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ხელს შევუწყობდი ისეთი სასწავლო სემინარების/ტრენინგების ინიცირება/ჩატარებას, რომლებიც დაკავშირებულია სიგარეტის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული თრობის საშუალებების მოხმარების უკუჩვენებებთან.

სტუდენტებთან პირობებზე ვიზრუნებდი და მათი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაზე გავამახვილებდი ყურადღებას. განსაკუთრებით ეს სოციალურად დაუცველ და რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეეხება, რაც დღეს სამწუხაროდ, არ ხდება. აქცენტს გავაკეთებდი ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევისა და მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემოღებაზე.

აუცილებლად წარვუდგენდი პარლამენტს რიგ საკანონმდებლო წინადადებებს, მათ შორის: შრომის კოდექსში, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში, სისხლის საპროცესო კოდექსში, საგადასახადო კოდექსში და ა.შ.

დღეს ძალიან დიდ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს კომუნალური, ადგილობრივი და საქალაქთაშორისო გადასახადები, ასევე მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულება.

მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ეროვნული ვალუტის კურსი, სფეროში მოღვაწე კომპანიები მოქმედებენ იმ გაზრდილი ტარიფების ფარგლებში, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში, თუ არ ვცდები შეადგენდა - 3.4 აშშ, ხოლო დაახლოებით 6 თვეა, თუ არ ვცდები ვალუტის კურსი არის 2.8-მდე.

მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებდი არსებულ საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთებზე და რეგულაციებზე, საქართველოს ეკონომიკის მქონე მსგავს ქვეყნების მაგალითებისა და კვლევების გათვალისწინებით. საზოგადოების და ინსტიტუტების ყურადღებას მივაპყრობ პანდემიის დროს საბანკო დაწესებულებათა მიერ მომხმარებლებზე დარიცხული პროცენტების/ პირგასამტეხლოს შესაბამისობაზე.

აუცილებლად გავაკეთებ აქცენტს კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებზე, რომლებსაც დეკრეტული შვებულების დროს რეალურად მხოლოდ სახელმწიფოს ათას ლარიანი დახმარების იმედი აქვთ, მაშინ, როდესაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ქალებს დეკრეტული შვებულების დროს, 6 თვიანი პერიოდი სრულად უნაზღაურდებათ. დღეს უფრო მეტი ქალი არის დასაქმებული სწორედ კერძო სექტორში, ვიდრე საჯარო სექტორში და ჩემი აზრით, ეს არის სწორედ არათანაბარი მოპყრობა და ამ კუთხით ძალიან ვიაქტიურებ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწორო.

- სახალხო დამცველის აპარატიდან ამ პრობლემების მოგვარება როგორ გესახებათ?

- მხოლოდ საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველოების ორგანოებთან, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან (განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და შესაბამის ადგილობრივ, თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად და არა დაპირისპირებით.

- როგორც ცნობილია, ომბუდსმენობა 19 პირს სურს და დეპუტატები 19-ვეს მოუსმენენ. როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი დეპუტატებმა თქვენს კანდიდატურას?

- პირველ რიგში, ვარ მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური, რაც მაძლევს საფუძველს, რომ მე ვიყო განსხვავებული. ასევე, აღნიშნულის საფუძველს მაძლევს ჩემი დიდი გამოცდილება. 2004 წლიდან დღემდე, ჩემი პროფესიით ვმუშაობ უფლებადაცვით სფეროში. მოქალაქეებთან ყოველდღიური შეხება მაქვს, მათგან მესმის წუხილები არამარტო შრომით უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ყველა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც, როგორებიცაა მაგალითად, საკუთრების უფლება, ალიმენტი, სარჩო-საბადებელი თუ სხვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ აპოლიტიკურობა და ნეიტრალურობა გამოგარჩევთ. გულისხმობთ, რომ თქვენი კონკურენტები არ არიან აპოლიტიკურები და ნეიტრალურები?

- მე ვერ შევაფასებ, ეს საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.

- თქვენი შეფასებით, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს ომბუდსმენის არჩევის პროცესი?

- პროცესები საკმაოდ გამჭვირვალედ, საკმაოდ კონკურენტულად მიმდინარეობს და ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, თუ რომელ კანდიდატზე შეჩერდება.

- ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია სახალხო დამცველის არჩევას უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს და შესაბამისად, ომბუდსმენის არჩევა ვერ მოხდება, როგორ აისახება ეს ევროკავშირის პასუხზე - მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი?

- პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპულ გზა და შესაბამისად ევროკავშირის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. მართალია პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებიდან 90 ხმა არც ერთს არ აქვს და შესაბამისად, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გამონახოს ის გზა, რომ კონკრეტულ კანდიდატზე შეჯერდნენ და მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ.

ჩემი კვალიფიკაციიდან, ასევე ხედვებიდან გამომდინარე, რაც მე გამაჩნია და რაც რეალურად ჩვენს მოსახლეობას ადარდებს, ხაზს უსვამ, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია, მხოლოდ ნეიტრალური და ევროპულ მომავალზე ორიენტირებული ერთობლივი ურთიერთქმედების შედეგად, ვფიქრობ, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები, სწორედ ჩემი კანდიდატურის გარშემო კონსოლიდაციის შედეგად მოახდენენ სახალხო დამცველის არჩევას.

- ბოლოს, მინდა შევაფასოთ მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საქმიანობა, რომელიც ომბუდსმენის აპარატს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თქვენი შეფასებით, როგორი ომბუდსმენი იყო ნინო ლომჯარია?

- არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ვისაუბრო მის შესახებ, ვინც ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს სახალხო დამცველის ოფისს, თუმცა, მე მოგახსენეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატს თან ახლავს, განსაკუთრებით კი, მოსახლეობასთან სიახლოვის არ არსებობა და სოციალურ საკითხებზე ძირითადი აქცენტის არ ქონა.

ერთ-ერთ შემთხვევას ვიხსენებ, როდესაც მთელი ძალისხმევა დასჭირდათ დასაქმებულებს და განსაკუთრებით დასაქმებულთა უფლების დამცველ ორგანიზაციას, რომ სახალხო დამცველი მისულიყო შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შეკრებილ დასაქმებულებთან.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ სახალხო დამცველობაზე ვსაუბრობთ, სახალხო დამცველობა ხალხთან უშუალოდ ურთიერთობას და უშუალოდ ხალხის იმ პრობლემების მოსმენა/გადაჭრას ნიშნავს, რომლებიც ჩვენს ხალხს ადარდებს, რაც როგორც აღვნიშნე დღეს სამწუხაროდ, არ ხდება.

მარიამ ხვედელიძე

„ინტერპრესნიუსი“

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა