საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

2022 წელი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელია. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, იაპონიის საელჩოს საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იმართება იაპონური ბიზნეს ფორუმი.
ფორუმი მიზნად ისახავს იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ფორუმის მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირის დამყარებას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, იაპონიის და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ერთ სივრცეში მოიყრიან თავს მონაწილე ქვეყნებში და რეგიონში არსებული ბიზნეს გამოწვევების და შესაძლებლობების თაობაზე დისკუსიის მიზნით.
ღონისძიებაზე სპიკერის რანგში წარსდგებიან საქართველოს, იაპონიის და აზერბაიჯანის სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სპიკერები და მონაწილეები ისაუბრებენ რეგიონისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: მდგრადი ბიზნეს გარემო, რეგიონის სავაჭრო პოტენციალი და ენერგეტიკული და კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევები.
ღონისძიება დაიწყება თბილისის დროით 10:30 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში.
(R)

























