სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებებში დასავლეთის მონაწილეობისა და შედეგების გამო, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს კარგავს და ახლა ცდილობს რეგიონში გავლენების გაძლიერებას

სოჭში პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორს სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, სოჭში პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ შეხვედრის შედეგებზე?

- როგორც მინიმუმ, ერთი წელია სამხრეთ კავკასიის, ყარაბაღისა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების საკითხებში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტაბები.

საფრანგეთი და აშშ იყვნენ და რჩებიან ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრებად და მათი აქტიურობა გასაგებია. აზერბაიჯანულ-სომხეთის კონფლიქტში ევროკავშირი შარლ მიშელის სახით აქტიურად იყო ჩართული. სწორედ ევროკავშირისა და საფრანგეთის ინიციატივითა და შუამავლობით გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრაღაში მოლაპარაკებები. ცალკე გაიმართა შეხვედრა ერდოღანსა და ფაშინიანს შორის. სწორედ ამ შეხვედრებზე ჩაეყარა საფუძველი აზერბაიჯან-სომხეთს შორის მომავალ ურთიერთობებს.

როგორც ჩანს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში ევროპელი პარტნიორების აქტიურობამ დააფიქრა და გააღიზიანა რუსეთი. სამხრეთ კავკასიაში ევროპისა და ამერიკის გააქტიურების შედეგად რუსეთმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე მონოპოლიური მდგომარეობის დაკარგვის საფრთხე დაინახა. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმა მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელებს შორის გამართულიყო შეხვედრა.

აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში ევროპელი პარტნიორების აქტიურობამ დააფიქრა და გააღიზიანა რუსეთი. სამხრეთ კავკასიაში ევროპისა და ამერიკის გააქტიურების შედეგად რუსეთმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე მონოპოლიური მდგომარეობის დაკარგვის საფრთხე დაინახა

მიუხედავად იმისა, რომ სოჭში პუტინ-ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა და ერთობლივი განცხადება ამის შესახებ გავრცელდა, უნდა ითქვას, რომ ეს განცხადება პრაქტიკულად არც არაფერზე არაა. ერთობლივი შეხვედრა რომ სასწრაფოდ გამართული შეხვედრა იყო სწორედ ამაზე მიუთითებს.

ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი რომ მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს, ამაზე მხარეებს შორის შეთანხმება ისედაც მიღწეულია. ის რომ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ასევე მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად ექსპერტების შეხვედრა უნდა გაიმართოს, ამაზეც იყვნენ მხარეები შეთანხმებული.

პუტინ-ალიევ-ფაშინიანის შეხვედრაზე გავრცელებული განცხადება პრაქტიკულად არც არაფერზე არაა. ერთობლივი შეხვედრა რომ სასწრაფოდ გამართული შეხვედრა იყო, სწორედ ამაზე მიუთითებს

- მასში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნებს შორის სამმხრივი საპარლამენტთაშორისი კონტაქტები უნდა დამყარდეს...

- დიახ, დიახ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პრაღაში მიღწეულ შეთანხმებაში, რაზეც ასევე იქნა გავრცელებული ერთობლივი განცხადება, ეს ყველაფერი წერია. მეტიც მასში ასევე წერია რომ მხარეები პატივს სცემენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ.

ვიმეორებ, ეს ყველაფერი პრაღის შეთანხმებაში ნათქვამი იყო. არ ვიცი მათ გამეორებას რა აზრი ჰქონდა. ერთადერთი აზრი შეიძლება ჰქონოდა პუტინის ამბიციების გამო. თითქოს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის როლი გადამწყვეტი იყო.

პირველად 30 წლის მანძილზე დარღვეულია სომხეთში რუსეთის ყოფნის მონოპოლიური უფლება. რუსული სამხედრო ბაზა, დამკვირვებლები, სამშვიდობოები და ასე შემდეგ. ევროკავშირის სამოქალაქო მისია და ეუთოს დამკვირვებლები ახლა იმყოფებიან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. საფრანგეთის სამოქალაქო მისიაა ასევე ჩამოსული და ცდილობს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე პროცესში აქტიურად ჩართვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთში რუსეთის ყოფნაზე რუსეთს მონოპოლია უკვე აღარ აქვს.

პირველად 30 წლის მანძილზე დარღვეულია სომხეთში რუსეთის ყოფნის მონოპოლიური უფლება

როგორ ვხედავთ, სიტუაცია სომხეთში თვისობრივადაა შეცვლილი. ეს ძალიან კარგია. ამიტომაა, რომ ახლა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე თვენახევარია ნაკლებად ისვრიან.

- სოჭში პუტინის ინიციატივით გამართულ შეხვედრამდე ერევანი და ბაქო წლის ბოლომდე აპირებდნენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას.

რა უნდა ვიფიქროთ, სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ ეს პროცესი წლის ბოლომდე არ დასრულდება?

- აბსოლუტურად სწორად დასმული კარგი კითხვაა. დიახ, ბაქო ჩქარობდა წლის ბოლომდე დასრულებულიყო შეთანხმებაზე მუშაობა და ხელიც მოეწერათ მხარეებს. როგორც ამას წინათ გითხარით, ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე არც ერევანი არ იყო წინააღმდეგი.

მხარეებს შორის არის ბოლომდე შეუთანხმებელი ერთი-ორი საკვანძო საკითხი. უცნაურია რომ შეუთანხმებელ საკითხებზე სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ ერთობლივ განცხადებაზე არაფერია ნათქვამი. მხედველობაში მაქვს უპირველესად ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხი და ასევე მეღრის რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორს ეძახის.

უცნაურია რომ შეუთანხმებელ ყარაბაღთან და მეღრის რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხებზე, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორს ეძახის, გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი

- თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ ამ თემებზე არაფერია ნათქვამი სოჭის ბოლო განცხადებაში?

- ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები ე.წ. ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. სომხეთი მზადაა მისცეს უფლება აზერბაიჯანმა გამოიყენოს ეს კორიდორი, მაგრამ მასზე კონტროლი სომხეთმა არ დაკარგოს.

აზერბაიჯანი და რუსეთი ითხოვენ, რომ ამ კორიდორზე კონტროლი სომხეთს აღარ ჰქონდეს და ამ კორიდორს რუსეთი აკონტროლებდეს.

- თქვით, რომ ყარაბაღზე არაფერია ნათქვამი. მაგრამ, გვახსოვს, რომ სადაო და შეუთანხმებელი საკითხი იყო ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნის ვადების საკითხი.

გამორიცხავთ, რომ მხარეებს შორის ეს საკითხი იქნებოდა შესათანხმებლად ყველაზე პრობლემური?

- დიახ, იქნებოდა. ამაზე თავად პუტინმა თქვა შემაჯამებელ კონფერენციაზე რამდენიმე სიტყვა. სომხეთმა თქვა, რომ ყარაბაღში რუს სამშვიდობოების ყოფნის ვადებთან დაკავშირებით მას პრობლემა არ აქვს, შეუძლია დათანხმდეს მათი იქ ყოფნის ვადად განისაზღვროს 10 წელი. მაგრამ, აზერბაიჯანი ასეთ მიდგომას არ იზიარებს.

არა ვარ დარწმუნებული, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის თემა აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმებაში უნდა ეწეროს. სხვა საკითხია დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი. დემარკაცია სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია და ამაზე მხარეები შეთანხმებული არიან.

- იცით, რომ თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიები. ვიზიტის ფარგლებში მან რამდენი ინიციატივა გააჟღერა. ერთი გახლდათ სამი კავკასიური ქვეყნის პლატფორმის შექმნა,, ხოლო მეორე იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ აზერბაიჯანულ-სომხური მოლაპარაკებები თბილისში გაგრძელდებოდა.

თქვენი აზრით, სოჭის შეხვედრის შემდეგ ეს ინიციატივა მხოლოდ ინიციატივად დარჩება, თუ როგორ იქნება?

- არა მგონია სომხეთმა ამ ინიციატივაზე თქვას უარი. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, ვითარებაში, როცა აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი, თბილისში აზერბაიჯან-სომხური მოლაპარაკებები ვერ იქნება მთავარი ფორმატი, რადგან ამ პროცესში ჩართულია თურქეთი, რუსეთი და ამ პროცესს თვალს ადევნებს კიდევ ირანი. არავინ დაუშვებს იმას, რომ სამმა ქვეყანამ მათ რაც უნდათ ისე მოიქცნენ და რაც უნდათ, ის აკეთონ.

ვნახოთ პრეზიდენტ ალიევის ინიციატივა როგორ იმუშავებს.

ახლა საინტერესო სხვა რამაა. ახლა როცა აზერბაიჯანული ძალები თითქმის მისული არიან სომხურ კურორტ ჯირმუქთან, ანუ, 10 კილომეტრით შემოსული არიან სომხეთის ტერიტორიაზე, გავლენ თუ არა და ამ მონაკვეთზე დაიწყება თუ არა დემარკაციის პროცესი. მართალია, მხარეები ზანგეზური კორიდორზე ჯერ შეთანხმებული არ არიან, მაგრამ, არის დეტალები, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია.

- სოჭის შეხვედრის შემდეგ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს აზერბაიჯანი?

- მადლობა ამ კითხვისთვის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რაზე შეთანხმდებიან მოსკოვი და ბაქო ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესში. აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებებში დასავლეთის მონაწილეობისა და შედეგების გამო რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს კარგავს და ახლა ცდილობს რეგიონში პოზიციების გასაძლიერებლად ინიციატივის წართმევას.

არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ბაქომ რუსეთთან შეათანხმოს სომხეთის წინააღმდეგ ძალისმიერი ნაბიჯები და აიძულოს ერევანი დათმობებზე წავიდეს ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით. იძულების პოლიტიკა ჩავარდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულ-სომხური შეხვედრა პრაღაში გაიმართა.

ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის დაწესებით ბაქოზე მეტად მოსკოვია დაინტერესებული, არაა გამორიცხული რუსეთმა ბაქოსგან სომხეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოითხოვოს და ბაქო ამ ნაბიჯზე წავიდეს

თუ რუსეთმა ვერ შეძლო აზერბაიჯანის დაყოლიება სომხეთის წინააღმდეგ გადადგას ძალისმიერი ნაბიჯები, მაშინ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ექსცესებს ადგილი არ ექნება.

მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის დაწესებით ბაქოზე მეტად მოსკოვია დაინტერესებული, არაა გამორიცხული რუსეთმა ბაქოსგან სომხეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოითხოვოს და ბაქო ამ ნაბიჯზე წავიდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა