ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიმართულია არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, არამედ ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს.
უგულავა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ „გვარამიას საქმე“ შესაძლოა, მათაც შეეხოთ, რადგან სამართლებრივი პრეცედენტი უკვე შექმნილია.
„ქართულ ბიზნესს: ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში, ხარ ჩვეულებრივი შპს-ს მფლობელი/დირექტორი. ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ „გვარამიას საქმე“ მათ არ შეეხებათ? სამართლებრივი პრეცედენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის „შავი მილები“ და საქმე უკვე აწყობილია. გაჩარხულია. მომდევნო მოსამართლისთვის თქვენი ჩასმა კიდევ უფრო ადვილი იქნება, ვიდრე დღეს იყო. ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს. ნუ ეგონება ბიზნესს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების საქმეა გვარამიას დაცვა. ნუ გგონიათ გულუბრყვილოდ, რომ თქვენთან არ მოვლენ. იფიქრეთ იმაზე, როცა თქვენთან მოვლენ და აღარავინ იქნება ხმის ამომღები.
ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი. ის არის თავისუფალი, თქვენ კი, ვინც თქვენს დუმილს თქვენი „ბიზნესის უსაფრთხოებით“ ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი. სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, იქამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში. ამოიღეთ ხმა, გაინძერით. ეს ქვეყანა თქვენიცაა“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.