რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

რუსთავის მერიის პატრონაჟით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-მუნიციპალური დრამატული თეატრი, 1-ელი ნოემბრიდან, 12 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, კომედიის თეატრალურ ფესტივალზე, წელს რუსთავს 12 დღის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15-მდე დასი ეწვევა.

მათივე ცნობით, საზეიმო გახსნის ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რუსთავის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. ფესტივალის პირველ დღეს, მარჯანიშვილის თეატრმა, ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლი - „ფიგაროს ქორწინება“ წარუდგინა მაყურებელს. ცისფერ დარბაზში კი ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, ფესტივალში სხვადასხვა ქალაქის თეატრალური დასები მონაწილეობენ.

„რუსთავის თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. რუსთაველებს თორმეტი დღის განმავლობაში ელით ძალიან კარგი საღამოები. ფესტივალში სხვადასხვა ქალაქის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას. მე მინდა ვთხოვო თითოეულ რუსთაველს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელსაც ფესტივალი გვაძლევს, მოვიდნენ ჩვენს თეატრში, იხილონ ძალიან საინტერესო სპექტაკლები, განიტვირთონ ძალიან სასიამოვნო და კარგ გარემოში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლების ჩვენების გარდა, 11 ნოემბერს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდება.

„რუსთავის თეატრს, წელს დაარსებიდან 55 წელი უსრულდება. საიუბილეო წელს ჩვენ ძალიან ბევრი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მასშტაბურია კომედიის თეატრალური ფესტივალი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რადგან ამ კონკრეტული ჟანრის ფესტივალის სხვა ანალოგი, საქართველოში არ არსებობს. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის მერიას, რადგან აქ უმნიშვნელოვანესია ფინანსური მხარდაჭერა, რომლის გარეშეც ფესტივალ უბრალოდ ვერ შედგებოდა“, - განაცხადა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომედიის თეატრალურ ფესტივალში მარჯანიშვილის, ქუთაისის, თელავის, რუსთავის, მესხეთის, გორის, ოზურგეთის, მოზარდმაყურებელთა, თავისუფალი თეატრის, ახალი თეატრის, დამოუკიდებელი თეატრის „ხვლიკი“, ქალაქის თეატრის და თბილისის თოჯინების თეატრის დასები მონაწილეობენ. ყველა სპექტაკლი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში გაიმართება.

კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავში, პირველად პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, წარმოდგენები, ერთი კვირის განმავლობაში ღია სივრცეში მიმდინარეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა