„ART მეურნეობა“ – „წალენჯიხის მეგობართა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს აწყობს

„წალენჯიხის მეგობართა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით ძველი კოლმეურნეობის შენობის ნაცვლად თანამედროვე სახელოვნებო სივრცე „ART მეურნეობას“ აწყობს. აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაში არის გადასული.
„ლელოს“ განცხადებით, 105 ძირი უნიკალური ნერგი იტალიიდან უკვე ჩამოვიდა ლანდშაფტური სივრცის მოსაწყობად და სპეციალური დიზაინი ადგილობრივმა ლანდშაფტის დიზაინერებმა შექმნეს.
ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში რეჟისორ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრი და მანანა დოიჯაშვილის კურატორობით მუსიკალური სკოლა მოეწყობა. „ლელოს“ ინფორმაციით, ამავე შენობაში განთავსდება IT სკოლა და მოეწყობა სამხატვრო სივრცე.
„ART მეურნეობის“ სკვერში განთავსდება მეგრულ-აფხაზური რე-დიზაინირებული, თანამედროვე კონცეფციის სამზარეულო, რომელსაც ახალგაზრდა და ცნობილი ქართველი შეფები მოამზადებენ.
„ლელოს“ ინფორმაციით, კოლმეურნეობის შენობაში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრები 3 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება და აღნიშნული ვალდებულება შენობის შეძენის დროს საკუთარ თავზე მამუკა ხაზარაძემ აიღო.
„ART მეურნეობის“ პროექტი წალენჯიხელებს მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა. ამასთან, პრეზენტაციას ესწრებოდნენ წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია. ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკვე 2 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.
























