ქართული პრესის მიმოხილვა 03.11.2022

რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტსცენაზე და ვინ შეიძლება მიიღოს “მესამე ძალის” სტატუსი

რატომ გადაიფიქრა რუსეთმა ხერსონის დატოვება - “პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სამხედრო გადაძალა”

რა პოზიციებით ხვდება ზამთარს ორი არმია - “ტექნოლოგიური და ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინის მხარესაა, რაოდენობრივი რუსეთის”

* * *

რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტსცენაზე და ვინ შეიძლება მიიღოს “მესამე ძალის” სტატუსი

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული გადაჯგუფებები უკვე დაიწყო. წინასწარი შეფასებით კი ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ენმ-სა და “ოცნებას” აქვს. “ლელო” გეგმავს, რომ ე.წ “მესამე ძალა” გახდეს. “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “დროა” ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია კი ხანგრძლივი ჩრდილში ყოფნის შემდეგ მწვავე განცხადებებით გამოჩნდა და აშშ-ში სამუშაო შეხვედრაც გამართა. “ნაცმოძრაობა” არავისთან გაერთიანებას აღარ აპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტსცენაზე და ვინ შეიძლება მიიღოს “მესამე ძალის” სტატუსი.

“სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “დროა” ერთიანი სიის საკითხზე საუბრობს, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს. როგორც”სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება. ხოლო, მათი მთავარი ამოცანაა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გარშემო ადამიანები შემოიკრიბონ. “პრაიმერის მექანიზმი იქნება, სანდო სოციოლოგია, თუ შიდა კენჭისყრა, ეს იქნება დემოკრატიულ მექანიზმზე აწყობილი. საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა... მაგრამ სია არ არის პრიორიტეტი, მთავარი საკითხი არის გაერთიანება იდეების, პრინციპების და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო”, - განაცხადა მანჯგალაძემ. “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” და საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი ალტერნატივის შესთავაზებას გეგმავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლელოს” დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა”. “ლელო” გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს”, - განაცხადა სამადაშვილმა. თავის მხრივ, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარიამ შეხვედრები გამართა, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.გახარიამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა რამდენიმე მწვავე პოსტი, სადაც ოლიგარქიაზე იყო საუბარი, რამაც საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიქვია როგორც მმართველ გუნდში ისე მთელს პოლიტიკურ სპექტრში. ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მიუხედავად ბოლო დროს მიმდინარე პროცესებისა 2024 წლის არჩევნების პროგნოზი რთულია, რადგან საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მოვლენები კი შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს”, - დასძენს გამოცემა.

“2024 წლამდე საკმაოდ დიდი დროა, ამიტომ ჯერ ძნელია იმის პროგნოზი იმ დროისთვის კონფიგურაცია როგორი იქნება. რაღაც პროცესი დაწყებულია, მთლად პროცესიც არა, უფრო რაღაც პროცესისმაგვარი. ჯერ კიდევ გასარკვევია პოლიტიკური სპექტრი საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება. ეს ყველაფერი მხოლოდ განცხადებების დონეზე ხდება, საჭიროა არა განცხადებები, არამედ რეალური მოქმედებები. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით 5%-ანი ბარიერის დაძლევის გარანტირებული შანსი მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

რატომ გადაიფიქრა რუსეთმა ხერსონის დატოვება - “პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სამხედრო გადაძალა”

“უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება - რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას ამ დრომდე არ წყვეტს. ომის 252-ე დღეს ოკუპანტებმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის 6 დასახლებას. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ენერგოსისტემა. ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავას ოლქში. რუსული ჯარები უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კრემენჩუკს დაესხნენ თავს. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროშიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება უკრაინის 9 ოლქს. დაბომბვების შედეგად განადგურებულია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაიფიქრა რუსეთმა ხერსონის დატოვება - “პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სამხედრო გადაძალა”.

“ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს. ღამის განმავლობაში ქალაქის მისამართით, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 150 000 შეადგენს, 14 რაკეტა ისროლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია მხოლოდ სამოქალაქო ობიექტები. მათ შორის 4 საცხოვრებელი კორპუსი, 3 მოსაცდელი, ბავშვთა გასართობი მოედანი. აგრესორის ღამის იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დრონებით შეუტიეს პოლტავის ოლქსაც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მეოთხე კი სამიზნეს მაინც მოხვდა. ძლიერი აფეთქების ხმა საოლქო ცენტრში გაისმა, რასაც ხანძარი მოჰყვა. 1 დაღუპულია ნიკოლაევში. შუა ხნის ქალმა რუსული იერიშის დროს თავშესაფარში ჩასვლა ვერ მოასწრო. განადგურებულია 2 საცხოვრებელი სახლი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ს-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს. თითქმის ერთკვირიანი კონტრშეტევა ლუჰანსკის ოლქში, უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. ოკუპანტებისგან 9 დასახლებაა გათავისუფლებული. ამ დროისთვის, ინტენსიური შეტაკებებია ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით. ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 650 რუსი სამხედრო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გამოცდის ჩაბარება, სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ მოუწევთ. “სი-ენ-ენ-ის”" ინფორმაციით, ირანი რუსეთს დამატებით, 1000 ბალისტიკურ რაკეტას და უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას დასავლური ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა უამბეს, რომლებიც ირანის შეიარაღებას მონიტორინგს უწევენ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, უკრაინა ზამთარს გადალახავს და რუსებს, რომლებსაც ზამთრის იმედი აქვთ, იმედი არ გაუმართლდებათ. “ბრძოლის ველზე ისინი უიმედოები არიან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს უკვე დაადასტურეს, მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მათ არ აინტერესებთ ენერგეტიკული ტერორის ფასი. მხოლოდ გუშინდელი თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, რაკეტების და თვითმფრინავების გამოყენება რუსეთს, 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა და ეს არის ერთი შეტევა! 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავალი. იმის ნაცვლად, რომ დაძლიონ სიღარიბე თავის ქვეყანაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ხარჯავს ყველაფერს, რათა არ აღიაროს ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომით”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსების ფსონი ზამთრისთვის ყველასთვის გასაგებია და ეს გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. “ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, “ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ “მარცხი” არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე აცახდებს, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ამ ეტაპზე რადიკაურად შეცვლილი არ არის. ბერიძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომე ეს ომი გამოფიტვაზეა. ამიტომ რუსეთი ცდილობს, რომ ტაქტიკური მანევრირებით შეავსოს ის დანაკლისი, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით აკლია და აქამდე ვერაფრით მიაღწია. რეალურად რუსეთს არა აქვს ის შემადგენლობა, რომლითაც მას არა თუ ამ ომის მოგება, არამედ დაკავებული ტერიტორიები გააკონტროლოს. მისი აზრით, “ენერგოსადგურების განადგურება თუ სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანება, ეს რუსეთის ახალი ტაქტიკის ნაწილია, რათა მოსახლეობის დაშინება და დაშანტაჟება შეძლოს. სხვაგვარად მას გრძელვადიან შედეგს ვერ მოუტანს”, - წერს სტატიის ავტორი.

“რა თქმა უნდა, სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები იმას, რომ პუტინის რეჟიმი ომის შეჩერებას არ აპირებს და ყველა რესურსის გამოყენებას შეეცდება, რომ დროში გაწელოს. რუსეთის ჯარში ძალიან აღრეულია ტაქტიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური სიტუაცია. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დნიპროს მარჯვენა მხარე, ქალაქი ხერსონი დაეტოვებინათ და მარცხენა სანაპიროეზე გადმოსულიყვნენ. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება არსებობდა, მაგრამ გადაიფიქრეს. ეს მართალია დიდად არაფერს შეცლიდა, მაგრამ საოკუპაციო ძალებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. რუსეთში პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სამხედრო გადაწყვეტილება გადაძალა და დნიპროს მარჯვენა სანაპირო არ დატოვეს. პირიქით, დანაყოფები შეიყვანეს და ბრძოლას აგრძელებენ. თუმცა, უკრაინისთვის ამ მიმართულებაზე ბრძოლის გაგრძელება უფრო მომგებიანია. უკრაინა რუსების სწრაფ დამარცხებაზე არ მუშაობს, აქ პრიორიტეტი რუსების გამოფიტვას ენიჭება. ამიტომ ხერსონი რუსებისთვის ყველაზე სუსტი წერტილია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ მიმართულებაზე რუსული წინააღმდეგობა, გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

რა პოზიციებით ხვდება ზამთარს ორი არმია - “ტექნოლოგიური და ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინის მხარესაა, რაოდენობრივი რუსეთის”

“ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინისთვის ზამთარი რაც შეიძლება გაუსაძლისი იყოს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურებზე ავიაიერიშები ზუსტად ამის მანიშნებელია. ოფიციალური კიევი მოსახლეობას მოუწოდებს რთული ზამთრისთვის მოემზადონ, თუმცა, აცხადებს, რომ რუსებს იმედი გაუცრუვდებათ, რადგან უკრაინა ამასაც გადალახავს. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ზამთრის დადგომის წინ, უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში მხარეების ძალთა თანაფარდობა თითქმის თანაბარია, უკრაინელების მხარეს ხარისხობრივი და ტექნოლოგიური, ხოლო რუსებს რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ. რაც შეეხება იმას, თუ დათბობამდე უშუალოდ ომში რა გამოწვევები იქნება, როგორც “რეზონანსთან” გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, შემტევი მხარისთვის გამოწვევა გარემო პირობები, რელიეფია. ღია ტერიტორიებზე გადაადგილება ძნელდება, ტყეებში ფოთოლი არაა, შესაბამისად, შენიღბვის პრობლემებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პოზიციებით ხვდება ზამთარს ორი არმია - “ტექნოლოგიური და ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინის მხარესაა, რაოდენობრივი რუსეთის”.

“რაც შეხება დაცვის მხარეს, გენერალი კაპანაძე ამბობს, რომ პრობლემა ლოჯისტიკური უზრუნველოყოფის შესაძლებლობებია. ასევე, მისი თქმით, ამინდის გაუარესება ორივე მხარისთვის იწვევს იმას, რომ ცუდი ხილვადობისა და ღრუბლიანობის გამო, საჰაერო თვალთვალი ძნელდება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ზამთარს გადალახავს და რუსებს იმედი არ გაუმართლდებათ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელებს მოუწოდა, რთული ზამთრისთვის მზადება დაიწყონ და საჭირო ნივთები ახლავე მოიმარაგონ. “სახელმწიფო ემზადება და დამატებით აღჭურვილობას იძენს, უკრაინელები კი უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და საჭირო ნივთების მარაგი ჰქონდეთ”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდაზე. როგორც ჩანს რუსეთი ომის დასრულებას უახლოეს პერიოდში არ აპირებს - ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგადად, ორივე მხარემ გარკვეულ თანაფარდობას მიაღწიეს. რაც შეეხება უშუალოდ შეიარაღებულ ძალებს, უკრაინელების მხარესააა ტექნოლოგიური და ხარისხობრივი უპირატესობა, რუსეთის მხარეს კი რაოდენობრივი უპირატესობა. რუსები გარკვეულ ლოკალური მიმართულებებზე გარკვეულ შეტევებს ახორციელებენ, ძირითადად ეს მაინც ბახმუტი, ვუგლედარია. ხოლო უკრაინელები კი ისევ ცდილობენ ლუგასკის მიმართულებით წინ წაიწიონ, ხერსონის მიმართულებაზე ახლა უკრაინელების მხრიდან შეტევების ტემპი გარკვეულწილად შენელებულია, რუსები დაცვისათვის კაპიტალურად ემზადებიან, ბეტონის ბუნკერები და ძოტები უკვე ჩაიტანეს და ხაზს ამაგრებენ. ჩემი აზრით, სანამ ამინდები საშუალებას კიდევ იძლევა, ორივე მხარე შეეცდება, რომ გარკვეული პოზიციები კიდევ დაიკავონ, რათა ზამთრის კამპანიისთვის მოემზადონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ორივე მხარე შეეცდება, რომ ზამთრის პერიოდი მოსამზადებლად რეზერვების დაგროვებისთვის გამოიყენოს და ჩემი აზრით ეს გაზაფხულისთვის პოზიციურ დაპირისპირებაში გადავა. შტაბებში არ ვზივარ და ვერ ვიტყვი ზუსტად რა არის ჩაფიქრებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ორივე მხარე გაზაფხულისთვის მოემზადება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც ცალკეულ მიმართულებაზე მცირემასშტაბიანი შეტევები იყოს”, - დაასკვნის გენერალი და შეკითხვაზე - “რა არის ზამთარში მთავარი, რა სიძნელეებს ხვდებიან მხარეები?” - პასუხობს:

“ზოგადად შემტევი მხარისთვის გამოწვევა გარემო პირობები და რელიეფია, გადაადგილება ძნელდება. მით უმეტეს ისეთ ღია ტერიტორიაზე, როგორიც უკრაინაა, ასეთი ფარული გადაადგილება რთულდება, ტყეებში ფოთოლი არაა, შესაბამისად მასკირება-შენიღბვის პრობლემებია. რაც შეხება დაცვის მხარეს, პრობლემა ხდება ლოჯისტიკური უზრუნველოყოფის შესაძლებლობები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უფრო შემტევი მხარისთვისაა პრობლემატური, ვიდრე დაცვის მხარისთვის. ასევე ამინდების გაფუჭება იწვევს იმას, რომ ცუდი ხილვადობისა და ღრუბლიანობის გამო, საჰაერო თვალთვალი ძნელდება და ა. შ.”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო