სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე - უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, ისევე, როგორც გამოწვევების წინაშე დგას თავად ინსტიტუცია

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ნაწილმა დეპუტატებს საკუთარი ხედვები უკვე გააცნო. ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი, მარიკა არევაძე საკუთარ ხედვებზე, შანსებზე საუბრობს და ამასთან, სახალხო დამცველის არჩევის პროცესს აფასებს.

- ქალბატონო მარიკა, მოგვიყევით როგორია თქვენი ხედვები. ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, რას შეცვლით აპარატის საქმიანობაში და რა იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც იმუშავებთ?

- დავიწყოთ გამოწვევებზე საუბრით, ვინაიდან სწორედ გამოწვევების გაანალიზებით და მათი დაძლევის პერსპექტივით მაქვს ჩამოყალიბებული ხედვები, რომელიც ვფიქრობ, საჭიროა ინსტიტუციის განვითარებისათვის. სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, ისევე, როგორც გამოწვევების წინაშე დგას თავად ინსტიტუცია.

პირველი, რისი გამოყოფაც შეიძლება, ეს არის ინსტიტუციის მიმართ ნდობის საკითხი, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ინსტიტუციის ეფექტიანობასთან. იმ პირობებში, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების 63% არ სრულდება, ნათლად ჩანს, რომ არსებობს შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის პრობლემა და ეს პრობლემა პირდაპირ აზიანებს ნდობის ხარისხს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ საჭიროა:

ნდობის ამაღლება - ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია;

თანამშრომლობის გაძლიერება - თუ არ მოხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა, გაგრძელდება მხოლოდ საუბარი უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არ მოხდება მისი აღდგენა;

რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემუშავება - ვინაიდან, თუ სახალხო დამცველისათვის მიმართვას არ ექნება შედეგი, ვერ მოხდება უფლებების ეფექტიანი დაცვა და ამავე დროს ნდობის ხარისხი კიდევ უფრო დაზიანდება;

ყველა უფლების მიმართ თანაბარი მუშაობა - რათა გაუმჯობესდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა;

საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

სახალხო დამცველის აპარატის ამჟამინდელი სტრუქტურა საკმაოდ კარგია და ჩემი არჩევის შემთხვევაში ეს სტრუქტურა შენარჩუნდება, თუმცა მოხდება მისი კიდევ უფრო გაძლიერება, რაც გამოიხატება თემატური ჯგუფების და საბჭოების შექმნასა და არსებულების გაძლიერებაში. მაგალითად, ვგეგმავ შევქმნა პრაქტიკოსი ადვოკატებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელთა მუშაობაც მიმართული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გავაძლიერებ რეგიონალურ ოფისებს. ვაპირებ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უფლებრივ გამოწვევებზე გადაადგილების, საკუთრების, ჯანდაცვის, სოციალური საკითხების მიმართულებით, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპატიმროებში პირთა მდგომარეობის საკითხებზე და ა.შ. ყველა საქმეში ვიქნები ჩართული თანაბრად, საქმის პოპულარობისა და გახმაურების ხარისხის მიუხედავად, იქნება ეს მსჯავრდებულთა საქმეებში ჩართულობა თუ სასამართლო მეგობრის მოსაზრების მომზადება. მნიშვნელოვანია ასევე დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით სახალხო დამცველის როლი და ზედამხედველობითი ფუნქცია, რომელიც მას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ფარგლებში გააჩნია.

შეიძლება ითქვას, რომ სრულად ვაპირებ მანდატის ფარგლებში განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც სახალხო დამცველს აქვს მინიჭებული სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით. და ბოლოს, ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ყველა უფლება იქნება თანაბრად პრიორიტეტული.

- უფრო დეტალურად, ნდობისა და პრაქტიკოსი ადვოკატებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიმართულებით როგორია თქვენი ხედვა?

- კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე გამოწვევებს ვხედავ ისევ და ისევ სახალხო დამცველის ანგარიშების გაანალიზების შედეგად და სწორედ ამ ანგარიშების შესაბამისად ჩანს თუნდაც აპარატისადმი მიმართვიანობის სტატისტიკა, რომელიც არ არის მაღალი. ვფიქრობ, აღნიშნული განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. მაგალითად, მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობით, ან თუნდაც შეუსრულებელი რეკომენდაციებით. ასევე, ამას შეიძლება ის გარემოება იწვევდეს, რომ ვინც აპარატს მიმართა და დასკვნა მიიღო, დასკვნის შემდეგაც ვერ მიიღო არსებითი გაუმჯობესება, რასაც ისევ რეკომენდაციების შეუსრულებლობამდე მივყავართ. რეკომენდაციების შესრულება კი დაკავშირებულია კონსტრუქციული თანამშრომლობის გაძლიერებასთან. შესაბამისად, საჭიროა მეტი მუშაობა, რომ ეს გამოწვევები წარმატებით იქნას დაძლეული. ანგარიშიდან გამომდინარე გვაქვს მოცემულობა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დღეს პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ აჟღერებს. შესაბამისად, ჩემი სამოქმედო გეგმა ორიენტირებული იქნება სახალხო დამცველის შედეგობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე, რაც ადამიანის უფლებების მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას გამოიწვევს.

ასევე, როგორც იცით სახალხო დამცველი ეროვნულ დონეზე ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. ეს ფუნქცია მას გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად აქვს. ამ უფლებამოსილების ფარგლებში სახალხო დამცველი მუდმივად ამოწმებს დაკავებული, ან პატიმრობაში მყოფი პირების (არა მხოლოდ მათი, თუმცა შეკითხვის ფარგლებში მხოლოდ ამ ნაწილს შევეხები) მდგომარეობას. სწორედ აღნიშნული ფუნქციის შესრულების გაძლიერების კუთხით განვიხილავ პრაქტიკოსი ადვოკატებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნას, ვინაიდან პრაქტიკოსი ადვოკატები არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში იცნობენ იქ არსებულ პრობლემებს და ამ შემთხვევაში მარტივად და სწრაფად მოხდება, როგორც პრობლემების იდენტიფიცირება, ასევე სწრაფი რეაგირება. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მყისიერად მოხდეს არამხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენა, არამედ მუშაობა პრევენციული ხასიათის იყოს.

- როგორ შეაფასებდით სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს პროცესი?

- სახალხო დამცველის არჩევა, დღეს პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციის პროცესთან, ამას ხაზს უსვამს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტში მისი არსებობაც. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესის ჯანსაღ ფორმატში წარმართვა და დამოუკიდებელ კანდიდატზე რეალური კონსენსუსი. დღეს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას აქვს პირდაპირი ვალდებულება, გვერდით გადადონ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და უპირატესობა ქვეყნის ინტერესებს მიანიჭონ. 21 ოქტომბრიდან პროცესში სახელისუფლებო რგოლის პასუხისმგებლობაც შემოვიდა. 21 ოქტომბრამდე კი პროცესების სიჯანსაღეზე პასუხისმგებელი სწორედ ოპოზიცია იყო. ამიტომ მქონდა მოლოდინი, რომ პროცესები წარიმართებოდა მაღალი სტანდარტით, რომელიც საჩვენებელი და სანიმუშო იქნებოდა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ პროცესები ხარვეზული იყო და არ იყო მიმართული რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი კანდიდატის წარდგენისკენ. დღესაც საკუთარ გამოსვლებში ოპოზიციონერი ლიდერები აპრიორი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან ყველა იმ კანდიდატს გვაკავშირებენ, ვინც რჩეულ შეთავაზებაში ვერ მოვხვდით. ეს ყოველივე ამ პროცესს და მისდამი ნდობას აზიანებს როგორც საზოგადოებაში ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მით უფრო, როდესაც კანდიდატთა შერჩევის პროცესი არ ყოფილა ღია დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის, რომ არა პარტია „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება, რომ ყველა კანდიდატის წარდგენა მოეხდინა. მე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მექნებოდა შესაძლებლობა წარდგენილი ვყოფილიყავი პარლამენტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ხედვებით, პროფესიული გამოცდილებით და დამოუკიდებლობის ხარისხით ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი და ძლიერი კანდიდატი ვარ. ჩემი ეს მახასიათებლები კი ცნობილია განსაკუთრებით იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც პირადადაც მიცნობენ და ჩემს საქმიანობას იცნობენ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, მხარდაჭერილი ვყოფილიყავი.

მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა პირველ რიგში, ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სჭირდებოდა, რათა შესაბამისი სახალხო დამცველი შერჩეულიყო. თითქოს ამ მიზნის მისაღწევად იყო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფი, რომელიც 9 წევრისგან დაკომპლექტდა, თუმცა გაუგებარია რა საჭირო იყო კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფი, თუკი მათ შეფასებებს არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა?!

- პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გასაუბრება უმეტესმა კანდიდატმა გაიარა. მათი ხედვების შესახებ უკვე ყველასთვის ცნობილია. მნიშვნელოვანია, როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს, რა მოლოდინები გაქვთ?

- ცალკე აღსანიშნავია ის, რაც ხდებოდა და ხდება კანდიდატების საკომიტეტო მოსმენაზე. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მოქმედებები ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, საკომიტეტო მოსმენების პირველი დღე უფრო ისტერია იყო, ვიდრე საგნობრივ დისკუსიაზე დამყარებული პროცესი. მეორე დღეს ნაკლები ისტერიულობა შეიმჩნეოდა, თუმცა მტრული გარემო ისევ იყო შენარჩუნებული. მომდევნო დღეებში უკვე შედარებით მშვიდი გარემო შეიქმნა. ვნახოთ რამდენად შენარჩუნდება ეს მდგომარეობა, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი კანდიდატია მოსასმენი. ერთიანობაში მრჩება განცდა, რომ კანდიდატების ნაწილის მიმართ, რომელთა კვალიფიკაცია იმთავითვე აღიარებული ჰქონდათ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობა იყო იმის გამო, რომ ამ კანდიდატებს თავისუფალი აზრი გვქონდა და გვაქვს. როგორც დავინახეთ ზოგიერთ კანდიდატთან მიმართებაში მეგობრული და მშვიდი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ხოლო ნაწილი კანდიდატების დისკრედიტაცია ხდება კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის კუთხით. მე პირადად, ბატონი ალუდა ღუდუშაურის აქტიური მცდელობით, რომელსაც გვერდს ბატონი ირაკლი შატაკიშვილი უმაგრებდა, არ მომეცა ჩემი პროფესიული ცოდნისა და ხედვების წარმოჩენის შესაძლებლობა, ვინაიდან ფაქტობრივად, წარსულში ჩემს მიერ, როგორც მოქალაქის მიერ გაკეთებული პოსტების გამო შეტევა ხდებოდა და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა იყო. ამასთან, ის რომ ადამიანს აქვს აზრი, არ ნიშნავს, რომ ის არის სუბიექტური ან მიკერძოებული. პირიქით, სწორედ ის არის პროფესიონალიზმი, როდესაც შეგიძლია აბსტრაჰირება საკუთარი პოზიციიდან და იმ სტატუსის და მოვალეობის შესაბამისად მოქმედება, რაც შენ მიერ დაკავებულ პოზიციას გააჩნია. მთლიანობაში მრჩება განცდა, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებელი და კვალიფიციური კანდიდატის შერჩევას, ანუ ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

მიუხედავად პროცესის ხარვეზიანობისა, მაქვს მოლოდინი, რომ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია მაინც შეძლებენ ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებას, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამოსვლას და ჯანსაღი არჩევანის გაკეთებას. იმედს ვიტოვებ, შეძლებენ მხარი დაუჭირონ რეალურად დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ, კვალიფიციურ და პროფესიონალ, ადამიანის უფლებების ერთგულ კანდიდატს და ამით ჩვენ, ყველა ერთად, წინ, ევროპული ოჯახისკენ გადავდგამთ ნაბიჯს, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვაპოვებინებს.

თუკი პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას შეძლებს და დამოუკიდებელი და კონსენსუსის ფარგლებში, კვალიფიციური სახალხო დამცველის შერჩევას მოახდენენ, ნამდვილად მაქვს სახალხო დამცველის მანდატის მიღების მოლოდინი.

- როგორია თქვენი ხედვები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავია სახალხო დამცველის არჩევის საკითხს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით?

- ამჟამად მეშვიდე სახალხო დამცველის არჩევა ხდება და ამ შემთხვევაში მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევა არ ხდება, არამედ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროცესი, ვინაიდან სახალხო დამცველის როგორც შერჩევის პროცესი, ასევე თავად ღირსეული სახალხო დამცველის არჩევა პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციის პროცესთან. ამ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტში მე-12 პუნქტად სწორედ სახალხო დამცველის არჩევის საკითხის არსებობა. ამ ვალდებულების შესაბამისად, თავად არჩევნების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო ომბუდსმენად შერჩეული უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და კვალიფიციური პირი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის არჩევა და აღნიშნული 12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება კავშირშია ასევე პირველ პუნქტთან, რომელიც დეპოლარიზაციის შემცირებაზე აკეთებს აქცენტს. შესაბამისად, სახალხო დამცველის კანდიდატზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მისი შესრულებისკენ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც მოხდება. სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა მხარე შეძლებს ამ პროცესის მნიშვნელობის გაანალიზებას და სწორად მოქმედებას.

- იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმას სახალხო დამცველობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს და შესაბამისად, ომბუდსმენის არჩევა ვერ მოხდება, როგორ აისახება ეს ევროკავშირის პასუხზე - მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი?

- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღის ვადაში არჩევის პროცედურა ხელახლა უნდა დაიწყოს და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ ისევ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი იმოქმედებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყება. იგივე გზა ექნება გასავლელი ყველა კანდიდატს, რომელიც ახალ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებს. სავარაუდოდ, ამ პროცესს, კიდევ დასჭირდება თვე-ნახევარი, რაც უკვე დეკემბრის ბოლოა. პროცესის დეკემბერში გადატანა ორ პრობლემას ქმნის - ერთი არის ის, რომ 8 დეკემბრიდან სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება, ქვეყანა სახალხო დამცველის გარეშე დარჩება და მისი მოვალეობის შესრულება მოადგილეს მოუწევს და მეორე ის, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს, ანუ 16 დეკემბერს ასრულებს და საჭირო იქნება რიგგარეშე სესიის მოწვევა, ან საგაზაფხულო სესიამდე ქვეყანა ომბუდსმენის გარეშე იქნება. პროცესის გაჭიანურება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში უკიდურესად დაზიანდება ქვეყნის ინტერესები, რაზეც პასუხისმგებლობა უფრო მეტად მმართველ პარტიას დაეკისრება, ვიდრე ოპოზიციას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კონსენსუსის საფუძველზე, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის ინტერესებიდან ამოსვლით შეირჩეს დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახალხო დამცველი, რომლის საშუალებას დღეს არსებული არაერთი კანდიდატი სრულად იძლევა.

მარიამ ხვედელიძე

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს