ქობულეთში სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

“ხელები შორს, ხალხის საკუთრებისგან” - ამ ლოზუნგით ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს.
მათი თქმით, სოფელ ბობოყვათში სანაპიროსთან მიწის ნაკვეთი წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა სახელმწიფომ 2004 წელს ჩამოართვა და მას შემდეგ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.
ქობულეთის სასამართლოსთან შეკრებილებმა განმარტეს, რომ სახელმწიფომ აღნიშნული ტერიტორია ბიზნესმენზე გაასხვისა, რაც მათთვის მიუღებელია.
„წინაპრებმა ორი იმპერიის მმართველობის დროს, სასამართლო ხელისუფლების გზით აღიდგინეს საკუთრების უფლება, თუმცა ახლა ხალხს "ოცნების" იმპერიის სასამართლოსთან ბრძოლა უწევს. იმ "ოცნების", რომელმაც გაუყიდა და გაუსხვისა წინაპართა საკუთრება. ეს ინვესტიცია კორუფციული გარიგების ნაწილია, ამიტომ მივმართავთ, საგამოძიებო ორგანოებს, საკითხის დაინტერესებით”,- აცხადებენ შეკრებილები.
























