ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2022

თენგიზ ფხალაძე - “ვჩანვართ როგორც პოლიტიკურად უმწიფარი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს კონცენტრირებას ეროვნულ ინტერესებზე”

ერთიანი სია, ახალი პარტიის შექმნა, თუ რამე სხვა - ოპოზიცია გაერთიანების ფორმებზე მსჯელობს, მაგრამ ჯერ ვერ თანხმდება

ვახტანგ კაპანაძე - “პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის”

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - ოპოზიციის ფავორიტები და „ოცნების“ პოზიცია

მამუკა არეშიძე - “თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ვჩანვართ როგორც პოლიტიკურად უმწიფარი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს კონცენტრირებას ეროვნულ ინტერესებზე”

“ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა, შესაბამისად, შევეცდები ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორ ჩანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადმოსახედიდან. საიმედოს ვერაფერს გეტყვით, მათთვის აშკარაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის განცხადებები თუ მოქმედება მთავარ თემებზე სულაც არ არის ორიენტირებული, მეტიც, ამ უმნიშვნელოვანეს თემებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური, უფრო მეტიც, პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ. სამწუხაროდ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი თუ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს გამჭვირვალობაზე, ჩართულობაზე, პარტიული კარნახისგან თავისუფალ გადაწყვეტილებებზე... კიდევ ბევრი საკითხია, რომლებიც ბუნდოვანი და გაუგებარია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ყველაზე მთავარი და უარყოფითი ის არის, რომ ვჩანვართ როგორც პოლიტიკურად უმწიფარი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს კონცენტრირებას ეროვნულ ინტერესებზე”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემული ინტერვიუში, სათაურით “პუტინს ფობიები ტანჯავს, ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება...”

“ეს არის ყველაზე მძიმე და შემაშფოთებელი. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, საქმე შეეხება არა მარტო ამა თუ იმ პუნქტის თუ ვალდებულების შესრულებას, ან უარესი, შესრულების იმიტირებას, არამედ მთლიანად იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ევროპულად, რაც ქვეყანაში მის ინკლუზიურობასა და ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას ნიშნავს. აი, ამის დანახვა სურთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ხედავენ... ნიკა გვარამიას ამბავიც სწორედ იმის გაგრძელებაა, რაზეც უკვე ვილაპარაკე. უშუალოდ გვარამიას საქმის სამართლებრივ დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, კითხვები ისმის ასე: გვარამია რომ არ იყოს პოლიტიკურად აქტიური, დადგებოდა კი დღის წესრიგში საქმის აღძვრა ან გამოიტანდნენ კი ამგვარ განაჩენს? ამასთანავე, იმავე შედეგით დასრულდებოდა თუ არა ყველა სხვა მოქალაქეებისთვის სასამართლო, რომლებიც ანალოგურ ქმედებას სჩადიან? აი, ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, უფრო მეტ ეჭვსა და ვარაუდს აჩენს. ამიტომაც მოვისმინეთ მწვავე შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ფაქტია, რაც მოხდა, ამან ვერ გაამყარა ქართული მართლმსაჯულების სანდოობა, ვერც სიკეთე მოიტანა ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ აზიანებს ქვეყნის პოლიტიკურ რეპუტაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ევროკავშირში ჩვენთან დაახლოების მზადყოფნა არის. მზადყოფნა იყო მაშინაც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება განიხილებოდა და ჩვენ რომ არ დაგვეშვა შეცდომები, საქართველოს დღეს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა. ის, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი, ჩვენ კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ კიდევ გვაქვს სტატუსის მიღების შესაძლებლობა, როგორც კი შევასრულებთ იმას, რაც შესასრულებელია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიდის. ჩვენ თუ ეს მცირე დროც დავკარგეთ იმისთვის, თუ როგორ მოვიფიქროთ მიზეზები მარცხის შემთხვევაში და ვიმართლოთ თავი, გამოდის, მართლაც მარცხისთვის ვყოფილვართ განწირული. ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც თავისი კულტურით, ისტორიით, ღირებულებებით და გაღებული მსხვერპლით იმსახურებს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც, პასუხად კი უმადურობას იღებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაღა დაგიმალოთ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა ძალიან გამიხარდა. სხდომის გამართვა კარგა ხანია საჭირო იყო. სხდომის შემდგომ საჯაროდ ითქვა, რომ სასწრაფოდ გასაახლებელია კონცეპტუალური დოკუმენტები, იქნება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის და ნონსენსია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანა ამის გარეშე ცხოვრობს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუ ეს პროცესი ნამდვილად დაიძვრება და დაიწყება მუშაობა. დღეს ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, საფრთხეები მზარდია, ამიტომაც ამ დოკუმენტების შემუშავება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უპირველესი ამოცანაა”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე _ “სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები პრაღაში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში მიიწვია. აშკარაა, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში...” - პასუხობს:

“უკრაინაში პოზიციების დაკარგვის კვალდაკვალ, რუსეთი სუსტდება, რაც აისახება ყველაფერზე, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფლიქტში რუსეთის ნეგატიური როლი საკმაოდ დიდია, მისი დასუსტება კრემლის გავლენის “შემსუბუქებასაც” ნიშნავს. ამის მაგალითი იყო სოჭში შეხვედრა, რომლის შემდეგაც არაფრისმთქმელი განცხადება გაავრცელეს. დღეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს სულ სხვა პროცესი, რომელშიც აქტიურად ერთვება ევროკავშირი. ლაპარაკია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის მისიის შესვლაზე. ასევე აქტიურობს აშშ-ც. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც პრაღაში მოხდა, დიდი ნაწილი უცნობი დარჩა ქართველი საზოგადოებისთვის”.

“პრაღის შეხვედრა ნაწილი იყო იმ დიდი სამიტისა, რომელიც პირველად გაიმართა ამ ფორმით. ეს იყო ერთგვარი ძალის მოსინჯვა ახალი ტიპის ევროპული გაერთიანებისთვის, იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი ევროპა. სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ევროპული ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი სესიის, რომელიც უსაფრთხოებას შეეხებოდა, თანათავმჯდომარე საქართველო იყო. ჩემი შეფასებით, პრაღაში უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. ნამდვილად მიხარია, რომ მასში საქართველო არა მარტო მონაწილეობდა, არამედ თავისი როლიც ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს, მით უფრო, როდესაც ლაპარაკია აზერბაიჯან-სომხეთის საკითხის გადაწყვეტაზე. მერწმუნეთ, ეს პრობლემა თანდათან მოგვარდება რეგიონზე რუსეთის გავლენის შესუსტების კვალდაკვალ... ბოლოს და ბოლოს, რუსეთს მოუწევს ამ რეგიონის დატოვება და აქ გაძლიერდება დასავლური ვექტორი, ასევე ევროკავშირისა და თურქეთის გავლენა. ამ პროცესში ჩვენ არ უნდა დავრჩეთ თამაშგარედ და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“რაც შეეხება ომს უკრაინაში, აშკარაა, რომ უკრაინის უპირატესობა იზრდება, რასაც ოკუპანტებიც გრძნობენ. მობილიზაცია რუსეთისთვის სრული კრახი იყო. ამიტომაც გამოაცხადა პუტინმა მისი დასრულების შესახებ. მიხვდა, რომ ეს ვერ მოუტანს ვერც სამხედრო წარმატებას და ვერც ქვეყანაში პოლიტიკური სახის დივიდენდებს. რუსეთში ვითარება ძალზე მძიმეა, ძალოვან უწყებებს შორის დიდი დაპირისპირებაა. თუკი ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი, უპირველესად უნდა ვიკითხოთ, როგორი იქნება ზამთარი რუსეთისთვის, ამ ორიოდე დღის წინ საინტერესო რამ მოხდა _ სელექტორულ თათბირზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შუქი ჩაუქრათ, რაც ძალიან ნიშანდობლივი რამ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოს გაყინვითა და შიმშილით ამოხოცვით ემუქრება. პუტინს ძალზე შეუმცირდა იმ პირების რიცხვი, რომლებთანაც პირადად ურთიერთობს. უმეტესად ონლაინ უძღვება მთავრობის სხდომებსა თუ სხვა თათბირებს. როგორც ჩანს, მას ფობიები უტევენ და ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება. რაც შეეხება ევროპულ ზამთარს, როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ევროპას გაზის მარაგები, ფაქტობრივად, 100%-ით შევსებული აქვს, რაც არა მარტო ამ ზამთარს ეყოფა, არამედ მის შემდეგაც... ამასთანავე, ევროპის ენერგობაზარი გაცილებით უკეთესად არის დღეს დივერსიფიცირებული, ვიდრე ომის დაწყებისას იყო და ამაშიც აქვს საქართველოს თავისი როლი. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაორმაგებაზეა ლაპარაკი, რაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე არ გამოვა”, - ამბობს რესპონდენტი.

“ამის გარდა, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები შევიდა ძალაში და კიდევ ერთი პაკეტი ახალ წლამდე შევა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, განსაკუთრებით მისი ნავთობმრეწველობისთვის. იცით, რომ რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს მძიმე და სამხედრო მრეწველობაში, იმდენად რთული მდგომარეობა აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეტანაზე გააფორმა ხელშეკრულება. კრემლს უჩნდება პრობლემები ჩინეთთანაც, რომელიც მოკავშირედ მიაჩნდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებს სერიოზული პრობლემები შეექმნა მთელ მსოფლიოში სწორედ იმ პოლიტიკური პოზიციის გამო, რაც რუსეთთან დაკავშირებით აქვს. შედეგად რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. უკრაინისთვისაც ეს ზამთარი რთული იქნება და ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ქვეყანაში ომია, მაგრამ პარალელურად იზრდება დასავლეთის დახმარების პაკეტები, მათ შორის აშშ-დანაც. ამ პაკეტებში იგულისხმება არა მარტო ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარებაც, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითაც. იმპერია ნამდვილად სუსტდება, მაგრამ დღეს რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი”, - დასძენს ფხალაძე.

ერთიანი სია, ახალი პარტიის შექმნა, თუ რამე სხვა - ოპოზიცია გაერთიანების ფორმებზე მსჯელობს, მაგრამ ჯერ ვერ თანხმდება

“დროას”, “სტრატეგია აღმაშენებელისა” და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ერთიანი სიის იდეის საპირწონედ “ლელომ” ახალი იდეა წამოაყენა პარტიების გამსხვილების შესახებ. ოპოზიციის ნაწილი ამ იდეის განხორციელებაში რისკს ხედავს. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ, ზოგადად, პარტიების გაერთიანება “შარიანი საქმეა”, რადგან როცა ერთიანდებიან, შესაძლოა ერთი პარტიის ამომრჩეველს გაერთიანებაში მყოფი რომელიმე სუბიექტი არ მოსწოდეს და საერთოდაც ხმის მიცემაზე უარი თქვას. “ლელოს” დეპუტატ დავით უსუფაშვილის აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საჭიროა პარტიების გამსხვილება - რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლა და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის ჩამოყალიბება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ უსუფაშვილის ეს მოსაზრება ენმ-საც ეხება, ეს კარგი იდეა არაა: ამ გზით შექმნილ ახალ პარტიას გაცილებით ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას და ეს “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელიც ცდილობს ყველა უხერხულ პარტნიორს “ნაციონალების” იარლიყი მიაწებოს, რითაც მეტოქეს იშორებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ერთიანი სია, ახალი პარტიის შექმნა, თუ რამე სხვა - ოპოზიცია გაერთიანების ფორმებზე მსჯელობს, მაგრამ ჯერ ვერ თანხმდება.

“ტაქტიკური თვალსაზრისით ერთობა როგორ უნდა მოხდეს, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ. “ლელოსთან” ბევრი გვაქვს ნამსჯელი და უბრალოდ, საბოლოო პასუხი ვერ გავიგე მათ პოზიციებთან დაკავშირებით. ღია და გახსნილი ვართ ყველა მოდელზე მსჯელობისთვის, მთავარი ერთობაა”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ფორმით წარმოუდგენია ოპოზიციის ერთობა და რას ფიქრობს უსუფაშვილის მოსაზრებაზე. “კობახიძე პირდაპირ გვესხმის თავს, რადგან მას ჩვენი ერთიანობის ეშინია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ადამიანების მეორე კატეგორია ფიქრობს, უნდა ჩაერთონ თუ არა ამ ერთიანობაში. დარწმუნებული ვარ, სწორედ საზოგადოების ძალისხმევით ჩვენ მათ დავარწმუნებთ. მესამე კატეგორია - გამოიკვეთა დაბოღმილების ჯგუფი. რატომ იბოღმებიან? დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. თუ ვინმე ერთიანობის გარდა უკეთეს გზას გვაჩვენებს, მზად ვართ მოვუსმინოთ და იმ გზაზე წავიდეთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ოპოზიცია დაიშალოს და “ვეღარ აეწყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს. პარტიების გაერთიანება შარიანი საქმეა. “საერთოდ, პარტიების გაერთიანება შარიანი რამაა. როცა პარტიები ცალკ-ცალკე არიან, თავის ამომრჩეველი ჰყავთ. როცა ერთიანდებიან, შესაძლოა ერთი პარტიის ამომრჩეელს მეორე პარტია არ მოსწონდეს და ხმის მიცემაზე საერთოდ უარი თქვას. გაერთაინების შემთხვევაში შეიძლება ნაკლები ხმა მიიღონ, ვიდრე ახლა თითოეულმა ცალკ-ცალკე. ერთი და იგივე ტიპის პარტიებს ალბათ ერთი და იგივე ტპის ამომრჩეველი ეყოლებათ და ასეთი გაერთიანება (“დროა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”) გამორიცხული არაა, მაგრამ “ლელო” “ნაციონალებიდან” მეტ-ნაკლებად შორს მყოფია და ენმ-დან წამოსულ პარტიებთან მისი გაერთიანება სარისკოა, რადგან ძალიან განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავთ”, - თქვა საყვარელიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის კი ამბობს, რომ თუ საუბარია წვრილი პარტიების გაერთიანებაზე, ეს ცუდი იდეა არ არის, რადგანაც ასეთი გამსხვილება ამ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას გაუადვილებს. თუმცა, თუ ამაში ენმ-ც მოიაზრება, ასეთ გამსხვილებას აზრი არ აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“უსუფაშვილს ვუსმინე, მაგრამ ბოლომდე ზუსტად ვერ დავადგინე - როდესაც ნათქვამი იყო, რომ დავიშალოთ და ერთ სუბიექტად ჩამოვყალიბდეთო, აქ მოიაზრებოდა თუ არა იგივე “ნაცმოძრაობა”. თუ ენმ მოიაზრება, აზრი არ აქვს, მაგრამ თუ “ლელო” იმას გულისხმობს, რომ ეს იდეა წვრილ პარტიებს შორის უნდა განხოციელდეს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს ერთადერთი გზაა, რომ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ დაუდგეთ. ვთვლი, რომ დიდ გაერთიანებას აზრი არ აქვს, ის ოპოზიციას არაფერს არ მოუტანს. იპოზიციას ისეთი გაერთიანება მოუტანს სარგებელს, თუ ორი ძირითადი პარტიის (ენმ და „ოცნება") გვერდით თუნდაც ორი ან სამი სუბიექტი გაჩნდება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა შეეძლება. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ რეალურად კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ოპოზიციას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს”, - გაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ასეთ თემებზე საუბრისას ამოსავალი წერტილი ელექტორატის განწყობები უნდა იყოს და არა ის, თუ ვის რა უნდა და რა აწყობს. ელექტორატი სამ ძირითად ნაწილად იყოფა - “ქართული ოცნების” და ენმ-ს მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, სწორედ ამ ჯგუფზეა სამუშაო. ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვისაც შედეგს ის მოიტანს, მესამე ძალა თუ შეიქმნება, ერთი, ან რამდენიმე, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნებათ. “ლელო” თუ ამას მოიაზრებს, მაშინ ეს სწორი გზაა და აბსოლუტურად ვიზიარებ, მაგრამ თუ სხვაგვარად ფიქრობენ, რომ ერთი დიდი გაერთიანება უნდა შედგეს, მაშინ ეს შედეგს არ მოიტანს. შემდეგ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: დღევანდელი პოლიტიკური ლიდერებიდან ვიღაცეებმა ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიწიონ, რადგან მათ მიმართ ელექტორატი ცოტა მწყრადალაა განწყობილი; ვიღაც კულისებში უნდა დარჩეს; მედია უნდა გადაჯგუფდეს (ოპოზიციურ ტელევიზიებს ვგულისხმობ), თემატიკა უნდა შეიცვალოს, ახალი თემები უნდა შემოვიდეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“საქართველოში თითქმის ყველას გაუგონია, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და “ოცნება” რუსეთისკენ მიდის და ა.შ. ამის მუდმივად გამეორებას აზრი არ აქვს. დრამატურგიული წესი არსებობს, რომ როცა ერთსა და იმავეს ხშირად იმეორებ, ის სასაცილო ხდება. ოპოზიცია ამ ფარგლებში უკვე შევიდა. კრიტიკის წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ ლაპარაკი, რომ ოლიგარქს სანქციებს დაუწესებენ და ა.შ... ეს შიდა ელექტორატზე არ მუშაობს. თუ ამომრჩეველთან რეანიმირებულ თუ გამსხვილებულ ძალას სალაპარაკოდ ისევ ეს თემები დარჩება, 5%-იან ბარიერს რა თქმა უნდა ვერ გადალახავს. იმაზე უნდა ილაპარაკოს, მოსახლეობას რა პრობლემებიც აქვს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“როცა საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილმა და „ოცნებამ" ხალხს იმედები გაუცრუვა, ამომრჩეველს რისი იმედები და მოლოდინებიც მაშინ ჰქონდა, ეს უნდა ამოსწიონ, დაამუშავონ და ამისი პროპაგანდა დაიწყონ. ასეთ ვითარებაში, ჩემი აზრით, შანსები ჩნდება. პრაიმერისი კი არა, გამოკითხვა უნდა ჩატარდეს არა იმაზე პრემიერი ვინ იქნება, არამედ იმაზე, თუ დღევანდელი მოცემულობით ვის რა რეიტინგი აქვს. გასული საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების კვლევები უნდა ჩატარდეს. ცესკოს მონაცემებს უნდა გადახედონ და დაახლოებით უნდა იფიქრონ გაყალბება რამდენპროცენტიანი იქნებოდა და აქედან გამომდინარე უნდა დაინახონ ელექტორატი როგორ მოძრაობს და საიდან სად მიდის და სამუშაო გრაფიკი და გადაჯგუფება ამის მიხედვით ააგონ. ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს”, - დასძენს ძაბირაძე.

ვახტანგ კაპანაძე - “პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის”

“რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებიდან ჩანს, რომ ხერსონიდან გასვლას კი არ აპირებს, პოზიციების გამაგრებისთვის ემზადება. ის გადაადგილებები და განცხადებები კი უფრო სამხედრო ფანდია და უკრაინისა და მისი მოკავშირეების შეცდენა აქვს მიზნად. რუსეთს ხერსონის მიმართულებაზე თავმოყრილი ჰყავს ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები, მდინარის მარცხენა ნაპირზე დაცვის ზღუდეებს აძლიერებს და ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაც დაიწყო, რაც მხოლოდ მათზე ზრუნვას კი არა, ინფორმაციის გადინების შემცირებასა და საკომენდანტო სამსახურის გაძლიერებას ემსახურება. თუ მოსახლეობას გაიყვანს, მათი მომარაგებით უზრუნველყოფა არ დასჭირდება და რაიონს მხოლოდ სამხედრო დანიშნულება ექნება. ამასობაში კი რუსული პროპაგანდა ხერსონს “გამარჯვებულ რაიონად” გამოაცხადებს”, - აცხადებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის”.

“სამხედროები მიტოვებულ სახლებს იკავებენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქუჩებში ბრძოლისთვის მომზადებას აპირებენ - მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჯგუფდებიან და ხერსონისთვის იბრძოლებენ. ის რთული რეგიონია, ძირითადი ძალებისგან დნეპრი აშორებს. ამიტომაც აირჩიეს რუსებმა მარჯვენა ნაპირი, ბუნებრივი ზღუდე აქვთ. ვფიქრობ, პოლიტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ ადრევე უნდა დაეტოვებინათ, მით უფრო, თუ იქიდან ოდესასა და ნიკოლაევზე შეტევას არ აპირებდნენ. თუკი მხარეებს შორის რაღაცის დასათმობად მოლაპარაკება დაიწყება, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ უკრაინა ყირიმი-ლუგანსკი-დონეცკს აღიარებს... ამიტომაც სჭირდება რუსეთს ზამთარი, ზეწოლა ევროპაზე ლობისტების ჩართვით და მძიმე ენერგეტიკული პირობებით. მდიდარ ქვეყნებს მარაგები აქვთ, მაგრამ ზოგს შედარებით სუსტი ეკონომიკა აქვს, ისინიც ევროკავშირის წევრები არიან, სადაც რუსული ლობი ძლიერია. შეიძლება ამ ქვეყნებმა უკრაინაზე ზეწოლა სცადონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ხერსონი უკრაინის ტერიტორიას ყირიმისგან აშორებს და რუსეთი სახმელეთო დერეფნად იყენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, ის შემდეგი შეტევებისთვის სამხედრო პლაცდარმი იქნება. მოლაპარაკებამდე თუ მივიდა საქმე, მსუყე ლუკმის სანაცვლოდ დათმობს, განსხვავებით კახოვკისა და ზაპოროჟიესგან, საიდანაც ყირიმი წყლით მარაგდება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხერსონის გარშემო საქმე მარტივად არ არის - სევეროდონეცკს თუ არ ჩავთვლით, რომელიც უფრო თავდაცვითი ხასიათის იყო და უკრაინელებისთვის უშედეგო აღმოჩნდა, ქალაქში ბრძოლის, შტურმით აღების გამოცდილება არა აქვთ. ცალკეულ აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, არც ეტყობათ, რომ ხერსონის შეტევისთვის ემზადებიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქალაქში ბრძოლები კი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ეს არის ბლოკირება, მომარაგების ხაზების მოკვეთა, შიდა ბრძოლა, რომელიც ასევე ოთხი შიდა დონისგან შედგება, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და სახურავსაც მოიცავს. გასათვალისწინებელია ზამთრის მოახლოებაც და შემოდგომაც, ხშირად ნისლია, რაც ხილვადობას ართულებს, გართულებულია შენიღბვისა და ფარული გადაადგილების შესაძლებლობები. იმის თქმა, რომ ზამთარში ტალახში მძიმე ტექნიკას გადაადგილება გაუჭირდება, სისულელეა - 21-საუკუნეში მაღალი გამავლობის მანქანებისა და ჯავშანტექნიკისთვის ტალახი პრობლემას არ წარმოადგენს... რაც შეეხება ბელორუსს, მათი სამხედროების უკრაინაზე­ შეტევა ნაკლებად მოსალოდნელია, თუნდაც იმიტომ, რომ 40-ათასიან ჯარში სამანევრო კომპონენტი 20 ათასი ან ნაკლები იქნება. არც ბრძოლის მოტივაცია აქვთ მაღალი. შესაძლოა ბელორუსში რუსული სამხედრო დაჯგუფება შეიქმნას. ამისთვის რუსული კომპანიების დაფინანსებით სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია მოხდა და დიდი რაოდენობით ეშელონების მიღება შეუძლიათ. მიმდინარეობს სასწავლო ცენტრებისა და ბაზების მშენებლობა. 20 ათასამდე რუსი სამხედრო უკვე შეყვანილია. გადაწყდა უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე 70 ათასი სამხედროსგან შემდგარი დაჯგუფების განთავსებაც. შესაძლოა მათში ბელორუსებიც არიან, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას იქ დიდი სამხედრო ძალის მობილიზება მოუწევს”, - ამბობს გენერალ-მაიორი.

“კიევზე იერიშს გამოვრიცხავ, მაგრამ უკრაინული ძალების დაქსაქსვისთვის რუსეთი ყველაფერს გააკეთებს. თუ რუსები ავდეევკა-უგლედარი-ბახმუტის მიმართულებით მეტრობით მიიწევენ წინ, პავლოვკასთან, სლატოვოსა და კრემენოისთან უკრაინელებს აქვთ წინსვლა, ოღონდ დიდ წარმატებას ვერც ისინი აღწევენ. ორივე მხარე ცდილობს ზამთრის დადგომამდე დრო მაქსიმალურად გამოიყენოს, მერე კი “ოპერატიული პაუზა” აიღოს. ეს უკრაინას ძალიან სჭირდება. ბოლოდროინდელი კონტრშეტევის შემდეგ რუსებივით სულელურად არ უნდა მოიქცნენ - ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსებმა ოპერატიული პაუზა არ აიღეს, შედეგად კი უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და უკანაც დაახევინეს. უკრაინას აჩქარება არ სჭირდება. ზამთარი როგორმე უნდა გადააგორონ, ეს დრო რეზერვების დაგროვებისა და გაზაფხულზე კონტრშეტევისთვის უნდა გამოიყენონ. რუსეთი კი ეცდება ეს დრო სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად გამოიყენოს, პარალელურად, ბახმუტი-უგლედარის აღება სცადოს, პოზიციები უკვე გამაგრებული აქვთ. იმდენად არიან ამაზე გადართული, თავდაცვის მთავარ რაიონზე, კრამატორსკი-სევერკისზე გასვლას არც ფიქრობენ, თუმცა მცირედი წინსვლით ამასაც რომ მიაღწიონ, წარმატებად ჩაეთვლებათ.ფრონტი ათას კილომეტრზე მეტ ფართობზეა გადაჭიმული. ბოლო ხანებში რუსეთს უამრავ ადგილზე ჰქონდა “ღრიჭო”, რაც ნაწილობრივი მობილიზაციის დამსახურებით ამოავსო. ამიტომაც შეფერხდა უკრაინელების მოქმედებები”, - განმარტავს ვახტანგ კაპანაძე.

“რუსეთმა ხარისხი ვერა, მაგრამ თავდაცვის სიღრმე და სიმჭიდროვე რაოდენობრივად გაზარდა. 300 ათასი კაცი მოაგროვეს მობილიზაციით და ამ ხაზზე გადაანაწილეს. ამას დაემატება საშემოდგომო გაწვევა და მთლიანობაში, 500 ათასი კაცი გროვდება. შესაძლოა მომავალ წელს ისევ გამოაცხადოს მობილიზაცია, რაც 300-400 ათასი კაცისგან შემდგარ ცოცხალ ძალას ნიშნავს. ეს კი, სულ თითო ცალი ავტომატი რომ დაურიგონ, ცოტა არ არის. რუსეთს “ზამთრის ეფექტი” ასე წარმოუდგენია: პუტინი ელოდება, რომ უკრაინის მოსახლეობა ბოლო დროს დაწყებულ იერიშებს, რომელთა სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია, ვერ გაუძლებს და ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას მოსთხოვს. რაც შეეხება აღჭურვილობასა და მომარაგებას, რუსეთი ყოველთვის იპოვის ქვეყნებს, რომლებისგანაც ამუნიციის ყიდვას შეძლებს. საბჭოთა კავშირის დროინდელი სამობილიზაციო რეზერვები გაანიავეს, აღარ სჭირდებოდათ და ნაწილი გაიყიდა, დანარჩენი კი კორუფციას შეეწირა, ზოგიც გაფუჭდა. ვიცი, რუსების სამხედრო გაწვევის ცნობაში წერია, რომ თავად უნდა შეიძინონ სამხედრო ფორმა და ისე უნდა გამოცხადდნენ სამხედრო პუნქტში. ეს განვითარებული ქვეყნებისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ სამხედრო საქმეში არის ასეთი ცნება - რაოდენობა ხარისხის კატეგორიას იძენს. ათ ცუდად მომზადებულ და აღჭურვილ ადამიანს თუ ავტომატებს დაურიგებენ, ერთ მიმართულებაზე შეიძლება იგივე საქმე გააკეთონ, რაც ერთმა კარგად აღჭურვილმა და პროფესიონალმა სამხედრომ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ისტორიულად რუსეთს ადამიანურ დანაკარგზე რეაქცია ნაკლებად აქვს. ჟუკოვის ცნობილი ფრაზა, ქალები ისევ გააჩენენ ბავშვებსო, ისევ აქტუალურია. ასეთია რუსეთის მოსახლეობის ფსიქოლოგია. თუმცა ის მხოლოდ რუსებისგან ხომ არ შედგება - ნაციონალურ რეგიონებში, დაღესტანში, ბურიატიაში, ჩუვაშეთში ეს დანაკარგი მტკივნეულად აღიქვეს. თუმცა ის თანხა, რომელიც ოფიციალურად არის გაცხადებული ომში წამსვლელთათვის, 3 ათასი დოლარი, იმ უკიდურესად ღარიბი რეგიონების მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს. ჯერ მხოლოდ 400 დოლარი მისცეს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ პროტესტი მასშტაბური არ გამხდარა. მოსახლეობა პროპაგანდის მსხვერპლია და სინამდვილე ბევრმა არ იცის. დაღუპულთა ოჯახებიც მოატყუეს, ზოგს სიმბოლური თანხა მისცეს, ზოგს კი არაფერი. ცენტრალურ რეგიონებსა და ქალაქებში, მაგალითად, მოსკოვისა და პეტერბურგის ოლქებში, ხმაურს ერიდებიან და შედარებით კეთილსინდისიერად იქცევიან, მაგრამ სხვაგან მოატყუეს. რუსეთს აღჭურვილობაც ძალიან უჭირს, მისი შეძენა ხელახლა უწევს, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთი ომში სამხედროებს ვერ უშვებსო, არასერიოზულია”, - თვლის გენერალ-მაიორი.

“შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებს არ კმარა. ვგულისხმობ სამოქალაქო და სტრატეგიული ობიექტების დაცვას, თორემ მთელი ქვეყნის ცა ვერ დაიხურება. გერმანული საზენიტო-სარაკეტო IღIშ-თ მოდელის დანადგარებმა 100%-იანი შედეგი აჩვენა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი ერთეული მიიღეს, ამიტომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ. ეს მაშინ, როდესაც რუსეთი მხოლოდ ირანულ დრონებს კი არა, ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს ერთდროულად იყენებს... უკრაინას გაზაფხულისთვის ჯავშანტექნიკაც დასჭირდება დიდი კონტრდარტყმებისთვის. სამხედრო ტექნიკას, რომელსაც ახლა იღებენ, მხოლოდ დანაკარგის შესავსებად იყენებენ, ახალი დაჯგუფების შექმნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ლენდ-ლიზის პროგრამა ამოქმედებულია, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ომი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. ევროპაში ასეთი მასშტაბის საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ასე რომ, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე ვსაუბრობთ, ეს მოხდება მაშინ, როდესაც პუტინი ჩიხში მოექცევა. მას კი ჯერ აქვს რესურსი. ზამთარი წინ არის, შეუძლია ისევ გამოაცხადოს მობილიზაცია, ბელორუსიც მხარს უჭერს და სხვა უჩინარი დამხმარეებიც ჰყავს. პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის. ის პოლიტიკურად დამარცხებულია, ყველამ ზურგი შეაქცია, მისი წონა და სტატუსი დაქვეითდა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ დასამარცხებელია”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - ოპოზიციის ფავორიტები და „ოცნების“ პოზიცია

“საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება. ქვეყანა ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტის 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ამ პროცესში „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებლად დამტკიცებისთვის საკმარისი ხმები არცერთ საპარლამენტო ჯგუფს აქვს. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანი არ არის. თავის მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას” სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს “სამოქალაქო სექტორის” მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატიდამ, რადგან მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ ამ კანდიდატებს ენდობა. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ფავორიტებს, ვის დაამტკიცებენ მინიმუმ 90 ხმით, მმართველ გუნდში პერსონალურად ჯერ ვერავისზე საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გასაუბრების ეტაპმა გამოავლინა რამდენიმე პრეტენდენტი, რომელმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - ოპოზიციის ფავორიტები და „ოცნების“ პოზიცია.

“ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტი ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა. ახლა ჯერი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს. კანდიდატთა 19-კაციანი სია უკვე შემცირდა, მათი ნაწილი პროცესს თავად გაემიჯნა. 30 სექტემბერს პარლამენტმა იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომელთაც სახალხო დამცველობის სურვილი გამოთქვეს. საწყისი სია 19-კაციანი იყო და მათ შორის გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ წარდგენილი ომბუდსმენობის სამი კანდიდატი. ისინი საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილმა 27 სექტემბერს “ღია საზოგადოების ფონდის” ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: ანა აბაშიძე (ა/ო “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი); გიორგი ბურჯანაძე (მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილე); და ნაზი ჯანეზაშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დირექტორი). ოპოზიციისგან მხარდაჭერა სწორედ ამ კანდიდატებს აქვთ.. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ |”ოცნებისთვის” მისთვის სასურველი სახალხო დამცველის არჩევა პრობლემას არ წარმოადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მმართველი გუნდი მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და საერთაშორისო მოწოდებებს, ამ ფონზე კი მათთვის რა პრობლემაა სახალხო დამცველის არჩევა? თამამად და თავისუფლად შეუძლიათ აირჩიოს მათთვის მისაღები კანდიდატი და ასეც იქნება. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? ან უნდა დაემორჩილოს თითქოს ყველაფერი კარგად არის, ან არ უნდა დაეთანხმონ და თქვან, რომ ეს ასე არაა. ამ შემთხვევაში ოპოზიციის პოზიცია გასაგებია. ახლა გამოჩნდება ის პრინციპები, რა პრინციპითაც მხარეები მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” თავისას გაიტანს, ოპოზიციის პროტესტი მაინც მისაღები და მისასალმებელია, რადგან ააშკარავებს ხელისუფლების არადემოკრატიულობას და იმას, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული 12 პუნქტის შესრულებით. რაც შეეხება საკმარისი ხმების მიღებას, ოპოზიციის რაღაც ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი მხარს ყველა კანდიდატს დაუჭერენ, ეს კი, დიდი ალბათობით, “ოცნებას” უფრო წაადგება, ვიდრე ოპოზიციას. იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ყველას ხმას აძლევენ, პარქტიკულად, “ოცნების” კანდიდატი გაყავთ. მართალია, “ოცნებას” არ წარუდგენია საკუთარი კანდიდატი და ჯერ არც ფავორიტი დაუსახელებიათ, მაგრამ ესეც მალე გამოჩნდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

მამუკა არეშიძე - “თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება”

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზამთარს ვინ როგორ გადაიტანს. უკრაინაზე თუ ვილაპარაკებთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც უკრაინას, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, გაუჩნდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსებმა მიზანმიმართულად შეუტიეს ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების სტრუქტურებს, სწორედ მოსახლეობისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შესაქმნელად, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ თავიანთ ხელისუფლებას. უკრაინაში ცივი ზამთარი იცის და ხვდებით, ალბათ, რა რთულ მდგომარეობაში ჩავარდება მოსახლეობა არა მარტო კიევში, რომელიც სანახევროდ ჩაბნელებულია, არამედ სხვა ქალაქებშიც. დღეს მორალური და ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინის მხარესაა. ეს აშკარაა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება”.

“სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია რუსეთშიც. ქვეყანაში ძლიერდება ხალხის უკმაყოფილება. მოდი, განვიხილოთ ასეთი სცენარი - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მარცხი გაგრძელდა ზამთრის შემდეგაც, უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მხარეებს. რუსეთის ამოცანა გასაგებია, სურს როგორმე შეინარჩუნოს მოპოვებული: თვითაღიარებული რეგიონები და მათთან ახლოს მყოფი ბუფერული ზონები, იმიტომ, რომ საბოლოოდ კიევის აღება, დენაციფიკაცია და ასე შემდეგ ვერ შესრულდება. უკრაინული მხარის ამოცანაა მთელი ტერიტორიის გაწმენდა რუსული არმიისგან და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. რაც შეეხება კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს, მათი ამოცანაა რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება, რუსეთის გადაქცევა მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ სახელმწიფოდ, რათა მომავალში რუსეთის ტერიტორია და პოლიტიკური თუ სამხედრო პოტენციალი ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, როგორც 90-იანების დამდეგს დასავლეთს მიზნად არ ჰქონია საბჭოთა კავშირის დაშლა, ისე არა აქვს ახლაც - ის ქაოსი, რომელიც შეიძლება დატრიალდეს რუსეთის დაშლის შემთხვევაში მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რუსეთში შიდა რყევებია. ჩვენს მკითხველს ხშირად ყურადღების მიღმა რჩება სხვადასხვა ტიპის კონფერენცია-შეხვედრები, რომლებიც ევროპაში იმართება დიასპორების მონაწილეობით. ასევე იმართება იმ ორგანიზაციების შეხვედრა, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის სხვა ეთნიკურ რესპუბლიკებს, მაგალითად, ბაშკირეთსა და თათრეთს. დაახლოებით 500 000 კაცს ითვლის კავკასიური დიასპორა ევროპაში. არის კავკასიელების არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც ცალ-ცალკე მუშაობენ, განსაკუთრებით, ბევრი ჩერქეზების იყო, ბოლო წლებში გამოჩნდა ჩეჩნებისაც. ამწუთას ყველაზე სოლიდურია დევნილი იჩქერიის მთავრობა, რომელსაც აჰმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს. არის სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ახლოს არიან ისეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი ან გაერო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების კონსოლიდირება ვერ ხერხდებოდა, რადგან პირადი ამბიციები უშლიდათ ხელს. ბოლო დროს კი მათი კონსოლიდაცია გამოიკვეთა. მაგალითად, ჩეჩნეთის ორგანიზაციებისგან ანტიკადიროვული პოზიციის დემონსტრირება, დამოუკიდებლობის საკითხზეც უფრო კონსოლიდირებული არიან, მაგრამ გავლენა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არა აქვთ. ჩრდილოეთ კავკასიაში აქვთ, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტი გავლენა აქვთ ადგილზე არსებულ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ-რელიგიურ ფიგურებს, რომლებიც ჯერ თვალში საცემი არ არიან, რადგან იქ საპროტესტო განწყობა ჯერ იმ ხარისხის არ არის, რომ პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში ან რეგიონში. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, დიასპორა ცალკეა, ხოლო ამ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესები - ცალკე. თუმცა არსებობს ერთი ძალა, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობს და რუსეთი ვერ აკონტროლებს - ეს არის თურქული ორგანიზაცია, რომლის მუშაობა ბევრად ეფექტურია”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“აქამდე არაბული ორგანიზაციებიც მუშაობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ სირიის მოვლენებმა დააჩქარა მათი განეიტრალება, რადგან ისინი ორიენტირებული იყვნენ ფუნდამენტალისტურ ისლამზე. თურქული ორგანიზაციები სხვაგვარად მუშაობენ. მართალია, რელიგიურ საფარქვეშ არიან, მაგრამ უფრო ეკონომიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე აკეთებენ აქცენტს. ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიც არიან, მაგრამ მათი სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნება ბაშკირეთსა და თათრეთში, თუმცა ჩრდილო კავკასიაშიც მრავლად არიან”, - ამბობს ამამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “ალბათ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რუსეთში ეთნიკური შემადგენლობით თათრები მეორე ადგილზე არიან რუსების მერე და თათრეთში ამბიციებიც დიდია...”, - პასუხობს:

“კი, მაგრამ თათრეთის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სერიოზული ნაციონალისტურ-რელიგიური ორგანიზაციები, სწორად აღიქვამს შექმნილ ვითარებას და არასოდეს ჰქონია გამოყოფის დიდი ამბიცია, რადგან ძლიერად არის მიბმული სამეურნეო კავშირებით რუსეთზე. გარდა ამისა, გარშემო შემორტყმულია რუსული ტერიტორიებით. თუმცა თათრული ელიტა ყოველთვის ორიენტირებული იყო საკუთარი რესპუბლიკის გაძლიერებაზე, რასაც მიაღწიეს კიდეც. ეს არის რუსეთში ენერგომატარებლებით ერთ-ერთი უმდიდრესი რესპუბლიკა. აქ სეპარატისტული განწყობა მხოლოდ 90-იანების დამდეგს იყო. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას დროს საქართველო ერთადერთი იყო პოსტსაბჭოთა­ სივრცეში, რომელმაც ცნო თათრეთის სუვერენიტეტი, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი დამოუკიდებლობა. თუმცა ეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ არ გაგრძელებულა”.

“რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, მიუხედავად იმისა, რომ კავშირები არსებობს დიასპორულ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებულ ადგილობრივ პირთა შორის, ჯერ ერთი, ეს კავშირები არ არის გადამწყვეტი და მეორე - საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს, რადგან რუსეთმა წლების განმავლობაში შექმნა სისტემა, რომელიც ამ რესპუბლიკების ტრანშებით კვებას გულისხმობს. ბიუჯეტი ტრანშებით ივსება - ანუ ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ თავიანთი ეკონომიკური პროდუქტის შექმნას, რაც ხელოვნურად შექმნილია ჯერ კიდევ ელცინის პერიოდიდან. ამიტომ წლების განმავლობაში დაღესტნის ბიუჯეტი 94%-ით იყო დეფიციტური. მხოლოდ 6% ქმნიდა პროდუქციას, დანარჩენს მოსკოვიდან იღებდა, როგორც აფხაზეთი. ახლა უფრო უკეთესი ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ მაინც დოტაციურია ყველა რესპუბლიკა. ამას მმართველი ელიტები კარგად აცნობიერებენ. მოსკოვს ისე ჰყავს შერჩეული მმართველი ელიტა, რომლისთვისაც სიკვდილის ტოლფასია ძალაუფლების დაკარგვა, თან გავითვალისწინოთ, რომ კლანური მმართველობის კლასიკური სისტემაა ყველა რესპუბლიკაში გარდა დაღესტნისა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ეს ნიშნავს, რომ პირი, რომელიც ხელისუფლების სათავეშია, თავის საგვარეულო კლანს იყენებს. ამიტომაც არის ასეთი მდგომარეობა ცენტრთან მიდგომებში ყველა რესპუბლიკაში. თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება, შიგნიდან კი ჯერ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, გარეთ ამის გაკეთება არ სურთ. თუმცა არც საბჭოთა კავშირის დროს უნდოდათ, მაგრამ დაიშალა, იმიტომ, რომ ეროვნულ რესპუბლიკებში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიასა და ბალტიისპირეთში ძლიერი ანტიცენტრისტული ძალები იყვნენ. ახლა ასეთ ძალებს რესპუბლიკებში ვერ ვხედავ, თორემ გარეთ არიან... ნუ დაგვავიწყდება, რომ კავკასიელების 5 ბატალიონი იბრძვის რუსეთის მხარეზე უკრაინის წინააღმდეგ _ 4 ჩეჩნური და 1 დაღესტნური. ომში მარცხი თავისთავად ნიშნავს პოლიტიკურ დასუსტებას, მერე ამას ეკონომიკური დასუსტება მისდევს. დღეს უკვე სანქციების სისტემა მეტ-ნაკლები ეფექტურობით მუშაობს და მას შემდეგ, რაც უარი იქნება ნათქვამი რუსულ გაზზე, რუსეთს შემოსავალიც შეუმცირდება. მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა არ გამოიყენა ატომური იარაღი და უკრაინამ გაუძლო ზამთარს, რუსეთის მარცხი გარდაუვალია”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა