კახა ოქრიაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ქართული ოცნება“ და ყველა დანარჩენი პარტია ოპოზიციურია.

სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად, ყოველდღიური საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი „ოცნების“ მოკავშირეები არიან.

არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ან პიროვნულად შევეხო, მაგრამ ელისაშვილის „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული რამდენიმე ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოკავშირეები არიან. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ამბობს, ოპოზიციონერები ვართო - თუ მმართველი პარტიის მოკავშირე ხარ, მაშინ როგორ ხარ ოპოზიციონერი?!

მომავალ არჩევნებში, ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მთავარი ამოცანაა, არ მოტყუვდეს და ხმა იმ პარტიებს არ მისცეს, ვინც რეალურად ოპოზიციური ხმებით მოპოვებულ მანდატებს „ქართული ოცნების“ კალათაში მიიტანენ! რა უნდა გაკეთდეს: თითოეულმა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, თუ გნებავთ, დაიფიცოს, რომ არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობას, რადგან მომავალი მთავრობა ყველა ვარიანტში კოალიციური იქნება!

ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში - როცა „გირჩმა“ მოიპოვა ოთხი მანდატი, უცებ, ორ პარტიად გაიყო და ნაწილი „ოცნების“ მოკავშირე გახდა, ხოლო „გირჩი - მეტი თავისუფლება“ პარლამენტსგარეთ დარჩა. რა გარანტია გვაქვს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ისევ 4 მანდატს არ აიღებს, მაგრამ ზურა ჯაფარიძე ისევ გარეთ არ დარჩება?! ან რა გარანტია გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ისევ არ მოხვდებიან ადამიანები, ვინც დატოვებენ პარტიას და კვლავ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში აღმოჩნდებიან?!

რადგან არ გვაქვს გარანტია, მთავარი ამოცანაა, რომ ამ საკითხებს ამომრჩეველმაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც ყურადღება მიაქციოს!

ყველა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში „ქართულ ოცნებასთან“, მის მიერ მოპოვებული მანდატების დამატებით, თუ შექმნის კოალიციას ახალ პროდასავლურ მთავრობასთან. თუმცა აქვე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და გააკეთოს ანალიზი - დაუჯერებს თუ არა კონკრეტულ პარტიებს და პერსონებს.

მიმაჩნია, რომ ყველა პარტია, მით უმეტეს, მსხვილი, უნდა ეცადოს და დამოუკიდებლად მოიპოვოს საპარლამენტო მანდატები. ეს განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დროა, ჩემი ვარაუდით, 5 %-იან ბარიერს გადალახავს ორი დიდი პარტია, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო“ და გადალახვის შანსი, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, აქვთ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, ხოშტარიას „დროას“ და ვაშაძის „სტრატეგიას“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა