დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე - NGO სექტორის ხელში ფაქტობრივად, მოლაპარაკე თოჯინად, მარიონეტად არის გადაქცეული

სამწუხაროდ, ვიხილე ღირსებადაკარგული ჩემი კოლეგა, რომელიც “ენჯეო” სექტორის ხელში, ფაქტობრივად, არის მოლაპარაკე თოჯინად, მარიონეტად გადაქცეული, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, ყოფილი კოლეგის, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მიერ გადაცემა “დროებაში” გაკეთებულ განცხადებას, რომ როდესაც ის მოსამართლე იყო, კონკრეტულ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მასზე ზეწოლა ხდებოდა.

დიმიტრი გვრიტიშვილი ალავიძის აღნიშნულ განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს და ამბობს, რომ ალავიძესა და მესამე სექტორს შორის გარიგება არსებობს.

“მისი ცილისმწამებლური კამპანიის წარმოების საფუძველია ის, რომ მასსა და “ენჯეო” სექტორს შორის არსებობს გარიგება, იმის შესახებ, რომ მსგავსი სიბინძურის, უკადრებლის კადრების სანაცვლოდ, გარანტირებული ექნება პოლიტიკური თავშესაფარი რომელიმე უცხო სახელმწიფოში, დიდი ალბათობით, აშშ-ში, რადგან მანამდეც მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა ერთ-ერთი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ, როდესაც ეკა გიგაურის წერილის საფუძველზე მას პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა. ამიტომ, ბესარიონ ალავიძის შემთხვევაშიც ანალოგიურ მიზანთან და გეგმასთან გვაქვს საქმე.

მეორე საკითხი, ის საუბრობს იმაზე, რომ წლების განმავლობაში მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის მესვეურების მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, ქუჩური გარჩევები ახსენა, თუმცა, როგორც ყოველთვის კონკრეტული ფაქტები მას არ დაუსახელებია”,- აცხადებს გვრიტიშვილი.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, 2017 წელს ბესარიონ ალავიძეს მედიასთან განცხადება აქვს გაკეთებული, რომ არც მანამდე, არც “რუსთვის2”-ის საქმის განხილვის დროს და არც მას შემდგომ პერიოდში მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

გვრიტიშვილის მტკიცებით, ბესარიონ ალავიძესა და მესამე სექტორს შორის გარიგების არსებობის თაობაზე თავად ალავიძემ ერთ-ერთ მოქმედ მოსამართლესთან ისაუბრა, თუმცა გვრიტიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული მოსამართლის სახელსა და გვარს ამ ეტაპზე არ დაასახელებს.

“ამ ეტაპზე მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა მოვა დრო და დასახელდება, რომელთან საუბარშიც ბესარიონ ალავიძემ აღნიშნა, რომ თუ დარჩება სისტემაში კარგი, თუ არადა შემდგომში მას გარანტირებული ექნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მისი შვილებისთვის იქნება უზრუნველყოფილიყო უკეთესი განათლება, თუ ამ ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას განახორციელებდა “ენჯეოების” დაკვეთით. ამ გარიგების შესახებ ისაუბრა კოლეგასთან. არ ვამბობ ამ კოლეგის სახელსა და გვარს, თვითონ ერიდება, არც გააჩნია საუბრის კონკრეტული ფაქტები, ზოგადად საუბრობს, ამიტომ, ამ ეტაპზე, ამ კომენტარით შემოვიფარგლები”, - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

გვრიტიშვილის თქმით, როდესაც ბესარიონ ალავიძე აცხადებს, რომ თურმე სასამართლო სისტემაში არსებობს გაუსაძლისი ვითარება და ე.წ. კლანი თარეშობს, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ სცადა 2021 წელს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა.

“კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე რატომ მივიდა მის მიერ ე.წ. კლანის წევრად მითითებულ მოსამართლესთან თხოვნით, რომ სისტემაში დაეტოვებინათ და სანაცვლოდ არასდროს არ გამოხატავდა საწინააღმდეგო მოსაზრებას და საქმეთა განხილვის კუთხითაც აბსოლუტურად მორჩილი იქნებოდა”, - აცხადებს გვრიტიშვილი.

ამასთან, გვრიტიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ გახდა ბესარიონ ალავიძე კონკურსის შემდეგ კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

“როდესაც ბესარიონ ალავიძე, ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლე სამარცხვინოდ წარსდგა კონკურსში, 30-მდე შეკითხვას ვერ უპასუხა, რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, თავზე ლაფს ვერ დაისხამდა და ასეთ უღირს და არაკვალიფიციურ კანდიდატს ვერ წარუდგენდა პარლამენტს. აქედან გამომდინარე ბესარიონ ალავიძე გაბრაზებულია სისტემაზე”, - აცხადებს გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ გადაცემა „დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ე.წ. კლანისა და ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ მოსამართლეები, მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ხდებოდა მოსამართლის დაბარება სადმე კაბინეტში კაფეში, ქალაქში რესტორანში ან ასე შემდეგ და პასუხის მოთხოვნა მისთვის, რატომ იღებს ის ასეთ გადაწყვეტილებებს და რატომ ფიქრობს ან არ ფიქრობს ისე როგორც ეს მათ უნდათ, ან რატომ აქვს განსხვავებული აზრი და თუ არ შეიცვლის აზრს შეექმნება პრობლემები, იქნება იზოლირებული საკუთარი კოლეგებისგან. ეს არის ქუჩური გარჩევა“, - აცხადებს ალავიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო