საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის (Enterprise Educators UK - EEUK) წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტს ინსტიტუციურ დონეზე მეწარმეობისა და ბიზნესის სწავლების პრაქტიკის დახვეწის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, EEUK ქსელის წევრობა, სამეწარმეო ცოდნის დაგროვებისა და განვითარების მიმართულებით, ასევე დიდ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრობა ბრიტანეთის საბჭოს Creative Spark-ის ქვეპროგრამის - Creative Flame-ის ფარგლებში მოიპოვა.

„წლების მანძილზე, სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეწარმეო სწავლება საგრძნობლად გაუმჯობესდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა მოტივატორი, რომ დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მოგვემზადებინა საპროექტო განაცხადი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ინდივიდუალურად წარადგინა და მოიპოვა კიდეც EEUK ქსელის წევრის სტატუსი. უნივერსიტეტში ქსელის წევრობას კოორდინაციას გაუწევს გრანტების მართვისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის საუნივერსიტეტო ოფისი, რომელიც აქტიურად იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობები, კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ, გაიმრავალფეროვნონ ცოდნა ბიზნესისა და მეწარმეობის მიმართულებით, დაესწრონ გლობალურ სამეწარმეო კონფერენციებსა თუ კონგრესებს, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ფონდებთან და წარუდგინონ მათ სასწავლო და კვლევითი პროექტები, ისარგებლონ თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით; EEUK ქსელის წევრობა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, რათა შეიმუშაონ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ. ყველა ამ პროცესის ერთობლიობა გააუმჯობესებს არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებით და სამეწარმეო გარემოს, არამედ, ასევე, დადებით ზეგავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“, - აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის გრანტების მართვისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი განმარტავს, დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ტრადიციული საინჟინრო-ტექნოლოგიური თუ ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება „მეწარმეობის“ სწავლება, როგორც ცალკე აკადემიური პროგრამის სახით - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“, ასევე, სამეწარმეო კომპონენტის სწავლების გაძლიერების მიზნით, სხვა ტრადიციულ პროგრამებსა თუ კურიკულუმებში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელი (Enterprise Educators UK), მსოფლიო მასშტაბით, 2000-მდე უმაღლეს საგანმანათლებლო და მეწარმეობის ხელშემწყობ დაწესებულებას აერთიანებს. EEUK ქსელის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.enterprise.ac.uk

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა