ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2022

ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში

გადაიხედება თუ არა გვარამიას საქმე და გაუშვენებ თუ არა სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - ევროპარლამენტმა შესწორებების კომპრომისული ვარიანტი მიიღო

***

ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში

“ფრონტის ხაზზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკია, სადაც უკრაინის ხელისუფლების თქმით, ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა და მთელს ფროტზე მძიმე მდგომარეობაა. თუმცაღა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბახმუტისკენ აქტიურობა დიდი ალბათობით რუსეთის შიდა გადაჯგუფებას უკავშირდება და დიდი გასაქანი არ აქვთ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში

„ანალიტიკოსების თქმით, დონეცკის ფლანგზე დაჯგუფება „ვაგნერია" პასუხისმგებელი და მისი ხელმძღვანელი ვალერი პრიგოჟინი და მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ცდილობენ, რომ რუსული ძალები ჩრდილში მოაქციონ. ეს აქტიურობა კი დიდი ალბათობით ამ ფაქტს უკავშირდება. მდგომარეობა მძიმეა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება და განსაკუთრებით რთულია დონეცკის რეგიონში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ოკუპანტების აქტიურობა იქ უკიდურესად მაღალ დონეზეა. ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ, მათი ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, მისი თქმით, უკრაინული ძალები ამაგრებენ პოზიციებს და ანგრევენ რუსულ ლოგისტიკას. "ხერსონის ოლქი. ნათლად გვესმის, რას გეგმავს მტერი, ამიტომ ვმოქმედებთ შესაბამისად. ფრთხილად, გააზრებულად და მთელი ჩვენი ტერიტორიის განთავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს, ვანგრევთ რუსულ ლოგისტიკას და მუდმივად ვანადგურებთ ოკუპანტების პოტენციალს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპაცია გააგრძელონ", - აღნიშნა ზელენსკიმ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მისი თქმით, აღმოსავლეთით, უკრაინელები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ უკრაინის დროშის ყველა ქალაქსა და თემში დაბრუნებისკენ. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს საკმარისი მოცულობის გაზი და ქვანახშირი მიეწოდოს. ნათლად გვესმის: ზამთრის იარაღად გადაქცევა არის ტერორისტული სახელმწიფოს გეგმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევე როგორც მთელი ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რუსული გეგმაც ისევე ჩავარდეს, როგორც სხვა გეგმები", - აღნიშნა ზელენსკიმ. ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ კი განაცხადა, რომ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები „სერიოზულ დანაკარგებს" განიცდიან, რაც მათ მორალზე აისახება, მისი თქმით, მიმართულებით რუსეთი ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს. „დონბასი რჩება ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ ეპიცენტრად. ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებები უდიდეს თავდასხმებს განიცდიან. მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. "ეს არის სერიოზული დანაკარგები და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგომარეობაზე," - აღნიშნა ჩერევატიმ. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოკუპანტები დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში არიან კონცენტრირებულები, აქ მატი აქტიურობა კი დიდი ალბათობით იმის გამოა, რომ პრიგოჟინ-კადიროვი ცდილობენ ცალკეული თამაში ითამაშონ. „დონეცკის ოლქის გარშემო ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, სადაც ოკუპანტებს ძალა და ენერგია შერჩენილი კიდევ აქვთ და შეტევას ახორციელებენ. გარდა ამისა, გარკვეული ძალთა კონცენტრაციაა. ცოტა ძნელია, რომ რუსების ჩანაფიქრი ბოლომდე გაიგო, მაგრამ შესაძლოა მათი მცდელობა ის იყოს, რომ დონეცკის ოლქი მთლიანად დაიკავონ”, - განაგრძობს გამოცემა.

„დონეცკში და განსაკუთრებით ბახმუტში, რომ დიდი აქტივობაა, საქმე უფრო იმასთან გვაქვს, რომ რუსეთში უკვე შიდა ძალთა გადაჯგუფება მიდის. როგორც ვიცით, დონეცკზე „ვაგნერს" აქვს პასუხისმგებლობა და დაჯგუფების ხელმძღვანელი პრიგოჟინი და კადიროვი ცდილობენ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილში მოაქციონ და ცალკეული თამაში ითამაშონ. „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კადიროვიც და პრიგოჟინიც ამ ომში მარცხის შემდეგ გადაჯგუფებისთვის ემზადებიან. ბახმუტში მათი ასეთი აქტიურობა უკვე საშუალებას მისცემს, რომ თუ დამარცხდნენ, იტყვიან, რომ ჩვენ მაინც ვიბრძოდითო. ბელგოროდის და კურსკის ოლექებში გარკვეული სახალხო დაჯგუფებების შექმნა ზუსტად ამასვე ემსახურება. „ჩემი აზრით რუსეთში ძალთა გადაბალანსება იწყება, ომის შემდეგ პერიოდისთვის ემზადებიან და ვინც ამ ომის ანონსს კარგად ხვდება, იციან რომ მარცხდებიან და ახლა ამასთან გვაქვს საქმე. დონეცკზე შეტევაც ამიტომ ხდება თორემ, როცა ყველა სხვა მიმართულებაზე მარცხდებიან და ოკუპირებულ ტერიტორიებს კარგავენ, ბახმუტზე ასეთი უაზრო შეტევის გაგრძელება რაციონალური არაა", - განაცხადა პოლკოვნიკმა. მან სხვა მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „ბახმუტში მხარეების ძალთა თანაფარდობა რამდენია, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მოდის, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ძალების საუკეთესო დანაყოფები და საცეცხლე საშუალებები ბახმუტზეა კონცენტრირებული და ზოგადად, დონეცკის ოლქში. თუკი ადრე ამას ხერსონისკენ აკეთებდნენ, ახლა უკვე ამ მხარეს გადაჯგუფდნენ”, - დასძენს გამოცემა.

„რუსეთის ქმედებებში სტრატეგია არ შეინიშნება, მაგრამ კონცენტრაცია სადაც არ უნდა მოხდეს, მათი მაქსიმუმი მიზანი ის არის, რომ ესა თუ ის ტერიტორია რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ. „ხერსონის ოლქის და სამხრეთის შენარჩუნება მათთვის ძალინ რთულია. დონეცკის შენარჩუნება მათთვის შედარებით ადვილია, ლოჯისტიკურად უფრო ახლოსაა, მომარაგება ადვილია და ა.შ. რუსეთი დღეს არავითარ სხვა ოპერაციას არ აწარმოებს, მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაც ცდილობს. „ხერსონს რაც შეეხება, აქ უკრაინულ ძალებს სერიოზული დილემა უდგათ, რამენაირად უნდა მოახერხონ და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ და გამაგრდნენ, ასეთი გადასასვლელი ორია და ორივე ჯერჯერობიოთ რუსების ხელშია, ერთია ატონოვსკის ხიდი და ნოვოკახოვკის კაშხალი. „დნიპრი სერიოზული დაბრკოლებაა, ხერსონის გათავისუფლება დიდი გამარჯვება იქნება და გრძელვადიან პერსექტივაში რა თქმა უნდა ამას იზამენ, მაგრამ რუსები მოახერხებენ, რომ კონფლიქტი კიდევ ორი თვით გაწელონ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში დამთავრდებოდა",- განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან". როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რუსებს ემჩნევათ, რომ ზამთრამდე დონეცკში ბახმუტის და სოლედარის დაკავებას აპირებენ, თუმცა დასძენს, რომ მათი დაკავებითაც წინ მაინც ვერ წავლენ. „დონეცკში ერთი ძირითადი ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაა, სადაც რუსებს ინიციატივა ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული, ისინი დიდი ძალებით უტევენ. იქ არის „ვაგნერი", ასევე მობილიზაციით შეგროვილი რეზერვებით გააძლიერეს და თითქმის ბახმუტის გარეუბანში არიან შესულები. ბახმუტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქიდან უკვე სლავიანსკისკენ და კრამატორსკისკენ გზა იხსნება. „თუმცაღა, თუნდაც რუსებმა სოლედარი-ბახმუტი აიღონ, არა მგონია, რომ მათ იმის იქით შეტევა გააგრძელონ. მაგისი უნარი არ ექნებათ, თუმცა, ეტყობათ, რომ ზამთრამდე ბახმუტის და სოლედარის დაკავებას აპირებენ. „რაც შეეხება ხერსონს - საცეცხლე გაცვლაა, დარტყმები ერთმანეთის მიმართულებით ორივე მხრიდან ხორციელდება. ხერსონისკენ ისეთი დიდი აქტიურობა არ შეიმჩნევა. ეს შესაძლოა იმას ნიშნავეს, რომ ან უკრაინელები რაღაც მნიშვნელოვანი შეტევისთვის ემზადებიან, ანდა ჯერჯერობით შეტევის დაწყებას არ აპირებენ, რეზერვებს აგროვებენ და უფრო გაზაფხულისთვის ემზადებიან. „რაც შეეხება ხარკოვს, აქ უკრაინელებს უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ კრემენნოესთან შეჩერებულები არიან, იქაც პოზიციური ბრძოილები მიდის, ძალიან მცირე უპირატესობებით. „ითვლება, რომ უკრაინელებს სტრატეგიული ინიციატივა გააჩნიათ. რუსებს ტაქტიკური ინიციატივა ბახმუტის მიმართულებით აქვთ, უკრაინელებს ტაქტიკური ინიციატივა ლუგანსკის მიმართულებაზე აქვთ. ხერსონთან ჯერჯერობით პარიტეტია ჩამოყალიბებული",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

გადაიხედება თუ არა გვარამიას საქმე და გაუშვენებ თუ არა სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - ევროპარლამენტმა შესწორებების კომპრომისული ვარიანტი მიიღო

„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშში საუბარი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, თუმცა მიხეილ სააკასვილისა და ნიკა გვარამიას საკითხი კვლავ აქტიური რჩება. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს არ სურთ იყვნენ კატეგორიულები, რადგან თუ ასე მოხდება, საქართველო საერთოდ ჩაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობებიდან”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გადაიხედება თუ არა გვარამიას საქმე და გაუშვენებ თუ არა სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - ევროპარლამენტმა შესწორებების კომპრომისული ვარიანტი მიიღო

„7 ნოემბერს გასაჯაროვდა, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში. ტექსტში რამდენიმე ცვლილება იყო შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატული იყო შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის". ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ აღნიშნული ანგარიში შესწორებით მიიღო. ახალ ვარიანტში „გამოთქმულია წუხილი, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად; შესწორებები შეიცავს მოწოდებას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური მხარისადმი, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ხაზს უსვამს ნდობის ჩამოყალიბებისა და გაზრდის აუცილებლობას ყველა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეს შორის, ასევე მათ და ქართველ ხალხს შორის; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ საქართველოში და, შესაბამისად, აისახება ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის დღის წესრიგში", - აღნიშნავს გამოცემა.

„შესწორებებში ასევე გამოთქმულია წუხილი 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" გასვლაზე და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები; ამასთან, აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება; ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება შეეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ განზრახვებს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ახალ შესწორებებში საუბარია: „ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას იძლევა, რომ მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების სისტემური გზით", - განაგრძობს გამოცემა.

„შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;" ახალ შესწორებაში კვლავ საუბარია, რომ „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს". ცნობისთვის, რეზულუციის მიღებამდე „ოცნებაში" აცხადებდნენ, რომ რეზოლუციის პირველადი ტექსტი დაბალანსებულია და ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა კონკრეტული „ოდიოზური ევროპარლამენტარები" ცდილობენ „აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებების შეტანას". ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული რეზულუცია საკმაოდ კომპრომისულია გამომდინარე იქედან, რომ ევროპელ პარტნიორებს არ სურთ საქართველო საბოლოოდ ჩახსნან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივიდან, მაგრამ ახლა „ოცნებამაც" უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. „ზოგადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეცდებიან მაქსიმუმს, რომ არ იყვნენ კატეგორიულები და მიყვნენ დიპლომატიურ გზას. თუ მათი მხრიდან რადიკალური ზომები იქნება მიღებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ უნდა ჩაეხსნას ევროპაში ინტეგრაციის პროცესს. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ შეინარჩუნონ კრიტიკული ტონი, მაგრამ არ იყვნენ რადიკალურები. „ცდილობენ არ დაწვან ყველა ხიდი, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ამიტომ მოიხსნა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი, თუმცა მაინც დარჩა გვარამიასა და სააკაშვილის თემა, მაგრამ ისიც არა ზედმეტად კატეგორიული ტონით. „რაც შეეხება იმას, თუ რითი უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, ცხადია ამ მოთხოვნების შესრულებით, რაც რეზულუციაში დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი, რაზეც „ოცნება" შეიძლება წავიდეს, ნიკა გვარამიას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხია. ისინი სააკაშვილს მაინც არ გაათავისუფლებენ იქამდე, სანამ თავად არ ჩათვლიან, რომ შესაძლოა მისი მდგომარეობა ფატალურ შედეგამდე მივიდეს", - განაცხადა ძაბირაძემ, - წერს სტატიის ავტორი.