ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2022

ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ორად გაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” - “საეჭვოა ამ სახით პარტიამ დიდი ხანი გააგრძელოს არსებობა”

ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში

დეპოპულაცია და “ფილტრაცია” - რა ბედი ელით რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს

* * *

ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ორად გაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” - “საეჭვოა ამ სახით პარტიამ დიდი ხანი გააგრძელოს არსებობა”

“პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები”, - ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილის პოზიცია, რომელიც ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობაში” ახალი ელექტრონული არჩევნები მალე ჩატარდება, რომელიც პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია, რადგან, მისი აზრით, დეზორიენტირებულია პარტიის ბიუროკრატია, “ლიდერშიპი”, მხარდამჭერები და მათი პოლიტიკური პარტნიორები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ორად გაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” - “საეჭვოა ამ სახით პარტიამ დიდი ხანი გააგრძელოს არსებობა”.

“ნაციონალური მოძრაობის” წინაშე და ქვეყნის წინაშე, ყველა პოლიტიკური პარტიის წინაშე ყოველწლიურად იცვლება ამოცანები. ჩვენ როცა ავირჩიეთ ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” წინაშე იდგა სხვა ამოცანები, დღეს პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას სულ სხვა ამოცანები. “ნაციონალური მოძრაობა” იყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დაამკვიდრა თავმჯდომარის ელექტრონული არჩევა. ახალმა თაობამ წამოაყენა ინიციატივა, მაღალი ლეგიტიმურობით მოხდეს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის არჩევა, არამედ ყველა დონეზე “ნაციონალური მოძრაობის" შიგნით”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნას არ იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” მეორე ნაწილი. “ნომერი პირველი მსჯელობის საგანი ამ დროისთვის სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის სამოქმედო გეგმაა და ასეთ დროს “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილის მიერ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ცოტა უცნაური და დასანანია. არჩევნების ჩატარების ინიციატივა ნიკა მელიას ეკუთვნოდა, თუმცა, მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ განიხილებოდა”, - აცხადებს პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი. დიდ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება სხვა ოპოზიციური ძალები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა, “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას არ სჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის “ნაცმოძრაობას”. “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს პროცესი მოსალოდნელი იყო, ბოლო პერიოდში შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. განტევების ვაცის ძიებაა, ვისაც ეს ყველაფერი დაბრალდება. ნიკა მელიას დაბრალდება თუ სხვა ვინმეს, მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის “ნაცმოძრაობას” და სხვა ადამიანები მოვლენ და ყველაფერი რიგზე იქნება. ამიტომ დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით არ მაქვს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ბრძოლისთვის”, - აცხადებს იაგო ხვიჩია. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ არჩევნების ჩატარება ურიგო არ იქნება, რადგან დაპირისპირება პარტიაში არ გაჩერდება და შეიძლება არასასურველ გახლეჩვამდე მივიდეს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ პარტიას, რომელსაც შიდა დემოკრატია აკლია დიდხანს ვერ იარსებებს და დაშლისკენ შეიძლება წავიდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება რომ იყო, ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ჟონავდა, ახლა უკვე ღია გახდა. 2016 წლიდან ხდება “ნაცმოძრაობის” ფრაგმენტაცია და ნახეთ ერთი პარტიიდან რამდენი პარტია მივიღეთ - “გირჩი”, “დროა” და სხვა. ახლა ისევ გაერთიანება უნდათ. არჩევნების ჩატარება არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე სირთულეს, მაგრამ, არჩევნების ჩატარებას არეგულირებს პარტიის წესდება. რეგლამენტით უნა იყოს განსაზღვრული, როგორ ჩატარდეს არჩევნები. მელიას რომ ეუბნები უნდა წახვიდეო, როგორ, მას აღარ ექნება უფლება კიდევ იყაროს კენჭი? არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან პროცესი არ გაჩერდება, შეიძლება უფრო გაღრმავდეს და არასასურველ განხეთქილებმდე მივიდეს. ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ნახავენ რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ; მაგრამ, წინასწარ უნდა იყოს დათქმა, რომ არჩევნების შედეგები უნდა აღიაროს ორივე მხარემ. წაგება არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ “ნაცმოძრაობა” კიდევ გაიყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რამდენი ხანია “ნაცმოძრაობა” გაუგებარ ნაბიჯებს დგამს. შიდა კოორდინაცია არ უვარგა, შიდა დემოკრატი აკლია, არც ნაბიჯები აქვს გათვლილი, ამიტომ საეჭვოა ამ სახით, პარტიამ დიდი ხანი გააგრძელოს არსებობა; ექნებათ დაშლის მომენტი. ვთქვათ, ჩაატარეს არჩევნები, მერე რა? რაღაც მენიუ ხომ უნდა ჰქონდეთ, ფიგურები ხომ უნდა ჰყავდეთ. ერთადერთი რეიტინგული ფიგურა ისევ სააკაშვილია. სამი კაცი რომ დარჩეს ამ პარტიაში და მიშამ თქვას ამ სამ კაცთან ვარო, ამათ ეყოლებათ მხარდამჭერები. პაროლივიითა, ვისაც ექნება სააკაშვილის ხუთიანი, მხარდაჭერაც ექნება, ძალა მხარდამჭერებშია”, დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში

“ფრონტის ხაზზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკია, სადაც უკრაინის ხელისუფლების თქმით, ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა და მთელს ფროტზე მძიმე მდგომარეობაა. თუმცაღა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბახმუტისკენ აქტიურობა დიდი ალბათობით რუსეთის შიდა გადაჯგუფებას უკავშირდება და დიდი გასაქანი არ აქვთ. ანალიტიკოსების თქმით, დონეცკის ფლანგზე დაჯგუფება „ვაგნერია" პასუხისმგებელი და მისი ხელმძღვანელი ვალერი პრიგოჟინი და მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ცდილობენ, რომ რუსული ძალები ჩრდილში მოაქციონ. ეს აქტიურობა კი დიდი ალბათობით ამ ფაქტს უკავშირდება. მდგომარეობა მძიმეა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება და განსაკუთრებით რთულია დონეცკის რეგიონში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში.

“ოკუპანტების აქტიურობა იქ უკიდურესად მაღალ დონეზეა. ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირებს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ” - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, აღმოსავლეთით, უკრაინელები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ უკრაინის დროშის ყველა ქალაქსა და თემში დაბრუნებისკენ. “ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს საკმარისი მოცულობის გაზი და ქვანახშირი მიეწოდოს. ნათლად გვესმის: ზამთრის იარაღად გადაქცევა არის ტერორისტული სახელმწიფოს გეგმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევე როგორც მთელი ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რუსული გეგმაც ისევე ჩავარდეს, როგორც სხვა გეგმები”, - თქვა ზელენსკიმ. ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ კი განაცხადა, რომ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები “სერიოზულ დანაკარგებს” განიცდიან, რაც მათ მორალზე აისახება, მისი თქმით, მიმართულებით რუსეთი ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დონბასი რჩება ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ ეპიცენტრად. ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებები უდიდეს თავდასხმებს განიცდიან. მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. ეს არის სერიოზული დანაკარგები და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგომარეობაზე”, - აღნიშნა ჩერევატიმ. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოკუპანტები დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში არიან კონცენტრირებულები, აქ მათი აქტიურობა კი დიდი ალბათობით იმის გამოა, რომ პრიგოჟინ-კადიროვი ცდილობენ ცალკეული თამაში ითამაშონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“დონეცკის ოლქის გარშემო ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, სადაც ოკუპანტებს ძალა და ენერგია შერჩენილი კიდევ აქვთ და შეტევას ახორციელებენ. გარდა ამისა, გარკვეული ძალთა კონცენტრაციაა. ცოტა ძნელია, რომ რუსების ჩანაფიქრი ბოლომდე გაიგო, მაგრამ შესაძლოა მათი მცდელობა ის იყოს, რომ დონეცკის ოლქი მთლიანად დაიკავონ. დონეცკში და განსაკუთრებით ბახმუტში, რომ დიდი აქტივობაა, საქმე უფრო იმასთან გვაქვს, რომ რუსეთში უკვე შიდა ძალთა გადაჯგუფება მიდის. როგორც ვიცით, დონეცკზე “ვაგნერს” აქვს პასუხისმგებლობა და დაჯგუფების ხელმძღვანელი პრიგოჟინი და კადიროვი ცდილობენ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილში მოაქციონ და ცალკეული თამაში ითამაშონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კადიროვიც და პრიგოჟინიც ამ ომში მარცხის შემდეგ გადაჯგუფებისთვის ემზადებიან. ბახმუტში მათი ასეთი აქტიურობა უკვე საშუალებას მისცემს, რომ თუ დამარცხდნენ, იტყვიან, რომ ჩვენ მაინც ვიბრძოდითო. ბელგოროდის და კურსკის ოლქებში გარკვეული სახალხო დაჯგუფებების შექმნა ზუსტად ამასვე ემსახურება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ჩემი აზრით რუსეთში ძალთა გადაბალანსება იწყება, ომის შემდეგ პერიოდისთვის ემზადებიან და ვინც ამ ომის ანონსს კარგად ხვდება, იციან რომ მარცხდებიან და ახლა ამასთან გვაქვს საქმე. დონეცკზე შეტევაც ამიტომ ხდება თორემ, როცა ყველა სხვა მიმართულებაზე მარცხდებიან და ოკუპირებულ ტერიტორიებს კარგავენ, ბახმუტზე ასეთი უაზრო შეტევის გაგრძელება რაციონალური არაა. ბახმუტში მხარეების ძალთა თანაფარდობა რამდენია, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მოდის, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ძალების საუკეთესო დანაყოფები და საცეცხლე საშუალებები ბახმუტზეა კონცენტრირებული და ზოგადად, დონეცკის ოლქში. თუკი ადრე ამას ხერსონისკენ აკეთებდნენ, ახლა უკვე ამ მხარეს გადაჯგუფდნენ. რუსეთის ქმედებებში სტრატეგია არ შეინიშნება, მაგრამ კონცენტრაცია სადაც არ უნდა მოხდეს, მათი მაქსიმუმი მიზანი ის არის, რომ ესა თუ ის ტერიტორია რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

„ხერსონის ოლქის და სამხრეთის შენარჩუნება მათთვის ძალინ რთულია. დონეცკის შენარჩუნება მათთვის შედარებით ადვილია, ლოჯისტიკურად უფრო ახლოსაა, მომარაგება ადვილია და ა.შ. რუსეთი დღეს არავითარ სხვა ოპერაციას არ აწარმოებს, მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაც ცდილობს. ხერსონს რაც შეეხება, აქ უკრაინულ ძალებს სერიოზული დილემა უდგათ, რამენაირად უნდა მოახერხონ და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ და გამაგრდნენ, ასეთი გადასასვლელი ორია და ორივე ჯერჯერობიოთ რუსების ხელშია, ერთია ანტონოვსკის ხიდი და ნოვოკახოვკის კაშხალი. „დნეპრი სერიოზული დაბრკოლებაა, ხერსონის გათავისუფლება დიდი გამარჯვება იქნება და გრძელვადიან პერსექტივაში რა თქმა უნდა ამას იზამენ, მაგრამ რუსები მოახერხებენ, რომ კონფლიქტი კიდევ ორი თვით გაწელონ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში დამთავრდებოდა”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

“როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რუსებს ემჩნევათ, რომ ზამთრამდე დონეცკში ბახმუტის და სოლედარის დაკავებას აპირებენ, თუმცა მათი დაკავებითაც წინ მაინც ვერ წავლენ. “დონეცკში ერთი ძირითადი ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაა, სადაც რუსებს ინიციატივა ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული, ისინი დიდი ძალებით უტევენ. იქ არის “ვაგნერი”, ასევე მობილიზაციით შეგროვილი რეზერვებით გააძლიერეს და თითქმის ბახმუტის გარეუბანში არიან შესულები. ბახმუტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქიდან უკვე სლავიანსკისკენ და კრამატორსკისკენ გზა იხსნება. თუმცაღა, თუნდაც რუსებმა სოლედარი-ბახმუტი აიღონ, არა მგონია, რომ მათ იმის იქით შეტევა გააგრძელონ. მაგისი უნარი არ ექნებათ”, - თვლის კაპანაძე, რომლის აზრით, “რუსებს ეტყობათ, რომ ზამთრამდე ბახმუტის და სოლედარის დაკავებას მაინც აპირებენ", - წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება ხერსონს - ხერსონისკენ ისეთი დიდი აქტიურობა არ შეიმჩნევა. ეს შესაძლოა იმას ნიშნავეს, რომ ან უკრაინელები რაღაც მნიშვნელოვანი შეტევისთვის ემზადებიან, ანდა ჯერჯერობით შეტევის დაწყებას არ აპირებენ, რეზერვებს აგროვებენ და უფრო გაზაფხულისთვის ემზადებიან. რაც შეეხება ხარკოვს, აქ უკრაინელებს უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ კრემენნოესთან შეჩერებულები არიან, იქაც პოზიციური ბრძოლები მიდის, ძალიან მცირე უპირატესობებით. ითვლება, რომ უკრაინელებს სტრატეგიული ინიციატივა გააჩნიათ. რუსებს ტაქტიკური ინიციატივა ბახმუტის მიმართულებით აქვთ, უკრაინელებს ტაქტიკური ინიციატივა ლუგანსკის მიმართულებაზე აქვთ, ხოლო ხერსონთან ჯერჯერობით პარიტეტია ჩამოყალიბებული”, - განმარტავს გენერალი კაპანაძე.

დეპოპულაცია და “ფილტრაცია” - რა ბედი ელით რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს

უკრაინული მედია “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე” დაყრდნობით იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს. ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და არ აბრუნებენ. ისინი იტაცებენ არამარტო ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც. “ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები”, - აცხადებენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ადამიანები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან რუსებმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დეპოპულაცია და “ფილტრაცია” - რა ბედი ელით რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს.

“ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება მორიგი სამხედრო დანაშაულია. “ჩვენ ვაგრძელებთ მასობრივი სისასტიკის ფაქტების და რუსული ძალების მიერ უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცების შესახებ ცნობების აღმოჩენას. თუ დადასტურდება, ეს კიდევ ერთი ომის დანაშაული იქნება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს”, - აღნიშნა ბორელმა. საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს არის დეპოპულაცია. მისივე თქმით, ეს ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან, რაზეც პუტინმა და მისმა გარემოცვამ პასუხი აუცილებლად უნდა აგოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის ჩვეულებრივი ტრეფიკინგი და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ. მერე კაცმა არ იცის ეს ხალხი სად მოხვდება. ეს არის მოსახლეობის დეპოპულაცია, ანუ უკრაინის დაცლა. ამასთან, იქ არის ადამიანების ნაწილიც, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, არიან რუსები და რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილნი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი. ძირითადად კი რუსებს გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა თავისივე ნების წინააღმდეგ, რომელთაც ტრეფიკინგის მსხვერპლად იყენებენ. რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს არავინ იცის. არაერთი მსგავსი ისტორია გახდა ცნობილი, ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა არაადამიანურ შრომას აიძულებენ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ პუტინმა და მისმა რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, აქ ამ ადამიანების ბედიც მოიაზრება”, - აცხადებს გამოცემოს კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ცნობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციამ “ჰიუმან რაითს უოჩმა” უკრაინელი სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში გადაყვანის შესახებ შეაგროვა მასალები და გამოიკვლია ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში იძულებით გადაყვანის პრობლემა. ასევე, გამოიკვლია რუსეთისა და მასთან დაკავშირებული ძალების მიერ ჩადენილი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, სახელწოდებით - “ჩვენ არჩევანი არ გვქონდა: ფილტრაცია და უკრაინელი სამოქალაქო პირების რუსეთში იძულებითი გადაყვანის დანაშაული” - ორგანიზაციამ მსხვერპლთან 54 ინტერვიუს შემდეგ დოკუმენტირებული ასეთი ტიპის არაერთი შემთხვევა აღწერა. “ჰუმან რაითს უოჩის” განცხადებით, ეს შემთხვევები ომის კანონების სერიოზული დარღვევაა, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს და შესაძლოა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია ჰქონდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამასთანავე, უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთმა ან მასთან დაკავშირებულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი მოქალაქე იძულებით, სადამსჯელო და ღირსების შემლახავ უსაფრთხოების პროცედურებს დაუქვემდებარეს, სახელად “ფილტრაცია”. ცნობილია, რომ ორგანიზაცია “ჰუმან რაითს უოჩმა” რუსეთში “ფილტრაციის” გზით ჩასული უკრაინელები გამოკითხა. ეს ადამიანები ან თვითონ იყვნენ ამ გზით გაყვანილი რუსეთში, ან მათი ოჯახის წევრი ან მეგობარი ჩაიყვანეს რუსეთში ან ისინი დაეხმარნენ იმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთიდან გაქცევას ცდილობდნენ. ამათგან უმრავლესობა მარიუპოლის რაიონიდან იყო, რამდენიმე კი რუსეთში ხარკოვის რეგიონიდან ჩაიყვანეს. ამ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე ჩაწერა ათობით უკრაინელი, რომლებიც საომარი ზონებიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე გაიქცა “ფილტრაციის” გავლის გარეშე”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა