ზურაბ ბატიაშვილი - ხერსონის დათმობა რუსეთის მხრიდან პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია

ხერსონის დათმობა რუსეთის მხრიდან პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია - ეს ნაბიჯი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი რუსული ძალების მიერ ხერსონის დატოვებას „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუსეთში სიტუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილ ვითარებას ემსგავსება, როდესაც პროცესი პოლიტიკურ კრახში გადაიზარდა.

„რეალურად, ვხედავთ იმას, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი - უკრაინულმა მხარემ შეძლო და დისტანციურ ბრძოლაზე გამოფიტა რუსული სამხედრო ნაწილები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. რუსულმა მხარემ, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებში უფრო მეტი მსხვერპლი აეცილებინა, იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. ეს ნაბიჯი რუსეთს ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია. დავინახეთ, რომ სამხედროებზე ბრალეულობის გადატანის მცდელობაა. პუტინი საინფორმაციო სივრცეში არც გამოჩენილა, რადგან არ სურს წაგებასთან და დამარცხებასთან ასოცირდებოდეს, თუმცა იგი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობა მზადაა აიტანოს გაჭირვება, ახლობლების სიკვდილი, შიმშილი და ა.შ. მაგრამ ამისთვის ჯილდოდ გამარჯვება მიიღოს. ამ შემთხვევაში არც გამარჯვებაა და ამასთან, თან ახლავს დიდი მსხვერპლი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებში. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სიტუაცია რუსეთში პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილ სიტუაციას ემსგავსება, რაც ვიცით, როგორ დასრულდა - პოლიტიკურ კრახში გადაიზარდა“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, ბატიაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ნაკლები შანსია.

„უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობას. მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ან იმ პირობებზე, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა და რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის შენარჩუნებას გულისხმობდა, რასაც არც უკრაინა და არც დასავლეთი არ დათანხმდება; ან მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს უკრაინის პირობებზე უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის თაობაზე, მაგრამ რუსეთი ამის შესრულებას განიხილავს როგორც საკუთარ მარცხს და ამის გაკეთებას არ აპირებს. ამიტომ ნაკლები შანსია რაიმე მოლაპარაკების. ვხედავთ, რომ ამ ომში ძირითადად ბრძოლის ველზე წყდება ხოლმე ესა თუ ის საკითხი. ამ ტრაექტორიით მიდის ახლაც - ხერსონის ბედი გადაწყდა ბრძოლის ველზე და არა მოლაპარაკებების შედეგად“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ჯარების გაყვანის შესახებ ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, მისი თქმით, „შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის“.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის.

„ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომენტში იქმნება”, - თქვა ზახაროვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა