კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველომ უკრაინაში ომის დასრულებამდე ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდეგ მსოფლიო სხვანაირად დალაგდება და ჩვენ ევროპული პერსპექტივა ბევრად გაგვირთულდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

ფაქტია, რეზოლუცია აშკარად უმძიმესია, თუმცა, შესაძლოა უფრო მძიმეც კი შეიძლება ყოფილიყო. მოკლედ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ვერ გვაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფო და მართვის გამართული სისტემები.

დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი საზოგადოების უმეტესობამაც იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამგვარი ვითარების აღიარებას უკეთეს შემთხვევაში ევროპელების კრიტიკას ამჯობინებს, უარეს შემთხვევაში გინებას.

ვიდრე სხვა საკითხებზე საუბარს გავაგრძელებთ, კარგი იქნება თუ ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, ამ რეზოლუციის რა გვითხრა ბრიუსელმა?

- ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ძალიან ბევრი რამ დაამატა იმას, რაც ჯერ კიდევ სექტემბერში იყო მომზადებული. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის შენიშვნები. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ, ისინი ხედავენ რომ ბევრი საკითხია, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყანას. ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს საქართველოშია, შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.

ასეთებად ისინი მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ მოხვდა რეზოლუციაში რეკომენდაცია, რომ მესამე პრეზიდენტს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა. რაც შეეხება „გვარამიას საქმეს,“ დაგმობილია მედიაზე ყველა თვალსაზრისით შეტევა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური შეტევა.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს საქართველოშია, შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან

რეზოლუციაში ხაზგასმულადაა საუბარი პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. შემთხვევითი არაა, რომ რეზოლუციაში ხშირადაა საუბარი კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე, რომლის პირველი პოლიტიკური კრიტერიუმი არის უმნიშვნელოვანესი. კერძოდ, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. აშკარაა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად არ არიან კმაყოფილი იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელიც დღეისათვის ქვეყანაში არსებობს.

- დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ეს რეზოლუცია კომპრომისული იყო, რადგან თავიდან პროექტი უფრო მძიმე იყო.

შემფასებელთა ნაწილის მტკიცებით რეალურად ბრიუსელმა ჩვენს ხელისუფლებას უთხრა - „თქვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა.“ მეტიც, ზოგი ამბობს, რომ ბრიუსელმა საქართველოს „ყვითელი ბარათი“ უჩვენა.

რამდენად ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლებამ რეზოლუცია ზოგადად და ამ რეზოლუციის ის კომპრომისული შესწორებები, რომლითაც რეზოლუცია საბოლოოდ იქნა მიღებული?

- პრინციპში, შესწორებები ყველა გავიდა გარდა ერთისა, რომელშიც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუცია საკმაოდ მძიმეა.

პრაქტიკულად ყველა პუნქტი საყურადღებოა. რამდენიმე ადგილას ნათქვამია, რომ მათი შეუსრულებლობა ხელს შეუშლის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაში აშკარად არის ხაზგასმული, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

როცა ევროპარლამენტის რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლებისთვის იოლია რეკომენდაციებში კრიტიკული შენიშვნები გარკვეულ ჯგუფს დააბრალოს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს კუბილიუსი იქნება თუ ფოტიგა თუ სხვა. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება უფრო გაბედულად ახდენს ევროპარლამენტარების რეკომენდაციების და კრიტიკის დაკნინებას

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას. ხელისუფლება დიდი ხანია ზედაპირულად, შეიძლება ითქვას გამრუდებულადაც კი აფასებს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტების რეკომენდაციებსა და კრიტიკას.

რაც შეეხება ევროპარლამენტის შენიშვნებს, ხელისუფლებისთვის ამ რეზოლუციის კრიტიკა უფრო იოლია, რადგან ყოველთვის მოიძებნება კონკრეტული ავტორი, რომელმაც რეზოლუციაში გარკვეული შესწორება შეიტანა.

როცა ევროპარლამენტის რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლებისთვის იოლია რეკომენდაციებში კრიტიკული შენიშვნები გარკვეულ ჯგუფს დააბრალოს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს კუბილიუსი იქნება თუ ფოტიგა თუ სხვა. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება უფრო გაბედულად ახდენს ევროპარლამენტარების რეკომენდაციების და კრიტიკის დაკნინებას.

- ხელისუფლება წინა რეზოლუციებზეც ამბობდა, რომ „ფარატინა ქაღალდი არისო“. სამწუხაროდ, ახლაც იმავეს იმეორებს.

გასაგებია, რომ მმართველ გუნდს ალბათ ყველაზე მეტად არ მოეწონებოდა ის, რომ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში ივანიშვილის დასანქცირებაზე ჩანაწერი არაა. თუმცა, საუბარია იმაზე, რომ სწორედ ივანიშვილს აქვს ქვეყანაში გადაჭარბებული გავლენა.

ევროპარლამენტი გვთავაზობს ქვეყანაში არა მხოლოდ ივანიშვილს არ ჰქონდეს ჭარბი გავლენები, არამედ იმდენად ძლიერი გვქონდეს ინსტიტუტები, რომ ჭარბი გავლენები პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე არც არავის ჰქონდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეზოლუციით ივანიშვილს დასანქცირება არ ემუქრება, ეს გარემოება რამდენად შესაძლოა აღმოჩნდეს მმართველი გუნდისთვის მოტივაცია, რომ მათ მიერ ინიციირებულ კანონში „დეოლიგარქიზაციის შესახებ,“ სერიოზული კორექტივები იქნას შეტანილი?

- თავიდან ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობა მოტივირებული იყო იმ ეჭვებით, რომ ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან. როგორც ჩანს, ამ კონტექსტში არ მოიძებნა ამის საკმარისი მტკიცებულებები.

ან მტკიცებულებები იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება რუსეთში იმ ტვირთები ტრანსპორტირებისთვის, რომელიც სანქციების სიაშია შეტანილი. რადგან ამგვარი მტკიცებულებები არ მოიძებნა ივანიშვილის დასანქცირება არამართებულად ჩაითვალა.

რაც შეეხება იმის ხაზგასმას, რომ მას აქვს ზედმეტი გავლენები, ეს რეზოლუციაში მოხვედრილია და ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს მათი შემცირება. თუ ხელისუფლებისთვის რეზოლუციის რეკომენდაციის შესრულების ერთ-ერთ მოტივაცია მხოლოდ ივანიშვილის სანქციების გარეშე დატოვება ან დასანქცირება აღმოჩნდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მთავრობას და შესაბამისად ქვეყანას არა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მოტივაცია.

თუ ხელისუფლებისთვის რეზოლუციის რეკომენდაციის შესრულების ერთ-ერთ მოტივაცია მხოლოდ ივანიშვილის სანქციების გარეშე დატოვება ან დასანქცირება აღმოჩნდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მთავრობას და შესაბამისად ქვეყანას არა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მოტივაცია

თუ ხელისუფლება მზად არაა ყველაფერი გააკეთოს რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ არ ღირს არც ამ ქვეყანასთან და არც ერთან ლაპარაკი. დაახლოებით ასეთი რეზოლუციის ლოგიკა.

აუცილებელია არაა ივანიშვილს დაემუქრო სანქციებით და დაჭერით რომ საქართველო საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

თუ ხელისუფლება მზად არაა ყველაფერი გააკეთოს რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ არ ღირს არც ამ ქვეყანასთან და არც ერთან ლაპარაკი. დაახლოებით ასეთი რეზოლუციის ლოგიკა

თუ სწორად გავიგე თქვენ გულისხმობთ იმას, რეზოლუციის შესასრულებლად რეალურ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა მთავრობა რადგან სხვა შიშები არ შეიძლება ჰქონდეს?

ახლა მთავრობის მთავარი ინტერესია 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას სრულიად შესაძლებელია, რომ სახელისუფლებო პარტიას სულ არ ეჩქარებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება. ერთადერთი შესაძლოა აწყობდეს 2024 წლის არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ეს არჩევნებში მათთვის მხარდასაჭერად დამატებითი არგუმენტი შეიძლება იყოს.

იმის გამო, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება პრიორიტეტული ამოცანაა, ვფიქრობ, რომ არც ევროპარლამენტის კომიტეტის რეზოლუციის და არც 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულება ხელისუფლების მხრიდან მყისიერად მოხდება. მაგრამ, ახლა ცხადია ისიც, რომ ევროკავშირი ვერ გამოიყენებს ინსტრუმენტად ივანიშვილის დასანქცირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულოს რეზოლუციისა და რეკომენდაციების შესრულება.

ახლა ცხადია ისიც, რომ ევროკავშირი ვერ გამოიყენებს ინსტრუმენტად ივანიშვილის დასანქცირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულოს რეზოლუციისა და რეკომენდაციების შესრულება

- ბრძანეთ, რომ ხელისუფლებას უნდა არჩევნებამდე ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღება, მაგრამ ამისთვის ხომ რეალური ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული?

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ „დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ფლირტის სივრცე არ დაუტოვა“...

- შეიძლება ითქვას, რომ ესეც არის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვხედავთ სელექციურ მიდგომას მთავრობის მხრიდან. ხელისუფლების ლოგიკა ასეთია - თუ რომელიმე რეფორმა 2024 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებს შეამცირებს, მაშინ ისინი ამ რეფორმას არ გაატარებენ მიუხედავად იმისა, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და საერთოდ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ხელისუფლების ლოგიკა ასეთია - თუ რომელიმე რეფორმა 2024 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებს შეამცირებს, მაშინ ისინი ამ რეფორმას არ გაატარებენ მიუხედავად იმისა, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და საერთოდ კანდიდატის სტატუსის მისაღებად

რადგან ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა არჩევნების მიღებაა, ისინი კანდიდატის სტატუსის მიღებას გადადებენ სხვა დროისთვის. ხელისუფლებას უნდა აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება 2024 წლის არჩევნებამდე, რომ ამ არგუმენტმა მათ სასარგებლოდ იმუშაოს.

მაგრამ, სასამართლოზე ბერკეტების შენარჩუნება ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობა. და რადგან ასეა, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი იქნება სასამართლო რეფორმის არ გატარება, ვიდრე ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ჩვენგან ასევე მოითხოვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ამ თემაზე მსჯელობისას საკითხი ასე დგას - ეს აწყობს ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ მას 2024 წლის არჩევნები აქვს მოსაგები?

ევროკავშირის ჩვენგან მოითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ევროპარლამენტი ჩვენგან ელოდება იმას რომ ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მიღებული.

ევროკავშირი საუბრობს საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთ ცვლილებებზე, რომელთა მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება არჩევნების შედეგებით მანიპულირება და არჩევნების შედეგების გაყალბება. ჩვენგან ასევე მოითხოვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ამ თემაზე მსჯელობისას საკითხი ასე დგას - ეს აწყობს ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ მას 2024 წლის არჩევნები აქვს მოსაგები?

- ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პოლარიზაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის შემაფერხებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს. ვერაფერს იტყვი სრული ჭეშმარიტებაა.

დეპოლარიზაციის თემაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „პოლარიზაცია არის თავსმოხვეული ტერმინი, რომლის ერთადერთი მიზანია შეიფუთოს რადიკალიზმი პოლიტიკაში.“

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი რომ 2024 წლის არჩევნების სამზადისში მყოფი ხელისუფლება ახლა დეპოლიტიზაციით იყოს დაინტერესებული.

ასეა რადგან პოლარიზაციაც არის იმის პირობა, რომ მმართველმა გუნდმა გაიმარჯვოს 2024 წლის არჩევნებში. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- დეპოლარიზაცია ხელისუფლებას შესაძლოა აწყობდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით თუ სხვა პოლიტიკური პარტიები შეამცირებენ თავის კრიტიკას მთავრობის მიმართ.

ამ ტიპის დეპოლარიზაცია შესაძლოა ხელისუფლების მიერ იქნას გამოყენებული არჩევნებში ისევ გამარჯვებისთვის. სხვა სახით დეპოლარიზაცია, ვითარებაში, როცა ხელისუფლების კრიტიკა გრძელდება, ასეთი დეპოლარიზაცია არ აწყობს რა სამართლიანიც არ უნდა იყოს მის მიმართ მიმართული კრიტიკა.

როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამ საქმეში ბურთი ხელისუფლების მოედანზეა

ევროკავშირის მოთხოვნა დეპოლარიზაციაზე ბევრს ესმის როგორც მოწოდება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მათ შეამცირონ ხელისუფლების კრიტიკა, მტრული რიტორიკა.

როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამ საქმეში ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. ევროპარლამენტის კომიტეტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დეპოლიტიზაციის შესამცირებლად ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას რომ პოლიტიკურ ძალებს შორის მტრული რიტორიკა და განსაკუთრებით მოქმედებები არ იყოს მიმართული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ.

- ევროპარლამენტის კომიტეტის რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას ნიკა „გვარამიას საქმე“ გადაიხედოს. გაქვთ განცდა, რომ „გვარამიას საქმე“ გადაიხედება?

- შესაძლოა მყისიერად არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ „გვარამიას საქმეზე“ წავიდეს დათმობაზე, მაგრამ რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას, ალბათ არ დათმობენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება გვარამიაში ისეთ სახიფათო ლიდერს ვერ ხედავს, როგორც სააკაშვილია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაა გამორიცხული ხელისუფლება ვარაუდობდეს, რომ გვარამიას გათავისუფლება „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებაში ხელს ვერ შეუშლის.

ხელისუფლება შეეცდება გვარამიას გათავისუფლების თემა სავაჭროდ დაიტოვოს, მერე გამოუშვას და თქვას - გვარამია გამოუშვი, მაგრამ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გაუშვებ

გარდა ამისა, ალბათ ხელისუფლებასაც ესმის რომ გვარამიას საქმე აშკარად „შეკერილია“. გვარამიას ციხეში დიდხანს ყოფნა დაუსჯელი ვერ დარჩება. მისი ციხეში ჯდომა რაიმეთი გამართლება შეუძლებელია.

ხელისუფლება შეეცდება გვარამიას გათავისუფლების თემა სავაჭროდ დაიტოვოს, მერე გამოუშვას და თქვას - გვარამია გამოუშვი, მაგრამ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გაუშვებ.

- მმართველი გუნდის მხარდამჭერების მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მანამდე არ მიანიჭებს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მის მოსაწონ „ნაციონალებისა“ და მის სატელიტებს არ იხილავს.

დამკვირვებელთა ნაწილის ვარაუდით, თუ ბრიუსელი „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებამდე არ მიანიჭებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს მმართველი გუნდის ამომრჩეველს ევროკავშირის საწინააღმდეგოდ განაწყობს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში 2024 წლის არჩევნებამდე იმძლავროს ანტიევროპულმა განწყობებმა, რაც არჩევნებზეც და ქვეყნის საგარეო არჩევანზე შეიძლება აისახოს?

- ნაწილში შეიძლება. „ქართული ოცნების“ ნაწილი აბსოლუტურად მართვადია, მათთვის მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლებაში იმ პოლიტიკური ძალის ყოფნა, რომელიც მათ აწყობთ. ამიტომ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილში შეიძლება მართლაც იმძლავროს ანტიევროპულმა განწყობებმა.

„ქართულ ოცნებას“ საკმაოდ განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მათ დიდ ნაწილს გულახდილად სჯერა, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თუ 2024 წლამდე ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერ მივიღეთ, „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდება ძალიან ბევრი ამომრჩეველი.

„ქართულ ოცნებას“ საკმაოდ განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მათ დიდ ნაწილს გულახდილად სჯერა, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თუ 2024 წლამდე ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერ მივიღეთ, „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდება ძალიან ბევრი ამომრჩეველი

შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ევროსკეპტიკოსი ამომრჩევლების ხმების სათავისოდ გამოყენებას. ამას ემსახურებოდა მმართველი გუნდიდან „ხალხის ძალის“ გამოყოფა. ეს მათ უნდა შეძლონ არჩევნებისთვის ამ ტიპის ამომრჩევლების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მობილიზება. „ხალის ძალა“ „ოცნების“ ქვედანაყოფის როლს თამაშობს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტის კომიტეტის რეზოლუცია ადეკვატური კია, მაგრამ ხელისუფლებისთვის ნაკლებად რეალიზებადია...

- რეზოლუციაში ისეთი პუნქტებია ჩაწერილი, რომელთა ბოლომდე შესრულებას ხელისუფლება არ აპირებს. ბევრი მოთხოვნა შესრულებადია, მაგრამ არის მოთხოვნები, რომლებიც ალბათ ვერ შესრულდება.

ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია და ეს, ამომრჩევლებმაც, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ

ევროკავშირს აქვს გამოცდილება, როცა ევროკავშირის პერსპექტივის მქონე ქვეყნები კი არა, არამედ კანდიდატები ვერ ასრულებენ დიდ ხნის განმავლობაში ევროკავშირის რეკომენდაციებს და მათთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. იმის თქმა მინდა, რომ ევროპელი პარტნიორები ყოველთვის პრინციპულად მოქმედებენ.

იმის გამო, რომ ჩვენ უკრაინაში დაწყებული ომის გამო იოლად გაგვეხსნა ევროპული ფანჯარა და იოლად მივიღეთ ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნის სტატუსი, ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია და ეს, ამომრჩევლებმაც, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი