ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მოუწოდებს, ცესკოს თავმჯდომარისა და 2 წევრის არჩევის პროცესი  დაუყოვნებლივ დაიწყოს

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარისა და 2 წევრის არჩევის პროცესი, რადგან, მისი შეფასებით, კანონმდებლობა უხეშად ირღვევა.

როგორც სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კომისიაში ლეგიტიმაციის კრიზისია.

„დღეს საქართველოში მთავარი დღის წესრიგი უკავშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ერთ-ერთ პუნქტთან, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწყებულია ძალიან ინტენსიური პროცესი. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ზიანს აყენებს საქართველოს საარჩევნო კომისიაში არსებული ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარისა და ორი წევრის სტატუსთან. მოგეხსენებათ, აღნიშნულ პირებს 15 აგვისტოს გაუვიდათ უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი და კანონმდებლობის სრული დაცვით შერჩეული კანდიდატები ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტს არჩევისთვის ჰქონდა 14-დღიანი ვადა, თუმცა პარლამენტს კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაუყენებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს. პარლამენტს უნდა აერჩია კანდიდატები, ან ჩაეგდო ისინი და ამის შემდეგ პროცესი კვლავ გაგრძელდებოდა. აღნიშნული არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპს - სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, აგრეთვე, არღვევს ასარჩევი კანდიდატების კონსტიტუციურ უფლებასაც, რომლებიც თვეებია უშედეგოდ ელოდებიან კენჭისყრას. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ ამ კანონგარეშე ვითარებიდან",- განაცხადა სიორიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა გაუხანგრძლივდეთ უფლებამოსილების ვადა მათი ადგილმონაცვლის არჩევამდე, ანუ, როგორც სიორიძე აცხადებს, 6-თვიანი ვადა, შესაძლოა, რამდენიმე წლით გახანგრძლივდეს, რაც მისივე შეფასებით, „შეუსაბამოა დემოკრატიის სტანდარტთან“.

„ამავდროულად, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ის არგუმენტი, თითქოს პარლამენტის რეგლამენტი ამ ვადებს სხვაგვარად განსაზღვრავდეს. საარჩევნო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს მაქსიმალურ 14-დღიან ვადას, შესაბამისად, ამ ვადის დარღვევა კანონმდებლობის უხეში დარღვევაა", - განაცხადა სიორიძემ.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, "აქ უხეშად არის დარღვეული კანონი და ვერ გაგცემთ პასუხს, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, რადგან საკანონმდებლო სივრციდან გასული პროცესია".

ამასთან, სიორიძემ თქვა, რომ ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე კანონს არ არღვევს და კანონმდებლობის დარღვევაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.

მისივე განმარტებით, ასარჩევ წევრებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლიათ, რადგან დარღვეულია კონსტიტუციის 25-ე მუხლი საჯარო თანამდებობის დაკავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები ასარჩევად 5 აგვისტოს წარუდგინა. ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ და პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არ არის გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც კანონი შესაძლებლობას აძლევს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელოს. ცესკოს თავმჯდომარედ ასარჩევად პრეზიდენტმა თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე შეარჩია. რაც შეეხება ცესკოს წევრებს, ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარუდგინა, ხოლო ცესკოს მეორე წევრის თანამდებობაზე - გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაურის კანდიდატურები.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე. პრეზიდენტის მიერ შერჩეული და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად 5 სექტემბერს გადაეცა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მის მიერ ასარჩევ თანამდებობის პირებს, როგორც წესი, შესაბამისი კანდიდატურების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში ირჩევს. აქვე რეგლამენტი უთითებს - “თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი“. “საარჩევნო კოდექსი“ კი აზუსტებს, რომ პარლამენტი ცესკოს წევრებს პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14-ე დღისა ირჩევს. კანონის მიხედვით, თავად ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს წევრის არჩევისათვის დადგენილი წესით აირჩევა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი