ნიკოლოზ მეტრეველი - კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა ჩინეთის უახლეს ისტორიაში ახალ საწყის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ

16 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა გაიხსნა და 22 ოქტომბერს დასრულდა. ყრილობაზე პარტიის მე-18 ყრილობის შემდგომ პერიოდში ჩინეთის ისტორიული განვითარების შედეგები სისტემატიზებულად შეჯამდა და მომავალი ხუთი წლის და კიდევ უფრო ხანგრძლივ პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები დაიგეგმა. სტატიის მოცულობა და ფორმატი არ იძლევა შესაძლებლობას მე-20 ყრილობაზე განხილული და მიღებული საკითხების სრულად ასახვის, თუმცა მინდა შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩინეთის, მსოფლიოს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე.

მე-20 ყრილობა ჩინეთის უახლეს ისტორიაში ახალ საწყის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საანგარიშო მოხსენებაში პარტიის გენერალურ მდივნად არჩეულმა სი ძინპინმა განაცხადა: 2020-2035 წლებში ჩინეთმა უნდა გაიაროს სოციალისტური მოდერნიზაციის გზა. 2035-2050 წლებში უნდა შეიქმნას „მდიდარი, დემოკრატიული, მშვენიერი მოდერნიზებული სოციალისტური სახელმწიფო“. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალისხმევა ამ მიზნის მიღწევაზე იქნება კონცენტრირებული და ეს იქნება ჩინეთის კიდევ ერთი „დიდი ლაშქრობა საერთო მსოფლიო პროგრესისთვის“. ჩინეთი „დიდ ლაშქრობას საერთო მსოფლიო პროგრესისთვის“ კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს ახალი ექვსი წევრით იწყებს, რომლებიც, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გენერალური მდივნის ძველი და ერთგული თანამებრძოლია. ესენი არიან: ლი ციანი, ჭაო ლეძი, ვან ხუნინგი, ცაი ცი, დინგ სუესიანგი და ლი სი. ახალი დანიშვნების არსი იმაშია, რომ ჩინეთმა და მსოფლიომ მკაფიო გზავნილი მიიღო - კომპარტიის წესდებაში ჩაიწერა სი ძინპინი პარტიის ბირთვია და ძველი ზომიერ-ლიბერალური ოპოზიციის ადგილი ხელისუფლებაში აღარ იქნება. ნიშანდობლივია, რომ თანამდებობა შეინარჩუნა და პოზიციები განიმტკიცა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ. ის დასავლეთში საგარეო პოლიტიკის აგრესიული სტილის მომხრედ ითვლება. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის საპროგრამო და საკადრო გადაწყვეტილებები სი ძინპინის პოლიტიკური კურსის უპირობო გამარჯვებაა. თავმჯდომარე მაოს შემდეგ ჩინეთში ასეთი ძალაუფლების ხარისხი არცერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია. იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური მემკვიდრეობიდან მხოლოდ ერთი, ჩინეთთან მკაცრი კონკურენციის პოლიტიკა შეინარჩუნა და ახალ, უფრო მაღალ რეგისტრშიც გადაიყვანა. როდესაც ჩინეთი გამოცხადებულია ამერიკისა და ზოგადად, დასავლური სამყაროს მთავარ პირველ საფრთხედ. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსებისათვის მსოფლიოში მნიშვნელოვანი იყო მოესმინათ, თუ რა პრიორიტეტებს გამოყოფდა საგარეო პოლიტიკის სფეროში თავის მოხსენებაში სი ძინპინი. მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს, არ იყო დასახელებული არცერთი კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ ითქვა, რომ გაგრძელდება „ღია ჩინეთის“ და „მსუბუქი ძალის“ პოლიტიკა, როგორც ცივილური არჩევანის ალტერნატიული საშუალება სხვა სახელმწიფოებისათვის. მნიშვნელოვანია, როდესაც ხაზი გაესვა საერთაშორისო ურთიერთობების პერეფორმირების აუცილებლობას, რომლის მიზანია მსოფლიოში ახალი ძალების ცენტრების შექმნა. მოხსენების ეს ნაწილი რუსეთის პოლიტიკოსებმა და პროპაგანდამ სასწრაფოდ სცადა რუსული ე.წ. „მრავალპოლარულობის“ თეორიასთან დაეკავშირებინათ. ხაზგასმით უნდა ითქვას, საპროგრამო მოხსენებაში გამოთქმულ თეზისებს და რუსულ ე.წ. „მრავალპოლარულობის“ იდეებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. პირიქით, მოხსენების სრული კონტექსტი გასაგებად გვიჩვენებს, რომ ჩინეთი მსოფლიოში, საკუთარი ლიდერობის პოზიციის განმტკიცებას ბიპოლარული სამყაროს პირობებში გეგმავს, რომლის ცენტრი ამერიკა და კოლექტიური დასავლეთია.

რაც შეეხება ქართულ-ჩინურ პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩინეთი მკაცრად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საშინაო პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობის პრინციპს. მუდმივად გამოხატავს ინტერესს საქართველოსთან შემდგომი ეკონომიკური, კულტურული და მეცნიერული თანამშრომლობის გაღრმავებისადმი. საინტერესოა, რომ ჩინელი ანალიტიკოსები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებში ჩინეთის პრობლემატიკის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მცოდნედ მიიჩნევენ.

როდესაც ჩინეთში მიმდინარე პროცესების განხილვა ხდება, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ჩინეთის, როგორც ეკონომიკური გიგანტის ეკონომიკის მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. მსოფლიოში კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ, უკრაინის კრიზისმა, ენერგეტიკულმა კრიზისმა, მსოფლიო ინფლაციამ ასახვა ნახა ჩინეთის ეკონომიკაზეც. მიუხედავად ამ ფაქტორების, გასულ წელს ჩინეთის მშპ 8.1%-ით გაიზარდა, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა კი მხოლოდ 0.9%-ით აიწია. ბოლო ათი წლის მანძილზე, ჩინეთის მშპ 54 ტრილიონი იუანიდან 114 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა, ქვეყნის ეკონომიკის აგრეგირებული მაჩვენებელი მსოფლიო ეკონომიკის 18.5%-ს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 39 800 იუანიდან 81 000 იუანამდე გაიზარდა. 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის წილი 18,5% იყო, მაშინ როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11,3%-ს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ ქვეყნის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე სტატისტიკით, ჩინეთის შენატანი გლობალურ ეკონომიკაში 2013-2021 წლებში 30%-ს აღემატებოდა, რამაც ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის უმსხვილეს დრაივერად აქცია. ამ პერიოდში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ 6,6% იყო, ეს კი აღემატებოდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპს, რომელიც 2,6% იყო. ჩინეთმა „ასწლეულის პირველ მიზანს“ მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლაში და ე.წ. „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოება“ შექმნა. „ჩინელი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ერის აღორძინების“ თავდაპირველი მისიის შესაბამისად, ჩინეთმა საკუთარ ისტორიაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში შთამბეჭდავი შედეგები მოიპოვა და უკიდურესი სიღარიბის პრობლემა წარმატებით გადაჭრა. პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 მილიონზე მეტი ადამიანი აღწევდა თავს სიღარიბეს, რაც საშუალო ზომის ქვეყნის მოსახლეობას უდრის, ჯამში კი თითქმის 95 მილიონმა ადამიანმა დასძლია სიღარიბე. გასულ წელს, ქვეყნის მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 12000 აშშ დოლარს მიაღწია, რითაც „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ შექმნის სტრატეგიული მიზანი მიღწეულ იქნა.

ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართულ-ჩინური ეკონომიკური თანამშრომლობა ქართული ეკონომიკისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ქართულ-ჩინურ ეკონომიკურ ურთიერთობებს მნიშვნელოვან იმპულსს ანიჭებს ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. საქართველოს და მისი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების მკაცრი გათვალისწინებით აქტიურად ვითარდება ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში: ჩინეთი საქართველოს (574.8 მლნ აშშ დოლარით) მთავარი საექსპორტო და (829.3 მლნ აშშ დოლარით) მესამე საიმპორტო პარტნიორია. წარმატებით მიმდინარეობს წინა წლებში დაწყებული ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები, ვითარდება პირდაპირი ეკონომიკური კონტაქტები საქართველოს რეგიონებს და ჩინეთის რეგიონების დონეზე. ცალკე გამოსაყოფია ჰუალინგ ჯგუფის წარმატებული მუშაობა საქართველოში.

ჩინელი ლიდერები ცდილობენ მათი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას. თუ საუკუნის დასაწყისში ჩინეთი გლობალური ეკოლოგიური საფრთხის შემქმნელად სამართლიანად მიიჩნეოდა. დღეს უკვე ჩინეთს დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური უსაფრთხოების საქმეში, გლობალური მცენარეული საფარის ზრდაში ჩინეთი პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში დღეს არსებული ხელოვნური ტყეების 1/4 ჩინეთზე მოდის. ამასთან, იგი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მიაღწევს ნახშირორჟანგის ემისიის პიკს, ხოლო 2060 წლისთვის - ნახშირბადის ნეიტრალიტეტს, რითაც აქტიურად შეუწყობს ხელს გლობალური გარემოს წესრიგში მოყვანას. წარმატებებთან ერთად, რომელსაც ჩინეთის კომპარტია თავის მე-20 ყრილობას ხვდება ჩინეთს სერიოზული გამოწვევებიც აქვს, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. ეკონომიკაში ეს არის მსოფლიო კრიზისებით და კოვიდ 19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ნახევარგამტარების ხარისხი და დეფიციტი. ჩინეთი სამი მეოთხედით ნახევარგამტარების იმპორტზეა დამოკიდებული ის მხოლოდ მსოფლიო მოცულობის 15%-ს აწარმოებს, მაშინ, როდესაც აშშ 40%-ს, სამხრეთ კორეა 20%-ს. და ძალიან მნიშვნელოვანი, ამ პროდუქციის ყველაზე მოწინავე 90%-ის მწარმოებელი ტაივანია. ტაივანი, რომელიც თანამედროვე ჩინეთის, ჩინეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის მკვეთრად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ყველაზე მძიმე საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მის წინაშე არსებულ საგარეო და საშინაო გამოწვევების გადაჭრის ინსტრუმენტად მხოლოდ ეკონომიკის შემდგომ მოდერნიზაციას და „რბილი ძალის პოლიტიკას“ არ მიიჩნევს. ჩინეთის ლიდერების მიერ საერთო სახელმწიფო პოლიტიკის გადასინჯვის შედეგად მოხდა მსოფლიოში ჩინეთის ადგილის და როლის განსაზღვრა. შესაბამისად, დადგა სამხედრო ძალების მშენებლობის დოქტრინის განახლების აუცილებლობაც. ამ თემით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანები, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ ნომერ მეორე მსოფლიო ეკონომიკის ქვეყანას, ამერიკაზე, რუსეთზე, საფრანგეთზე და ბრიტანეთზეც სუსტი სამხედრო პოტენციალი გააჩნია. ამგვარად სრულებით არ ფიქრობენ მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ განსაზღვრეს საკუთარი გლობალური მოწინააღმდეგე - ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთი პირველ და შემდგომ უკვე რუსეთი, ოფიციალურად დასავლეთ სამყაროს მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. ორივე სახელმწიფო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულია, მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტებს და ახდენს საკუთარი ჯარების მოდერნიზაციას, მაგრამ მათი პრიორიტეტები და შესაძლებლობები მკვეთრად განსხვავებულია. დასავლეთ სამყაროს ამ ორი გლობალური მოწინააღმდეგისგან, გასაგები საფუძვლების გამო, ამჟამად, ჩინეთი ამერიკის და კოლექტიური დასავლეთის მიერ გაცილებით სერიოზული საფრთხის მატარებლად აღიქმება. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთმა ბოლო ათი წლის მანძილზე საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და 2021 წელს დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სამხედრო ექსპერტების შეფასებით კი, ციფრები გაცილებით მაღალია. პირდაპირი სამხედრო ხარჯების პარალელურად, თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების მიზნით ძალიან დიდი ფინანსური რესურსები იდება სახელმწიფო და კერძო კორპორაციებში. ჯერ კიდევ 2017 წელს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ 2049 წელს უნდა მიაღწიოს „მსოფლიო დონეს“ და რაც მთავარია, „იბრძოლოს და გაიმარჯვოს მსოფლიო ომებში“. ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალები ინოვაციური ტიპის ლიდერი სახელმწიფოების რიცხვში უნდა შევიდეს. ამავე დროს, 2035 წელს მთლიანობაში უნდა დასრულდეს შეიარაღებული ძალების და სახალხო არმიის სრული მოდერნიზაცია, ხოლო საუკუნის შუალედში, სახალხო არმია გადაიქცეს მსოფლიო დონის მოწინავე ძალად. სი ძინპინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩინეთში შეიქმნა შეიარაღებული ძალების ორი ახალი სახეობა, 2015 წლის დეკემბერში სტრატეგიული უზრუნველყოფის ჯარები, 2016 წლის თებერვალში სარაკეტო ჯარები. 2015 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოიყო სახალხო არმიის სახმელეთო ძალების შტაბი. სისტემატური ყურადღება ექცევა საჰაერო დაცვის საკუთარი სისტემების მოდერნიზაციას და შექმნას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეიარაღების კომპონენტი ბირთვული სტრატეგიული რაკეტები, რომლითაც ჩინეთს აშკარა დისპროპორცია გააჩნდა ამერიკასთან და რუსეთთან, სწრაფი ტემპებით მცირდება. ჩინეთს მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული ინფორმაციული ომების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ამიტომაც, ინტენსიურად ავითარებს ინფორმაციული ომების სტრატეგიას. შედეგები დამაფიქრებელი და შთამბეჭდავია. ავიღოთ საზღვაო ძალები: დღეისათვის ჩინეთი მსოფლიოში მეორე ძლიერი საზღვაო სახელმწიფოა, მას გააჩნია დაახლოებით 350 თანამედროვე ტიპის წყალზედა და წყალქვეშა ხომალდი. საზღვაო ძალების განვითარების გეგმის მიხედვით 2030 წელს ჩინეთს 5 უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ავიამზიდი ექნება. აი, რა თქვა ამ პრობლემაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალმა მარკ მილიმ გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ გამართულ ინტერნეტ-სემინარზე: „ამერიკის და ჩინეთის შედარება სამხედრო თვალსაზრისით 30 წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ როგორც თქვენ ეს კარგად იცით, მათ შექმნეს მძლავრი ეკონომიკა და ჩადეს ბევრი ფული სამხედრო ძალების გაძლიერებაში“. - მისი სიტყვებით, ჩინეთი აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს ყველა მიმართულებით. მათ შორის, კოსმოსში და კიბერსივრცეში. „მას (ჩინეთს) შექმნილი აქვს მძლავრი შეიარაღებული ძალები. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებული იქნება არსებული მდგომარეობა, ისინი რაღაც მომენტში თანაბრად იქნებიან შეერთებულ შტატებთან“. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობამ ბევრი რამ გააგებინა სამყაროს და ჩინეთს - ფაქტია, ცვალებად სამყაროსთან მიმართებაში, ჩინეთის საკუთარ ცვლილებასთან ერთად - „ჩინეთი აღარ იმალება და უკვე აღარ იცდის“.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა