აკაკი ბობოხიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უსახურ და უიდეოლოგო პარტიად გადაიქცა - ბიძინა ივანიშვილის შესაცვლელად ბიძინა ივანიშვილის მეთოდებით იბრძვის

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უსახურ და უიდეოლოგო პარტიად გადაიქცა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილის შესაცვლელად ბიძინა ივანიშვილის მეთოდებითვე იბრძვის.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენმა გასვლამ არა თუ დაასუსტა, არამედ საერთოდ უსახურ, უიდეოლოგო პარტიად გადაიქცა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებების ადამიანები არიან შეკრებილი. დღეს ბრძოლა მიდის მხოლოდ, ვინ იქნება პარტიის სათავეებთან.

ოპოზიციაში ყველაზე მაღალრეიტინგული პარტიაა, ოღონდ უბედურებაა, რომ ყველაზე რეიტინგულ პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და ღირებულებითი საფუძველი, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის საფუძველი აქვს და დღეს „ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის ბიძინა ივანიშვილის შესაცვლელად, ბიძინა ივანიშვილის მეთოდებითვე. „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს კიდეც, რომ მათი მთავარი ამოცანა არის პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა და სამწუხაროდ, მდგომარეობა კონკრეტულად ამ სიტუაციაში მართლაც ასეთია, ოღონდ სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ დავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გარეშე, ეს ბრძოლა მარცხისთვის არის განწირული და თუ ჩვენ სწორად არ წარვმართავთ ჩვენს ენერგიას და ხმებს, არ დადგება საბოლოო შედეგი. დავა მიდის იმაზე, რომ ნიკა მელიამ 70 000 კაცი შეკრიბა და შემდეგ ფუჭად დაშალა, მელიას დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მაინტერესებს, რას იზავდა და სხვა რა უნდა ექნა პოლიტიკურ ლიდერს. არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება არის ხოლმე ყველაზე დიდი შეცდომა პოლიტიკური ძალების მხრიდან და მითუმეტეს, იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

თუ ყველანი არ ვიქნებით ორიენტირებული არჩევნებზე და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი პოლიტიკური ფიგურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილი არ იტყვის, რომ მის გათავისუფლება-არ გათავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, სამწუხაროდ, მასაც დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა, სადაც ის მართლა ცუდად არის. მიხეილ სააკაშვილი მართლა ცუდად არის, ოღონდ რამდენჯერ უნდა შეიცხადონ, ყოველ ორ-სამ თვეში ხომ არ შეიძლება ერთთვიანი შეცხადება გააკეთონ - უი, ცუდად არის და ისევ, იგივე გაგრძელდეს. ხომ უნდა მიხვდნენ ერთხელ და სამუდამოდ ის იქ და ესენი აქ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები, მათ შორის, პოლიტიკური ცვლილების მიღმა, პიროვნული და პერსონალური ცვლილებები გადის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე, ამიტომ მთელი ჩვენი ენერგია მიმართული უნდა იყოს არჩევნებისკენ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა