გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

11 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის კონსული, პიოტრ პომიანოვსკი და პოლონეთის ელჩის მოადგილე, მარიუშ პიეტჟაკი ესტუმრნენ.
გორის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუმრებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მიერ განხორცილებეული სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების შესახებ, რომლებიც უკავშირდებდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს. ასევე, ორი ქვეყნის მეგობრობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი, რომელმაც პოლონელ ერს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის პოლონურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სტუმრები გორის უნივერსიტეტში არსებულ ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში შეხვდნენ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, პოლონური ფესვების მქონე მოქალაქეებს და იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც გორის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოლონეთში იღებდნენ განათლებას. შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წმინდანის, გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობასა და ღვაწლზე პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში.
უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს მარშალ იოსებ პილსუდსკის სკვერი, რომელიც გორში რამდენიმე წლის წინ, ვარშავის უნივერსიტეტის და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ, მეუფე ანდრიას მხარდაჭერით გაიხსნა.
პოლონეთის კონსულმა საქართველოში, პიოტრ პომიანოვსკიმ აღნიშნა, რომ გორთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს პოლონეთის საელჩოს და მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პოლონეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი გორელებთან ერთად აღნიშნეს.
საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის ავტორობით გამოცემული წიგნი “პოლონელი ქუთაისიდან“, წიგნში აღწერილია დევნილობაში მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ცხოვრება, რომელიც ქუთაისში დაიბადა. მეორე წიგნი კი ქუთაისში გადმოსახლებული პოლონელი ტყვეების ბედზეა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან საუბრის შემდეგ, დაიგეგმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართოს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი ტყვეების შესახებ, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმის ჩვენება.
























