ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2022

ვახტანგ ძაბირაძე - “ურთულესი ზამთარი გველის ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც...”
ომში „ზამთრის პაუზა“ იწყება - ფარული მობილიზაცია რუსეთში და მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
“ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა” - გიორგი ბადრიძე
რა მოხდება, თუ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა და ვის აწყობს ამ თემის აგორება
უკრაინაში მებრძოლი რომეო ფარულავა - “უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “ურთულესი ზამთარი გველის ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც...”
“სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო შეტევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შეიძლება ითქვას, სპეციალური უჯრედიც კი შეიქმნა. ჯერ სამეული იყო, ახლა ცხრანი არიან, “ხალხის ძალა” დაირქვეს და ყოველდღიურად ცილს სწამებენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. არ ვიცი, რომელი ხალხის ძალად მიაჩნიათ თავი, მაგრამ მათი მიზანი აშკარად დასავლეთის დისკრედიტაციაა ქართველ საზოგადოებაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა გამწვავდეს. ვერავის დააჯერებ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე მოქმედებენ. გასულ კვირას პარლამენტში მიბრძანებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა არათუ დაგმო მათი განცხადებები, არამედ წარმატებაც უსურვა. ისინი კვლავ უმრავლესობის შემადგენლობაში არიან, მხოლოდ დროდადრო აცხადებენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომ ამ გაუგებარი წარმონაქმნის განცხადებებს ემიჯნებიან, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მათგან დიდად არ განსხვავდება ირაკლი კობახიძის თუ დანარჩენების რიტორიკა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ურთულესი ზამთარი გველის ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც...”
“ამ ჯგუფმა, როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია - საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში არ მახსენდება ასეთი მწვავე შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისეთი განცდა მაქვს, რომ დავუბრუნდით ძველ, საბჭოთა იდეოლოგიურ გარემოს, როდესაც ე.წ. დიდი, რუსი პოლიტოლოგები ზორინი და სხვები ყოველ საღამოს, “ვრემიაში” აკრიტიკებდნენ ამერიკას და ცილს სწამებდნენ... ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც, წესით, უნდა ესმოდეს, თუ რაზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გაბედავდა ამგვარ განცხადებებს. ჩვენ რომ დღეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვარსებობთ, რომ არ გადავიქეცით თუნდაც ბელორუსად, რომ გვაქვს ეკონომიკა და მოვახერხეთ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის მხარდაჭერის შედეგია. ამდენი თავდასხმის მიუხედავად, ამერიკის ოფიციალური პირები თავს იკავებდნენ პასუხისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს ამ განცხადებების შემდეგ ამერიკამ. იმედია, სწორად შეაფასებენ ჩვენს საზოგადოებაში და არა ხელისუფლებაში არსებულ განწყობას და ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც მომავალში საქართველოს დააზარალებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ჩვენ ამერიკასთან პარტნიორობის შენარჩუნება ჰაერივით გვჭირდება, მით უფრო რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აქ უამრავი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. ჩვენი ფუნქცია და მნიშვნელობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ წარმოვადგენთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კვანძს. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი ტერიტორიული თუ კულტურული დამოუკიდებლობა გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ამიტომაც გვჭირდება ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც ერთად შევძლებთ სუვერენიტეტის შენარჩუნებას და გაძლიერებას. სულ იდილიური ურთიერთობა შეიძლება არ გვქონდეს, შეიძლება გავაკრიტიკოთ კიდეც ბევრი რამ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ის არის, თუ რატომ დაიწყეს ასეთი მძაფრი ცილისწამების კამპანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. მეეჭვება, ამის გამომწვევი მხოლოდ ერთი ფაქტორი იყოს, მაგალითად, ივანიშვილის ქონების გადარჩენა. რომ დავფიქრდეთ, ალბათ, ეს საკითხი არც დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა ხელისუფლების პოლიტიკა. კელი დეგნანმა ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას ბრძანა, ეს რუსული გაკვეთილიაო, და სამწუხაროდ, რთულია, არ დაეთანხმო, მაგრამ მე კიდევ უფრო რთულად მგონია საქმე. დღეს ამგვარი პოლიტიკით “ქართული ოცნება” ცდილობს დასავლელ პარტნიორებს თვითონ ათქმევინოს საქართველოზე უარი. თუ ადევნებთ თვალს რუსულ საინფორმაციო საშუალებებს, შეამჩნევდით, რომ ბოლო ხანს მხოლოდ იმას ლაპარაკობენ, უკრაინასა და ევროპას ენერგოკრიზისით დავაჩოქებთ და ვაიძულებთ უკრაინის ხელისუფლებას დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსული პირობებითო. ამ კონტექსტში რუსეთის ინტერესი შესაძლოა ისიც იყოს, რომ საქართველო გახდეს ენერგოგაუმტარი არეულობის ან სხვა ტიპის პროვოკაციების შედეგად, რათა არ მოხერხდეს ამ ე.წ. შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა და დასავლეთისთვის ენერგომატარებლების გაზრდილი ოდენობით მიწოდება”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.
“რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოდერეფნის გამოყენება იმ ძალით ვერ მოხერხდეს, როგორითაც დასავლეთს სურს. შესაბამისად, ერთ-ერთი ფაქტორი ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის შესაძლოა ესეც იყოს. ყველა ეს თემა კომპლექსურად, ერთიანობაშია განსახილველი. ურთულესი ზამთარი გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ის მშვიდად გადავიტანოთ ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც. ამაზე დამოკიდებული იქნება ბევრი რამ, მათ შორის ისიც, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. იმედია, ჩვენს პარტნიორებს ეს ესმით, საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო ღრმა კონფრონტაციაზე არ წავლენ და ამით არ შეუწყობენ ხელს, რომ ის საბოლოოდ მოექცეს რუსულ გავლენაში. სხვათა შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეცდომა მგონია ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება იყო, ახლა ცდილობენ ეს გამოასწორონ, მაგრამ ამან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებაზე ცუდი გავლენა უკვე მოახდინა”, - ამბობს ვახტან ძაბირაძე და შეკითხვაზე - “პარლამენტში გამოსვლისას ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილის ერთმა ფრაზამ მიიქცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაო...” - პასუხობს:
“სხვათა შორის, მაგ განცხადებას მეც მივაქციე ყურადღება და თქვენსავით გამიკვირდა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას მეც დასავლეთთან ინტეგრაციის გზით ვხედავ. ჩვენმა პარტნიორებმა და უკრაინამ ამ ომში თუ მიაღწიეს წარმატებას, არა მარტო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი გაჩნდება, არამედ საქართველო რუსეთის აგრესიის საფრთხისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ამის არ სჯერა. ღარიბაშვილის ეს განცხადება კი იძლევა განსაზღვრული ვარაუდების საფუძველს. მაგალითად, ხომ არ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის სწორედ ამ მიმართულებით. არ არის გამორიცხული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ფსევდოგადაწყვეტას სთავაზობდეს კრემლი, რაც მორიგი ტყუილი და აფერა იქნება”.
“თუ ამგვარი მოლაპარაკება მართლაც მიდის, იმედია, რუსულ ტყუილებს საქართველოს ხელისუფლება არ წამოეგება. ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებს ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, თუ რამდენჯერ გაგვაცურეს და გაგვაბითურეს რუსებმა. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით სპეკულაცია საქართველოს ხელისუფლებამ ისევ ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად წამოჭრას, რადგან მშვენივრად იცის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80% სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა. “ქართული ოცნებისა” და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სწორედ ჩვენი საზოგადოებაა, რომელზეც ამ ე.წ. “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” რიგი ლიდერებისგანაც პირდაპირ ფორსირებული შეტევა მიდის, თუმცა ამან საზოგადოების პროდასავლური და ანტირუსული განწყობები ჯერ ვერ შეცვალა. მშვენივრად იციან ეს ხელისუფლებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც არ არის გამორიცხული წამოჭრან ფსევდოსაკითხები იმისთვის, რომ როგორმე საზოგადოების განწყობებში გარდატეხა შეიტანონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“რუსეთი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინამ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის საქართველოსთვისაც. ჩვენ ახლა მთლიანად მიბმული ვართ უკრაინაზე. მისი გამარჯვება ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რისი მიღწევაც გვსურდა ამ 30 წლის განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების ცვლილებასაც. მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი უარყოფითი მუხტია ხელისუფლების მიმართ და მას არასტაბილურობისა და რუსეთის შიში აჩერებს. ეშინიათ ქვეყანაში ვითარების არევის, რადგან შესაძლებელია ამას რუსული სამხედრო ძალების შემოსვლა მოჰყვეს. როგორც კი გამოჩნდება, რომ რუსეთი უკვე საკუთარ თავსაც კარგავს, მაშინ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს - შესაძლებელია ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდეს პოლიტიკური დღის წესრიგის სამართავად. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც ძალიან დაბალი ნდობა აქვთ ხალხში. თუ ამერიკიდან ასეთ კრიტიკას 5-6 წლის წინ ქართველი საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა, დღეს მხოლოდ სიტყვიერი უკმაყოფილება გვესმის”, ამტკიცებს პოლიტოლოგი.
“რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ის, რომ პარტიაში გავლენის ჯგუფები არსებობს, ახალი არ არის. უბრალოდ, უფრო საჯარო გახდა. გულწრფელად რომ გითხრათ, “ნაციონალური მოძრაობის” გულშემატკივარი 2004 წლიდან აღარ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის კარგი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრობა” შეინარჩუნებს ერთიანობას. არჩევნები დემოკრატიული პროცესია და ეს პრობლემა არ არის, არც გავლენის ჯგუფების არსებობა მიმაჩნია ტრაგედიად, მით უფრო, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდნენ და, ფაქტობრივად, დამალული აღარაფერია. ყველამ იცის, რომ ხაბეიშვილის უკან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ჯგუფები დგას, მელიას კი თავისი ჯგუფი ჰყავს, რომელიც შედგება უფრო რაციონალურად მოაზროვნე პირებისგან. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რაც პოლიტიკურ სივრცეში სიახლეც იქნება და წაადგება კიდეც ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას - პარტიაში დაპირისპირებული მხარეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რომ ისინი ენდობიან საარჩევნო კომისიას პარტიაში და დაემორჩილებიან არჩევნების ნებისმიერ შედეგს. თუ ასე მოხდება, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ პროცესში. თუ ეს დასრულდა პარტიის გახლეჩით, ამაზე ვერ ვიდარდებ, მაგრამ პოლიტიკურ ვითარებას ნამდვილად არ წაადგება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
ომში „ზამთრის პაუზა“ იწყება - ფარული მობილიზაცია რუსეთში და მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
“ბოლო ერთი კვირაა უკრაინაში ფრონტზე მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება. ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, ორივე მხარე პასიური ტიპის საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდა. თუმცა, ისევ მასიურად იბომბება უკრაინის ენერგოობიექტები და ოფიციალური ცნობით, მათი ნახევარი მწყობრიდან გამოვიდა. მოსკოვში არც მალავენ, რომ ამ დარტყმების მიზანია უკრაინის დათანხმება მოლაპარაკებაზე. პარალელურად კი თავად რუსეთში ფარულად გრძელდება რეზერვისტების მობილიზაცია. ოფიციალური რუსული მედია ამაზე დუმს, თუმცა, სხვადასხვა რუსული “ტელეგრამ” არხები წერენ, რომ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ოფიციალურად დასრულების შემდეგაც, ქვეყნის მასშტაბით რეზერვისტებს მაინც მისდით გაწვევის ოფიციალური შეტყობინებები. გარდა ამისა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზამთრის განმავლობაში რუსეთში იგეგმება კიდევ ერთი “ნაწილობრივი” მობილიზაციის, ან სულაც საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაც. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინსტრუქციები უკვე მიიღეს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომში „ზამთრის პაუზა“ იწყება - ფარული მობილიზაცია რუსეთში და მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
“გარდა ამისა, ხშირია, ასე ვთქვათ, წინასწარი გაწვევის შემთხვევები - როდესაც მოქალაქეებს მისდით გაწვევის მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ კომისარიატში უნდა გამოცხადდნენ იანვარში ან თებერვალში. რუსმა ანალიტიკოსებმა ყურადღბა მიაქციეს კიდევ ერთ გარემოებას - გასულ კვირას მოსკოვში უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც, თებერვლის შემდეგ პირველად, პირადად დაესწრო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რაც ამ სხდომის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. მთავარი განსახილველი საკითხი კი სამოქალაქო თავდაცვა იყო. პარალელურად რუსები მაქსიმალურად ცდილობენ მოლაპარაკების საკითხის დაძვრას მკვდარი წერტილიდან. ანალიტიკოსთა შეფასებით, კრემლს გათვლა იმაზე აქვს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად დაზიანება უშუქოდ, უწყლოდ, ბუნებრივი აირისა და გათბობის გარეშე დარჩენილ უკრაინის მოსახლეობაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უკმაყოფილებას გაზრდის და ეს ოფიციალურ კიევს მოლაპარაკების დაწყებისკენ უბიძგებს. ამის შესახებ პრაქტიკულად დაუფარავად განაცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმები ენერგოობიექტებზე “უკრაინის მიერ მოლაპარაკებაზე უარის თქმის შედეგია”. თუმცა, კიევში მოლაპარაკებას კატეგირულად არ თანხმდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ყოველივე ამის ფონზე საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლომდე უკრაინა ყირიმის დაიკავებს და ომი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. თუმცაღა უკრინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს და სამხედრო ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება. გავრილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობა დაბალია. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს არ არის საფრთხე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლონ. საწინააღმდეგოს ფიქრობს ანდრეი ერმაკი - მისი თქმით, 2023 წლის გაზაფხულზე ომის დასრულების პროგნოზები “ოცნებასავით ჟღერს”. მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა, დასძენს, რომ “უფრო რეალისტი იქნება”. უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკოს პროგნოზით კი შესაძლოა ამ წლის ბოლოსთვის უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ და პოზიტიური ამბები გავიგოთ, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში ეს შესაძლოა ხერსონიდან, ან ზაპოროჟიედან იყოს. თუმცა, ექსპერტის აზრით, გავრილოვის პროგნოზი, “ძალიან ოპტიმისტურია”, - განაგრძობს გამოცემა.
“გენერალ ვახტანგ კაპანაძეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ოპტიმისტურ პროგნოზზე ეჭვი ეპარება და აცხადებს, რომ ომის დასრულება “ასე ადვილად არ გამოვა”. “ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს - წლის ბოლომდე ყირიმი აიღონ და გაზაფხულისთვის ომი დასრულდეს - თუმცა ცოტა ეჭვი მეპარება. წლის ბოლომდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. ხერსონის აღებას რამდენ ხანს მოუნდნენ? სვატოვოს უკვე რამდენია თვეა უტევენ? ბევრი მომისმენია, რომ ყირიმი სექტემბერში უნდა აეღოთ, მერე ოქტომბერშიო, ნოემბერშიო. დნეპრიდან ყირიმამდე კიდევ ასი კილომეტრია დარჩენილი და ღმერთმა ქნას, რომ დროის ამ მონაკვეთში ეს მანძილი გაიარონ. თუმცა, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა შეძლება მათ უკეთ იციან. როდისთვის შეიძლება ომი დასრულდეს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, შესაძლოა ერთ დღეშიც დამთავრდეს, თუ პუტინი გადატრიალდა და მოკვდა. მაგრამ მნიშვნელოვან გარდატეხას გაზაფხულზე ველოდები”, - თქვა კაპანაძემ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტაგ მაისაია კი აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამ ომზე დიდი ფსონი დადო და ასე მალე არ დასრულდება”, - დასძენს გამოცემა.
“სცენარი, რაზეც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რუსეთში პროცესები როგორ განვითარდება. რუსეთში ახლა ძალიან რთული შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის და როგორც ჩანს, მან ეს ფაქტორიც გაითვალისწინა. მე ერმაკის მოსაზრებას გავიზიარებდი და საკმაოდ ფრთხილ პროგნოზს გავაკეთებდი, რადგან ახლა ზამთარი მოდის, კლიმატი გაუარესდა, ორივე მხარის მიერ საბრძოლო მოქმედებები ნელდება და გაზაფხულისკენ გაატიურდება. ყველაფერს დრო, რესურსები და შესაძლებლობები გვიჩვენებს, მაგრამ ომის დასრულებას, ჩემი აზრით, კიდევ ორი წელი მოუნდება, ეს სამწუხარო რეალობა და ფაქტია. მხარეებმა საკმაოდ დიდი ფსონი დადეს. რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი არ მგონია რამეს შეეგუოს და სანამ რესურსი ექნებათ, დროს გაწელავენ. უკრაინის დაბომბვები ახლაც მიდის. პოლონეთის თავდასხმა მაინც შეგნებულად გაკეთებული მგონია, რაც იმის ინდიკაციას იძლევა, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ომის მალე დასრულება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“უკვე პოზიციური ბრძოლები მიდის. ამინდი უცებ გაუარესდა, თოვლი მოვიდა და ამას საბრძოლო მოქმედებების დინამიკაზე გარკვეულწილად გავლენა უკვე აქვს. შესაბამისად, მხარეები უკვე პასიური ტიპის საბრძოლო მოქმედებებზე გადავლენ. შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების ეპიზოდური ტიპის გაღვივება მოხდეს, მაგრამ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უკვე საკმაოდ მძიმე კლიმატური პირობებია. როგორც ჩანს, ლუგანსკში უკრაინელები პლაცდარმს ამზადებენ. ბახმუტში რუსები ცდილობენ უკრაინული დაცვის ხაზი გაარღვიონ, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდით. ზამთარში ალბათ ასე გაგრძელდება და აქტიურობა ალბათ უფრო აპრილი-მაისისკენ დაიწყება. მანამდე მხარეები მოემზადებიან”, - დასძენს მაისაია.
“ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა” - გიორგი ბადრიძე
“აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. `ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, ჰქონდეთ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ვმუშაობთ ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრულად ინტეგრირებისთვის. აშშ-მა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოს დასახმარებლად, ათასობით ქართველი გაგზავნა აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად", - თქვა მან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა”.
“მმართველი პარტიის და ე.წ. გამოყოფილი დეპუტატების საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ფონზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დონფრიდის განცხადება: `მინდა ყველას ვუთხრა - კელი დეგნანი არის საქართველოში აშშ-ის დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი და მას ნებისმიერ დროს მხარს დავუჭერ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ... ზოგიერთი ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მთავრობის ნაწილი, მაგრამ აქვს მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან, უსამართლოდ აკრიტიკებს ელჩს და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას”. რას ნიშნავს ეს განცხადებები საქართველოსთვის და რატომ დასჭირდა აშშ-ს უკვე ამ რანგის ტრიბუნიდან ამაზე საუბარი, “რონდელის ფონდის” უფროს მეცნიერ თანამშრომელს, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ გიორგი ბადრიძეს ვესაუბრეთ”, - დასძენს გამოცემა.
“წარმოუდგენელია, მმართველ პარტიაში ასე მასობრივად იყვნენ ისეთი სრულიად გაუნათლებელი პირები, რომლებსაც არა აქვთ გაცნობიერებული, მათ ნათქვამს რა შედეგი მოჰყვება. როდესაც თავს ესხმი აშშ-ის ელჩს, უეჭველად თავს ესხმი იმ სახელმწიფოს, რომელსაც ის წარმოადგენს. ქალბატონი დეგნანი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია და აქამდე არ ჩაუდენია რაიმე თვითნებური ქმედებები. თუ ამას ვინმე ვერ აცნობიერებს, არ ვიცი, რა ვთქვა. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადება ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო. ჩემი აზრით, ყველა საფუძველი გვაქვს დავინახოთ, რომ ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა. უფრო იშვიათია დასავლური კურსის ერთგულების გამომხატველი ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლები, ვიდრე დასავლეთსა და ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმები. უკვე ხშირად გაიგონებთ ჩვენს პარტნიორებზე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც აშიშვლებს ამ ხელისუფლების რეალურ ბუნებას. როდესაც მისგან ითხოვენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის პირდაპირ იწყებს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ თურმე მისგან მეორე ფრონტის გახსნას და რაღაც საოცრებებს ითხოვენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ბადრიძე.
“ეს პირდაპირ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების კატეგორიულ წინააღმდეგობას ისეთი რეფორმების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს დააახლოებდა დასავლურ ინსტიტუტებთან. ამ ხელისუფლებას არ სურს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და თავისუფალი სასამართლო - ეს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიულ არჩევანს. ამიტომ მთავარი კითხვა, რაც ებადებათ ხოლმე დასავლეთში, არის ის, თუ რატომ ეგუება საზოგადოება ხელისუფლების იმგვარ ქმედებებს, რომლებიც ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას, დაბრუნდეს ევროპელი ხალხების ოჯახში, წინ ეღობება? ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ამ სანუკვარ მიზანთან და არც ასეთი სერიოზულობის შიდა წინაღობა გვქონია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“იმ ოთხეულზე თუ რამდენიც არიან, ლაპარაკს აზრი დაეკარგა, რადგან ოფიციალურად “ოცნების” თავმჯდომარეც და ამ პარტიაში დარჩენილი წევრებიც ყოველდღე ესხმიან თავს ჩვენს პარტნიორებს, მათი რიტორიკა ოთხეულისგან არაფრით განსხვავდება. “ქართული ოცნების” პარტიული ხელმძღვანელობა გაემიჯნა ზარქუას ამაზრზენ, შეურაცხმყოფელ ნათქვამს? არა, ხომ? აბა, რაღაზე ვსაუბრობთ? ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა. შენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოს ძალიან გავლენიან წევრს ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ და “ოცნების” არცერთ წევრს აზრად არ მოსვლია საგანგებო განცხადების გაკეთება, ან ბოდიშის მოხდა...”, - ა,ბობს “რონდელის ფონდის” უფროს მეცნიერ თანამშრომელი და შეკითხვაზე - “შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი საქართველოს ხელისუფლებას დასაყრდენად აღარ აღიქვამს?” - პასუხობს:
“პრობლემა სწორედ ის არის, რომ მიუხედავად ხელისუფლების სრულიად მიუღებელი ქცევისა, ამერიკა და ევროკავშირი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურს და ზოგჯერ ისეთი ჯგუფებისაც, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ხელისუფლებასთან. მათ შორის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან პირადად ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებასთან”. დასავლეთის მხარდაჭერა გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ დასავლეთს ათქმევინონ უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე”.
“თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, დასავლეთის ადეკვატური რეაქცია ამ ყველაფერზე ჯერ არ ვლინდება. ისინი ანგარიშს უწევენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამგვარი რეაქციით დაზარალდება და უკვე მერამდენედ აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ თავი დაანებოს სანდო პარტნიორებთან კონფრონტაციას. თუმცა უფრო და უფრო მწვავდება ხელისუფლების დამოკიდებულება და როდემდე მოითმენს დასავლეთი, ძნელი სათქმელია. ჩვენ მივიღეთ იანუკოვიჩის ფენომენი საქართველოში, ოღონდ ერთგვარად დროში გაწელილი. ნელ-ნელა, ევოლუციურად მივიღეთ ჯერ დასავლეთთან დაპირისპირება, ინტეგრაციის პირობების შეუსრულებლობა და შემდეგ უკვე მასთან პირდაპირი კონფლიქტი, დაგვირგვინებული პირადი შეურაცხყოფით. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანიც ის არის, რომ დასავლეთს თავად ათქმევინოს უარი ჩვენს მხარდაჭერაზე, დაგვტოვონ რუსეთის პირისპირ როგორც 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა აღმოჩნდა, რომ დსთ-ში გაწევრების გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა”, - მიიჩნევს გიორგი ბადრიძე.
“სავარაუდოდ, სწორედ ამ ლოგიკით მოქმედებს ეს ხელისუფლებაც, ოღონდ ამ ლოგიკას ერთი დიდი პრობლემა აქვს, ის დაფუძნებულია მოლოდინზე, რომ რუსეთი გაიმარჯვებს როგორც უკრაინასთან ომში, ასევე დაპირისპირებაში დასავლეთთან. ასეთი წარმოდგენა ძალიან მცდარია. ყოველ შემთხვევაში, თუ გადავხედავთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, მათთან დაახლოებულ მედიასაშუალებებს და მათ “ანალიტიკოსებს”, ნათელია, რომ ამის იმედი აქვთ, და არჩევანიც რუსეთის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული... თუ სად გადის დასავლეთისთვის წითელი ხაზი, რის შემდეგაც საქართველოზე ხელს ჩაიქნევს არ ვიცი. ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას უკვე ძალიან ბევრი ისეთი რამ აქვს გაკეთებული, რის შედეგადაც სერიოზულად გადახედავენ როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ დახმარებას. ხაზს ვუსვამ - მთავარი მიზეზი, რის გამოც დასავლეთის მკვეთრი ადეკვატური რეაქცია არ მიგვიღია, ის არის, რომ ის ანგარიშს უწევს ქართველი ხალხის ინტერესებს.
რა მოხდება, თუ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა და ვის აწყობს ამ თემის აგორება
“ორი დღეა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა და ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტი შესაძლოა მოწამლეს და უცხოელი ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან. პენიტენციურმა სამსახურმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა უწყებისთვის არავის მიუწოდებია. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, თუ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა, ეს ქვეყნის შიგნით სერიოზულ საპროტესტო ტალღას არ გამოიწვევს, თუმცა დასავლეთისგან ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლების მისამართით. ამასთან არ ჰგონია, რომ მოწამვლის ფაქტი “სერიოზულმა ექსპერტიზამ დაადასტუროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება, თუ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა და ვის აწყობს ამ თემის აგორება.
“მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენს. “მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმის მასალებს თუ კარგად წავიკითხავთ, საქმის მასალებიდან ზუსტად ჩანს, სად გახდა ეს ადამიანი განსაკუთრებულად ცუდად. გონების კარგვის პირველ ეპიზოდზეა საუბარი. შემდეგ მას კიდევ სამჯერ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. თუ რაიმე მტკიცებულებების წარდგენას ვაპირებთ, წარვადგენთ სასამართლოში, პრობლემა არ არის. ჩვენ ვემზადებით, უამრავი დოკუმენტაცია გვაქვს, უამრავი მტკიცებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით”, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. სააკაშვილის დედა გიული ალასანია კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უცხოელი ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდება. “ლაპარაკია ვერცხლისწყალზე, თალიუმზე და ბარიუმზე... რაც მე მახსოვს. ადრე გაკეთდა ეს ანალიზი, როცა მოწვეული ამერიკელები ჩამოვიდნენ აქ და ჩათვალეს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზიც უნდა გაკეთდეს. ვნახოთ, ჩვენ ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებს”... ამბობს გიული ალასანია. პენიტენციური სამსახური კი ყველას მოუწოდებს გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ... საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ”, - ნათქვამია განცხადებაში. “მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, კლინიკა “ვივა მედში”, მას უტარდება სხვადასხვა სახის საჭირო სამედიცინო ღონისძიებები”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თერაპიულ განყოფილებაშია და არა რეანიმაციაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“ყოველთვის უმჯობესია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრონ ექიმებმა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ ან ინტენსიურ ბლოკში. მას ჰყავს ყოველდღე მნახველები. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას... მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს უზრუნველყოფილი. მას როდესაც დასჭირვებია სამედიცინო დახმარება, ყოველთვის დროულად იყო აღმოჩენილი”, - თქვა რატი ბრეგაძემ. სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კი აღნიშნა, რომ “ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში” და ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული”. მისი განმარტებით, `თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა “ვივა მედში” ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება “ვივა მედი”, თუ არადა მაშინ იმათი, სადაც მანამდე იყო”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რაიმე სერიოზული დასკვნის მოლოდინი რომ იყოს, სააკაშვილის მომხრეები უფრო დიდ აჟიოტაჟს ატეხდნენ. “თუ ვინმე ფიქრობს და ამის მოლოდინი აქვს, რომ ამის შემდეგ რუსთაველი გადაივსება და საპროტესტო აქციები დაიწყება, შესაძლოა რაღაც დაიწყოს, მაგრამ არ მგონია ეს ის თემა იყოს, რომელზედაც სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორება შეიძლება. ოღონდ ეს სერიოზულ საგარეო ზეწოლას გამოიწვევს - ეს კი შეიძლება. სააკაშვილი რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა რომ დაიჭერდნენ. ეს კაცი რაც დაიჭირეს, მას მერე სულ ავადაა. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ამის არ მჯერა და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ. მანდ რომ რაიმე სერიოზული დასკვნის მოლოდინი იყოს, ჩემი აზრით, უფრო მეტი აჟიოტაჟი იქნება. მაგრამ არ მგონია. ესეც ბოლო მომენტია, რაც დაიწყო რომ თითქოს მოწამლულია და ა.შ.” - თვლის ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც არ ჰგონია, რომ “ეს სერიოზულმა ექსპერტიზამ დაადასტუროს”, - წერს სტატიის ავტორი.
უკრაინაში მებრძოლი რომეო ფარულავა - “უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი”
“ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მეგობრებთან ერთად ჩავედი კიევში. 6 მარტის გამთენიიდან კიევის ოლქის დაცვაში ვიყავი ჩართული. რუსები უკვე დედაქალაქიდან 4-8 კილომეტრზე იყვნენ. კიევის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილე 5 ჯგუფიდან ერთ-ერთი ქართველების იყო, ვანო ნადირაძისა და უკრაინის მოქალაქე როლანდ მელიას ხელმძღვანელობით. აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, 16 წლის ვიყავი, ოჩამჩირის ფრონტზე რომ გავიპარე... რუსეთის ტერორისტულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯოჯოხეთი დაატრიალა. ირპენი-ბუჩის საზღვარზე, ჩემგან ორიოდ მეტრში, ჭურვი აფეთქდა და ისეთი მძიმე კონტუზია მივიღე, უკრაინის სპეცსამსახურმა მე და ლაშა ჩიხლაძე გაგვიყვანა. აქტიური სამხედრო მოქმედებების ადგილიდან დაჭრილების გაყვანა უმძიმესი საქმეა. ჩვეულებრივ ვითარებაში რეაბილიტიციისთვის ხუთი დღე საკმარისია, მე ბევრად მეტი დამჭირდა. პარატრავმა მაქვს და ახლაც ექიმები მმეთვალყურეობენ. შემდეგ ისევ საბრძოლო პოზიციებს დავუბრუნდი”, - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი რომეო ფარულავა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი”.
“ბიჭები მიფრთხილდებოდნენ, მაგრამ ომში ძნელია, ვერასდროს გაუფრთხილდები თავს, მით უფრო, ცეცხლი არ წყდებოდა. ირპენისა და ბუჩის გზებზე, მთელ კიევის ოლქში, გზადაგზა დაცხრილული მანქანები გვხვდებოდა, შიგნით ჩახოცილი ოჯახებით, ბავშვებით და ქალებით. იმ საშინელებისგან გარიდებას ცდილობდნენ, მაგრამ მათ გაუფრთხილებლად ესროდნენ. ზოგი რამდენიმე დღის დაღუპული იყო და რუსები დამარხვის უფლებას არ იძლეოდნენ.90-იან წლებში აფხაზეთის მოსახლეობას უარესად გაუსწორდნენ, მაგრამ მაშინ ინტერნეტი და მასობრივი კომუნიკაციები არ იყო და მსოფლიომ ბევრი ვერაფერი გაიგო. 30 წლის შემდეგაც იგივე სცენარი გაიმეორეს - უკრაინაშიც სამოქალაქო მოსახლეობა იყო მთავარი სამიზნე. რუსეთის მთავარი პრინციპია ვინმესთან ომი. თუ გარეთ, გამოგონილ მტერთან არ იბრძვიან, შიგნით ეძებენ. თავიანთ იურისდიქციაში მყოფ რესპუბლიკებს უცხადებენ ომს. ამის მაგალითია ჩრდილოეთი კავკასია. ეს არის მაოხრებელი ერი, რომელიც თავად ვერ ვითარდება და ცდილობს დაიპყროს, გაძარცვოს, შინ გაზიდოს ნაძარცვი და შემდეგ ამით იამაყოს. უამრავი რუსი მეგობარი მყავს, მაგრამ იმაში, რაც ახლა ხდება, მათაც ვადანაშაულებ, მათი პასიურობის შედეგია რუსეთში ასეთი რეჟიმის ჩამოყალიბება. პროტესტს დავიჯერებ მაშინ, როდესაც ყოველდღე გამართავენ აქციებს. სხვა შემთხვევაში, ყველანი, პირდაპირ თუ ირიბად, ომის მომხრეები არიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომეო ფარულავა.
“როდესაც კიევის ოლქის დეოკუპაცია დასრულდა, უკრაინული ჯარის სპეცსამსახურმა უამრავი ტყვე აიყვანა. მე ვნახე გაბომჟებული ადამიანები, ბურიატები, ბაშკირები, ჩუვაშები... მოსახლეობას არაადამიანური სისასტიკით უსწორდებოდნენ. სადაც მოიხელთებდნენ, ხვრეტდნენ, აწამებდნენ, თუმცა ტყვეობაში მაშინვე მიამიტები ხდებოდნენ, არ ვიცოდით, სად მოვყავდით, უკრაინაზე არაფერი გვსმენიაო. თითქოს აქამდეც ვიცნობდი უკრაინელ ხალხს, ჩემი დიდი ბებია უკრაინელი იყო, ამიტომ იქაურ ნათესავებთან ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, რაზე მიდიან თავისუფლებისთვის მართლა გაოცებული ვარ. ეს 45-მილიონიანი ერი მსოფლიოში პირველ თუ არა, მეორე არმიად აღიარებულ ძალას დაუპირისპირდა. მხოლოდ არმია კი არა, მშვიდობიანი მოსახლეობაც გმირია. წინა ხაზზე ორმხრივ ცეცხლში უეცრად მოჩვენებებივით ჩნდებოდნენ 14-15 წლის ბიჭები და გვეკითხებოდნენ, რით დაგეხმაროთ, იქნებ წყალი მოგიტანოთ ან საბრძოლო მასალა, ან სხვა რამე გჭირდებათო. ბარიკადებს აგებდნენ, ორგანიზებულად მუშაობდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსი და უკრაინელი ორი სხვადასხვა ერია. რუსული პროპაგანდა ირწმუნება, ერთმორწმუნე ვართო, რაც უსუსური არგუმენტია. ქართველებსაც რა სიკეთე დაგვადგა ერთმორწმუნეობით, კარგად ვიცით. რუსები ყველაფერ ღვთისნიერსა და ადამიანურს ებრძვიან, ყველას გარუსებას ცდილობენ, მაგრამ დიდი სისხლის, ბრძოლის ფასად არ გამოუვიდათ არც საქართველოში და არც უკრაინაში. ხანდახან ახლობლები მეუბნებიან, რა გინდა, უკრაინაში რატომ იბრძვიო, და გული ყელში მებჯინება - ჩემს ქვეყანას რუსეთმა ტერიტორიის 20% წაართვა, ისტორია გაუყალბა, მე და ჩემს თაობას ბავშვობა წაართვა, 16 წლის მოზარდებს ომის ჯოჯოხეთი გამოგვატარა, კიდევ რა მიზეზი მჭირდება, რომ ვიბრძოლო იქ, სადაც საჭირო იქნება?! უკრაინას თავს დაესხა იმიტომ, რომ რუსული ორბიტიდან გადაუხვია და ევროპისკენ აიღო გეზი. ამიტომაც განიზრახა კრემლმა მისი სამაგალითოდ დასჯა. მთელი მსოფლიოდან არიან ჩასული, რომ უკრაინას გვერდში დაუდგნენ, და მე, რომელიც თავად ვარ მისი აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი, აქ რა გამაჩერებდა, შორიდან ვერ ვუყურებდი ომს, რომელიც ჩემია, ჩვენია”, - მიიჩნევს ქართველი მებრძოლი.
“ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში სარდაფებსა და ბომბსაფრებს აფარებენ თავს, ახლა ქუჩაში გამოდიან, გვეხუტებიან და უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ. ჩვენ ქართული და უკრაინული დროშები ან შევრონები გვაქვს ქართულ-უკრაინული სახელმწიფოს სიმბოლიკებით და მისი დანახვისას ღმერთს მადლობას სწირავენ, რადგან ეს ნიშნავს, რომ გადარჩნენ. უმძიმესი დღეები გამოიარეს, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ, პირიქით, გვამხნევებენ, ახლა თქვენ ჩვენთან ხართ და ყველაფერს გავუძლებთო... რაც შეეხება ჩეჩნური ბატალიონის შესვლას ირპენი-ბუჩასა და გარშემო დასახლებებში - მე მყავს ჩეჩენი მეგობრები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ და თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ირპენი-ბუჩის კოშმარის ავტორები ჩეჩნები კი არა, გარუსებული, გაყიდული “კადიროველები” არიან. როგორც ვიცი, ყველგან, სადაც უკრაინელებს მათზე ინფორმაცია ჰქონდათ, ბრძოლა გაუმართეს და “კადიროველების” უდიდესი მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ცნობები, მათ ძლიერ სამხედრო მომზადებასა და სულისკვეთებაზე, მითია. ძირითადად პიარითა და "ტიკტოკერობით" იყვნენ დაკავებული, რათა თავიანთი ლიდერისთვის მოეწონებინათ თავი. სინამდვილეში მათი საქმე უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, წამება, გაუპატიურებაა. ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ, შინ “გრუზ 200”-ებით ბრუნდებიან. ჯერ კიდევ აპრილ-მაისში იმხელა დანაკარგი ჰქონდათ, რომ ბელორუსში მორგში ერთმანეთზე იყვნენ დაწყობილი უადგილობის გამო”, - ამტკიცებს რომეო ფარულავა და შეკითხვაზე - “ვიცი, რომ საქართველოში უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარი გამოაცილეთ” - პასუხობს:
“დიახ, მიშა კაპლანი, ჩვენ ასე ვეძახდით... აპრილში, დაძაბული ბრძოლების დროს ჩამოვიდა, კიევის ოლქის წმენდისას. რუსი ოკუპანტები 5-10-კაციან ჯგუფებად იყვნენ დარჩენილი. მეთაურობა რომ მიხვდა, მარცხდებოდნენ, თავისი ხალხი მიატოვეს და გაქუსლეს. მარიუპოლში ჩვენი მეგობარი “აზოველი” ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსატანად ჩვენები თავს წირავდნენ, რუსები კი თავიანთ მებრძოლებს ცოცხლებს ტოვებდნენ. ჩვენ სიცოცხლეს ვწირავთ დაჭრილის თუ დაღუპულის გამოსაყვანად. მე და მიშას ორი თვის განმავლობაში ერთ ოთახში გვეძინა. სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, იარაღი ხელში არასდროს სჭერია, მაგრამ ფრონტის ხაზზე ისეთი მომზადებული ჩამოვიდა, გაგვაოცა. ყველაფერი ჩამოიტანა, რაც მეომრებს გვაკლდა და გვენატრებოდა. შემდეგ სამხედრო მომზადება გაიარა. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც იარაღის გამოყენება ასწავლა. ძალიან გონიერი და ნიჭიერი იყო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, რომელიც 2014 წლის შემდეგ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. ბრძოლის ველზე ძალიან ახლოს აფეთქდა ჭურვი და გმირულად დაიღუპა”.
“მას მალე მარტიაშვილი მიჰყვა, მერე გურგენ გაგნიძე, ლევან სახელაშვილი. მას 2008 წლის ომი აქვს გამოვლილი, მე-4 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა. უკრაინის ომში პირველი დღიდან მონაწილეობდა. იქ თავის თანამებრძოლთან, გოჩა ხორავასთან ჩავიდა. დათო რატიანი და გია ბერიაშვილი ამ ომში პირველი დაღუპული ქართველები იყვნენ. ბერიაშვილმა ინგლისში მშვიდ, ლეგალურ ცხოვრებაზე უარი თქვა, სამსახური მიატოვა, საქართველოში ერთი კვირით ჩავიდა და იქიდან უკრაინაში წავიდა. შემდეგ მიჰყვნენ და მიჰყვნენ ბახვა ჩიქობავა, კახა გოგოლი, რატი შურღაია, ლევან სახელაშვილი... ირპენი-ბუჩა-იზიუმის ბრძოლაში ნიკა შანავასთან ერთად დათო მენაბდიშვილიც დავკარგეთ. ლევანმა ირპენიც გამოიარა, ლისიჩანსკიც და ხერსონის მიმართულებით, ბაშტანკაში დავკარგეთ. ყველა ქართველი წინა ხაზზე, ცხელ წერტილებში იბრძვის. “ქართული ლეგიონის” სრულ შემადგენლობას, ბიჭებსაც და გოგონებსაც, რომლებიც უკვე მერამდენე წელია უკრაინაში იბრძვიან და ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ, უკვე დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ”, - ამბობს რესპონდენტი.
“ ყველაზე ძნელია მეგობრის დაკარგვა... დავით გობეჯიშვილი აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, 30 წელი ხელიდან იარაღი არ გაუგდია, ამერიკაში მიდიოდა, ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში აღმოჩნდა. ჩასვლიდან დაახლოებით 48 საათში ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობართან, ალიკასთან ერთად სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა... დავით მენაბდიშვილთან ერთად პირველი ბრძოლები გამოვიარე. ზრუნავდა და მიფრთხილდებოდა, ომში ეს ნიშნავს, რომ ის შენიანია და შენც ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის. მის დაკარგვას ვერასდროს შევეგუები. არანაკლებ ძნელია შემდეგ მათი წინა ხაზიდან გამოყვანა და სამშობლოში ჩამოსვენება იმ პატივით, როგორიც ომში დაღუპულ გმირს ეკადრება. მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში ჩვენი საელჩოს მიმართ. ისინი ყველა პროცედურას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უძღვებიან. რაც შეეხება გამოსვენებამდე გამომშვიდობებას, ეკლესიაში დასვენებას, საპატიო ყარაულს, ამას იქ მყოფი მებრძოლები ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. მადლიერი ვართ უკრაინის პატრიარქის, უწმინდესი ფილარეტის, რომლის კურთხევითაც სასულიერო პირები დიდი მოწიწებითა და პატივისცემითY ატარებენ ღვთისმსახურებას... უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი, დღეს ჩვენს ქვეყანას უკრაინაში ვიცავთ. სამხედრო პირების გარდა, უკრაინაში არიან სამოქალაქო პირებიც: გიორგი გეწაძე, გოგა ცხაკაია, დავით საყვარელიძე, რომლებიც ყველა საქმის მოგვარებაში გვეხმარებიან”, - დასძენს რომეო ფარულავა.

























