რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, სხვა თემით გვინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილი მის მოწამვლა-არმოწამვლასთან დაკავშირებით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას გვერდს ვერ აულით.

გასაგებია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ ციხეში მყოფმა პრეზიდენტმა მის მოწამვლა-არმოწამვლასთან დაკავშირებით საუბრებს პრაქტიკულად წერტილი დაუსვა. მეტიც, როგორც ჩანს, არ აჰყვა „ადვოკატების დაცვის სტრატეგიას“ და გაავრცელა განცხადება.

ახლა ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით თუნდაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ფიგურად რჩება. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ბოლო გზავნილს და, სავარაუდოდ, რას შეიძლება ის ნიშნავდეს?

- სააკაშვილის თემა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, როგორც იმის მკაფიო მაგალითი, რომ მოკეთის უგნურება მტრის ჭკუაზე უფრო სახიფათოა. სააკაშვილის მოკეთეებმა გადაწყვიტეს მისი განთავისუფლება ნებისმიერ ფასად, მის ავადმყოფად გამოცხადების ფასადაც კი. ამაზე უარესს ვერაფერს უზამდნენ პოლიტიკოსს მისი მოკეთეები.

გაიხსენეთ, 27 წელი იჯდა ციხეში ნელსონ მანდელა და ციხეში უფრო წონიანი პოლიტიკოსი გახდა, ვიდრე დაპატიმრებამდე იყო. რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ იყო ციხე, მაგრამ არავის აუტეხია ამაზე ხმაური, რადგან პოლიტიკოსის ავადმყოფად, თანაც ფსიქიკურ ავადმყოფად გამოცხადება ნიშნავს, რომ ხალხის წინამძღოლობისთვის ის აღარ ვარგა.

რონალდ რეიგანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც ალცჰაიმერით გართულდა, არ ამხელდა მისი გარემოცვა, რადგან თუ ხალხი არ ენდობა პოლიტიკოსის გონებას, მის აწმყოსაც და წარსულსაც გააუფასურებს.

პოლიტიკური ალღოს მქონე სააკაშვილი მიხვდა, რომ უხერგავდნენ პოლიტიკისკენ გასასვლელ გზას მისივე მოკეთეები და ამიტომ გააკეთა ეს ბოლო განცხადება - მოწამლული არ ვარო

სააკაშვილის ავადმყოფობაზე, მის ფსიქოლოგიურ სირთულეებზე ამდენი ლაპარაკით მისი ადვოკატები, ექიმები, ახლო ნათესავები და მოკეთეები უკეტავენ მას პოლიტიკურ არენაზე გასასვლელ კარს. სამომავლოდ მას შერჩება მხოლოდ ფანატიკურად შეყვარებულთა მცირე ჯგუფი, მოსახლეობის დიდი ნაწილი და უცხოელები დაუშვებლად ჩათვლიან მის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში.

ვთვლი, რომ პოლიტიკური ალღოს მქონე სააკაშვილი მიხვდა, რომ უხერგავდნენ პოლიტიკისკენ გასასვლელ გზას მისივე მოკეთეები და ამიტომ გააკეთა ეს ბოლო განცხადება - მოწამლული არ ვარო.

- გასაგებია, რომ მმართველი გუნდისთვის ევროპელი პარტნიორებისა და აშშ-ს სენატორ-კონგრესმენების რეკომენდაციებს, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს „ჩალის ფასი აქვს“.

მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებასა და გვარამიას გათავისუფლებას ჩვენგან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ითხოვენ.

დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ გვარამიას თემას ხელისუფლება სავაჭროდ ბოლომდე გამოიყენებს, მაგრამ მას გაათავისუფლებს, სააკაშვილს კი არ მისცემს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას.

არადა, ისიც ფაქტია, რომ ორივეს გათავისუფლება შესაძლოა ყოფილიყო საშინაო პოლიტიკის ყველაზე მტკივნეული და ძნელად რეალიზებადი დეპოლარიზაციის დაწყების კარგი შესაძლებლობა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი, ან გვარამია გაათავისუფლოს?

- ადრე საგარეო ზეწოლის პასუხად რამოდენიმე ადამიანი შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ამ ნაბიჯს საპასუხო კეთილგანწყობა არც ოპოზიციისგან მოჰყვა და არც კრიტიკული უცხოელებისგან. ამიტომ, სავარაუდოა, რომ არც ახლა შეამცირებს პოლარიზაციას ვინმეს შეწყალება. პირიქით, ოპოზიცია შეწყალებას ჩათვლის თავის გამარჯვებად და უფრო მეტის მისაღებად გაზრდის ზეწოლას, ანუ პოლარიზაციას. ამ პირობებში, ალბათ, არავინ წავიდოდა დათმობაზე.

არც ახლა შეამცირებს პოლარიზაციას ვინმეს შეწყალება. პირიქით, ოპოზიცია შეწყალებას ჩათვლის თავის გამარჯვებად და უფრო მეტის მისაღებად გაზრდის ზეწოლას, ანუ პოლარიზაციას. ამ პირობებში, ალბათ, არავინ წავიდოდა დათმობაზე

თქვენ მართალი ხართ, ამ დათმობას ხელისუფლებისგან ითხოვენ უცხოელი პარტნიორები, მაგრამ დავაზუსტოთ - ესენი თავად ოპოზიციის უცხოელი პარტნიორები არიან, რომლებსაც 2012 წლამდე ყველაფერი მოსწონდათ და ახლაც სურთ საქართველოს ხელისუფლებაში იხილონ ისევ „ნაცმოძრაობა“ და არ აქცევენ ყურადღებას იმას, რა უნდა ამ ქვეყნის მოსახლეობას.

ეს ვერსია დაუჯერებლად ეჩვენება ბევრს, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ - რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება მეორედაც მოხდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ შვილ-ბუშს გაუჩნდა იდეა, რომ ხავერდოვანი რევოლუციებით მიეღწია ავღანეთამდე და იქ ეპოვნა მთავარი ტერორისტი ბენ-ლადენი. ეს იდეა აქ, თბილისში გამოსვლისას მან საჯაროდ თქვა.

შესაბამისად, ამერიკის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ ხავერდოვან რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში, რაც ავღანეთისკენ დემოკრატიის სვლის საფეხურები იყო. ესეც თბილისში ითქვა.

ყირგიზეთშიც მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია, მაგრამ ის, ვინც იქ რევოლუციას ხელმძღვანელობდა, კრემლზე ორიენტირებული აღმოჩნდა. ე.ი. ამერიკული რევოლუციებით პუტინიც თამაშობდ და შეაჩერეს ბუშის პროექტი.

ასეთი ქაოტური საერთშორისო ფონის გამო მეეჭვება „ოცნებამ“ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის, შეწყალებასთან დაკავშირებით

ახლა გვაქვს გარანტია, რომ ანალოგიური იდეა რევოლუციაზე, თუნდაც, ომთან დაკავაშირებული და „ნაციონალების“ უკრაინელი პარტნიორებისგან წამოსული არ გაჩნდება დასავლეთის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში?

მაგის გარანტია არაა, როცა ისევ ძლიერდება „ნაციონალების“ მხარდაჭერა მათი უცხოელი პარტნიორებისგან, და ისედაც - სიფრთხილეს თავი არ ატკივა და რევოლუციების დასავლური მხარდაჭერა არ უნდა გამოირიცხოს. თუ შეცდომაა ეს ეჭვი, არც ეგაა უბედურება, ეჭვიანობა დიდმა სიყვარულმა იცის.

ამიტომ გასაკვირი არაა „ოცნების“ რეაქცია დასავლეთზე - ის თავს იცავს. ასეთი ქაოტური საერთშორისო ფონის გამო მეეჭვება „ოცნებამ“ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის, შეწყალებასთან დაკავშირებით.

- მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში უპასუხა, მაინც უპასუხოდ დარჩა მთავარი კითხვა - აპირებს თუ არა მათ შესრულებას მმართველი გუნდი.

ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეკომენდაციებიდან რამდენიმე შესაძლოა შესრულდეს. მაგალითად, მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭიროს არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილ სახალხო დამცველის კანდიდატს და ანტიკორუფციული სააგენტო დაახლოებით ისეთი შეიქმნას, როგორც რეკომენდებულია, მაგრამ დეოლიგარქიზაციისთვის რეალურად არაც არაფერი გაკეთდეს.

პრემიერის პარლამენტში გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომლითაც თურმე ბევრი არც არაფერი დაშავდება თუ საქართველო ევროპული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, თქვენი დაკვირვებით ხელისუფლება 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულების, სავარაუდოდ, რა გზას დაადგება - მათი ნახევრადშესრულების, თუ საერთოდ არშესრულების?

- არ ვიცი რა გზას დაადგება ხელისუფლება, მაგრამ მაქსიმალური პოლიტიკური დაძაბულობა ამ 12 პუნქტზე არ მიმაჩნია გამართლებულად, მათი საგულდაგულო შესრულება მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუტების გაუმჯობესებისთვის და არა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.

იგივე პუნქტებს საყვედურობდნენ უკრაინას და მოლდოვას და მათ მაინც მისცეს კანდიდატობა, ჩვენ - არა. ე.ი. ეს 12 პუნქტი კანდიდატობის არმოცემის მიზეზი კი არ არის, საბაბია დასავლეთის მხრიდან. გავუგოთ მას - დასავლეთიც ელოდება როგორ შეიცვლება სიტუაცია, როგორი იქნება რუსეთის, ამერიკის თუ უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მოქმედებები.

დასავლეთისთვის საქართველოს როლი ჯერჯერობით ბუნდოვანია და ამიტომ აჭიანურებს საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემას. საქართველო ევროპისგან დაშორებულია და რუსეთს ესაზღვრებაო - მაკრონიმ თქვა, რითაც ისევ ხაზი გაუსვა, რომ გეოპოლიტიკა იყო ჩვენი კრიტიკის რეალური მიზეზი და არა ის, რომ „ცხვირში თითს ვიკიტინებთ“.

ვთვლი, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ სქემებზეა დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის შეშველებულ 12 პუნქტზე. ამიტომ ამ პუნქტების შესრულება საჭიროა, ოღონდ ევროპის კანდიდატობასთან მისი დაკავშირება არაა საჭირო. ეს დაკავშირება ისევ რევოლუციისთვის ხდება.

ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ სქემებზეა დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის შეშველებულ 12 პუნქტზე. ამიტომ ამ პუნქტების შესრულება საჭიროა, ოღონდ ევროპის კანდიდატობასთან მისი დაკავშირება არაა საჭირო. ეს დაკავშირება ისევ რევოლუციისთვის ხდება

თუ ევროპამ დაასკვნა, რომ არ შესრულდა ეს პუნქტები, აქ იქნება მოწოდება, რომ გადავაგდოთ ხელისუფლება, რომელიც გზას გვიკეტავს ევროპისკენ... და მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიები მათი რეიტინგის მიუხედავად.

კანდიდატობაზე ვნებათაღელვის საძირკველში ხელისუფლების შეცვლის ეს სცენარი დევს. ამიტომ, 12 პუნქტიან ემოციებს მეც ვარიდებ თავს და მათაც ვურჩევ, ვისაც სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება სურს.

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იმ მომენტში, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური პოზიციის გათვალისწინებით, ევროპისთვის იქნება ხელსაყრელი.

ნუ, საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად ჩვენმა პარტნიორებმა ბრიუსელში „უმწვავეს შიდა დაპირისპირებაზე დახუჭოს თვალი“ და მოგვანიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი რამდენად რეალისტურად გამოიყურება?

- სავსებით დამაჯერებლად მიმაჩნია, თუ მსოფლიოს საჭადრაკო დაფაზე ფიგურები საჩვენოდ დალაგდა.

- როცა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობენ ხშირად იხსენებენ რუსულ აგრესიასთან ომში ჩართული უკრაინის მაგალითს.

მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინაში პროცესები მას შემდეგ გამწვავდა, როცა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა საბოლოოდ თქვა უარი უკრაინას ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შეთანხმებაზე. ამას მოჰყვა კიევში მაიდანი-2 და პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევა.

ამის შემდეგ მოახდინა რუსეთმა ყირიმის ანექსია და დონბასისა და ლუგანსკის ოლქების 1/3 -ის დაკავება. 2014 წლიდან ასე მივიდა უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლამდე. ანუ დღემდე, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

ძნელი სათქმელია, პარალელები რამდენად ადეკვატურია, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა საქართველოს აქვს გადასაწყვეტი იქნება იგი ევროპის ნაწილი თუ არა.

თუ ბრიუსელმა მომავალი წლის გაზაფხულზეც არ მოგვანიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, არადა, ვხედავთ, რომ სახელისუფლებო გუნდი თავად ამბობს, „თუ არ მოგანიჭეს, ბევრი არც არაფერი დაშავდებაო,“ ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საშინაო პოლიტიკაში?

- მაიდანის პერიოდში დასავლეთიც მხარს უჭერდა მოსკოვზე ორიენტირებული იანუკოვიჩის გადაგდებას. ამის განმეორება უნდა ახლა ჩვენს ოპოზიციასა და მის უცხოელ პარტნიორებს, როცა იძახიან, რომ ივანიშვილის „ოცნება“ რუსეთისკენ მიდისო.

ამის დამამტკიცებელი არცერთი ფაქტი არ დაიდო და არც დასავლეთის პოლიტიკის მაღალი ეშელონებისთვისაა დამაჯერებელი საქართველოს „რუსეთზე ოცნების“ ვერსია. თანაც, მოსახლეობის იმ მხარდაჭერით რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, მაიდანი ვერ გაკეთდება, რომც მთელმა დასავლეთმა მოინდომოს ეს.

მოსახლეობის იმ მხარდაჭერით რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, მაიდანი ვერ გაკეთდება, რომც მთელმა დასავლეთმა მოინდომოს ეს

ოპოზიციიდან „ამ ხელისუფლების მოშორების“ გარდა სხვა არაფერი ისმის, ამასთანავე არავის მოშორების უნარი ოპოზიციას არა აქვს, ხალხს კიდევ, თუ მოშორებაა, ისევ ასეთი უუნარო ოპოზიციის მოშორება ურჩევნია. ამ ფონზე შიდა პოლიტიკაში არანაირი დინამიკა არაა მოსალოდნელი.

- „ნაცმოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. ნიკა მელიას ერთ-ერთ კონკურენტად დასახელებულია ლევან ხაბეიშვილი. არაა გამორიცხული კანდიდატების სია კიდევ უფრო გრძელი აღმოჩნდეს.

ხაბეიშვილმა რამდენიმეჯერ გააკეთა განცხადება იმაზე, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პარტია ამ არჩევნების შედეგად უფრო გაძლიერდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება და სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება თავმჯდომარის არჩევნები „ნაცმოძრაობაში“?

- ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რაც ამ პარტიაში ხდება და ამიტომ ჩემთვის სულერთია როგორ დასრულდება ეს არჩევნები.

- რისთვის ემზადება „ნაცმოძრაობა“ გასაგებია. „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისა და მათ წიაღში დაფუძნებული „ხალხის ძალის“ ანტიდასავლურ რიტორიკას თუ თვალს მივადევნებთ, გაუგებარია, რისთვის ემზადება „ქართული ოცნება“.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ხალის ძალის“ შექმნით მმართველ გუნდს სურს 2024 წლის არჩევნებზე თავის ყულაბაში მიითვალოს საზოგადოების ნაწილში არსებულ ევროსკეპტიკოსთა ხმები. მეორე ნაწილი თვლის, რომ „ხალხის ძალა“, იმ მაჟორიტარების „თვითშემოქმედებაა“, რომლებმაც იციან, რომ „ქართული ოცნების“ პარტიულ სიებში ვერ მოხვდებიან.

ამ თემაზე ვარაუდები ბევრია, მაგრამ, რაც მეტი დრო გადის, ფაქტია, რომ მით მეტად იშლება ზღვარი „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალს“ შორის და სულ უფრო ჭირს იმის გარკვევა, მმართველი გუნდში, რომელია მთავარი ძალა, რომელსაც ეყრდნობა ხელისუფლება.

და რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამდი - რისთვის ემზადება მმართველი ძალა „ხალხის ძალასთან“ ერთად?

- ამ ჯგუფს, რომელიც გამოეყო ხელისუფლებას, იმის ფუნქცია ჰქონდა, რომ დაემუხრუჭებინა „ვარდების რევოლუცია-2“. ეს, ძირითადად, დასავლეთის იმ პოლიტიკური მექანიზმების გაუვნებელყოფას გულისხმობდა, რომლითაც აპირებდნენ საქართველოში რევოლუციის კლიმატის შექმნას.

დასავლეთს რომ არ დაჯახებოდა „ოფიციალური თბილისი“, მმართველი პარტია გადგა გვერდზე და „ხალხის ძალა“ გაუშვა წინ. ამით მმართველმა პარტიამ, როგორც იქნა, ჩაატარა რთული პოლიტიკური მანევრი, რომელმაც თავისი ფუნქცია ჯერჯერობით შეასრულა.

დასავლეთს რომ არ დაჯახებოდა „ოფიციალური თბილისი“, მმართველი პარტია გადგა გვერდზე და „ხალხის ძალა“ გაუშვა წინ. ამით მმართველმა პარტიამ, როგორც იქნა, ჩაატარა რთული პოლიტიკური მანევრი, რომელმაც თავისი ფუნქცია ჯერჯერობით შეასრულა

არაა გამორიცხული სხვა მანევრებიც განხორციელდეს საარჩევნოდ იმავე მოქმედი პირებით... თუმცა, იქამდე დიდი დროა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს