მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა

მარნეულში რეგისტრირებულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა - პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროებების მქონე პირები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ გამართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის დამზადებულია 110 ბარათი და პარალელურ რეჟიმში დამატებითი ბარათების დამზადება მიმდინარეობს.
სპეციალური საჭიროების მქონდე პირებს ვისაც ჯერ სატრანსპორტო საშვი არ მიუღიათ, შეუძლიათ მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.
"სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა და მათი სოციალურ გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა", - აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.
























