MDF მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევას აქვეყნებს

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა “მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევა”, რომლის მიზანი მედიის მოხმარების ჩვევებისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის შესწავლა იყო.

ანგარიში იკვლევს, როგორც მედიაწიგნიერების კომპეტენციებს, კერძოდ მედიის მოხმარების ჩვევებს, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გადამოწმების უნარებს, ისე დეზინფორმაციის აღქმებს ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ჯანმრთელობა.

კვლევის ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქიდან (ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, და ქუთაისი) 140 რესპონდენტი სექტემბრის თვეში გამოიკითხა.

რესპონდენტების უმრავლესობამ ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია დაასახელა, რომელსაც ტელევიზია მოსდევს. თუმცა, სანდოობის მხრივ, გამოკითხულები უპირატესობას ტელევიზიას ანიჭებენ. ამასთანავე, სოციალური მედიის მიმართ ნდობა უფროსი ასაკის ჯგუფში (55+) უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდებში (18-35).

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა იშვიათად ან არასდროს ამოწმებს ინფორმაციას, მათი წილი კი, ვინც მუდმივად ამოწმებს, გამოკითხულთა 30%-ზე ოდნავ მეტია.

ინფორმაციის არგადამოწმების მიზეზად ყველაზე ხშირად რესპონდენტებმა დროის დეფიციტი დაასახელეს. ხოლო მათ, ვინც ინფორმაციას მუდმივად ან იშვიათად ამოწმებს, აღნიშნეს, რომ ყველაზე ხშირად ავტორის და წყაროს სანდოობას ამოწმებდნენ.

ამასთანავე, ახალგაზრდა (18-35) და საშუალო ასაკის (36-55) ასაკობრივი ჯგუფები წყაროს სანდოობას უფრო ხშირად ამოწმებენ, ვიდრე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტები, ისევე როგორც ვიზუალურ მანიპულაციას, რაც გარკვეული ტექნიკების ცოდნასა და უნარებს მოითხოვს.

გამოკითხულთა დაახლოებით 40%-ს ფეისბუქზე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიერ ყალბად მონიშნული პოსტი შეხვედრია, მათმა უმრავლესობამ (76,6%) განაცხადა, რომ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის სტატიის გაცნობის შემდეგ, პოსტი აღარ გააზიარა, მხოლოდ მცირედმა ნაწილმა განაცხადა, რომ სტატია არაარგუმენტირებულად ჩათვალა ან პოსტის ავტორებს მეტად ენდობოდა და ამიტომ ის მაინც გააზიარა.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რესპონდენტთა უმრავლესობამ ყალბად მიიჩნია მტკიცება იმის შესახებ, რომ ომი უკრაინამ დაიწყო; რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სპეცოპერაციას ახორციელებს და რომ რუსეთი უკრაინაში ომს იგებს.

გამოკითხულთა ნაწილმა, მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული ახალქალაქიდან, სადაც ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე მიღების პრობლემა წლებია არსებობს, სარწმუნოდ მიიჩნია ბევრი ის დეზინფორმაცია უკრაინაში ომის თაობაზე, რომელსაც კრემლის პროპაგანდა მიზანმიმართულად ავრცელებს.

საქართველოსთან მიმართებით გავრცელებული დეზინფორმაციებიდან რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის საფრთხე დაასახელეს, რაც დასავლეთში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდებოდა.

2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებაც ერთ-ერთი დომინანტი დეზინფორმაციული გზავნილი იყო, რომელიც რესპოდენდენტებმა გაიხსენეს, თუმცა ახალქალაქში, უკრაინის მსგავსად, რამდენიმე რესპონდენტმა განსხვავებული პოზიცია გამოხატა და როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში ომის პროვიცირება, ასევე მსხვერპლის გაყალბება საქართველოს დააბრალა.

რესპონდენტთა ნაწილი მოწყვლადი აღმოაჩნდა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მიმართ და ყველაზე მეტად სანდოდ მიიჩნია მტკიცება იმის შესახებ, რომ კოვიდსტატისტიკას აყალბებენ, კოვიდი არ არსებობს და ეს თემა გაზვიადებულია, და რომ ვაქცინა მოსახლეობის, მათ შორის პენსიონერების, შესამცირებლად შეიქმნა.

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მედიის განვითარების ფონდის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

(R)

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ