გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკურ ზარალის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ ეკონომისტს, გრიგორი კუკურუზას ესაუბრა.

- ბატონო გრიგორი, 270 დღეზე მეტია უკრაინა ომობს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ვინაიდან ხერსონის ოლქის დაბრუნების შემდეგ უკრაინის ფრონტებზე ფართომასშტაბიანი აქტიური მოქმედებები არ მიმდინარეობს, გვაქვს საშუალება ომის ეკონომიკურ დანაკარგებზე ვისაუბროთ.

გასაგებია, რომ მონაცემები სრული ვერანაირად ვერ იქნება, რადგან რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მწყობრიდან გამოჰყავს ენერგეტიკული და სამრეწველო ობიექტები, მაგრამ, მაინც შევეცადოთ ომით მიყენებულ ზარალზე ვისაუბროთ.

სავარაუდოდ, რა ოდენობის ეკონომიკურ დანაკარგებზე შეიძლება დღეისათვის საუბარი?

- ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ძირითადი ფონდების დანაკარგი, ძირითადად ინფრასტრუქტურული ობიექტების, ასევე სკოლებისა და საავადმყოფოების 130 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საუბარია იმ ობიექტებზე, რაც დღეისათვის დანგრეულია. იმის გათვალისწინებით, რომ დანგრეულის აღდგენა შეუძლებელია, ნაწილი იმდენად იყო ამორტიზებული, რომ აღდგენას არ ექვემდებარება, მსოფლიო ბანკის შეფასებით ამ დანაკარგების აღსადგენად საჭიროა 350 მილიარდი აშშ დოლარი.

როცა დანაკარგებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ერთი ციფრი, რომელიც მე საკვანძო მგონია. მასზე ახლა ბევრს საუბრობენ. რუსული აგრესიის შედეგად პირდაპირი ეკონომიკური დანაკარგები, მხედველობაში მაქვს იგივე 2022 წლისთვის ნავარაუდევი მშპ, რომელიც უნდა ყოფილიყო 130 მილიარდი აშშ დოლარი, ფაქტობრივად ის დაკარგულია.

ომამდელი მაჩვენებლების მიღწევას წლები დასჭირდება. ევროპული ბანკების შეფასებით ომის დაწყების შემდეგ დანაკარგები 1, 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. დაახლოებით ასეთივე ციფრს 1, 2 მილიარდს ასახელებს უკრაინის ეკონომიკის სამინისტროც. ეს 5-6 ჯერ მეტია ვიდრე უკრაინის მშპ. იმავე ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით 2021 წლის ბიუჯეტი გაწერილი იყო 208 მილიარდით.

უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების გამო შეზღუდულია ბევრი რამ, სარაკეტო დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ენერგოობიექტები. ახლა ჩვენთან მნიშვნელოვნად დაცემულია გენერაცია. ომის გამო მოსახლეობამ დატოვა გარკვეული ტერიტორიები, რის გამო ენერგიის მოხმარება ისედაც 75%-მდე იყო დაცემული. ახლა ეს მაჩვენებელი 50-55%-მდეა დაცემული.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაახლოებით ერთი კვირის წინ თქვა, რომ დაბომბვების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის 1/3 მწყობრიდანაა გამოყვანილი...

- ამ ტიპის ინფორმაცია ჩვენთან დახურულია, მახსოვს პრეზიდენტის ეს განცხადება. მაგრამ დეტალური ინფორმაცია ენერგოსისტემებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სრულად პრეზიდენტის აპარატს აქვს. ომია და გვესმის, რომ ნებისმიერ ინფორმაციას სამხედრო დანიშნულებაც აქვს და ყველაფერზე არ საუბრობენ.

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხელისუფლებისა და ენერგოსისტემის სტრუქტურების ძალისხმევით მუდმივად მიმდინარეობს ხაზების აღდგენა. წარმოებები მუშაობს დაზიანებული სისტემების აღსადგენად, მაგრამ სრულად მათ აღდგენას ორი თვე დასჭირდება.

გვაქვს პოზიტიური მოლოდინები უზბეკეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ამ ქვეყნიდან გენერატორების მიღების შესაძლებლობა.

თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გენერაციის ობიექტების აღდგენას, პრობლემები გვექნება. მშპ 30-35%-ით შემცირებულია. აქედან 20-25% მოდის იმაზე, რომ ომის შედეგად დაინგრა საწარმოო ფონდები და მოსახლეობის ნაწილმა დატოვა საომარი მოქმედებების ზონები.

ჩვენთან ახლა ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე და 33%-ს შეადგენს. თუ შევძელით საწარმოო ხაზების აღდგენა, ეს მოგვცემს შესაძლებლობას 2023 წელს საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შევძლოთ. ჯერჯერობით, სხვა საშუალებები წარმოებების აღსადგენად უკრაინას არ აქვს.

თუ ბოლომდე გულახდილები ვიქნებით გვესმის, რომ ენერგოსისტემის აღდგენის გარეშე არაფერი გამოვა. ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით მთავრობა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მეტიც, ენერგოსისტემის აღდგენის შემდეგ ვარაუდობენ ეკონომიკის ზრდას 3,2%-ით.

სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების გამო მიგრაციის დონე მაღალი რჩება. პირველი ტალღა იყო თებერვალ-მარტში, შემდეგ იყო მეორე ტალღა ივლის-აგვისტოში, ახლა მესამე ტალღაა. ეს ის რისკებია, რომელიც თან ახლავს ომს.

- უკრაინა სოფლის მეურნეობის ქვეყანაა და ომის მიუხედავად როგორი ვითარებაა ეკონომიკის ამ სექტორში? რა ვითარებაა ხორბლეულის და ზეთის ექსპორტთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება ხორბლეულს. ომამდე უკრაინა 100 მილიონი აშშ დოლარის ხორბლეულსა და ზეთებს აწარმოებდა. წელს კეთდება პროგნოზები, რომ ეს მონაცემები 65-75 აშშ მილიონ დოლარამდე დაეცემა. ზოგიერთი პროგნოზით ეს მონაცემი 60 აშშ მილიონამდეც დაეცემა. ეს, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ უფრო ცუდი იქნებოდა რომ 40 აშშ მილიონამდე შეიძლება დაცემულიყო. მაგრამ იმ პირობების გათვალისწინებით რა პირობებშიც უწევს ჩვენს აგრარულ სექტორს საქმიანობა, მთლად ცუდიც არაა.

რაც შეეხება ხორბლის კორიდორის მუშაობას. იგი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ მუშაობს საკმაოდ არაეფექტურად. მხედველობაში მაქვს ის, რომ მეტის გატანა შეიძლებოდა. სატვირთო მანქანებით ხდება ხორბლეულის გატანა ევროპულ ბაზარზე. ვითარებაში, როცა ოდესის პორტი ბლოკირებულია სხვა გზა არაა. ხორბლეული რუმინეთში პორტ კონსტანცაში გააქვთ, ნაწილი პოლონეთის პორტებში.

უკრაინის საზღვრებზე 30-40 კილომეტრიანი რიგებია. სატვირთო მანქანებით გადააქვთ ხორბლეული. სატვირთოების მძღოლებს უწევთ 10-14 დღე ამ რიგებში ყოფნა. ახლა ყოველი მესამე მანქანით ხორბლეული გადააქვთ.

ხორბლეულის ექსპორტი ხორციელდება, აგრარულ სექტორში დასაქმებულები აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შიდა ბაზარზე ხორბლეულზე ფასი მაღალია, ხოლო ევროპულ ბაზარზე დაბალი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საკმაოდ ძვირი ჯდება ექსპორტის ლოჯისტიკა. ეს შიდა პრობლემებია, მაგრამ კარგია, რომ სოფლის სექტორში დასაქმებულებს ხორბლის საკმაოდ დიდი მარაგები აქვთ.

- უკრაინის ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა რაა?

- ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ძნელია სამ თვეზე მეტზე რაიმეს დაგეგმვა და ძალიან დიდია ომის გამო რისკები.

ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ამოცანაა ინვესტიციების გარანტირება. დაზღვევის მექანიზმები არსებობს, მაგრამ 2-3 თვე დასჭირდება იმ დანაკარგის მიღებას, თუ თქვენი საწარმო დაიბომბა. ინვესტიციების უსაფრთხოების საკითხი უკრაინული ეკონომიკის მთავარი პრობლემაა.

მესმის, რომ რომ ძალიან მარტივი პასუხია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ეხება ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

თუ მომსახურების სფეროს, ან აი-ტი-ს საქმიანობას ავიღებთ, რაც ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკისთვის, აქ მთავარი პრობლემა უკავშირდება ქვეყნის გარედან დიდ შეკვეთებს. ეს აუცილებელია, თუ გვინდა რომ უკრაინა დარჩეს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში არსებულ ტექნოლოგიებს.

აქ პრობლემა ისაა, რომ მამაკაცებს ეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. არადა, სხვადასხვა სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია თავის დასავლელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან.

- უკრაინაში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო სამხედრო-სამრეწველო წარმოებები. ახლა რა მდგომარეობაა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებში?

- დიდ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებთან დაკავშირებით ინფორმაცია დახურულია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ისინი მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას.

ახალი ბიზნეს სტარტაპებია გაჩენილი, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თავის საქმიანობას. მხედველობაში მაქვს ისეთი საწარმოები, რომლებიც დრონებს, ოპტიკას უკავშირდება.

ვხედავთ, რომ ისინი სწრაფად და აქტიურად ვითარდებიან, ახორციელებენ უკრაინული ნაწარმის შექმნას და ტესტირებას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის სტარტაპების ზრდისთვის ახლა კარგი დროა.

- დროდადრო ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინას ევროპული და მსოფლიო ბანკები უწევენ დახმარებას. დახმარება ეხება უკრაინის ეკონომიკას, საბანკო სექტორს.

როგორ და რამდენად ეფექტურად მუშაობს უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური დახმარება?

- დღეის მონაცემებით, ომში ჩართული უკრაინა ახერხებს ხარჯების ნახევრის შეგროვებას. ამავე ფულით ხდება უკრაინული არმიის დაფინანსება, გარედან დახმარებებით ხდება ყველა სხვა ხარჯების დაფარვა. ინფრასტრუქტურის შენახვა და კიდევ ბევრი სხვა რამ.

წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე მივიღეთ 25 აშშ მილიარდზე მეტი. ბოლო დღეებში მიღებული დახმარებების გათვალისწინებით შესაძლოა, ეს ციფრი ოდნავ მეტი იყოს. თუ ამ თანხას ომის ათ თვეზე გავყოთ, საშუალოდ ერთ თვეზე 2,5 აშშ მილიარდი გამოვა. მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა უკრაინის რადამ და ხელმოსაწერად გადაეცა პრეზიდენტს. იგი პროფიციტული იქნება 35 მილიარდით.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ომით მიყენებული ზარალისა და ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს. რეპარაციების ოდენობა იმდენი იქნება, რომ შესაძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. გარდა ამისა, უკრაინას იმედი აქვს, რომ სესხებს იმ პროცენტში აიღებს, რომ ქვეყანას არ გაუჭირდება მათი გადახდა.

რაც შეეხება რუსეთისგან რეპარაციების მიღებას, კიევს იმედი აქვს, რომ მათ მიღებას 2025 წლიდან შეძლებს. გვესმის, რომ რომ ეს იოლი პროცედურა არ იქნება, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ აგრესორ რუსეთს ამ თანხების გადახდა მოუწევს.

- ომის პირობებში როგორ მუშაობს უკრაინაში დიდი ბიზნესი და რამდენად ეფექტურია მათი საქმიანობა?

- დიდი ბიზნესები დამოკიდებულია ნედლეულზე მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე. სოფლის მეურნეობაში დიდმა ბიზნესმა წარმატებით შეძლო მიწების დახვნა და ახლა ახერხებს მოსავლის დაბინავებას. საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ ქათმის ხორცის მწარმოებელი და შემომტანი ბიზნესები.

უფრო რთული ვითარებაა წარმოებებში, მაგალითად, მარიუპოლის „აზოვსტალში“, რომლის ობიექტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განადგურებულია, მაგრამ „აზოვსტალს“ და „მეტინვესტს“ აქვს წარმოებები არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა 30% აგრძელებს საქმიანობას. მეტიც, ისინი ქმნიან პროდუქციას, რაღაც სახეობებში 30%, რაღაც სახეობებში 50%-ს.

- ომის პირობებში როგორ უმკლავდებით ინფლაციას?

- ინფლაციის შესაჩერებლად შემუშავებულია მექანიზმები. უკრაინული ფული იბეჭდება, მაგრამ სავალუტო ინტერვენციებით ხდება გადარიცხვა. ყოველ თვე ხდება რეზერვებიდან ვალუტის გაყიდვა იმისთვის, რომ გრივნას კურსი იქნას შენარჩუნებული - ბიზნესს მოაქვს გრივნები და მიაქვს ვალუტა.

წელს რეალურად დაახლოებით ფულის 10% დაიბეჭდა, მაგრამ ინტერვენციის ხარჯზე მოხდა მათი კონვერტირება და ბაზარზე მოხვედრა. ვცდილობთ ინვესტიციების ხარჯზე გაძლოთ. ინვესტიციებით მოდის საერთაშორისო დახმარება, ბიზნესის მხარდასაჭერად 30%-იანი სესხები გაიცემა. ასე იყო ომამდეც 2014 წლიდან მოყოლებული.

ჩვენთან ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია ენერგორესურსების ფასზე.

- რამდენადაც ვიცი, უკრაინას ახლა არ აქვს გაზის არქონის პრობლემა?

- წლის ბოლომდე გვაქვს შესავსები გაზის მარაგები. ამის გაკეთება შესაძლებელია წლის ბოლომდე, ან წლის დასაწყისში. პრინციპში ამ თვალსაზრისით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. უკრაინას აქვს თავისი გაზი, იმდენი გაზი, რომ მას ახლა იმის გათვალისწინებით რომ ხალხი გასულია და წარმოებების დიდი ნაწილი არ მუშაობს, ყოფნის. კარგა ხანია უკრაინაში მოპოვებულ გაზს მოიხმარს ქვეყანა. ამ გაზით ხდება უკრაინის 2/3-ით უზრუნველყოფა.

ჩვენ ახლა რუსეთის გაზს არ მოვიხმართ. რუსეთი უკრაინის გავლით აწვდის გაზს ევროპას. რამდენადაც ვიცი, დაახლოებით მხოლოდ 10%-ს. მგონი იმასაც არა. ფაქტია, რომ რუსეთის წილი ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგებაში მნიშვნელოვნად შემცირებულია. უკრაინა რუსეთისაგან გაზს, თუ სწორად მახსოვს, 2018 წლიდან არ ყიდულობს.

- რუს პროპაგანდისტებს უყვართ იმაზე საუბარი რომ ზამთარში გაიყინება ევროპა, გაიყინება უკრაინა და ასე შემდეგ. როგორც ვხედავ არც უკრაინა და არც ევროპა არ გაიყინება, რადგან ევროპაში რუსული გაზი ამერიკულმა ჩაანაცვლა...

- გვესმის,, რომ მძიმე ზამთარი გველის, მაგრამ, ისიც ვიცით, რომ შეგვიძლია ქვეყნის უკრაინული გაზით მომარაგება. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, უკრაინიდან გაზის იმპორტი აკრძალულია. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ უკრაინაში გაზის ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპაში.

ჩვენთან 950 აშშ დოლარია 1000 კბ/მ, ხოლო ევროპაში 1100-1200 აშშ დოლარი. მხოლოდ რამდენიმე თვე იყო 400-500 დოლარი, მერე ლოჯისტიკაში არსებული პრობლემების გამო ფასმა ისევ აიწია.

რაც შეეხება ევროპას. ევროპის გაზის საცავები შევსებულია 90%-ით. ევროპაში ახლა ამერიკული გაზი შეაქვთ. სწორედ ამერიკულმა გაზმა ჩაანაცვლა რუსული გაზი. რუსეთმა კარგა ხნით დაკარგა ევროპაში გაზის ბაზარი. რუსეთს ბევრი წლები დასჭირდება ევროპულ ბაზარზე დასაბრუნებლად.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს