ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022

რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინა გამარჯვებულად და სადამდე გაყვება დასავლეთი კიევს

გამარჯვების რა შანსები აქვთ ენმ-ის თავჯდომარეობის კანდიდატებს

უკრაინის „უძლეველობის პუნქტები“ - მძიმე ზამთრისთვის მზადება და ომი გაძლებაზე

* * *

რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინა გამარჯვებულად და სადამდე გაყვება დასავლეთი კიევს

“ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების ფორმულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა - როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა - “ყირიმში უნდა დაბრუნდეს უკრაინული დროშა და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება, რომ ომი აღარ არის”. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთი უკრაინას გვერდში ბოლოდე დაუდგება და რეალურად ეს დამოკიდებულია თავად უკრაინის პოზიციასა და ბრძოლების შედეგებზე. უკრაინის ხელისუფლების თქმით, უკრაინაში დეოკუპირებულია 1886 დასახლება და ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ათასი ქალაქი და სოფელი უნდა გაათავისუფლონ. ”შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება - აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინა გამარჯვებულად და სადამდე გაყვება დასავლეთი კიევს.

“მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის: უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მისი თქმით, აშშ ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, ხოლო უკრაინა კი იმაზე, რომ დარწმუნდეს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიბრუნოს. ოსტინი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინა მზად იქნება ზამთრის თვეებში საბრძოლველად და ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტმა რუსეთს კატეგორიულად მოუწოდა, რომ უკრაინიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, “რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც ის ვერ და არ მოიგებს”. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი შეჭრის დაწყებამდე დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. “ვხედავდით რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ, სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ასე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება”. “რონდელის ფონდის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების რა ფორმულა იქნება, ეს მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული და იმაზე თუ ბრძოლის რა შედეგები დადგება”, - დასძენს გამოცემა.

“დასავლეთი კიევს ბოლომდე მიჰყვება, ეს განაცხადა აშშ-ს ხელმძღვანელობამაც და ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. მაგრამ ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული - თუ გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების დამთავრებამდე, ყირიმი დროებით უკრაინის იურისდიქციის გარეთ დარჩეს, მაშინ დასავლეთი ამაში რა თქმა უნდა წამოყვება, მაგრამ თუ უკრაინა ამაში კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, დასავლეთი დაეხმარება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რუსეთი უკრაინიდან მთლიანად განდევნოს. რეალურად ყველაფერი ბრძოლების შედეგებზეა დამოკიდებული და იმაზე თუ ამ ომში ვინ უფრო მალე დაიღლება, ასევე, როგორი იქნება მსხვერპლი და ა.შ. უამრავი რაღაცაა ისეთი, რაზეც ახლა საუბარი ძნელია და ცალსახად იმის თქმა, თუ უკრაინა რაზე დათანხმდება და რაზე არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“უკრაინის მინიმალური მოთხოვნა ამ წლის 24 თებერვლამდე არსებული სტატუს-კვოა, ხოლო მაქსიმალური კი მთელი უკრაინის გათავისუფლება. რუსეთთან მოლაპარაკებებში ნდობა აღარ არსებობს, ყველაფერს თავისი გარანტიები დასჭირდება, თუ მოლაპარაკება იქნება, რომ ჯარებს გაიყვანს, ეს ყველაფერი მონიტორინგის საგანი იქნება, უკრაინაც თავის ჯარებს არ გაიყვანს, სანამ მოსკოვი ამას არ იზამს. თუ ჯარების გაყვანაზე იქნება საუბარი, მაშინ ეს პარალელურად მოხდება, ყირიმის მისადგომებიდან უკრაინაც დახევს თავის ჯარებს და რუსეთიც გაიყვანს. ამის რეალიზაცია როგორ მოხდება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია”, - თვლის გოგოლაშვილი.

გამარჯვების რა შანსები აქვთ ენმ-ის თავჯდომარეობის კანდიდატებს

“დაიწყება თუ არა “ნაციონალური მოძრაობაში” შიდა კომპრომატების ომი? მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია “კარტების გახსნას” ჯერ არ აანონსებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებში ყველა ინტერესი საჯარო უნდა იყოს და გარკვეული ადამიანები ჩრდილიდან გამოვიდნენ, რათა მინიშნებები არ იყოს არაფორმალურ პროცესებზე. ლევან ხაბეიშვილის აზრით კი, ნიკა მელიას ბოლო პერიოდში შეექმნა პრობლემები და ის ვეღარ, ან აღარ არის აქტიური, პარტიას კი აქტიური თავმჯდომარე სჭირდება. თავჯდომარეობის კანდიდატებს აფასებენ პარტიის წევრებიც. ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ხაბეიშვილს კვალიფიკაციას უწუნებს და აცხადებს, რომ კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, ხაბეიშვილს ნაკლები ხარისხით აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამარჯვების რა შანსები აქვთ ენმ-ის თავჯდომარეობის კანდიდატებს.

“დეკანოიძის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე უნდა იყოს უკვე გამზადებული ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას, უნდა ჰქონდეს მკაცრად ჩამოყალიბებული სტრატეგია საერთაშორისო პარტნირებთან. “ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს” - ამბობს ხატია დეკანოიძე. ექსპერტთა აზრით, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაკეთებული ხისტი განცხადებები აჩენს მოლოდინს, რომ საკმაოდ მძაფრი პროცესები განვითარდება. დაპირისპირება იქნება, როგორც კანდიდატებს და პარტიულ ელიტას შორის, ასევე, მხარდამჭერებშიც. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნები უნდა ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და არ უნდა გადაიზარდოს შავ პიარში. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, რადგან “ნაციონალური მოძარობა” განწირულია იყოს მარგინალური პარტია, მინიმალური ხმებით მომავალ პარლამენტში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიული არჩევნები ტარდება. ეს არის დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესი, მაგრამ, ჩემი აზრით, პარტიული არჩევნების ჩატარება დროული არ იყო. რაც შეეხება დაპირისპირებას და გაკეთებულ განცხადებებს, არჩევნები უნდა ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და არ უნდა გადაიზარდოს პიროვნულ დაპირისპირებაში, შავ პიარში. შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა აწყობს “ოცნებას”, რომ მერე თქვას - პარტია ეშლებათო. “ნაციონალური მოძრაობა” იმსახურებს, რომ არჩევნები ღირსეულად ჩატარდეს და დაიწყონ მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება კანდიდატების გამარჯვების შანსებს, პროგნოზის გაკეთება მიჭირს. ხაბეიშვილი არის მებრძოლი ადამიანი, მაგრამ, მელიას შეიძლება გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდეს” - აცხადებს გამოცემის კოესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ნაციონალური მოძრაობა” არასდროს ყოფილა პარტია, ეს იყო დაჯგუფება, საერთო დანაშაულით შეკრული, ჰყავდა ერთადერთი უპირობო ლიდერი სააკაშვილი, რომელსაც შეეძლო, მხოლოდ მას მოეტანა ხმები არჩევნებში; მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იყო - პოლონეთში, ამსტერდამში თუ სხვაგან. სააკაშვილს ჰყავდა თავისი ელექტორატი, დღეს მისი ფაქტორი პარტიაში აღარ მუშაობს. დაიწყო ღია ბრძოლა, ერთმანეთის დაშანტაჟება, ამ ბანდის ახალი დეგრადაცია. პროცესს ვეღარ უშველის შიდაპარტიული არჩევნები და ვერც თავმჯდომარის შეცლა. ეს აღარ იქნება ქმედითი პოლიტიკური დაჯგუფება, ესენი ხმებს ვეღარ შეაგროვებენ, შეიძლება რაღაც ნარჩენები იყოს და მიიღოს 7%-ი. პარტია კი იზომება იმით, რამდენი ადგილი აქვს პარლამენტში. “ნაცმოძრაობა” განწირულია იყოს მარგინალური პარტია, მინიმალური ხმებით მომავალ პარლამენტში, ან საერთოდაც ვერ გავიდნენ” - მიიჩნევს გამოცემის კოესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

უკრაინის „უძლეველობის პუნქტები“ - მძიმე ზამთრისთვის მზადება და ომი გაძლებაზე

“უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება - ქვეყნის მასშტაბით ე.წ. უძლეველობის პუნქტები შეიქმნება, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი რუსული დარტყმების შედეგად უკრაინის მოსახლეობის ელექტრომომარაგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეზღუდება. უკრაინიის ქალაქების დაბომბვა გრძელდება და რუსების მთავარი სამიზნე ენერგომატარებლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. განსაკუთრებული სამიზნე კი ოკუპანტებისთვის კვლავ დეოკუპირებული ხერსონია. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აგრესორის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი - დაშავდა 3 ადამიანი. იერიში საოკუპაციო ძალამ მიიტანა ხერსონის ოლქის ანტონოვკას დასახლებაზეც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის „უძლეველობის პუნქტები“ - მძიმე ზამთრისთვის მზადება და ომი გაძლებაზე.

“სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც. კამიშევასა და ნოვოტროიცკის დასახლებებში განადგურებულია ენერგეტიკული ობიექტები. ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული 10 საცხოვრებელი სახლი. ერთი ჭურვი კი იმ ობიექტის სიახლოვეს აფეთქდა, სადაც ადგილობრივებს პურს ურიგებდნენ. ადგილზე დაიღუპა ერთი - მძიმედ დაშავდა 2 მშვიდობიანი. რუსმა ოკუპანტებმა ასევე ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს. “ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს - ახალშობილი მოკლეს”, - წერს სტარუხი. მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ. ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების 13 თავდასხმა მოიგერიეს. გენშტაბის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლის შედეგად განადგურებულია საოკუპაციო ძალის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი, ასევე მძიმე ტექნიკა და საფრენი აპარატები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აგრესორის შესაკავებლად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. პირობა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადო - ლოიდ ოსტინის თქმით, ზამთრის დადგომასთან ერთად უკრაინელები შესაბამისი აღჭურვილობით იქნებიან უზრუნველყოფილი. უარესია უკრაინის მდგომარეობა მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის კუთხით. განახლებული მონაცემები გაერომ გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 6595 მშვიდობიანი მოქალაქე. მძიმე დაშავდა 10 000-ზე მეტი. ფატალური შედეგების უმეტესობა გამოიწვია ოკუპანტი ქვეყნის მიერ მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებამ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით კი, ქვეყანა ზამთრისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ე.წ. უძლეველობის პუნქტებში მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციები, ელექტროენერგია და სხვა პირველადი საჭიროების სერვისები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ნაბიჯებს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემებზე მორიგი ტერორისტული თავდასხმების შემთხვევაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ ახალ პროექტს “უძლეველობის პუნქტი” - დღეისთვის უკვე 4000-ზე მეტი მსგავსი პუნქტია მზად. “უძლეველობის პუნქტების” მუშაობა იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ მასობრივი რუსული შეტევები გაგრძელდება და ელექტრომომარაგების რამდენიმე საათში აღდგენა შეუძლებელი იქნება. ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო სერვისი, მათ შორის ელექტროენერგია, მობილური კომუნიკაციები, ინტერნეტი, გათბობა, წყალი და პირველადი დახმარება, სრულიად უფასოდ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის დახმარებით ამ ზამთარს ყველა ერთად გადავლახავთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. `რუსეთს აქვს საკმარისი რაკეტები კიდევ 3-4 ისეთი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის... მაგრამ არის რაკეტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბევრია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე - ეს არის S-300 რაკეტები“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა”, - დასძენს გამოცემა.

“დანილოვის თქმით, ოკუპანტებს ზოგიერთი რაკეტის 10%-ზე ნაკლები დარჩათ, არის რაკეტები, რომელთაგან 18% დარჩა. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა რუსეთი ზამთრისთვის უკრაინის სტრატეგიულ პარალიზებას ცდილობს. კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმები ძირითადად სტრატეგიულ და ენერგოიბიექტებზე ხდება. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უკრაინის მოსახლეობაში ომით გადაღლის სინდრომი გაზარდოს. მათი ბრძოლისუნარიანობა დააქვეითოს და ხელისუფლებაზე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს ზეწოლა, რათა რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს გააქტიურება მოსალოდნელი იყო და სამწუხაროდ უფრო გააქტიურდება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ოკუპანტები ეცდებიან, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ. მე არ მგონია იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც ახლა უკრაინა ფრონტის ხაზზე აღწევს, მოსახლეობაში ამან დამთგრუნველი ზეგავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ზამთარში სიცივეში და ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა, მაგრამ ხალხი ხედავს, რომ უკრაინის არმია წინ მიიწევს და არ მისცემენ რუსებს საშუალებას, რომ ეს ტერორი მათი არმიის ბრძოლისუნარიანობაზე ზეგავლენის მომხდენი იყოს. რაც შეეხება იმას რუსებს ეწურებათ თუ არა მარაგები და რამდენ ხანში შესაძლოა ვეღარ შეძლონ სარაკეტო დარტყმები, რთული სათქმელია. მათ საბჭოთა წარმოების XA ტიპის ფრთოსანი რაკეტები და იგივე S-300, რომელი გადაკეთებულია და ქმედითი რაკეტებია. მართალია ისეთი ზუსტი არ არის, როგორც თანამედროვე ტიპის რაკეტები, მაგრამ მათ გამოყენებას მაინც ახერხებს. მარაგში დიდი რაოდენობით აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარეობს და ბალისტიკური რაკეტების მიღება შეიძლება ირანიდან შეძლოს. ესეც მას საშუალებას მისცემს, რომ ზამთარში სარაკეტო თავდასხმები გააგრძელოს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსებმა 300 ათასი ადამიანის მობილიზება განახორციელა და აქედან მხოლოდ 80 ათასი გავიდა ბრძოლის ველზე. დანარჩენი მათგანის გაწვრთნა ხდება და ალბათ გარკვეულ დამატებით ძალას რუსეთი მიიღებს. ხოლო ეს შეტევის თუ არა თავდაცვის გაძლიერების საშუალებას მისცემს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში საშემოდგომო საყოველთაო გაწვევაა დაწყებული, რომელიც დამატებით რუსულ ჯარს 130 ათასი კაცით გაზრდის. ამიტომ რუსებს რაოდენობრივი უპირატესობა აქვს, თუმცა უპირატესობა არა აქვს ტექნოლოგიური თვალსაზრისით”, - მიიჩნევს გენერალი.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს