ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, პოლიტიკის ანალიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, რაც უფრო გრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო მეტად ცხადად ჩანს, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები ბევრადაა დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომთან.

ამის გაცნობიერების შემდეგ კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რომ ომისადმი უკრაინელების და ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დამოკიდებულებებში განსხვავებებია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ისეთივე პრობლემები აქვს რუსეთთან, როგორც საქართველოს.

რჩება შთაბეჭდილება რომ დიდ გაუგებრობაში ვართ, რაც საზოგადოების განწყობებზეც აისახება. „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ამბობდით, რომ „საშინაო პოლიტიკაში სტაგნაცია გვაქვს,“ „ხალხში დიდია ომის შიში. წესით, ხალხში უნდა იყოს არა ომის, არამედ დამარცხების შიში“.

როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმ ტენდენციებს, რაც უკრაინაში ომის ფონზე ჩვენს საშინაო პოლიტიკაში აშკარად თუ არ ჩანს, კონტურები სახეზეა?

- როცა საქართველოსა და უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას ერთმანეთს ვადარებთ, საჭიროა გავითვალისწინოთ ორი რამ: რა გვაქვს საერთო და, ასევე, რით განვსხვავდებით ეს ორი ქვეყანა დღევანდელი პრობლემატიკის კონტექსტში.

პირველი ისაა, რომ ორივე ქვეყანას დეკლარირებული აქვს მიზანი აღადგინოს, დაიცვას და შეინარჩუნოს სახელმწიფო სუვერენიტეტი. ამ თვალსაზრისით, როგორც უკრაინას ისე საქართველოს ჰყავს ერთი და იგივე მტერი და ასევე რეალური და პოტენციური მოკავშირეები.

შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება მოლოდინი, რომ რადგან მიზანი ერთია, მისი მიღწევის გზებიც ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ, სწორედ აქ იწყება ის, რითაც ჩვენ და უკრაინა რადიკალურად განვსხვავდებით.

მოკლედ ეს შეიძლება ასე აღვწეროთ - უკრაინა თავდადებით იბრძვის გამარჯვებისთვის, რადგან მიაჩნია, რომ გამარჯვება „გადარჩენის“ ერთადერთი პირობაა. ხოლო ჩვენ ვცდილობთ „გადარჩენას“ გამარჯვების ნაცვლად, მის მაგიერ.

უკრაინა თავდადებით იბრძვის გამარჯვებისთვის, რადგან მიაჩნია, რომ გამარჯვება „გადარჩენის“ ერთადერთი პირობაა. ხოლო ჩვენ ვცდილობთ „გადარჩენას“ გამარჯვების ნაცვლად, მის მაგიერ

სხვა სიტყვებით, ის რაც შესაძლებელია მიზნის მიღწევის მხოლოდ საშუალებად ჩაითვალოს - „ფიზიკური გადარჩენა“ - საქართველოს ხელისუფლებისთვის და მისი მომხრე მოსახლეობისთვის თვითმიზანია. ქვემოთ ალბათ მომეცემა საშუალება უფრო გავშალო ეს თემა.

- ფაქტია, რომ სახელისუფლებო პროპაგანდამ, რომლის არსი რიტორიკულ კითხვაში - ომი გინდათ?! აისახა, საკმაოდ კარგად იმუშავა. ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილზე ასევე საკმაოდ კარგად მუშაობს ანტიდასავლური, ანტიამერიკული გზავნილები, რომლის ავტორები არც მეტი არც ნაკლები სახელისუფლო გუნდთან აფილირებული პოლიტიკური ფიგურები არიან ახლად დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალიდან“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ „შიში მხოლოდ ოხერი“ რამ კი არა, კარგი საშუალებაა საზოგადოების სამართავად. როცა აზროვნებაში შიში დომინირებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რაიმე სახის რაციონალიზმზე საუბარი ზედმეტიც კია.

სამწუხაროდ, შექმნილია ვითარება, როცა იმისათვის რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროპული პერსპექტივა, 12 ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად რაციონალური მსჯელობა და საუბარსაც კი დაკარგული აქვს აზრი.

ეს კარგად ჩანს იმავე 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით როგორც მმართველი გუნდის კომენტარებსა და ქმედებებში, მხედველობაში მაქვს ამ თემაზე პროცედურული თამაშები, ისე ოპოზიციის არათანმიმდევრულობა.

ახლა როცა მსოფლიოში უსერიოზულესი პროცესები ხდება, თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის მოქმედებებს?

- წლების წინ დავწერე, რომ შიდა პოლიტიკაში დღევანდელი ხელისუფლების დაუმარცხებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება კარგად გრძნობს დღევანდელი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, უნარებს და მისწრაფებებს და იმას სთავაზობს ხალხს, რის გაგონებაც მას დღეს უნდა, რისთვისაც დღეს მზად არის და შეუძლია. ხელისუფლება არ სახავს ეროვნული მასშტაბის ზეამოცანებს, დიად მიზნებს.

დიადი მიზნების მიღწევას დიდი ენერგია სჭირდება, ყოველდღიური ამოცანების ასე თუ ისე მოგვარებას კი ბევრი არაფერი. სწორედ ეს მდგომარეობა ხალხში ბადებს მოსვენებულების, „თავისუფლად სუნთქვის“, “კომფორტულობის ილუზორულ განცდას, რასზე უარის თქმაც ადამიანს უჭირს.

ამის უკეთ გასაგებად მცირე ანალოგიას მოვიყვან ბიოლოგიიდან. ამ ტექსტს შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს, ეს მიზნად არ მქონია - უბრალოდ ადამიანი ბიოლოგიური არსებაცაა და ანალოგიები ბუნებრივად ჩნდება ხოლმე...

  1. თანატოზი (აკინეზი) - ცრუსიკვდილი, ზოგიერთი ცხოველის თავდაცვითი რეაქციაა. ცხოველი თავს იმკვდარუნებს, რათა დარჩეს შეუმჩნეველი ან მოიშოროს აქტიური მტაცებელი რომელიც ლეშს არ ჭამს.

ტრაგედია ისაა, რომ თუ თავდამსხმელი ლეშს ჭამს, ცხოველი მისი იოლი ლუკმა ხდება და გადარჩენის აღარავითარი შანსი არ აქვს.

  1. კატაპლექსია - თავისებური მდგომარეობა, რომელშიც ვარდება ზოგიერთი ცხოველი მისი მოულოდნელი საფრთხის დროს. ცხოველი შეშდება, კარგავს თავისუფალი მოძრაობის უნარს, რჩება უძრავ მდგომარეობაში, არ რეაგირებს გარემოზე.

ეს შიშის გამოხატვის თავისებური ფორმაა.

ჩემი აზრით, როცა აგრესიულ გარემოს პასუხობ არაადეკვატური, ნეგატიური რეაქციით როგორიცაა ერთგვარი ნეიტრალობა, ინდიფერენტიზმი, კაპიტულაცია, დანებება, დამორჩილება - ტოტალური პასიურობის ეს იდეა ჰგავს ზემოაღწერილ ბიოლოგიურ მდგომარეობას - თანატოზი, კატაპლექსია.

როცა გარემო აგრესიულია, თავდაცვის ერთადერთი საშუალება საპასუხო რეაქციის, თავდაცვითი აგრესიის უნარის მუდმივი განვითარებაა. დარწმუნებული ვარ, სწორად ახსნის შემთხვევაში ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ქართულ საზოგადოებას ადვილად შეუძლია გააცნობიეროს

უცნაურია თვითონ ამ იდეის - „აბა ომი გინდათ?!“, „არგაღიზიანების პოლიტიკა“ ავტორების არგუმენტაცია - საქართველო, მათი აზრით, იმდენად მტრულ და აგრესიულ გარემოშია (მეზობელი სახელმწიფოები), რომ მათგან გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი არის ნეიტრალობა, საპასუხო, თავდაცვით აგრესიაზე უარის თქმა ანუ ერთგვარი თანატოზი.

არადა, როცა გარემო აგრესიულია, თავდაცვის ერთადერთი საშუალება საპასუხო რეაქციის, თავდაცვითი აგრესიის უნარის მუდმივი განვითარებაა. დარწმუნებული ვარ, სწორად ახსნის შემთხვევაში ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ქართულ საზოგადოებას ადვილად შეუძლია გააცნობიეროს.

- დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ დემორალიზებულია, არამედ პარალიზებულიც.

ასეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობაში“ გაუგებარი პროცესები ხდება, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციური ძალები ვერ ახერხებენ ვერც ხელისუფლების ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნას და ვერც იმის ხალხისთვის დემონსტრირებას, რომ მმართველი გუნდის ალტერნატივად იქნენ აღქმული და მიჩნეული.

„ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ბრძანეთ - თუ ვინმემ ვერ შეძლო მაკონსოლიდირებელი იდეის ფორმულირება და ხალხისთვის ეფექტურად შეთავაზება, ქვეყნის საქმეები კიდევ უფრო უკან წავა, უკან - რუსეთისკენ“.

თუ ეს მოსაზრება ისევ ძალაშია, მაშინ რა უნდა ვიფიქროთ - სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები - გავაგრძელებთ უკან რუსეთისკენ სვლას?

- ზემოთ ნათქვამის კონტექსტში, ოპოზიციაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვერც ის სთავაზობს ეფექტურად საზოგადოებას რაიმე მაკონსოლიდირებელ, მამობილიზირებელ პოზიტიურ იდეას. ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. სწორედ ამიტომ ვართ ისე, როგორც ვართ და ამ მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის რაიმე ნიშანი ჯერჯერობით არ ჩანს.

ვერც ოპოზიცია სთავაზობს ეფექტურად საზოგადოებას რაიმე მაკონსოლიდირებელ, მამობილიზირებელ პოზიტიურ იდეას. ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. სწორედ ამიტომ ვართ ისე, როგორც ვართ და ამ მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის რაიმე ნიშანი ჯერჯერობით არ ჩანს

ის, რომ ამ ტოტალური პოლიტიკური სტაგნაციის პირობებში ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება და მეტი დესუვერენიზაციაა, სრულიად აშკარაა. მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი.

თუმცა ჩვენი სრული უმოქმედობის შემთხვევაში ეს მაინც ვერ მოხდება.

- ისე ვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე, საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე, მხედველობაში მაქვს რიგ რეგიონებში კრიმინოგენური ვითარების უკიდურესად დამძიმება, ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთი დიდი ნაბიჯებით მიექანება სამოქალაქო ომისკენ.

ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობები რომ უკვე სახეზეა, ფაქტია. დამკვირვებელთა ნაწილი, მათ შორის რუსი კვალიფიციური დამკვირვებლები არ გამორიცხავენ რუსეთში 1917-1922 წლებში არსებული ვითარების გამეორებას. ანუ, რუსეთში სამოქალაქო ომს.

ვითარებაში, როცა რუსეთში მობილიზაციის გამო საქართველოში საკმაოდ ბევრი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, რუსეთში არსებული ტენდენციების გამო, მხედველობაში მაქვს ამ ქვეყანაში ვითარების სულ უფრო მეტად დესტაბილიზაცია, გაუგებარია, რატომ არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე? თქვენი აზრით, რატომ?

- მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთში მწიფდება სამოქალაქო ომი. უფრო რეალურია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დრამატული დამძიმების შემთხვევაში რუსეთში დაიწყოს ეგრეთწოდებული „სმუტა“, ანუ მღელვარებები, ქაოსური შეჯახებები, არეულობა, დეზინტეგრაციული პროცესები შიდაეკონომიკურ, შიდაეთნიკურ, კონფესიათაშორის საზღვრებზე, ქაოსი.

ხოლო სამოქალაქო ომს სჭირდება ორი რადიკალურად დაპირისპირებული იდეა და თითოეულის გარშემო კარგად ორგანიზებული შეიარაღებული მასების საკმაო რაოდენობა. დღევანდელ რუსეთში, ჩემი შეხედულებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთიან ღირებულებითსა და მსოფლმხედველობრივ პოზიციაზე დგას, ის აქტიურად ან პასიურად, მაგრამ იზიარებს კრემლის პოლიტიკას, კრემლის ფილოსოფიას. ამდენად, სამოქალაქო ომის წანამძღვრები არ ჩანს.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთიან ღირებულებითსა და მსოფლმხედველობრივ პოზიციაზე დგას, ის აქტიურად ან პასიურად, მაგრამ იზიარებს კრემლის პოლიტიკას, კრემლის ფილოსოფიას. ამდენად, სამოქალაქო ომის წანამძღვრები არ ჩანს

რაც შეეხება რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, აქ ორი მიზეზია - ხელისუფლების ზემოთ აღწერილი პოლიტიკა ერთი მხრივ და საზოგადოების უპატიებელი ინდიფერენტიზმი მეორე მხრივ.

- ვნახეთ, თუ როგორ უშედეგოდ დასრულდა დსთ-ს ფარგლებში მოქმედი ოდკბ-ს შეხვედრა ერევანში. სომხეთის პრემიერმა დემონსტრაციულად არ მოაწერა ხელი ოდკბ-ს შეთანხმებას. საინტერესო იყო ისიც, რომ ოდკბ-ს მორიგი სხდომა ერევანში ანტირუსული აქციების ფონზე ჩატარდა.

ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებს. ამის პარალელურად ირანში გარდა იმისა, რომ არ ცხრება საპროტესტო ტალღა, თეირანმა ძალები გადაისროლა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მხარეების მიერ ხელმოწერა დაგეგმილი კია, მაგრამ, წლის ბოლომდე მას ხელი მოეწერება თუ არა, ჯერაც უცნობია. თუმცა, ალბათობა დიდია.

ვიცით, რომ ევროპაში რუსული გაზი ამერიკულმა ჩაანაცვლა. ფაქტია, რომ ამ ზამთარში ევროპა არ გაიყინება. ამ თვალსაზრისით პრობლემები ექნება უკრაინას, რომელსაც დიდი ოდენობით გენერატორებს მიაწვდიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების არა ერთმა წარმომადგენელმა მიმართა ხელისუფლებას უკრაინისთვის გაეგზავნათ გენერატორები, ეს მოწოდებები მოწოდებებად დარჩა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და იმას, რომ საქართველო ამ პროცესებში ფრთხილი დამკვირვებლის პოზიციას ინარჩუნებს?

- ოდკბ-ის ერევნის შეხვედრის უშედეგოდ დასრულება იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის ხელისუფლება და სომხური საზოგადოება, ვგულისხმობ ანტირუსულ აქციებს, სწორად რეფლექსირებს.

ოდკბ, განსხვავებით იგივე ნატოსგან, ძალადობრივი ორგანიზაციაა და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ამიტომაც სიმპტომატურია, რომ ოდკბ-ში იზრდება უთანხმოებები, ხოლო ნატო-ში პირიქით - თანამშრომლობა და მეტი კონსოლიდაცია.

კონკრეტულად როგორ და რა თანმიმდევრობით განვითარდება ოდკბ-ში პროცესები ძნელი სათქმელია, მაგრამ მას კარგი მომავალი ნამდვილად არ უჩანს

საზოგადოდ, ნებისმიერი გაერთიანება გარკვეული აზრით ზღუდავს წევრი სუბიექტების დამოუკიდებლობას, აწესებს რა ქცევის საერთო წესებს და ქმნის რა ურთიერთვალდებულებების ჩარჩოს, მაგრამ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კავშირები კიდევ უფრო მტკიცდება განსაცდელის პირობებში, მაშინ როცა ერთი ქვეყნის ინტერესების ეგოისტურ დომინაციაზე დაფუძნებული კავშირი რღვევას იწყებს. კონკრეტულად როგორ და რა თანმიმდევრობით განვითარდება ოდკბ-ში პროცესები ძნელი სათქმელია, მაგრამ მას კარგი მომავალი ნამდვილად არ უჩანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა