მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ასევე, სხდომაზე გამომძიებლები და ექსპერტები დაიკითხნენ.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სხვადასხვა მტკიცებულებები გამოიკვლია, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს ვუყურეთ, ვინაიდან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები გადაღებულია. ამასთან, დასკვნების ფარგლებში ექსპერტები დავკითხეთ. გამოვიკვლიეთ 2022 წლის 27 აპრილის ბრალდებულის გადაადგილება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ბრალდების მხარისთვის. ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე," - განაცხადა პროკურორმა, თამარ იაკობიძემ.

ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო