ანრი ოხანაშვილი არასამთავრობოებს - საფუძველს გიჩენთ, რომ სარჩელებზე იმუშაოთ!

საფუძველს გიჩენთ, რომ სარჩელებზე იმუშაოთ! - ასე მიმართა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული და ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გადახვევაა.

კომიტეტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით - რედაქციულად განიხილა. როგორც განხილვის დროს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა განაცხადა, კანონში ძალიან ბევრი სამართლებრივი კითხვის ნიშანია. მან აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ვენეციის კომისია კონტექსტსაც უყურებს, თუ რა კონტექსტში უნდა აღსრულდეს კანონი.

თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტი რედაქციული თვალსაზრისითაც უკრაინული კანონის შესატყვისია. რაც შეეხება კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის საკითხს, ოხანაშვილის თქმით, მათ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია აქვთ და გუნდის საბოლოო პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ ვენეციის კომისიამ დასკვნა უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით უნდა დადოს, მაშინ პროექტის გაგზავნის საჭიროება აღარ იარსებებს.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი შინაარსობრივად ერთ-ერთშია გადმოტანილი უკრაინული მოდელიდან. რედაქციული თვალსაზრისით, ჩვენ უკრაინული მოდელის ტერმინოლოგია ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ. სხვათა შორის, ვენეციის კომისიაში რა ტექსტიც არის ინგლისურ ენაზე გაგზავნილი, იმ ინგლისურენოვან ტექსტსა და უკრაინაში მიღებულ უკრაინულ მოდელს - ოფიციალურ ტექსტს შორის არის სხვაობები. როგორც ჩანს, თარგმანში არის გარკვეული აცდენები. ამიტომ ჩვენ კანონპროექტი უკრაინულ ორიგინალ ტექსტთან სრულად შესაბამისობაში მოვიყვანეთ, რათა როცა ვამბობთ, რომ ერთი ერთში არის უკრაინული მოდელი, ვინმეს არ დავუტოვოთ შემოსადავებლად სივრცე, რომ ჩვენ ისე არ გავაკეთეთ როგორც უკრაინულ მოდელშია.

ვენეციის კომისიაში გრძელდება მუშაობა უკრაინულ მოდელზე დასკვნის დასაწერად. პრინციპული წინააღმდეგობა, რომ კანონპროექტი გაიგზავნოს ან არ გაიგზავნოს არ არის, უბრალოდ მარტივი ლოგიკაა - თუ უკრაინა კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას მიიღებს და ჩვენ ეს კანონი ერთ-ერთში გადმოგვაქვს, მაშინ იმ დასკვნის ვალიდურობა და დატვირთვა იგივე იქნება, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ჩვენ რომ გაგვეგზავნა. თუ ერთი და იგივე კანონი ვენეციის კომისიაში ორჯერ უნდა გაიგზავნოს, ამის ლოგიკური ახსნა არ არსებობს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო